"ჩემი გადაწყვეტილება ერთ კვირაში გახდება ცნობილი" - კვირის პალიტრა

"ჩემი გადაწყვეტილება ერთ კვირაში გახდება ცნობილი"

"ჩვენ რა ფესვებიც გვაქვს, ისეთი ნაყოფი არ ვართ, ამიტომაც უნდა მივუბრუნდეთ ფესვებს და უნდა ვიყოთ ისეთი ღირებულნი, როგორებიც იყვნენ ჩვენი წინაპრები"

წინა საარჩევნო მარათონისთვის პოლიტიკურმა სუბიექტებმა დიდი ხანია დაიწყეს მზადება, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავევით წელს არჩევნებში პირველად ცდის ბედს პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ფესვები", რომელმაც მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წარადგინა. წარდგენილ კანდიდატებს შორის არის ყველასათვის ცნობილი ქართველი მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე, რომელიც ზემო აჭარაში იყრის კენჭს. თუ რატომ გაუჩნდა სურვილი ერთხელ უკვე პარლამენტის წევრად ნამყოფ მსახიობს ხელახლა სცადოს ბედი პოლიტიკაში, ამის შესახებ kvirispalitra.ge-სთან ისაუბრა:

ზურაბ ცინცქილაძე: - უნდა ავიდე ზემო აჭარაში, სადაც კენჭი უნდა ვიყარო და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შევხვდე. ერთი კვირით ვაპირებ წასვლას. მათ გავუმხელ ჩემი სურვილის შესახებ. ღირს თუ არა კენჭისყრა და ამისთვის გარჯა, შევეკითხები იმ ხალხს, ვისი დეპუტატიც უნდა გავხდე, წინასწარ ვიკითხავ, იქნებ არა მითხრან, იქნებ ჯობია, როგორც არის ისე იყოს ყველაფერი და არც არაფერი შეიცვალოს. ძირითადად აჭარაში უჩივიან სამართლიანობის დეფიციტს, ეს ისტორიულად ოდითგანვე ასე იყო. დღეს სხვა დროა, ადრე შეიძლება ნაკლებად ხვდებოდნენ მტყუან - მართალს, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მაშინ გახდება ცნობილი, როცა დავბრუნდები აჭარიდან. თუ ვინმე უნდა აირჩიონ და სურვილი აქვთ ემოციური მხოლოდ, ეს რა საკვირველია ჩემი გმირიდან "მევლუდიდან" გამომდინარე იქნება, რომელიც მოიცავდა ყველა ამ 4 რაიონს ერთდროულად. ჩემი ბიოგრაფია მეტნაკლებად იციან, ახლაც შევახსენებ რა გამიკეთებია და როგორი გზით ვივლი მომავალში. ერთ კვირაში მეცოდინება ზუსტი პასუხი, ამ დროის განმავლობაში გახდება ცნობილი ჩემი გადაწყვეტილება, ვიქნები თუ არა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

- ბატონო ზურაბ, თქვენ დაგეგმილი გაქვთ ეს შეხვედრები? იციან ადგილობრივებმა, რომ უნდა შეხვდეთ? - სხვათაშორის ამ შეხვედრებს თვეში ერთხელ თუ ვერა, 40 დღეში ერთხელ მაინც ვაწყობ ზემო აჭარის მაცხვორებლებთან, თანამემამულეებს აუცილებლად ვხდები და მათი ტკივილი და წუხილი კარგად მესმის. ერთსაც დავამატებ, სიტყვა ჭარნი ნიშნავს მწიგნობარს, თვით ეთნოსს სახელი ჰქვია მწიგნობარი. სწორედ აქედან გამომდინარე, ხშირად ვამბობ, ანდრია პირველწოდებული მოვიდა მწიგნობარ ხალხთან, რომ გაეზიარებინა თავისი ცოდნა და სწორედ ჭარნი შეხვდნენ მას. მინდა გითხრათ, რომ ამ მწიგნობარი ხალხისგან ნასწავლით, თამამად ვამბობ ამას, მძლავრობს ქრისტიანობა მთელს სამყაროში.

