"ადამიანს სიცოცხლე წაართვი და ამაში შენი სიცოცხლის მხოლოდ 7 წელი უნდა გადაიხადო?!"
"ადამიანს სიცოცხლე წაართვი და ამაში შენი სიცოცხლის მხოლოდ 7 წელი უნდა გადაიხადო?!"
"დღევანდელ საზოგადოებას ყვითელი მედია უყვარს, გამალებით ისმენს ლანძღვა-გინებას, უზრდელობას ტელეეთერში... არა მგონია, ახლა ისეთ ინფორმაციას ვინმე უყურებდეს, რომელიც, ვთქვათ, არ დაიწყება მკვლელობით; უყურებენ ერთნაირ შოუებს, რაღაც სასიმღერო კონკურსებს... გინდა ინდოეთის ტელევიზია ჩართე, გინდა ავღანეთის და გინდა საქართველოსი, აბსოლუტურად ერთია"

კარგა ხანია მამუკა ღლონტი ტელესივრცეს მოსწყდა. მისი ყოველდღიურობა ახლა ზღვისპირეთში, კაპროვანში, საკუთარ სასტუმროში ოჯახის წევრებთან ერთად იწყება. ჩვენი ინტერვიუ მასთან ბევრ საინტერესო თემას შეეხო.

- სულითა და გულით თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს.
ჩემი ოჯახის წევრები ავტომობილით რამდენჯერაც უნდა გავიდნენ, იმდენჯერ ვნერვიულობ მათ უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ კარგად ვიცით, რა ხდება ჩვენს გზებზე. ერთადერთ ხსნად ჯარიმების გაზრდა მიმაჩნია. მაგალითად, სიმთვრალეზე ადმინისტრაციული სასჯელი კი არა, პატიმრობა უნდა იყოს. მთვრალი მძღოლი პოტენციური მკვლელია. უმეტესობას ჰგონია, დედამიწა მათ გარშემო ბრუნავს. გვინახავს 140-160
კმ/სთ სიჩქარით როგორ დაქრიან უღელტეხილზე და რამდენჯერმე გვირაბშიც გაუსწრიათ ჩემთვის, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. რატომ არიან გერმანელები კარგი მძღოლები, იმიტომ, რომ ჩვენზე კარგი ადამიანები არიან? არა, ისინიც ზუსტად ჩვენნაირები არიან, უბრალოდ, დიდი ჯარიმები აქვთ და ყველა ერიდება საგზაო წესების დარღვევას.
რამდენიმეჯერ ტელედებატებში მივიღე მონაწილეობა, სადაც ვამბობდი, რომ ჯარიმა უნდა იყოს იმხელა, რომ ბევრმა მათგანმა ვერც გადაიხადოს. ბევრი ამბობს, რა ქნას, ოჯახი ხომ უნდა არჩინოსო... არჩინოს, უბრალოდ, ნუ დაარღვევს წესებს! სხვის ოჯახებს რომ აუბედურებენ, შეიძლება?! ადამიანს სიცოცხლე წაართვი და ამაში შენი სიცოცხლის მხოლოდ 7 წელი უნდა გადაიხადო?! კი, კანონები ჰუმანური უნდა იყოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ადამიანი გახდება ჰუმანური.

ველურ საზოგადოებაში, სადაც ათ კაცს შეუძლია ერთი დააგდოს და ცემით მოკლას, ჰუმანიზმზე ლაპარაკი ზედმეტია - დაიჭერენ, მისცემენ 7 წელს, 3 წელიწადში გამოვა და ისევ ვიღაცას მოკლავს.

- ამას წინათ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა - 11 წლის ბიჭმა თავი მოიკლა.
- ეს შემთხვევა ჩვენი საზოგადოების სარკეა, იმ საზოგადოების, რომელიც თვალს ხუჭავს ძალადობაზე. წარმოიდგინეთ, თვითმკვლელობამდე მიყვანა, რომელიც ჩემი აზრით, იგივე მკვლელობაა, 2-დან 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



- რატომ გადაწყვიტეთ ზღვისპირეთში საცხოვრებლად გადასვლა ასეთ მოვლენებით სავსე პერიოდში?
- ძალიან დავიღალე, ჯანმრთელობაც შემერყა. იცით, აქ მივხვდი, რომ სწორედ ასეთი ცხოვრება ყოფილა ნამდვილი ბედნიერება. აქ პატარა საოჯახო სასტუმრო მაქვს, რომელსაც მე თვითონ ვუვლი, ვარემონტებ, სტუმრებს ვიღებ... ბევრი მეგობარიც გავიჩინე, როგორც ქართველი, ისე უცხოელი. მოკლედ, ახლა ჩემი დრო შვილიშვილების აღზრდასა და ამ სასტუმროს მოვლა-გაზრდაში მიდის.

