"მამამისს უთქვამს, ამ კაცს ცოლად უნდა გაჰყვეო, - მამას უარს როგორ ვეტყოდიო და დათანხმებულა, თავიდან არც ჰყვარებია"
04-09-2020
"მამამისს უთქვამს, ამ კაცს ცოლად უნდა გაჰყვეო, - მამას უარს როგორ ვეტყოდიო და დათანხმებულა, თავიდან არც ჰყვარებია"
ფოტო:მარიამ მერაბიშვილი და გაბრიელ ეგიაშვილი
"ბაბუას ომში წაყვანა უნდოდათ, თურმე, თარჯიმნად, მაგრამ ბებიამ არ გაუშვა. მერე დარდობდა ბებია, ნეტავ, გამეშვა, ჯარში სხვანაირად მოუვლიდნენო"

ახლახან, ახალციხეში სტუმრობისას ერთი პედაგოგი ქალბატონი გავიცანი, მზია ეგიაშვილი, რომლისგანაც თავისი ბებიისა და ბაბუის სიყვარულის საოცრად ფაქიზი, ლამაზი სიყვარულის ამბავი მოვისმინე.

მამაკაცი ასაკით ბევრად უფროსი ყოფილა ქალზე, მაგრამ ქალის გული მაინც მოუგია და ცოლადაც შეურთავს. რით მოიგო? მართალია, ამ ქალს მაინც მიათხოვებდნენ იმავე მამაკაცს, მაგრამ მის გულს მართლაც სჭირდებოდა მოგება და ეს
ვერ იქნებოდა იოლი... არ მგონია, ქალი მამაკაცის ქონებასა და საჩუქრებს მოეხიბლა. ვფიქრობ, ამ უკანასკნელს სხვა, ძალიან დიდი სიმდიდრე ჰქონდა - სულიერება და სწორედ ეს გახდა მათი სიყვარულის საწინდარი,… სიყვარულის, როგორც იტყვიან - სამარის კარამდე და ზეცამდე რომ აღწევს.

ვიდრე სიყვარულის ამბავს მოვისმენდი, ულამაზესი კალიგრაფიით დაწერილი
წიგნი გადავფურცლე - ქართულად თარგმნილი ინგლისელი ფილოსოფოსისა და მწერლის - ფილიპ ჩესტერფილდის შემოქმედება სარჩევით. იგი ჩვენი სტატიის გმირ მამაკაცს გადაუთარგმნია ინგლისურიდან და წიგნადაც გადაუწერია. ისეთი ნაწერი იყო, ნაბეჭდი გეგონებოდა.
ქალბატონმა მზიამ ბაბუის ნაქონი უნიკალური წიგნებიც მაჩვენა: "ლოცვანი", სახარება, ძველი უცხოური ჟურნალი "მირორ", ინგლისიდან ჩამოტანილი უძვირფასესი ჯიბის ენციკლოპედია, წიგნი ქირომანტიაზე და ა.შ.
სამწუხაროდ, ბაბუას ბებიისადმი მიწერილი სასიყვარულო ბარათების ორიგინალები ოჯახში არ აღმოაჩნდათ, თუმცა ქალბატონ მზიას რამდენიმე წერილი თავად გადაუწერია და ასე შემოუნახავს. წერილები ნიშნობის შემდეგ მიუწერია მამაკაცს საყვარელი ქალისთვის. თვალი ერთი წერილისკენ გამექცა:
გაბრიელ ეგიაშვილის ნათარგმნი და ხელნაწერი - ჩესტერფილდის ნაწარმოების თავფურცელი
"საყვარელო მარო, ამ ქვეყანაზედ ჩემო დედუფალო, ღვთით დანიშნულო ჩემო პატრონო, ლამაზო, დილის ვარდო, ჩემო დიდებულო, ვლოცულობ, რომ დაგეფანტოს შენი ღრუბელი, რომ მაღლა და მაღლა იყო ასული, დაფასებული, შენი ცა ლურჯად იყოს დახურულ-გადაკრილი, შენ იყო მუდამი გაზაფხულის მახარობელი, რომ ვიყო გალობით არემარე მოდებული, ფუტკარივით ყვავილითგან მოვკრიფო ტკბილი, მოვხარშო, მოგართვა, ოქროს თასში მოდუღებული, შენ სჭამდე, სიამოვნებდე და მე ვძღებოდე შენი მაყურებელი, სამსავარდობა (ერთ-ერთი კათოლიკური ლოცვა - მზია ეგიაშვილი), ჩვენი ბედობა, ჩვენთვის ნათელი წინამძღვრობა, თვალწინ მიდგიხარ, როგორც იმ დღეში, დილასაღამ სავარდის თქმაში და ყოველ წამს ჩემს სიცოცხლეში.
ჩემო მარო, ჩემო საყვარელო მარო, გენაცვალე, მინდა, რომ იყო სულით და ხორცით გამომძღარი, მუდამ ნათელში და მუდამ საუკუნოთ შენი მოყვარული გაბოს ტალისმანად. ლოცულობს შენთვის შენი გაბო".
ქ. ახალციხე. 19 ოქტომბერი. 1929 წელი.

