"მე ჩემში უფრო ვხედავ დანაშაულს, ვიდრე მთავრობაში" - კვირის პალიტრა

"მე ჩემში უფრო ვხედავ დანაშაულს, ვიდრე მთავრობაში"

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა ლევან გორდეზიანმა, როდესაც ქართველი საზოგადოების პრობლემებზე ვკითხეთ, გვითხრა: "ყველა ღირებულება მოიშალა, მყარი საყრდენი აღარა გვაქვს. ისეთი განცდა მაქვს, რომ ადამიანებს ორი ძირითადი გრძნობა შემორჩათ: "მინდა და მეშინია ჩემზე ძლიერის".

- ბოლო დროს ხშირად გვესმის არნახული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობების შესახებ. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- ძნელი სათქმელია. შესაძლოა, ამგვარი რამ ადრეც ხდებოდა, მაგრამ კომუნისტებს მიაჩნდათ, რომ საზოგადოებას ამის შესახებ არ უნდა სცოდნოდა და არც ახმაურებდნენ. დღეს თქვენი კოლეგები, ალბათ, მეტად ეძებენ ასეთ ინფორმაციას და ამიტომაც აღწევს ჩვენამდე. ცხადია, საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიაწოდო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ძირითადი ნიუსი. ზოგიერთი ტელევიზია მიზანმიმართულად მუშაობს, რომ ასეთი ფაქტების მოწოდებით ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებაზე, ალბათ, იმიტომ, რომ დათრგუნვილი ხალხი გაცილებით ადვილი სამართავია.

შესაძლოა, ვითარება სინამდვილეშიც უარესდება და ამის ძირითად მიზეზად ღირებულების რღვევა მიმაჩნია. არ ვგულისხმობ მხოლოდ ძველ ტრადიციულ ან რელიგიურ ღირებულებებს, არამედ ყოფითი ქცევის ნორმებს, ამა თუ იმ წრეში ან დაწესებულებაში მიღებულ "თამაშის წესებს". ეს ყოველივე ერთგვარად არეგულირებდა ადამიანთა თანაცხოვრებას, აკავებდა ქვენა გრძნობებსა და მისწრაფებებს. მაგრამ ბოლო ხანებში ეს ყველაფერი გაქრა, არავითარი ორიენტირი და მუხრუჭი აღარ არსებობს.

“ამერიკული ოცნება, რომ ნებისმიერი შეიძლება გახდეს პრეზიდენტი ან მილიონერი, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება ადამიანმა წარმატება მოიპოვოს, არასწორად გაიგო ქართველმა საზოგადოებამ და დამკვიდრდა წესი - არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რას და როგორ აკეთებ, მთავარია, ფული მოიპოვო, თანამდებობას მიაღწიო და“ყველაფერი მოსულა. ეს კი ერთ-ერთი მიზეზთაგანია იმ საშინელებებისა, რასაც ვხედავთ.

- ამის იმპულსი, ალბათ, ხელისუფლების პოლიტიკაცაა, ჩვენს რეალობაში ხომ გახდნენ 26-28 წლის ახალგაზრდები მინისტრები?

- ამის მიზეზი მართლაც იყო ხელისუფლების პოლიტიკა, მაგრამ არ მინდა ბოროტების მიზეზი ერთ ადამიანში ან რომელიმე კონკრეტულ ჯგუფში დავინახო. ეს პრობლემის გამარტივება იქნებოდა. პრობლემა ჩვენშია. მართებული ნათქვამია, რომ ყოველი საზოგადოება იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას, როგორიც ჰყავს. ეს ხალხი ხელისუფლებაში სხვა იდეებით მოდიოდა და მაშინ თავი მათ თანამოაზრედ მიმაჩნდა. მაგრამ მერე ბევრი რამ შეიცვალა. შეიძლება ეს ბოროტი ჩანაფიქრით არც გააკეთეს და სიტუაციამ უკარნახა რაღაც ქმედებები, ან ცხოვრების მოტანილ ცდუნებებს ვერ გაუძლეს და დაიკავეს ის მხარე, სადაც დგანან.

