"მინდა ხალხმა ნახოს, როგორია ნამდვილი დეპუტატი... ვიცი, გამოჩნდებიან ისეთები, ვინც ჩემს ლანძღვას დაიწყებენ" - კვირის პალიტრა

"მინდა ხალხმა ნახოს, როგორია ნამდვილი დეპუტატი... ვიცი, გამოჩნდებიან ისეთები, ვინც ჩემს ლანძღვას დაიწყებენ"

"ვიცი, გამოჩნდებიან ისეთები, ვინც ჩემს ლანძღვას დაიწყებენ"

ყველა თაობისთვის საყვარელი ორი ჯუჯა ორმოცდათორმეტი წელია გვიმღერის, რომ ცხოვრებაში მთავარია "სიყვარული, სიკეთე და სილამაზე". სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად მართავენ კონცერტებს ქართველი ემიგრანტებისთვის და სწორედ ასეთი ვიზიტის დროს წარმოიშვა იდეა, რომ შექმნილიყო პოლიტიკური პარტია, რომლის ერთ-ერთი მთავარი წევრი ნუგზარ კვაშალი იქნება.

- ბატონო ნუგზარ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკოსობა? - პოლიტიკა მხოლოდ ის არ არის, რასაც ახლა ხალხი ეძახის - პარლამენტს და ასე შემდეგ. ხელოვნებაც დიდი პოლიტიკაა, რომელსაც 52 წელია ვემსახურები. პარლამენტში სუფთა წარსულით შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ნამდვილმა პოლიტიკოსებმა ვერ გააკეთეს თავიანთი გასაკეთებელი, შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ.

ამდენი წელია ვემსახურები ქართველ ხალხს და ძალიან მინდა ოთხი წელი სხვა რაკურსითაც ვემსახურო. მინდა ხალხმა ნახოს, როგორია ნამდვილი დეპუტატი.

- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ნამდვილი დეპუტატი, რას ჰპირდებით გურულ ამომრჩეველს? - ბევრი ვიცი, ვინც ერთი ფურცელი შეავსო ქონებრივი დეკლარაციისთვის და ახლა 15 არ ჰყოფნის. ბევრი დეპუტატია, ვინც ორჯერ-სამჯერ არჩეულა და მისი სახელი არავინ იცის, ჩემი კი ყველამ იცის. მე პირობას ვერ დავდებ, ხელფასებს მოგიმატებთ, ამას ვიზამ, იმას ვიზამ-მეთქი. ორი მოწვევის პარლამენტარები ერთსა და იმავე რაღაცებს ჰპირდებიან ხალხს.

არანაირი კონცეფცია არა გვაქვს, ჩვენი კონცეფცია იქნება ყოფითი პრობლემის მოგვარებაა, განსაკუთრებით ემიგრანტების. ფაქტობრივად, ემიგრანტის დაარსებულია ჩვენი პარტია.

- რა ჰქვია თქვენს პარტიას, როგორ წარმოიშვა? - მე, ნუგზარ ერგემლიძემ და ზურაბ კობეშავიძემ ამერიკაში საახალწლოდ ემიგრანტებისთვის ჩავატარეთ კონცერტი. ბატონი თენგიზ ოქროპილაშვილი გვმასპინძლობდა. ეს გურული კაცი გადაგვყვა. მას სატრანსპორტო ბიზნესი აქვს, რესტორანიც, სადაც ასზე მეტი ქართველი ჰყავს დასაქმებული. ბატონმა თენგიზმა ფოთში მოქალაქეთა გაერთიანება "ქართული ფესვებიც" დააფუძნა. პარტიაში გაერთიანებული ვართ: მე, როგორც ხელოვნების წარმომადგენელი, გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი; აჭარაში - პოპულარული მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე; ჩვენი მეგობარი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე - რუსთავში; თელავის მაჟორიტარ კანდიდატად გვყავს საზოგადო მოღვაწე, კახეთის კოლორიტი გეგე სულხანიშვილი; ქუთაისში - მწერალი ნათია ჯიმშელეიშვილი. ნუგზარ ერგემლიძესაც შევთავაზეთ, მაგრამ თქვა, ერთხელ უკვე ვიყავი პარლამენტში, ამიტომ თქვენი კონსულტანტი ვიქნებიო.