- საკმაოდ მკაცრი მენეჯერის სახელი გქონდათ ტელესივრცეში. მიგაჩნდათ, რომ თქვენს საქმეში სიმკაცრე იყო საჭირო?
- როცა თანამშრომელი არ მოვა სამსახურში და გაფრთხილებას მისცემ ან სამსახურიდან გაუშვებ, სიმკაცრე არ არის; როცა რომელიმე პარტნიორი ხელშეკრულებას არ შეასრულებს და ამისთვის საკადრის პასუხს გასცემ, ამას ჰქვია სიმკაცრე?- არა, ეს სამართლიანობაა. ახლაც ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი - როდესაც რაღაც გასაკეთებელია, მთელი გულით ვაკეთებ და ამას ყველა თანამშრომლისა თუ პარტნიორისგან მოვითხოვ. ჩემთან ყოველთვის შეეძლო ნებისმიერ თანამშრომელს შემოსვლა, დარეკვა... ახლაც ასეა, როდესაც რადიოს ხელმძღვანელი ვარ - ჩემს თანამშრომელთან ერთად ვცხოვრობ, ისე ვეფერები ხანდახან ჩემს თანამშრომლებს, როგორც შვილიშვილებს.

- შვილიშვილებზეც მიამბეთ, როგორც ვიცი, ახლახან ალექსანდრე შემოგემატათ.
- ოთხი შვილიშვილი მყავს. პირველი და მეორე ჩემი და ჩემი მეუღლის გაზრდილია, დანარჩენებიც უმეტესად ჩვენთან არიან. ალექსანდრე თვე-ნახევრის იყო, პირველად ზღვაზე რომ ჩამოვიდა. წელს სესილი სკოლაში შევა და, ალბათ, აქ ისე ხშირად ვეღარ იქნება, არადა, სახლს აქაურობას ეძახის - ამბობს, კაპროვანში ვცხოვრობო.

- შვილიშვილები არაფერს არღვევენ თქვენს "ბაბუა-შვილიშვილურ კონტრაქტში"...
- ძალიან საყვარლები არიან. უკვე ველოსიპედით დადიან, ცურვა ისწავლეს, მოტოთი ვასეირნებ, ჯანსაღი ცხოვრების წესს ვაჩვევ, 24 საათს ჰაერზე არიან... ვეხვეწები, ბაბუ დამიძახეთ-მეთქი, მაგრამ მამუკას მეძახიან.

- სადაც უნდა წავიდეთ, ვერ გავექცევით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. თქვენ უთუოდ ადევნებთ თვალს, მაგრამ როგორც მხოლოდ მაყურებელი, თუ კრიტიკოსიც?
- ახლა 10 ტელევიზია რომ მაჩუქოთ და 10 მილიარდიც გამოაყოლოთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოგართმევთ. დღევანდელ ტელევიზიებს თითქმის აღარ ვუყურებ... ისე, არც მანამდე ვიკლავდი თავს. აბსოლუტურად აჭრილები არიან. მაგალითად, საინფორმაციოში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობაზე იყო სიუჟეტი და წამყვანი ამბობს, "მართლაც, ასეთ შემთხვევაში დუმილი დანაშაულის ტოლფასიაო". დიდებული ფრაზა თქვა, ნამდვილად ასეა, მაგრამ ეს ფრაზა არაფერ შუაშია საინფორმაციოსთან - ლექსების კითხვა, საგალობლები და სიბრძნეების ფრქვევა არ არის საინფორმაციო გადაცემის პროფილი. საინფორმაციო საინფორმაციოა. არის მონოლოგები, ტაშფანდური, ცრემლი, რომელიც ხშირად ყალბია... გაუფასურებულია ყველაფერი. ხშირად ჟურნალისტები და ტელემენეჯერები იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან.

- წინასაარჩევნო მოვლენებზეც საინტერესოა თქვენი აზრი.
- ერთსა და იმავე წრეზე სიარული, ერთი და იგივე პოლიტიკოსები, ერთი და იგივე ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები, ბანაკიდან ბანაკში გადასული პოლიტიკოსები, ხან ერთს უჭერენ მხარს, ხან მეორეს. დიდად არც არაფერი შეიცვლება.
ამ არჩევნებზე არ წავალ. არც იმას მივიღებ საყვედურად, წადი, ყველა გადახაზე, თორემ შენს ხმას "ნაცი" ან "ქოცი" წაიღებსო. მივცემ ხმას რომელიმე პარტიას, გაიმარჯვებს და წინა პარტიის ხალხი გადასკუპდება იმ პარტიაში, მერე ისევ იმ პარტიას მივცემ, გადასკუპებულები გადმოსკუპდებიან უკან. ასე დაუმთავრებლად უნდა ვიარო არჩევნებზე? არჩევნებზე მაშინ წავალ, როცა მოვა ძალა, რომელსაც ვენდობი. აუცილებელი არ არის ხელისუფლებაში იყოს.

- რომელ ტელეარხს უყურებთ.
- ქართულს აღარც ერთს, უფრო ინერნეტსივრციდან ვიღებ ინფორმაციას.

- დამისახელეთ 3 რამ, რასაც შეცვლიდით სახელმწიფოში.
- დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი მედია და დიდი რეფორმა განათლებაში, რაც გულისხმობს განათლების დონის ამაღლებას, პედაგოგების ხელფასების გაზრდას და განათლების სისტემის პირველ პლანზე დაყენებას.