- თქვენ რატომ აღარ დარჩით ხელისუფლების მხარდამჭერად?

- მე დავრჩი იმ იდეების ერთგული, რაც მაშინ მქონდა. ხელისუფლების არასასურველი ფერისცვალების პირველი ნიშანი ჩემთვის სახელმწიფო სიმბოლიკისა და კონსტიტუციის გამოცვლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძველ დროშას ვიზუალურად ხუთჯვრიანი დროშა მერჩივნოს, ეს ქმედება იყო სიგნალი, რომ უარს ვამბობდით წარსულზე, კარგზეც, ცუდზეც და ყველაფერს ნულიდან ვიწყებდით, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია.

ასევე მიუღებელია წარსულის გაიდეალება და ტრადიციების შენახვის მიზნით თუ საბაბით დროის გაჩერების მცდელობა.

მოაზროვნე ადამიანი არსებულით კმაყოფილი ვერ იქნება და მუდამ ცვლილებებზე, წინსვლაზე ფიქრობს. არაერთი ცოდვა თუ მიქარვა გვქონდა ჩვენი ისტორიის მანძილზე. წარსულში დასაწუნი ბევრი გვაქვს და გონივრული რეფორმების გზით უნდა ვცადოთ არსებულის გაუმჯობესებაც, სადაც საჭიროა, ახლის შექმნაც, მაგრამ წარსულზე მთლიანად უარის თქმა დაუშვებელია.

თვალწინ მიდგას პარიზის ცენტრში ერთ-ერთ სახლზე წარწერა "ლუი XVI-ის ბრძანების შესაბამისად, ამ კედელზე აფიშის გაკვრა არ შეიძლება". ეს აკრძალვა დღემდე მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ ლუი XVI-ს, როგორც ცნობილია, რევოლუციის დროს თავი მოჰკვეთეს და მას მერე საფრანგეთში ხან რევოლუციური, ხანაც მშვიდობიანი გზით კიდევ ბევრჯერ შეიცვალა ხელისუფლება და სახელმწიფო წყობაც კი. რაც ნორმალურია, ის უნდა დარჩეს - ასეთია ფრანგების რაციონალური მიდგომა ქვეყნისადმი. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ევროპის ქალაქებში არის ქუჩები, რომელთა სახელწოდებები საუკუნეების განმავლობაში არ იცვლება.

ზოგიერთი ქუჩის სახელწოდება კეისრების დროიდან არ შეცვლილა და ეს არის კავშირი წარსულთან და მისი მოფრთხილება. ჩვენ ისტორიის ნაწილი ვართ და იმისათვის, რომ საკუთარი თავი კარგად გვქონდეს გაცნობიერებული, უნდა ვიცოდეთ და ვაფასებდეთ იმას, რაც ჩვენამდე კარგი იყო და ამაზე ვაფუძნებდეთ ჩვენს წინსვლას. ამავდროულად, აუცილებელია ვეზიაროთ და მივიღოთ ის, რაც კი კარგი შეუქმნია მსოფლიო ცივილიზაციას.

ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია ხალხს შევუძახოთ, რაღაც გავახსენოთ და სწორი ორიენტირები შევთავაზოთ. უნდა გადავრჩეთ, თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ და ჩვენი წარსულის, ისტორიის, კულტურის შესაბამისი ადგილი მოვიპოვოთ სამყაროში. მოსახლეობის ნაწილს მაინც რომ ახსოვდეს, ადამიანი ვარო და შესაბამისად იქცეოდეს, ჩვენი პრობლემების ძალიან დიდი ნაწილი კოშმარული სიზმარივით გაქრებოდა.

- განა ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ადამიანები ვართ?

- სამწუხაროდ, ბევრს დაავიწყდა. ჩვენ ყოველდღიურ მძიმე ცხოვრებას ისე მივყვებით, ძალიან იშვიათად ვიხსენებთ, რომ ადამიანები ვართ.

ღირსების გრძნობა, ზნეობა გამოარჩევს ადამიანს და მისი მძლავრი იარაღიც არის.