- აღნიშნეთ, რომ ზემო აჭარაში სამართლიანობის დეფიციტია, კიდევ რა პრობლემებს ხედავთ, რის მოგვარებასაც შეეცდებით თქვენი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში? - რა საკვირველია, აქვთ სოციალური პრობლემები, ყოფა რომ ჰქვია.  ეზო-კარი, მიწა უმთავრესი სიმდიდრეა, რომელიც სოფლად გააჩნიათ. ჩვენ უძველესი დროიდან ვართ მიწათმოქმედები, მესაქონლენი და ამით უნდა ვიცხოვროთ. ისტორიულად ვიცით, რომ სხვებსაც ვაცხოვრებდით და გაგვქონდა გასაყიდად პროდუქტები, ხელშეწყობაც იყო მაშინ. მე ერთი ამერიკული ფილმი მაქვს ნანახი, რობერტ დენირო მონაწილეობს და იქ არის ასეთი სცენარი, ფილმის გმირები ნახავენ რაღაც პროგრამას, თუ რა სჭირდება სახელმწიფოს, სოფლად ცხოვრობენ ცოლ-ქმარნი და მოჰყავთ ის პროდუქტები, რის შესახებაც წაიკითხეს და მათი მოწევით მდიდრებიან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც გვაქვს პოტენციალი, ავაღორძინოთ სოფლის მეურნეობა და უნდა დავეხმაროთ სოფელში მცხოვრებთ. ამ მწიგნობარ ხალხს სულიერი სიმდიდრე აქვს, მათ სოციალური ყოფის გაუმჯობესება სჭირდებათ.

- 1995-1999 წლებში იყავით პარლამენტის წევრი ბლოკი "აღორძინება საქართველოდან", მას შემდეგ დიდმა დრომ განვლო და ამ დრომდე არ გაგჩენიათ სურვილი ისევ გეცადათ ბედი პოლიტიკაში, რამ გიბიძგათ ახლა? - ასლან აბაშიძის პარტიის შემადგენლობაში იყო ჩვენი ბლოკი და ოპოზიაციაში ვიყავით 30-მდე დეპუტატი მაშინ "მოქალაქეთა კავშირის" წინააღმდეგ. ჩემს ახლანდელ სურვილს ბიძგს ვერ დავარქმევდი, ჩემმა ფესვებმა მიმიზიდა. ჩვენ რა ფესვებიც გვაქვს, ისეთი ნაყოფი არ ვართ, ამიტომაც უნდა მივუბრუნდეთ ფესვებს და უნდა ვიყოთ ისეთი ღირებულნი, როგორებიც იყვნენ ჩვენი წინაპრები. რასაკვირველია, არავის  ვეჯიბრები. ამას წინათ განვაცხადე ჩვენს ფესვებზე "ქართლის ცხოვრება" დასაწვავია" და მერე სათაურად გაიტანეს თქვენმა კოლეგებმა,  არავინ გამომეხმაურა და დარჩა ისე, როგორც არის. როცა პარლამენტის წევრის იტყვის ამას, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და მეც უამრავი სარეაგირო თემები მაქვს. სერიალში ვიღებდი მონაწილეობას და შეიძლება ხელი შემეშალოს, კანონმდებლობით არ შეიძლება მონაწილეობა, მომიწევს რაღაცის დათმობა. ქართული სერიალია. "ერთხელ ბათუმში" ასე ჰქვია. უკვე რვა სერია გავიდა, ვმონაწილებ ამ სერიალაში და პროდიუსერიც ვარ.

- მართალია, ამბობთ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ჯერ არ მიგიღიათ, თუმცა როგორ შეხვდნენ თუნდაც სურვილს, ოჯახის წევრები? - როგორც აღვნიშნე, გადაწყვეტილება მოლომდე მიღებული არ მაქვს, როცა ზემო აჭარაში ჩავდივარ, ძალიან დიდი სიყვარულით და სითბოთი მხვდებიან. ძალიან მიყვარს იქაურობა, ხიხაძირი, ბერშუმი, შუმი წმინდას, სუფთას, შეურყვნელს ნიშნავს და ადრე ბერშუმში ბერები ცხოვრობდნენ. იქვეა ხიხანი ვარკსვლავთმეტყველთა, ტბეთი, ტიბეთი, ორი ეტიმოლოგია აქვს. ზემო აჭარაში გასული საუკუნის  ამინდს გვაძლევს თითოეული სოფელი და ადგილი, ჩენი ფესვები დიდ ცოდნას იძლევა, მითუმეტეს ტოპონიმიკა მიწის ენაა, სადაც კაცობრიობის ისტორიაა დამარხული, ეს კი აჭარაში განსაკუთრებულად ჩანს. ჩემი ცოდნის გადმოცემა დეპუტატის ამპლუაში უფრო ღირებული იქნება.

იხილეთ ასევე: "ვახო ტატიშვილმა შემომითვალა, რა გინდა, შენც დაგიწყონ გინებაო? ყველას უყვარდი და ახლა..." - რატომ მოდის პოლიტიკაში ნუგზარ კვაშალი?

(სპეციალურად საიტისთვის)