უცხო მიწაზე დაღუპული კიდევ ერთი შინმოუსვლელი... - კვირის პალიტრა

უცხო მიწაზე დაღუპული კიდევ ერთი შინმოუსვლელი...

ნებისმიერ წუთს სიტყვის უთქმელად შეეძლო სამშობლოსთვის თავგანწირვა

გასულ კვირას ავღანეთიდან ჩემი მამიდაშვილი, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ჰილმენდის პროვინციაში დაღუპული გიორგი ავალიანი ჩამოასვენეს. დაღუპული ჯარისკაცი ჯერ ხელისუფლებამ ჩაიბარა, შემდეგ მშობლებმა. ნაღმზე აფეთქებული (სავარაუდოდ, დანაწევრებული) სხეული თბილისის ერთ-ერთ პროზექტურაში გააპატიოსნეს, ჯარისკაცის ფორმა გადააცვეს და ოჯახს სოფელ ციხესულორში გაუგზავნეს. ძმის Kკუბოს ფრიდონ ავალიანი მიაცილებდა. მასაც, სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცს, რომელიც  ავღანეთში გიორგისთან ერთად იყო, დღემდე სჯერა, რომ ძმები "სამშობლოს უკეთეს მომავალს" იცავდნენ.

ფრიდონ ავალიანს ძმის დაღუპვა საკუთარი თვალით არ უნახავს.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერი დაღუპული ჯარისკაცი თითოეული ჩვენგანის და სამშობლოს ტკივილია, მაგრამ გიორგიზე მაინც სხვაგვარად ვწერ, სხვაგვარი ცრემლებით და სიამაყით. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი სისხლი და ხორცია, მისი ბავშვობის დროინდელი სახე ახლაც თვალწინ  მიდგას. ნათელი, სიყვარულით სავსე, თბილი და უთქმელი იყო - ორ სიტყვას ისე იტყოდა, გეგონებოდა, გული ამოაყოლაო, დანარჩენს თავად უნდა მიმხვდარიყავი...

იმასაც უნდა მიმხვდარიყავი, რომ ნებისმიერ წუთს სიტყვის უთქმელადვე შეეძლო სამშობლოსთვის თავგანწირვა.

ამიტომაც ჩემთვისაც, ისევე როგორც გიორგის ოჯახისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი უმანკო სისხლი, რომელიც უცხო მიწაზე დაიღვარა.  რადგანაც დარწმუნებული ვარ, ნიკოლოზ დეისაძისა და ედნარ აბულაძის მსგავსად, გიორგი რომ დაჭრილიყო და არ დაღუპულიყო, აუცილებლად იტყოდა, ავღანეთში სამშობლოს კეთილდღეობასა და ინტერესებს ვიცავდიო!

ავალიანების ოჯახში უმძიმესი ვითარებაა:

- "ყველა ქართველი ჯარისკაცი საქართველოს მიწაზე უნდა იყოს!" - მოთქვამს გიორგის დედა ლეილა ასათიანი. უფროსი ვაჟიშვილის დაკარგვით ლამის გაგიჟებულ დედას შუათანა შვილი, ფრიდონ ავალიანი აჩერებს და მოულოდნელად გამოჩენილ ტელეჟურნალისტებს ზედმეტი კითხვის დასმას  უკრძალავს.

"აბა, სხვას რას იტყვის  დედა, რომელმაც შვილი დაკარგა? რა საჭიროა ამდენი კითხვა? - შემომჩივის მოგვიანებით ფრიდონი.

ფრიდონ ავალიანი კაპრალია, ჯარისკაცი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა. უფროსი ძმა გიორგი 8 აგვისტოს დაიჭრა ცხინვალში, ფრიდონი კი მაშინ კოდორში იყო. ომიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ძმებმა ავღანეთში წასვლა ერთდროულად გადაწყვიტეს.