მორწმუნე ადამიანისათვის ზნეობრივი ნორმები ღვთის დადგენილია და ზედმეტ რეკლამას აღარ უნდა საჭიროებდეს, სხვებს კი შეიძლება შევახსენოთ პლატონის აზრი, რომ ზნეობრივი, სამართლიანი ქმედება პრაქტიკულად სასარგებლოც არის.

- რას იტყოდით პლატონის "სახელმწიფოზე" და რამდენად აქტუალურია ეს იდეები ჩვენთვის?

- ნაშრომში "სახელმწიფო" პლატონი ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა მართონ ფილოსოფოსებმა, მეცნიერებმა, რომლებსაც არ გააჩნიათ ოჯახი და საკუთრება, ანუ კერძო ინტერესისაგან დაცლილმა ადამიანებმა. პირი, რომელსაც სახელმწიფოს მართვის ნიჭი აღმოაჩნდებოდა, სახელმწიფოს უნდა აღეზარდა და დაედგინა ქვეყნის მმართველთა შორის.

ეს იდეალური სურათია, რომელიც არსად განხორციელებულა. თავად პლატონმაც ვერ მოახერხა ამ მოდელის დანერგვა, როდესაც სირაკუზის მმართველმა მას ეს შესაძლებლობა მისცა. მაგრამ დღევანდელი ცივილიზებული სახელმწიფოების ნაწილი იყენებს პლატონის ცალკეულ იდეას. ეს ჩანს მმართველობის ჩინურ მოდელსა და დასავლურ დემოკრატიებში, სადაც სახელმწიფო სხვადასხვა ფორმით ზრუნავს სახელმწიფო მოხელეთა მომზადებაზე. პოლიტიკოსობის მსურველმა უნდა გაიაროს სკოლა, კარიერული საფეხურები და როდესაც ის მიდის მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე, ყოველმხრივ შემოწმებულია.

ჯერ კიდევ რომში არსებობდა ასაკობრივი ცენზი და კარიერული წინსვლის საფეხურები. ყველაზე დაბალი არჩევითი თანამდებობის მოპოვება 26 წლის ასაკში შეიძლებოდა, ხოლო კონსულის თანამდებობას 42 წლამდე ვერავინ მიიღებდა.

რაც შეეხება კერძო ინტერესების ნეიტრალიზაციას, ეს მეტ-ნაკლებად მიიღწევა მკაცრი სამართლებრივი რეგლამენტაციით. თუ რიგითი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია (ანუ თუ ქურდობაზე არ დაგიჭერენ, ქურდს ვერავინ დაგიძახებს), მოხელეთა მდგომარეობა პრინციპულად განსხვავებულია: თუ თანამდებობის პირზე ეჭვი გაჩნდა, ის ვალდებულია თავისი უმწიკვლობა დაამტკიცოს ან თანამდებობიდან წავიდეს.

ანტიკურმა სამყარომ გამოცადა სახელმწიფო მოწყობის ყველა ის მოდელი, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი: მონარქია, ოლიგარქია, ტირანია, დემოკრატია. ფართო გაგებით დემოკრატიული ელემენტები ყოველ მათგანში იყო: ხალხის თანამონაწილეობა უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტაში, ხალხის ძირეული ინტერესების გათვალისწინება.

თავად ბერძნები სიტყვას "დემოკრატია" მხოლოდ ხალხის პირდაპირი მმართველობის აღსანიშნავად იყენებდნენ და შესაბამისად, ძველი ბერძენი რომ გააცოცხლოთ, არც ერთ დღევანდელ სახელმწიფოზე არ იტყოდა, დემოკრატიულიაო. ბერძენი ფილოსოფოსები საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდნენ ამ წყობას, თუმცა მათ კიდევ უფრო მიუღებლად წარმოედგინათ ტირანია - ერთი კაცის მმართველობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტირანი გამოჩენილი და დადებითი მოღვაწე იყო, ბერძნებს მიაჩნდათ, რომ მმართველობის სისტემა, რომელიც ერთი კაცის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, არ შეიძლება სტაბილური იყოს.

