"ტრაგედიიდან 64 წელიწადი გავიდა, მაშინ 17 წლის ვიყავი. მას შემდეგ უამრავი რამ ვნახე, მაგრამ ის დღე ყველგან თან დამდევს" - კვირის პალიტრა

"ტრაგედიიდან 64 წელიწადი გავიდა, მაშინ 17 წლის ვიყავი. მას შემდეგ უამრავი რამ ვნახე, მაგრამ ის დღე ყველგან თან დამდევს"

მთაში სიკვდილი უცხო არასოდეს ყოფილა, მაგრამ ეს გზას იშვიათად უკავშირდებოდა, მთიელები მთის ბილიკებზე სიარულს ბავშვობიდანვე ეჩვეოდნენ და ცხენებსაც აჩვევდნენ.

შემდგომმა ეპოქამ და კლდეებთან გაშინაურებამ ბევრი რამ შეცვალა და ტრაგედიებიც დაიწყო, თუმცა არასოდეს იმ მასშტაბის, რაც ახლახან შატილში დატრიალდა. ისე კი, ჯერ კიდევ ექვსი ათეული წლის წინ არხოტთან ისეთი დრამა დატრიალდა, რომელსაც უხოეთშიც გამოეხმაურნენ. 1956 წელს არხოტის გზაზე ცხენმა გაიტაცა და იმსხვერპლა გერმანელი პუბლიცისტის ალფრედ კურელას ცოლი, ელფრიდე კურელა. ტრაგედია სამი კაცის თვალწინ დატრიალდა - თავად ალფრედ კურელას, მისი 13 წლის ვაჟის შტეფანისა და გიდის, რომელსაც მწერალი გურამ რჩეულიშვილი გიგლად მოიხსენიებს მოთხრობაში "სიკვდილი მთაში". მოთხრობა მწერალმა სწორედ ამ ამბავს მიუძღვნა, ხევსური გიდი კი თავად ალფრედ კურელას სიტყვებით გაიხსენა: "გიგლას უთხარით, რომ მისი ბრალი არაფერია. მე მისი მადლობელი ვარ. შემთხვევა მოხდა. ვერაფერს იზამ".

მას შემდეგ თითქოს ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ არა ამ ტრაგედიის ხსოვნა, რომელიც გიდის მეხსიერებაში ჩარჩა. ის აღმოჩნდა შემდგომში ცნობილი მშენებელი გიგლა არაბული, რომელიც ამჟამადაც სოფელ ჯუთაში ცხოვრობს.

- ბატონო გიგლა, არ მეგონა, თუ გიპოვიდით. "სიკვდილი მთაში" დღესაც სულის შემძვრელად იკითხება. როგორ აღმოჩნდით გერმანელების გიდად?

- მას შემდეგ 64 წელიწადი გავიდა, უამრავი რამ ვნახე, მაგრამ ის დღე ყველგან თან დამდევს. ადამიანს თავისი ბედისწერა ადებს იმ ტვირთს, რომელიც მხოლოდ მან უნდა ზიდოს.

იმ დღესაც ჯუთიდან გავედით არხოტში. ამ სოფელში გაიარა ჩემმა ბავშვობამ, აქ იდგა ჩვენი ძველი სახლი, საიდანაც კურელას ოჯახთან ერთად საბედისწერო გზას დავადექი.

ჩვენი მთები სხვაა, იმიტომაც მოუწევს აქ გული ყველას. იმ დროსაც ბევრი ხალხი მოდიოდა. ჩვენი სახლის ზღურბლზე ბევრ ქართველ მამულიშვილს გაუვლია და მეც თან დავდევდი. მომწონდა მათი საუბარი, მომწონდა გურამ რჩეულიშვილიც, რომელიც იმ დღეს არხოტში აღმოჩნდა და რომელსაც ბევრი უცნაურს ეძახდა. თავადაც მინახავს, როგორ ჰქონდა ბათინკები ალუმინის მავთულით შეკრული, მაგრამ ვიცოდი რატომაც - გურამი გარეგნულ წვრილმანებზე არ ფიქრობდა, მის თავში სიკვდილ-სიცოცხლის ფილოსოფია ტრიალებდა. იმ დღესაც კურელას ცოლის სიკვდილის ელდა სწორედ გურამმა და კურელამ შემიმსუბუქეს, თორემ იოლი გადასატანი არ იყო - მე მხოლოდ ცხოვრების გზის დასაწყისში ვიდექი, 17 წლის ვიყავი.