- პროფესიით არქიტექტორი ბრძანდებით, მერე სულ სხვა საქმე აირჩიეთ. ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ არასწორად აირჩიეთ პროფესია?
- რა საქმეშიც მუშაობ, იმ საქმეში უნდა გქონდეს განათლება. თუმცა 90-იან წლებში ტელერეჟისორის ან პროდიუსერის განათლება სად უნდა მიგვეღო, არ არსებობდა. ახლაც ძალიან რთულია ამ საქმეში განათლების მიღება. ბოდიში და, იაფხარისხიანი ჟურნალისტი ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას. ჟურნალისტი უპირველესად პრინციპია. თუ ჟურნალისტი პრინციპული არ არის, იმ წუთში კარგავს თავის პროფესიას.
ჩვენ ეს საქმე გვიყვარდა და ვაკეთებდით. კარგი იქნებოდა, განათლების მიღების საშუალება მქონოდა რომელიმე სხვა ქვეყანაში და შეცდომებზე დრო არ დამეკარგა. თვითგანათლება კარგია, ბევრს გამოსდის და ამის მაგალითებიც გვაქვს, მაგრამ ჯობია ადამიანი პროფესიული განათლებით მივიდეს იმ სფეროში, სადაც მუშაობას იწყებს.

- 90-იან წლებში ერთ-ერთი პირველი წარმატება "პა-სეანსი" იყო.
- ეს იყო ყველაზე რეიტინგული გადაცემა 10 წლის განმავლობაში. მაშინ ჩვენმა ჯგუფმა დავიწყეთ იმ ტელესივრცის ნგრევა, რასაც საბჭოთა ტელევიზია ერქვა და ეს კარგადაც გამოგვივიდა. მაშინდელი მეორეარხელები დღესაც მუშაობენ სხვადასხვა ტელეარხზე.
"პა-სეანსს" რომ ვამთავრებდით, ჯგუფს ვუთხარი, მოდი, პიკზე წავიდეთ და არა იმ დროს, როცა ჩვენი ყურება აღარ მოუნდებათ-მეთქი. 10 წელი დიდი დროა იმისთვის, რომ გადაცემა ჩამოყალიბდეს, ჩვენც გავიზარდეთ, უკვე ახალგაზრდები აღარ ვიყავით. ამიტომაც დავიშალეთ. ბევრს გული ეტკინა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ სწორი გზა ავირჩიეთ. პასეანსელები დღესაც ისევე უყვართ, როგორც მაშინ. ცუცა კაპანაძე ამერიკაშია, ამას წინათ ველაპარაკე, ახლახან ლევან ლელაშვილი მეუღლესთან ერთად მესტუმრა... "ფეისბუკით" ყველასთან ხშირი კონტაქტი მაქვს, ირაკლი ფრანგიშვილთან, ჯაბა მარგალიტაშვილთან, ირინა შაყულაშვილთან...

- ოდესმე შეიძლება გიხილოთ რომელიმე ტელესივრცეში?
- ჩემი ადგილი დღეს ტელევიზიაში არ არის. ის ფორმატი, რაც მე შეიძლება შევთავაზო დღევანდელ საზოგადოებას, სავარაუდოდ, საინტერესო არ იქნება.

- რატომ? თქვენს თავზე ფიქრობთ ცუდად თუ საზოგადოებაზე?
- ცუდად არ ვფიქრობ.
დღევანდელ საზოგადოებას ყვითელი მედია უყვარს, გამალებით ისმენს ლანძღვა-გინებას, უზრდელობას ტელეეთერში... არა მგონია, ახლა ისეთ ინფორმაციას ვინმე უყურებდეს, რომელიც, ვთქვათ, არ დაიწყება მკვლელობით; უყურებენ ერთნაირ შოუებს, რაღაც სასიმღერო კონკურსებს... გინდა ინდოეთის ტელევიზია ჩართე, გინდა ავღანეთის და გინდა საქართველოსი, აბსოლუტურად ერთია.

- ესე იგი, მაყურებელზე მაინც გაბრაზებული ყოფილხართ...
- არა, გაბრაზებული არა ვარ. სურვილი რომ მქონდეს და გამოვაცხადო, ტელევიზიის გაკეთება მინდა-მეთქი, დამიჯერეთ, უამრავ პარტნიორს ვიპოვი, დაფინანსებასაც, უბრალოდ, სურვილი არა მაქვს. მედიაში ისედაც ვარ. მაქვს რადიო "მაესტრო" და რადიო "ვინილი".

- რა არის მთავარი ცხოვრებაში?
- ოჯახი!

დათო
14 სექტემბერი 2020 08:48
მთვრალ მძღოლს ერთი წელი ციხე და 2000 ლარი ჯარიმა. შედეგი მაშინვე გამოჩნდება>
ვანდა
10 სექტემბერი 2020 23:57
ჭკვიანი, გემოვნებიანი და კრეატიული კაცი.

რუბრიკის სხვა სიახლეები