საბოლოოდ, ყველაზე მდგრადი და შედეგიანი აღმოჩნდა რომაული სისტემა, რომელშიც ხალხის, ელიტისა და ერთმმართველის ხელისუფლება იყო შეჯვარებული. ეს სისტემა დაედო საფუძვლად დღევანდელი დემოკრატიული ქვეყნების მოწყობას.

- ჩვენს ქვეყანაში არსებულ სისტემას რა სახელს დაარქმევდით?

- ჩვენთან ეკლექტიკური წყობაა და ცოტ-ცოტა ყველაფერი გვაქვს: მმართველობაში არის დემოკრატიის, დიქტატურის, ავტორიტარიზმისა და სისულელის ელემენტებიც. გასდით და აკეთებენ.

სხვა საკითხია, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი. ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ცნობილ სცენას ფრანგული ფილმიდან "სათამაშო", სადაც ერთ გმირს ეუბნებიან, გაიხადეო და ისიც იხდის. ფილმშიც და ცხოვრებაშიც უპასუხოდ რჩება კითხვა, ვინ არის უფრო დამნაშავე? მე ჩემში უფრო ვხედავ დანაშაულს, ვიდრე მთავრობაში. თუ მთავრობას ვაძლევ იმის უფლებას, რაც უნდა, ის აკეთოს, და მე მხოლოდ სახლში ვბუზღუნებ, ახია, რაც მომივა.

არ შეიძლება ნებისმიერ სისულელეზე ტაში დავუკრათ ნებისმიერი დონის ხელმძღვანელს; არ შეიძლება ყველა ის სიახლე მივიღოთ, რაც ზემოდან წამოვა. თუ ყველაფერს მივიღებთ, იმასაც (ზემოთ) ხომ ჰგონია, რომ კარგი რამ გააკეთა? ჩხუბი და ყელში ცემა არ არის საჭირო, უბრალოდ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვა.

ჩვენთან კი ამის ნაცვლად არის უცნაური მიდგომა - რაც მინდა, ის გამაკეთებინე, სანაცვლოდ კი რაც გინდა, მითხარი და შეგისრულებო. დღეს ეს მიდგომა იქცა დიდ პრობლემად. შემოტრიალება კიდევ შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა, ყველამ ჩვენ-ჩვენს ადგილას ოდნავ მეტად დავიმჩნიოთ ღირსება და თავმოყვარეობა. თუ ასე მოვიქცევით, ბევრი რამ ძალიან მალე გამოსწორდება. გახსოვდეს, რომ ადამიანი ხარ და მეტად გაგიწევენ ანგარიშს.

როდესაც პროტესტი გიჩნდება უსამართლობის თუ სხვა რამის გამო, თქვი. ამისთვის არავინ დაგსჯის. მაშინ დაისჯები, როდესაც ითმენ, ითმენ და ბოლოს ქოშს ყრი, ვიღაცას შეაგინებ ან დაარტყამ.

ქართველი საზოგადოება რატომღაც ლიდერისა და ბელადის მოლოდინშია. არადა, დააკვირდით დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებს. გამორჩეული ფიგურები წარსულს ჩაჰბარდნენ. დღევანდელი ლიდერები ბევრად უსახურები არიან, ვიდრე XX საუკუნის დასაწყისში ან მეორე მსოფლიო ომის დროს. ბელადებისა და გმირების დრო მოკვდა. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალი, პატიოსანი ჩინოვნიკები, რომლებიც პრობლემებს მოგვიგვარებენ. პრობლემებს ვერ დავძლევთ, სანამ ქართველი საზოგადოება სვამს კითხვას, თუ ეს მთავრობა არ მოგწონს, მაშინ ვინ მოვიყვანოთ სათავეშიო. ჩვენ გვინდა კარგად აწყობილი სისტემა და სანამ ბელადს ან ლიდერს ვეძებთ, მანამ არაფერი გვეშველება.

სიბრძნე ოქროზე ძვირფასია, მაგრამ პატიოსნება, სამართლიანობა და ღირსება - სიბრძნეზე მნიშვნელოვანი

ალი აფშერონი