ფრიდონ ავალიანი, გიორგის ძმა: "გიორგი სამშობლოს კეთილდღეობას შეეწირა. როცა ნაღმზე აფეთქდა, სხვა სამხედრო ბაზაში ვიყავი. თავის დროზე  ავღანეთში წასვლა ერთდროულად გადავწყვიტეთ. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ჩვენი ნაბიჯი რისკის შემცველი იყო, მაგრამ ცუდზე არ გვიფიქრია. თუ ჯარისკაცი მოსალოდნელ საშიშროებაზე ფიქრობს, რაღა ჯარისკაცია? ვიდრე გიორგი დაიღუპებოდა, ორი დღით ადრე დედას ესაუბრა ტელეფონით. ლეილა უჩვეულოდ შფოთავდა და გიორგიმ დაამშვიდა: დედა, არაფერზე ინერვიულო, მშვიდ გარემოში ვართ, მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერთან მუშაობა გვიწევს. მეტი არაფერი გვევალებაო. აბა, სხვას რას ეტყოდა?"

აკაკი ავალიანი, გიორგის ძმა: "ამიტომაც გიორგის დაღუპვის ამბავს დედა კარგა ხანს არ იჯერებდა: შეცდომა იქნება, ჩემს შვილს  დანაღმულ ველზე რა უნდოდაო, ხავსს ებღაუჭებოდა".

ლეილა ასათიანი, გიორგის დედა: "ბიჭებს ჯარში მაღალი ანაზღაურების გამო არ უმსახურიათ. ეს უფრო  თვითრეალიზაციის საშუალება იყო, შეგრძნება იმისა, რომ სამშობლოს ისინი სჭირდება. აი, ესღა დამრჩა (მაჩვენებს გიორგი ავალიანის ჯილდოებს). 2008 წლის ომის შემდეგ გიორგიმ მიიღო უწყებრივი მედალი, პრეზიდენტის მადლობა, 3.000 ლარი, ღვინო და საახალწლო ნობათი. ძალიან გახარებული იყო, სამხედრო სამსახურში კარიერის გაკეთებაზე ოცნებობდა. ავღანეთში წასვლა ვერ გადავაფიქრებინე, მაგრამ ყველაფერი თუ ასე დასრულდებოდა, მაინც ვერაფრით წარმოვიდგენდი".

ცხადია, ჩემი მამიდაშვილი არც პირველი მსხვერპლია და არც უკანასკნელი. გიორგის დაღუპვამდე ავღანეთში დაიღუპნენ: მუხრან შუკვანი, ნუგზარ კალანდაძე, გიორგი კოლხიტაშვილი, დავით ცეცხლაძე, რამაზ გოგიაშვილი... გვყავს  დაჭრილებიც და სამუდამოდ დაინვალიდებულებიც.

ისინი არ არიან სხვისი შვილები, ისინი ბედკრული საქართველოს შვილები არიან, რომლებიც უცხო მიწაზე იბრძვიან და სჯერათ, რომ საქართველოს კეთილდღეობას ემსახურებიან, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია. ამიტომ თითოეული მათგანის სიცოცხლე ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია, დანაკარგი კი უზომოდ დიდი.

იმედია, "ცუდად მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის  სულისკვეთება", თანაც, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდას შესაბამისად უფრო დიდი მსხვერპლიც მოჰყვება. ამიტომ ეს არც ცხელ და არც ცივ გულზე მისაღები გადაწყვეტილება არ არის, მას პოლიტიკურად უკეთესად გააზრება და კეთილგონიერება სჭირდება.

P.S. ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში  დაღუპულ გიორგი ავალიანს სამშაბათს  მშობლიურ  ციხესულორში დაკრძალავენ. 29 წლის ვაჟკაცი არ იყო დაოჯახებული და არ დარჩა მასავით ლომის ბოკვერივით შვილი. გიორგის წინაპართაგან ზოგიერთი სასულიერო პირი იყო, ზოგი კი ერთ დროს ომში გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა, სადაც დაღუპულ ქართველთა რიცხვი გაუმართლებლად დიდია.

დასასრულ, მართალია, ჯარისკაცი არ შეიძლება მოსალოდნელ საშიშროებაზე ფიქრობდეს, მაგრამ ხომ შეიძლება მათზე ჩვენ ვიფიქროთ.