"ცხოვრება საათი არ არის, მისი ისრები უკან რომ გადასწიო - კვირის პალიტრა

"ცხოვრება საათი არ არის, მისი ისრები უკან რომ გადასწიო

"ჩვენ კითხვები გვიწყალობა მხოლოდ განგებამ, იქნებ შეგვიბრალა, პასუხები რომ არ გაგვიმხილა!.."

"ყველაზე მეტ სიმართლეს სწორედ გულუბრყვილობა ამჟღავნებს?!"

"ყველა სიყვარული პირველია და მათი დანომვრა არ შეიძლება..."

თამაზ ჭილაძე 5 მარტს 80 წლის ხდება. მისი გამორჩეული პოეზია და პროზა მკითხველისთვის ყოველთვის დარჩება კუნძულად, რომელზეც საკუთარ თავთან და ყველაზე დაფარულ ფიქრებთან შეხვედრა შეიძლება. დაახლოებით ასეთი "კუნძული" შეიქმნა თავისი ცხოვრებითაც თამაზ ჭილაძემ - მარტოობითა და სიზმრებით სავსე კუნძული... მისი დანახვა, მგონი, უცხოეთში უკეთ შეძლეს, ვიდრე სამშობლოში, ამიტომაც მისი სახელი შეტანილია დიდი ბრიტანეთის ენციკლოპედიურ ცნობარში "ვინ არის ვინ" და ბელგიის "ევროპის გამოჩენილ პიროვნებათა ბიოგრაფიულ ცნობარში", დასახელებული იყო "საერთაშორისო ადამიანის" წოდების ნომინანტად.

ბელგიელი გამომცემელი ნეირიინკრი ამბობს: "თამაზ ჭილაძე ითვლება ევროპაში რეალური მნიშვნელობის მქონე პიროვნებად და მიეკუთვნება ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც პასუხისმგებელია  ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროში მიმდინარე პროცესებზე"...

"კვირის პალიტრა" ულოცავს ბატონ თამაზს დაბადების დღეს, დღეგრძელობასა და  სიხარულს უსურვებს, მკითხველს კი ვთავაზობთ ინტერვიუს იუბილართან:

- დრო და შემოქმედი - ეს არის ქვაკუთხედი, რომელზეც კაცობრიობის არაერთი ნააზრევი დაშენებულა. რა არის დრო თქვენთვის და როგორ ხვდებით მეოთხმოცე წელს?

- დრო ჩემთვის ყველაზე იდუმალი, ყველაზე უცნაური რამ არის. "ტიალი წუთისოფელი მიდის, მიდის და მიდისა", თქვა ვაჟამ. ეს დროის მარადიულ დინებაზეა ნათქვამი, ანუ დრო შეიძლება მარადისობადაც კი წარმოვიდგინოთ. ჩვენ მარადისობაში ვართ მოქცეულნი (კინაღამ ვთქვი - მომწყვდეულები-მეთქი!) ჩვენთვის გამოზომილი წუთებით, წამებით, ოღონდ მაინც მარადისობის სულჩადგმული ნაწილები, არსებები ვართ და რადგან ამას ვგრძნობთ, არა მარტო ვარსებობთ, ვცხოვრობთ კიდეც.

დრო მიდის, დრო იცვლება, დრო მკურნალია, "ვაჰ, დრონი, დრონი"! რა არის ის, რასაც ჩვენ დროს ვეძახით? იქნებ ღმერთის იპოსტასია? ვინ გაგვცემს ამაზე პასუხს? ჩვენ კითხვები გვიწყალობა მხოლოდ განგებამ, იქნებ შეგვიბრალა, პასუხები რომ არ გაგვიმხილა!..

ადამიანი ინტუიციურად, გაუაზრებლად უპირისპირდება დროს, შემოქმედებაც დროის შეჩერების მცდელობაა, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე გულუბრყვილო (თუმცა აუცილებელი!) ძალისხმევა. ბრძენი ეკლესიასტესი არ იყოს, "ყველაფერი ამაოა"! ადამიანს ამ ჭეშმარიტების დაჯერება არ უნდა, ან არ შეუძლია. ამაოება მისთვის სხვა არაფერია, თუ არა მხოლოდ ბოლომდე შეცნობილი დრო. ამიტომ დღემდე გაურკვეველია ჩვენთვის, საიდან ვიღებთ სულის საზრდოს, ან საიდან გვიჩნდება ილუზია, რომ თუნდაც ერთი წამით შევძლებთ დროის შეჩერებას, ამაოების აზრის შეცნობას, ან გათავისებას. მაგრამ საჭიროა კი ამის ამოცნობა, ახსნა? ბევრი საიდუმლო იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მისი ამოხსნა შეუძლებელია...

ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დადგენილია, მაგრამ, ამავე დროს, ყველაფერს განუმეორებელი სიახლის იერი ახლავს და ამ შემთხვევაში, ალბათ, არ იქნება მოულოდნელი, უცებ ასეთი კითხვა რომ გაგიჩნდეს: იმ საოცრებების გათვალისწინებით, რითიც სავსეა ადამიანის ამქვეყნიური ყოფა,

ხომ შეიძლება სიბერის მერე ისევ ახალგაზრდობა დაბრუნებულიყო?! ო, რა დიდებული და რა სასურველი იქნებოდა მაშინ სიბერე!..

რასაკვირველია, მესმის, რომ ასეთი კითხვაც კი დიდი გულუბრყვილობაა, მაგრამ რატომაა, რომ ყველაზე მეტ სიმართლეს სწორედ გულუბრყვილობა ამჟღავნებს?! ასეთი ფიქრი იმის ბრალიცაა, რომ ვერაფრით ვეგუები ჩემს ასაკს, მზარავს ციფრების დაუნდობლობა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემში, ჩემი არსების სიღრმეში, სადაც ჩემი მეორე, ანუ მთავარი "მე" ცხოვრობს, არაფერი იცვლება, ისევ ის ამინდი დგას, როგორიც იდგა ათი, ოცი, ორმოცდაათი წლის წინ.

მეკითხებით, როგორ ვხვდები ჩემს მეოთხმოცე წელს... უპირველეს ყოვლისა, ამ თარიღის ხმამაღლა თქმა მიჭირს, თითქოს რაიმე ფიზიკურ ნაკლს ვმალავდე, ვერაფრით შევეჩვიე, თითქოს ასაკი კი არა - მძიმე ლოდია, რომელიც აქამდე მომითრევია, მომიტანია ხალისითაც კი, მაგრამ... რისთვის ან ვისთვის, ეს არ ვიცი!..

- ბედნიერი თუ იყავით ოდესმე?

- მართლაც თავისთავად ისმის კითხვა: ამ ხნის განმავლობაში ვყოფილვარ თუ არა ოდესმე ბედნიერი. საკმაოდ რთული კითხვაა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, არც ვიცი, რა არის ბედნიერება. თუმცა საკმაოდ ბევრი სიხარულიც განმიცდია და საკმაოდ ბევრი წარმატებაც მქონია.

ერთმა პოეტმა თქვა, ბედნიერების გარდა, რამდენი კარგი რამ არის ამქვეყნადო. მართალია, ეს მაინცდამაინც დალხინებული კაცის ნათქვამი არ არის, მაგრამ არც ხელმოცარულის ნათქვამია - დიდი პოეტი იყო!..

ჩემს ძმას, ოთარს, აქვს ასეთი გამოთქმა: "ბედნიერი ტანჯული"! ვფიქრობ, ეს სახელი უფრო შეეფერება შემოქმედს, მით უფრო, თუ წარმატებულია...

ასე რომ, არაფერი ისე პირობითი არ არის, როგორც ბედნიერების ცნება, ყველა ისეთ ბედნიერებას იმსახურებს, რისი ღირსიც არის...

- ბათუმი ისევ თქვენი სიზმრების ქალაქია?

- დიახ. მე ერთხელ ვთქვი, ამ ბოლო დროს ხშირად მესიზმრება ბათუმი-მეთქი. ბავშვობა ბათუმში გავატარე.

ბათუმში ვიგრძენი პირველად, დრო როგორ გარბოდა, თავდაპირველად წიკწიკით (მამის მაჯის საათს მივიდებდი ხოლმე ყურზე), მერე და თანაც მთელი ცხოვრების მანძილზე, უხმოდ, უჩუმრად, თითქოს, არც არსებობდა, არადა, მდინარესავით მიმაქანებდა ხვალინდელი დღისაკენ. ხვალინდელი დღის მოლოდინი, სწრაფვა ხვალისკენ - აი, ყველაზე სახიფათო მახე, რომელსაც განგება გვიგებს, რადგან სიჩქარეში დღევანდელი დღე გვეკარგება, გვიქრება, როგორც თითებს შორის სილა.

დრო ილუზიებითაა სავსე. შეიძლება ჩვენი სინამდვილეც ილუზია იყოს, ვინ იცის?.. ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება კი ის იყო, რომ შეყვარებული ვიყავი საბავშვო ბაღში, ჩემი ჯგუფელი გოგო მიყვარდა, თანაც როგორც პირველ სიყვარულს შეეფერება, უიმედოდ, ანუ სერიოზულად!..

ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე დავრწმუნდი, რომ ყველა სიყვარული პირველია და საერთოდ, მათი დანომვრა არ შეიძლება...

- რა იყო ყველაზე დიდი სიკეთე და ყველაზე დიდი ტკივილი?

- ჩემთვის ყველაზე დიდი სიკეთე ჩემი სამშობლო - საქართველოა, ჩემი ყველაზე დიდი ტკივილიც ის არის. ამაზე უმეტესი არც სიკეთე მიგრძნია ოდესმე და არც ტკივილი...

დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი თანამემამულე ამასვე იტყოდა, ანუ ეს სიხარულიც და ტკივილიც საერთოა, ამიტომაც თითოეული ჩვენგანი ხალხის ნაწილია და ხალხი თითოეულ ჩვენგანშია!..

რაც შეეხება ჩემს პირად ტკივილს, ეს ჩემი ძმის - ოთარის სიკვდილია...

- საერთო ტკივილი ახსენეთ... ამ საერთო ტკივილის გამოა, რომ ყოველთვის გეკითხებიან პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე ხელოვნების წარმომადგენლებს - მწერლებს, რეჟისორებს, მუსიკოსებს... ბევრი მწერალი ტელევიზიით გამოდის და მსჯელობს.

- პოლიტიკოსობა მეტად მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, საპატიო პროფესიაა და რადგან პროფესიაა, მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს. დილეტანტი პოლიტიკოსი, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, საზოგადოებრივად სახიფათოცაა, თუმცა სამწუხაროდ, ამის მაგალითები ძალიან ბევრია დღეს, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში.

მწერალი შეიძლება პოლიტიკაში არ ერეოდეს, ე.წ. "განდგომილი" იყოს, მაგრამ უფრო დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებდეს, ვიდრე თუნდაც ზოგიერთი პარტია! ამიტომ მწერალი პოლიტიკოსად კი არ უნდა ვაქციოთ, არამედ მივცეთ საშუალება, დარჩეს ბოლომდე იმ საქმის აღმასრულებლად, რისთვისაც ღმერთმა განაწესა, სხვანაირად, შეიძლება ბევრი-ბევრი, კიდევ ერთი დილეტანტი პოლიტიკოსი მივიღოთ. ამის მაგალითებიც არსებობს, რასაკვირველია, ესეც სამწუხაროდ!..

რაც შეეხება, ჩემს დამოკიდებულებას ტელევიზიასთან, რა უნდა გითხრათ... ალბათ მხოლოდ ის, რომ მასთან არავითარი ურთიერთობა არა მაქვს და როგორც ვატყობ,  ასეთივეა მისი დამოკიდებულება ჩემდამი. ეტყობა, წლების მანძილზე ამდენი უარი მოჰბეზრდათ და თანაც მიხვდნენ, რომ ტელევიზორში გამოსვლის მსურველთა რიცხვს აშკარად არ ვეკუთვნი.

ამავე დროს, რასაკვირველია, მესმის ტელევიზიის უზარმაზარი, თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა და როლი ჩვენს სინამდვილეში. რამდენიმე შესანიშნავი, მართლაც მაღალპროფესიონალი  ტელეჟურნალისტიც ნამდვილად გვყავს, რომლებიც ტოლს არ უდებენ "სი-ენ-ენ-ისა" და "ბი-ბი-სის"  ჟურნალისტებს. სწორედ ჩვენი ასეთი ჟურნალისტების გასაგონად მინდა ვთქვა, - იქნებ თუნდაც ცოტათი მეტი სიფრთხილით მოჰკიდებოდნენ ჩვენს ეროვნულ კულტურას, ფაქტობრივად, ყველაზე მტკიცე გარანტიას ღირსეულ მომავალში შესასვლელად.

ნუ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ მოდელიერებისა და კლოუნების "პოდიუმად". იმედია, დამერწმუნებიან, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კულტურის შოუდ გადაქცევა. ალბათ, ჩემზე უკეთესად მოეხსენებათ, რომ სანახაობა და სალაფავი მონების საქმეა, კულტურა კი - ხალხის!..

- იყო დრო, როცა სიტყვას დიდი ფასი ჰქონდა და მართალი სიტყვისთვისაც ძვირად ზღავდნენ ხოლმე. თქვენი აზრით, გაუფასურებულია თუ არა მწერლის სიტყვა თანამედროვე ქვეყანაში?

