"ეს იყო რუსული კიბერ შეტევა" - რას აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე ანდრო გოცირიძე - კვირის პალიტრა

"ეს იყო რუსული კიბერ შეტევა" - რას აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე ანდრო გოცირიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

kvirispalitra.ge-სთან საუბარში კიბერტექნოლოგი ანდრო გოცირიძე აცხადებს, რომ ეს იყო ტიპური რუსული კიბერ შეტევა:

- ეს იყო ტიპური რუსული კიბერ შეტევა. ამ ეტაპზე არის შსს-ს ოფიციალური განცხადება, რომ ლუგარიდან და ჯანდაცვის სისტემიდან აღებულია სენსიტიური მონაცემები, გამოქვეყნებულია ერთ-ერთ საიტზე და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კიბერშპიონაჟის ფაქტი მონაცემთა ბაზაზე. ძნელი მისახვედრი არ არის, რომელი ქვეყნის. ევროკავშირის ქვეყნებს ჩვენგან საიდუმლო ამ გზით არ მიაქვთ ხოლმე. ბუნებრივია, ეს რუსეთის მხარეს უკავშირდება. რუსეთის მხრიდან კიბერშპიონაჟი პირველი არ არის, მეორეც, ამას წინ უძღოდა საინფორმაციო კამპანია, იგივე რუსი პარლამენტარების განცხადებები, რომ თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში იქმნება "ნოვიჩოკი" და არა სხვაგანო. საინფორმაციო ტალღა აგორდა, რომ თითქოს ნავიჩოკი მზადდება არა რუსეთში, არამედ საქართველოში, კერძოდ ამერიკულ ლაბორატორიებში. ბუნებრივია, აქცენტი იყო გაკეთებული ლუგარზე, თან ეს ყველაფერი მოჰყვა იმას, რაც გერმანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნავალნის მოწამლვა "ნავიჩოკით" იყო განპირობებული. "ნოვიჩოკი" არის შხამი, რომელიც გამოყენებული იყო სკრიპალების საქმეში და პირდაპირ უკავშირდება რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიმართულებას. საიტებს რაც ეხება, რადგან შს სამინისტრომ არ ჩათვალა საჭიროდ ამ საიტის დასახელება და ვინაიდან ეს მონაცემები ჯერ არ არის წაშლილი, თავს შევიკავებ მის დასახელებაში. არსებობს რაღაღაც-რაღაც საიტები, სადაც რუსული სპეცსამსახურები აქვეყნებენ ხოლმე გაჟონილ ინფორმაციას, ეს არის კონტროლირებადი გაჟონვა. ზოგადად, კიბერშეტევა გამოიყენება ხოლმე ინფორმაციის მოსაპოვებლად და შემდგომ ამ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რაღაცა კონტენტის ფაბრიკაციისათვის, რომელმაც შეიძლება შელახოს საქართველოს იმიჯი. 2. ყურადღება გადაიტანოს რუსეთის მტკივნეული თემიდან, რასაც ნავალნის მოწამვლაზე პასუხისგება ჰქვია და 3. სამოქალაქო საზოგადოებაში და მოსახლეობაში შექმნას ნიჰილიზმის განცდა, სახელმწიფოს საფუძვლების შერყევა. საინფორმაციო ოპერაციის გამოყენების ბევრი მიზანია. მსგავსი კიბერშეტევისგან 100%-იანი დაცვა შეუძლებელია, თუმცა ჩვენი კიბერთავდაცვა გადახალისებას და ახალ მიდგომებს საჭიროებს იმიტომ, რომ რუსეთის კიბერაქტორები ყოველდღე ზრდიან საკუთარ პოტენციალს და რაღაც დამცავი მექანიზმები ჩვენც უნდა გვქონდეს", - განაცხადა ანდრო გოცირიძე

(სპეციალურად საიტისთვის)