რატომ არ დაადგა საშველი ბარისახოს ბიბლიოთეკის გახსნას - კვირის პალიტრა

რატომ არ დაადგა საშველი ბარისახოს ბიბლიოთეკის გახსნას

ადამიანი არასოდეს შეწყვეტს განათლებას - იმის მიუხედავად, რომ არსებობს სოციალური ქსელი და მედია, მოთხოვნილება ბიბლიოთეკებსა და მედიათეკებზე მუდმივად იზრდება, მათ შორის, მთის რეგიონებშიც. სწორედ ამის გათვალისწინებით გადაწყვიტეს ხევსურეთში, კერძოდ, ბარისახოში, ბიბლიოთეკის გახსნა. ბარისახო ხომ ხევსურეთისთვის უმნიშვნელოვანესი სოფელია. აქ სკოლა-ინტერნატში მთელი ხევსურეთის სოფლების ბავშვები იზრდებიან. ბიბლიოთეკისთვის შენობაც გამოიყო, მაგრამ იდეას განხორციელება არ ეღირსა, რაზეც არაერთი ბარისახოელი წუხს.

"ბარისახო ხევსურეთისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი სოფელი იყო და დღესაც ასეა. ჩვენდა საბედნიეროდ, აქ ხალხი ისევ არის. ამიტომაც ჩვენს სოფელში ბიბლიოთეკა-მედიათეკის დაარსება გონივრული იდეაა. ადგილობრივი სკოლა-ინტერნატის დირექტორს ბევრჯერ ხუმრობით უთქვამს, ამ სოფელში იმდენი მკითხველია, სკოლის ბიბლიოთეკის თაროებზე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს აღარ მიჩერებენო. ეს ერთი მხრივ, ძალიან კარგია - ბავშვი რომ ხედავს, უფროსები კითხულობენ წიგნებს, თავადაც აუცილებლად წაიკითხავს. ცუდი კი ის არის, რომ ჩვენს სოფელში ბიბლიოთეკას ვერ ვეღირსეთ, რითაც ბავშვებიც ისარგებლებენ და სოფელშიც კულტურის ცენტრი გაჩნდებოდა. დიდი ხანია ფორმალურად ბიბლიოთეკარიც გვყავს და ფართობიც გვაქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, შეშაც კი მოიტანეს არარსებული ბიბლიოთეკის გასათბობად. პრობლემაც სწორედა ესაა: მხოლოდ ფორმალურად. სინამდვილეში ბიბლიოთეკისთვის გამოყოფილი ფართობი სანახევროდ დანგრეულია. სხვათა შორის, ხაშურის გაერთიანებული საბიბლიოთეკო ქსელის ხელმძღვანელმა ნელი თეთრუაშვილმა მეც შემომთავაზა არარსებულ ბიბლიოთეკაში მუშაობა, რაზეც უარი ვუთხარი - როდესაც საბიბლიოთეკო ფართობი რეალურად არ არსებობს, ბიბლიოთეკარის ხელფასის აღება უსინდისობად და შუბლზე ნამუსის ძარღვის გაწყვეტად მომეჩვენა. აღნიშნული ფართობის გარემონტება ისე, რომ წყალი არ ჩავიდეს და ინვენტარი არ განადგურდეს, ჩემი აზრით, სოლიდური სახსრის გარეშე შეუძლებელია. ამასობაში კი ბიბლიოთეკისთვის სოფელში სხვა ფართობიც შეიძლება მოიძებნოს, თუკი პასუხისმგებელი პირები რეალურად მოინდომებენ. მოგმართავთ თხოვნით, ამ საკითხის გადაჭრაში მხარდაჭერა გაგვიწიოთ და ხევსურეთის ერთ სოფელს ადამიანური არსებობის დამკვიდრებაში დაეხმაროთ.

პატივისცემით, გოგი ჭინჭარული. ბარისახო".

ჩვენ დავუკავშირდით დუშეთის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორს ნელი თეთრუაშვილს:

- მართლაც შეუძლებელი გახდა ბარისახოში ბიბლიოთეკის გახსნა. წინასწარ კადრის დანიშვნის უფლებაც გვაქვს და ფართობის გამოყოფისაც, რაც მოვაგვარეთ, მაგრამ ბიბლიოთეკის გახსნას საშველი არ დაადგა. პრობლემა ის არის, რომ ფართობი თავად მოსახლეობამ უნდა გაარემონტოს. ვიხვეწები, ოღონდაც გაარემონტეთ და საჭირო მასალას მე მოგიტანთ-მეთქი, მაგრამ არ აკეთებენ, რის გამოც ბიბლიოთეკარად შერჩეულმა ქალმა განცხადება დაწერა და წავიდა.

- ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, სანახევროდ დანგრეული შენობის გარემონტება შეუძლებელია, ჯობს თავიდან აშენდეს. - არ ვფიქრობ, რომ გარემონტება შეუძლებელია, მაგრამ მოსახლეობას სურვილი არა აქვს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ბიბლიოთეკა სხვა სოფელში გავხსნა.