კურელას ოჯახთან, ალბათ, შემთხვევით არ აღმოვჩენილვარ. უცხოელ მწერლებს საბჭოეთში ძალიან უფრთხილდებოდნენ და გიდიც ისეთი სჭირდებოდათ, რომელიც ამას გაითვალისწინებდა. მე უკვე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რუსული ენაც ბრწყინვალედ ვიცოდი, რადგან მოსწავლეობის პირველი წლები ორჯონიკიძის სკოლაში გავატარე. ჰოდა, საველე სამუშაოებზე ვიყავი, როცა მუხრან მაჭავარიანი და მურმან ლებანიძე მოვიდნენ და მითხრეს, ხევსურეთში გერმანელი მწერალი მიდის, ირაკლი აბაშიძემ გადაწყვიტა გიდად შენ გაჰყვე, წამოდი, თავად დაგელაპარაკებაო. ირაკლი აბაშიძემ კი მითხრა, შვილო, სტუმარს ზომიერად მოექეცი, სუფრაზე არაყიც არ დააძალოო და, სულ ეს იყო. მერე სამთავრობო მანქანაში ჩამსვეს, სადაც კურელასთან ერთად მისი ცოლი ელფრიდე, 13 წლის შვილი შტეფანიც ისხდნენ და ჯუთაში წავედით. შტეფანი მომეწონა, მიუხედავად იმისა, 4 წლით უფროსი ვიყავი, საერთო ენა გამოვნახეთ. ის ღამე ჩემს ოჯახში, ჯუთაში გავატარეთ, დედაჩემმა სტუმრებს კეცეურები დაუცხო, დილას კი არხოტისკენ დავადექით გზას.

არხოტი ყველა სტუმარს მოსწონდა. ალბათ, იმიტომ, რომ ეს სხვა, მისტიკური სოფელი იყო, სამაჰმადიანო კავკასიის საზღვარზე, და მუდამ ომებში გაჭედილი.

გზადაგზა კურელა ცოლ-შვილს მთებს აჩვენებდა და ფოტოებს იღებდა აპარტით, რომლის მსგავსი მაშინ ჩვენთან არავის ჰქონდა. ამასობაში მოსაღამოვდა და კარავი ჯუთასა და არხოტს შორის გავშალეთ. მე და შტეფანი მთელი ღამე ვლაპარაკობდით. კურელას ოჯახი ძალიან მომეწონა, ელფრიდე ჩემზეც ისევე ზრუნავდა, როგორც შტეფანზე. ის 5 შვილის დედა იყო. დილით რომ გავიღვიძეთ, უკვე საუზმეს გვიმზადებდა... საოცრად ლურჯი თვალები ჰქონდა. ნასაუზმევს კარავი ავალაგეთ, ბარგი ორ ცხენს ავკიდეთ და ისევ არხოტისკენ გავწიეთ.

- ცხენები ფიცხები იყვნენ? - უცხოელ მოგზაურებს ფიცხ ცხენებზე არ შევსვამდი, მორჩილი ცხენები წავიყვანე. ერთი თითქოს უფრო სადოღე იყო და მასზე არავინ შემისვამს, ბარგი მიმქონდა, მეორეზე კი ხანდახან შტეფანი ჯდებოდა. ციცაბო ბილიკებზე ცხენიდან გადმოვსვამდი ხოლმე, მეშინოდა, ცხენს ფეხი არ დასცდენოდა. ასე მივედით იმ ადგილამდე, სადაც უბედურება მოხდა - ელფრიდემ ცხენზე შეჯდომა მოინდომა. ვუთხარი, აქ ცხენზე შეჯდომა არ შეიძლება-მეთქი, მას კი გაეცინა, ნუ გეშინია, ინგლისურ ცხენზე ვმჯდარვარ და ამას როგორ ვერ გავუმკლავდებიო. კურელამაც დაატანა, გაუშვი, იაროსო! ინგლისური ცხენი ხევსურულ ცხენზე ლამის ორჯერ დიდია, ასე რომ, ხელი ჩავიქნიე, თუ იცის, იაროს-მეთქი და, ცხენს უკან მივყევი. იმწუთასაც უკან მივყვებოდი, როდესაც ცხენს ბილიკზე ბელტი მოუწყდა და ფერდობზე გადაცურდა. ეს ბუნებრივი ამბავია - როდესაც რთულ გზაზე ცხენს არ მიუძღვები, თავად ეძებს იოლ გზას და კურელას ცოლის ცხენმაც ეს გააკეთა. გზის ძებნაში კი ლოდი მოუწყდა და ბილიკიდან ჩაცურდა.

- ხრამი იყო? - არა, ციცაბო ფერდობი, რომელსაც ჩაჩოქილი ფერდით მიეყუდა და მაშინვე დაიწყო წამოდგომა. ამასობაში ელფრიდემ, როგორც ჩანს, გადმოხტომა გადაწყვიტა და უზანგიდან მარცხენა ფეხი გამოიღო, მერე კი მარჯვენის გამოღებაც სცადა, მაგრამ ამაოდ - უზანგი ვიწრო იყო და ელფრიდეს განიერი ბათინკი ადვილად ვეღარ გამოეტია. ამასობაში ცხენიც წამოდგა და ქალი მას ცალი ფეხით ჩამოეკიდა. ეს საბედისწერო წამი იყო, ამის შემდეგ იქნებ არც არაფერი მომხდარიყო, ცხენს რომ უკან არ მოეხედა. მოიხედა, მასზე გადმოკიდებული წითელპერანგიანი ქალი დაინახა და ცოფიანივით მოსწყდა ადგილს.