- მწერალი არც მღვდელია და არც ექიმი, არც მანუგეშებელი და არც მკურნალი. ჩეხოვმა თქვა: ჩვენ, მწერლები, ექიმები კი არა - ტკივილი ვართო! სწორედ ამ ტკივილით იწმინდება და იზრდება კიდეც ადამიანის სული, მიუხედავად იმისა, იცის თუ არა, უნდა თუ არა ეს...

ერთი შეხედვით, ამქვეყნად თითქოს ყველაფერი მეორდება, მაგრამ სინამდვილეში არაფერიც არ მეორდება. ამავე დროს, ყველა ადამიანს "თავისი ცხოვრება", თუნდაც თავისი სიმარტოვე - "თავისი უდაბნო", სხვისთვის შეუღწეველი, უცნობი, საიდუმლო სამყარო აქვს და ალბათ ეს არის სწორედ შემოქმედების ბიძგი - აი, ამ სამყაროში შეღწევას ცდილობს შემოქმედი, რაც ყველა შემოქმედის მითოლოგიური წინაპრის ჰადესში ჩასვლას მაგონებს.

ევროპასა და ამერიკას საკმაოდ კარგად ვიცნობდი, რასაკვირველია, წიგნებით. ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა, ვიდრე იქ, კერძოდ, ინგლისში საქართველოს ახალგაზრდობის დელეგაციასთან ერთად წავიდოდი 1960 წელს.

უპირველეს ყოვლისა, გამაოცა, უფრო მეტიც, მომაჯადოვა ნამდვილი თავისუფალი ქვეყნისა და ადამიანის ნახვამ. კიდევ ერთხელ ვირწმუნე, ამქვეყნად ყველაზე მშვენიერი და დიდებული თავისუფლებაა!..

- რა გაკარგვინებთ წონასწორობას?

- წონასწორობას მაკარგვინებს დემაგოგია, ტყუილი, ცილისწამება. არ შემიძლია თავის შეკავება და საკადრისი პასუხის მშვიდად გაცემა ნაძირალებისათვის, რომლებითაც სავსეა ჩვენი სინამდვილე და რომლებსაც სწორედ სიმშვიდით გამოვყავარ წონასწორობიდან. სიმშვიდე გარეწრის იარაღია! საჭირო სიტყვა, ასე აუცილებელი კამათისა თუ სხვა დაპირისპირების დროს, მერე მახსენდება, ძილის წინ... ალბათ ამიტომაც, ჩემგან პოლიტიკოსი არ გამოვიდა, თუმცა არც არასოდეს მხიბლავდა პოლიტიკოსობა, მით უმეტეს - დღეს...

- გული რაზე გწყდებათ?

- საკმაოდ ბევრ რამეზე, თუნდაც ფრანგული ენა რომ ვერ ვისწავლე, არადა, მქონდა ამის საშუალება, თუნდაც ბავშვობაში, მაგრამ მაშინ რას არ ვიგონებდი, გაკვეთილი რომ გამეცდინა.

"თავს სინანული სჯობიაო", - უთქვამს ჩვენს ხალხს, მაგრამ სინანულს ჭკუა სჭირდება...

ცხოვრების უკან დაბრუნება არ შეიძლება და კიდევ კარგი, რომ ასეა, თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერს უცვლელად გავიმეორებდი. ჩემს ერთ ძველ ნათქვამს გავიხსენებ - ცხოვრება საათი არ არის, მისი ისრები უკან რომ გადასწიო...

- არსებობს ასეთი გამოთქმა, "ოქროს ხანა" - დრო, როცა ყველაზე კარგად გრძნობ თავს. სად არის თქვენი "ოქროს ხანა" და რა გჭირდებათ ყველაზე მეტად ბედნიერებისათვის?

- ჩემი პირადი ბედნიერებისათვის ყველაზე მეტად ჩემი სამშობლოს ბედნიერება მჭირდება. "პატრიოტიზმი არ ძველდებაო", - ამბობდა ჩემი ძმა, ოთარ ჭილაძე, არც შეიძლება დაძველდეს - როცა ადამიანი აღარ განასხვავებს, "ვისი გორისაა", როცა სულერთი იქნება მისთვის, სად იცხოვრებს, ანუ აქვს თუ არა სამშობლო, როცა ერთადერთ ყველაზე მაცოცხლებელ ბედნიერებად სამშობლოს სიყვარულს არ მიიჩნევს, დამერწმუნეთ, კაცობრიობის ისტორიაც დამთავრდება, ანუ ჩვენი საერთო დრო გაჩერდება!.. ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან!..