სურამელები წლებია დანაგვიანებული სურამულას გაწმენდას ითხოვენ - კვირის პალიტრა

სურამელები წლებია დანაგვიანებული სურამულას გაწმენდას ითხოვენ

არავინ მეგულება ისეთი, ვინც მთელ წელიწადს ზაფხულში დასვენებაზე არ ოცნებობდეს. წელს კი, როდესაც პანდემიის გამო საზღვრებს გარეთ დასასვენებლად ვერავინ გადის, ყველამ ჩვენი ქვეყნის კურორტებს მიაშურა. ჩვენს კურორტებს დამსვენებელი არც აქამდე აკლდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩადიხართ რომელიმე ცნობილ კურორტზე, მაგალითად, სურამში, ჩაგყავთ ბავშვები, რომელთა გაჯან]საღება და დასვენება ლამის მთელი წლის დანაზოგს მოითხოვს და ამ დროს მეორე დღესვე წამოსვლაზე ოცნებობთ - მდინარე სურამულაში დაგროვილ ნაგვის სუნს ვეღარ უძლებთ. სურამულაში კიდევ 3-4 სოფლის ნაგავია ჩაგროვილი და მრავალი წელია არ გაწმენდილა. ადგილობრივი ხელისუფლებისგან მრავალჯერ იგნორირების შემდეგ ამ მდგომარეობით შეწუხებულმა სურამელებმა დასახმარებლად ჩვენ მოგვმართეს:

"იმ იმედით გწერთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებასთან გვიშუამდგომლებთ, რომელიც სურამულას გაწმენდას მრავალი წელია გვპირდება. თუ ზაფხულის ერთ ცხელ დღეს სურამში გაივლით, სამკურნალო სუფთა ჰაერის ნაცვლად მდინარიდან ამოვარდნილი მყრალი სუნი შემოგეგებებათ. მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ურნები დგას, სურამის მოსახლეობასთან ერთად მდინარისპირა ყველა სოფელი ნაგავს მაინც მდინარეში ყრის. არ გაგვიკვირდება, თუ ზოგიერთი იკითხავს: თუ სურამში ნაგვის ურნები დგას, ხელისუფლებამ სხვა რა ქნას, საზოგადოებას ყარაულად ხომ არ დაუდგება, რომ ნაგავი მდინარეში კი არა, ურნებში ჩაყარონო! მაგრამ ხელისუფლების ხელში იმ კანონის შესრულებაა, რომელიც გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმებს გულისხმობს. ხელისუფლება აღნიშნულ კანონს რომ ამუშავებდეს, არც საქართველოს სხვა მდინარეებზე მოხდებოდა მსგავსი ვანდალიზმი. უკვე წლებია მივმართავთ ხაშურის მუნიციპალიტეტის ხელისუფალთ, რომ ნაგავი გაიტანონ, მაგრამ ამაოდ. მდინარის სანაპიროზე დაგროვილი ნაგავი თუ არ ამოიწმინდა, სურამში აღარც სურამელებს დაგვედგომება და აღარც დამსვენებლებს. მერე კი მდინარის დაბინძურებისგან დამცავი სხვა ღონისძიებები უნდა გატარდეს. გთხოვთ დაგვეხმაროთ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავისი მოვალეობა შეასრულოს.

პატივისცემით, სურამელები".

დაგვეთანხმებით, რომ ამ უნიკალური კურორტის ბედი არავისთვის არის სულერთი და ჩვენც ვითარებას გავეცანით.

ილია კოპაძე, სურამის მცხოვრები: - ამ საცოდავ მდინარეს სოფელ-სოფელ დაგროვილი ნაგავი სურამისკენ მოაქვს, აქედან კი ზღვისკენ. წვიმიან ამინდში ნაგვის ამხელა მასა მის ნაპირებზე გროვდება და მზის დაჭერისას აუტანელ სუნს გამოსცემს. 6-7 წელია სურამის ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტის გაწმენდა აღარავის გახსენებია. ხელისუფლება ქაღალდზე დაპირებებს გვაძლევს, ისე კი გვეუბნება, ვანდალების ქვეყანა ვართ, რამდენი ურნაც უნდა დავდგათ, ხალხი ნაგავს მაინც მდინარეში გადაყრის, მთელი საქართველო ასეაო.

კანონი სახელმწიფომ უნდა აამუშაოს. ხალხი თავად ხომ არ დაერევა კანონის დამრღვევებს! განა რა იმდენი თანხა სჭირდება კრიტიკულ ადგილებში მაინც ვიდეოთვალის დადგმას, გარემოს დამბინძურებლების გამოჭერას და მათ დაჯარიმებას?

ზოგიერთს სურამში (და არა მხოლოდ) სურამულაზე ტუალეტებიც აქვს გადადგმული და წყალს ფეკალიებით ავსებს. ან ამ ტუალეტების დემონტაჟსა და მათი პატრონების დაჯარიმებას რა ძალისხმევა სჭირდება მაშინ, როდესაც სურამში ცენტრალური კანალიზაციის სისტემა არსებობს!

გვეუბნებიან, კალაპოტის გაწმენდას სათანადო დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა ესაჭიროებაო და წლების განმავლობაში რით ვეღარ შეადგინეს! ჩვენს უკანასკნელ დაპირებას ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე აწერს ხელს. ვიცით, რომ ესეც ტყუილია - სურამისთვის მხოლოდ ხელმომწერები იცვლებიან, მდინარის ნაგავი კი მუდმივად რჩება.

ზვიად ქურდაძე, ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელი: - მდინარე სურამულა მართლაც პრობლემური მდინარეა. დიდი რაოდენობით ბუნებრივი ნატანი ჩამოაქვს, რომელიც პერიოდულად იწმინდება მდინარის სხვადასხვა მონაკვეთზე. ამჟამად მდინარის კალაპოტს ქალაქ ხაშურის ტერიტორიაზე ვწმენდთ.

- ბატონო ზვიად, სურამის ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტიდან წლობით ნაგროვები საყოფაცხოვრებო ნაგავია ამოსაღები. ნუთუ შეუძლებელია, ამ პრობლემის მოგვარება? - შეუძლებელი ნამდვილად არ არის. სავარაუდოდ, მომავალ წელს მოვახერხებთ.