ცხენი ქალიანად შლეგიანივით გარბოდა, ჩვენ კი უმწეოდ ვიდექით. პირველ წამებში ვხედავდი, როგორ იკუმშებოდა ცხენზე გადმოკიდებული კურელას ცოლის ტანი, მაგრამ სულ წამებში ჩვარივით გადმოეკიდა ცხენს, რომელიც ისევ მიქროდა და მანამდე არ გაჩერდა, სანამ ქვების გროვაში არ ჩავარდა.

- კურელა და შტეფანი ამ დროს რას აკეთებდნენ? - კურელა მხოლოდ ორ სიტყვას ჩურჩულებდა: "ვაიმე დედა", შტეფანი კი ტიროდა. როდესაც ცხენი დაეცა, ადგილს მოვწყდი და გავიქეცი.

იმ წამებიდან ის მახსოვს, როგორ მივვარდი ცხენზე გადმოკიდებულ ქალს, რომელმაც ლურჯი თვალებით შემომხედა და ისევ დახუჭა. თავზე ხელი მოვკიდე და რაღაც ლბილში ჩამეფლო თითები, მივხვდი, ტვინი იყო და მერე გავითიშე.

არ მახსოვს, როგორ მოვიდნენ კურელა და შტეფანი. რომ მოვიხედე, კურელა სისხლიან ცოლს ფოტოებს უღებდა.

- ალბათ, ელდისგან სხვა სამყაროში იყო, ამას ანგარიშმიუცემლად აკეთებდა. - ეს გურამმაც დაწერა. მამა-შვილი ვერ ხვდებოდა, მათ თავს რა ტრიალებდაო. კურელა ემოციებს მანამ არ ამჟღავნებდა, სანამ თბილისში სასტუმროში არ ჩავიდა, იქ ცოლის ხალათი არ დაინახა, რომელსაც დაემხო და ატირდაო. გურამმა დაწერა კიდეც: "ხომ ვთქვი, კურელა სადღაც მაინც გატყდებაო".

როცა ელფრიდე ცხენიდან ჩამოვხსენით და მიწაზე დავასვენეთ, ცხენზე დავჯექი და არხოტში წავედი, იქ ექიმების ექსპედიცია მეგულებოდა. ჯერ კიდევ იმედი მქონდა, რომ კურელას ცოლი იქნებ ცოცხალი ყოფილიყო. არხოტში გურამი დამხვდა, რომელიც უბედურების ადგილისკენ გამოვარდა. ამ მომენტზე წერს, რაღაცნაირად შემრცხვა მამა-შვილთან ცხენით მისვლა, ამიტომ იქვე მივაყენე და ფეხით მივედიო. როდესაც უბედურების ადგილზე ექიმები მივიყვანე, მათ კურელას ჰკითხეს, ქალი სად გადავასვენოთო, მან კი თქვა, არსად, მინდა ამ მთებში დარჩეს, ორივენი კავკასიის მთებში სიკვდილზე ვოცნებობდით და ის ბედნიერიაო.

ელფრიდე მთელმა არხოტმა დაიტირა. ხმით მოტირლებიც მოვიდნენ. დიდხანს ვთხრიდით საფლავს, რადგან მიწა ქვასავით იყო, მერე კურელამ ცოლი ლაბადაში გაახვია და დავკრძალეთ.

- კურელამ ცოლი გადაასვენა? - აზრადაც არ მოსვლია. ელფრიდე ისევ იქ არის, სადაც იყო, არხოტთან. წლების შემდეგ გოგი ოჩიაურმა გაუკეთა საფლავზე წარწერა. ჩვენ კი ის ღამე საფლავთან გავათენეთ: მე, გურამმა და შტეფანმა, ნაბდებში. მე და შტეფანი დილამდე ვისმენდით გურამისა და კურელას ლაპარაკს სიკვდილ-სიცოცხლეზე, იმაზე, რომ წამებში მთავრდება სამყაროში ყოფნა...

მათი საუბარი დღემდე ექოდ ჩამესმის. მერე მე დაკითხვაზე დამიბარეს და ვერაფერი მიშარეს, რადგან კურელას უთქვამს გამგზავრების წინ, გიგლას ბრალი არაფერია, ეს ბედისწერა იყოო.

კურელა ამ ტრაგედიის შემდეგაც ბევრჯერ ჩამოვიდა ჩვენს მთებში. ცოლის საფლავს ნახულობდა, არხოტის ხატს ვერცხლის თასიც შესწირა მისი სახელით.

სხვათა შორის, შტეფანიც ჩამოვიდა 2016 წელს, მაგრამ საქართველოში არ ვიყავი და ვერ მნახა.

იმ დღემ, რომელიც მთელ ჩემს ცხოვრებას მოჰყვება, სტრესთან ერთად ძლიერებაც შემძინა.

მახსენდება კურელას მაშინდელი თავდაჭერა, სიმშვიდე და ვფიქრობ - სიკვდილი მართლაც არაფერია, მთავარია, ამქვეყნად ლამაზად იცხოვრო.