ბევრმა ჩვენმა პოლიტიკოსმა მეგობარმა გვკითხა, საიდან მოხვდით ამ გაუგებრობაშიო? იქიდან, რომ ვუყურებ, რა ხდება კულტურაში, სოფელში, თუნდაც ემიგრანტებში. ახალი რაღაც უნდა გავაკეთოთ, ახლა უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი. ორი კვირაა გურიაში ვარ და გურულები რომ გაიგებენ, ხელისუფლებაში მოსვლას ვაპირებ, მეუბნებიან, ე ბიჭო, იქნება შენ მაინც რაცხა გააკეთო, კი მღერიხარ, მაგრამ სიმღერა აღარ გვინდა, სხვა რაღაცები გვჭირდებაო.

- ხალხისთვის საყვარელი ბევრი ხელოვანი მოსულა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ რომელიმემ ძალიან გაამართლაო, ვერ ვიტყვით, ბევრმა მათგანმა ხალხის კრიტიკა და შეურაცხყოფაც დაიმსახურა. არ გიფიქრიათ, რომ შეიძლება მათი ბედი გაიზიაროთ? - ვიცი, გამოჩნდებიან ისეთები, ვინც ჩემს ლანძღვას დაიწყებენ. ბევრი მეუბნება, რა გინდა ბინძურ პოლიტიკაშიო. პოლიტიკას ადამიანები აბინძურებენ. ჩემმა ტყუპისცალმა ვახტანგ ტატიშვილმა მითხრა, ორმოცდათორმეტი წელია ყველა გეფერება, ყველას უყვარხარ და ახლა გინდა გინება დაგიწყონო? ვუთხარი: მე ერთი რამ მაინტერესებს - ადამიანი, რომელიც პარლამენტში ხვდება, მაშინვე ცვლის ტელეფონის ნომერს, მეგობარს ორ წელიწადში ერთხელ თუ შეხვდება, ისიც, დიდი საქმეა. თუკი ზიხარ ისეთ სკამზე, საიდანაც ბევრი სიკეთე შეგიძლია ყველას გაუკეთო, რატომ უნდა დაემალო მეგობარს-მეთქი. იცით, რა მითხრა ვახტანგმა? შენც ზუსტად მასეთი გახდებიო.

- გამარჯვების იმედი გაქვთ?

- თემურ წიკლაურმა გამომიგზავნა მესიჯი: "ნუგზარ, ვიცი, რასაც აპირებ. ანსამბლ "ივერიას", რომელიც ატარებს ჩვენი სამშობლოს სახელს, არასდროს არ წაუგია. არ გაბედო და არ დამარცხდე. "ივერია" ყოველთვის გამარჯვებული უნდა იყოს" - და მეც შემართებით ვარ.

- ბატონო ნუგზარ, მოდი, "ივერიაზე" ვისაუბროთ. რა გენატრებათ ყველაზე მეტად იმ პერიოდიდან? - გასტროლები. ქალაქებს ვათვალიერებდით, ქართულ დღესასწაულებს აღვნიშნავდით. მახსოვს, პერუში ახალი წელი ქართულად, რუსულად და იქაურადაც აღვნიშნეთ - ჩვენებური ახალი წელი დღის სამ საათზე დადგა, მერე რუსულიც, ბოლოს კი იქაური ახალი წელი.

- მეუღლე როგორ ეგუებოდა თქვენს თვეობით წასვლას, არ ეჭვიანობდა? - ეჭვიანობდა რომელია?! მაგრამ ხომ ვერ დამირეკავდა, მაშინ სად იყო მობილური. უნდა მისულიყავი კა-გე-ბეში, იქიდან კავშირგაბმულობის მინისტრთან დარეკავდნენ და ის იძლეოდა დარეკვის ნებას. ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარდა და ვცდილობდი არ მეღალატა. ღალატის წინ შეიძლება იმდენი დამელია, ვერ გამეგო, სად, ვისთან წავედი, მეორე დღეს არაფერი მახსოვდა. გასტროლებზე რომ თვეობით მიდიხარ, რაღაცას იზამ კაცი. ის ყველაფერს ხვდებოდა, მეგრელ ქალს რას გამოაპარებდი.

იხილეთ ასევე: "ჩემი გადაწყვეტილება ერთ კვირაში გახდება ცნობილი"

ხათუნა კორთხონჯია