მზია ეგიაშვილი:

- ჩემი დიდი ბაბუა - სიმონ ეგიაშვილიც აქ ცხოვრობდა, ახალციხის ცენტრში. ბაბუა გაბრიელიც იმავე სახლში გაიზარდა. მას შემდეგ ოჯახში, ვაჟებს სხვა სახელს არც არქმევდნენ. მამაჩემს სიმონი ერქვა, ჩემს ძმას - გაბრიელი, ჩემს ძმისშვილსაც სიმონი დაარქვეს, არ ვიცი, მას რომ ვაჟი ეყოლება, რას იზამს.
ბაბუამ ოთხწლიანი გიმნაზიაც ახალციხეში დაამთავრა. ეს იყო პირველი სკოლა ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე. უცხო ენებსაც კი ასწავლიდნენ ბავშვებს. მას შემდეგ გაჩნდა აქ სკოლები. ის გიმნაზია, თურმე, დღევანდელ უნივერსიტეტებზე უფრო დიდ განათლებას იძლეოდა.
ბაბუა კათოლიკური ეკლესიის მგალობელი იყო. "დიდების" გალობისას ისე შთამბეჭდავად აწევდა, თურმე, ხმას, მეტსახელად "დიდებას" ეძახდნენ. საკუთარი ხელით გადაწერილი ნოტებიც აქვს, საგალობლების. ისიც ნაბეჭდს ჰგავს. ბებია მასზე ბევრად პატარა იყო. ბაბუა 70 წლისა გარდაიცვალა. მაშინ მამაჩემი 13 წლის იყო, ბიძა - ათის. სხვათა შორის, მიუხედავად მძიმე წლებისა, ბებიამ შესანიშნავად აღზარდა შვილები. ორივე ძმა ვერ ისწავლიდა უმაღლეს სასწავლებელში, ამიტომ მამამ ტექნიკუმი დაამთავრა, რადგან იქ დამატებით პურს ურიგებდნენ და ამით ოჯახს ეხმარებოდა, უმცროსი ძმა კი თბილისში გაუშვა სასწავლებლად. ბიძაჩემი - გოგი უგანათლებულესი კაცია, "ცოცხალი ენციკლოპედია", ორი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა და ახლაც თბილისში ცხოვრობს.

გოგი ეგიაშვილი, გაბრიელ ეგიაშვილის უმცროსი ვაჟი:

- მამა დაოჯახებამდე, წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა. თავდაპირველად ინგლისში წასულა, ოღონდ არ ვიცი, მაშინ რამდენი წლის იყო. ვიცი, რომ კარგა ხანს ინგლისურ გემზე იუნგად მუშაობდა და ევროპის ბევრ სახელმწიფოში უხდებოდა ყოფნა. ბევრი ენა შეისწავლა: ინგლისური, ფრანგული, ესპანური და გერმანული. ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი, თეოლოგიის დოქტორი მიხეილ თამარაშვილი მისი ახლო ნათესავიც იყო და უახლოესი მეგობარიც. მიხეილი ძირითადად იტალიაში იყო და, როგორც ვიცი, მამა ხშირად ჩადიოდა მასთან. გარდა ამისა, მამა 4 წლის განმავლობაში შანხაიში ცხოვრობდა. მაშინ ჩინეთის დედაქალაქი შანხაი იყო, ჩინეთის სახელმწიფო ენა კი - ინგლისური და ფრანგული. რადგან მამამ ორივე ენა კარგად იცოდა, სავარაუდოდ, დიპლომატიური მისიით იქნებოდა იქ. შანხაიში გადაღებულ ფოტოზე მამა ჩინელებთან და ორ ევროპელ დიპლომატთან ერთად არის. სხვათა შორის, როგორც ვიცი, საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდშიც მამა ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. ჩემი უფროსი მამიდაშვილები მიყვებოდნენ ხოლმე, ძალიან გვიხაროდა ბიძის ჩამოსვლა, რადგან მუდამ ჩამოჰქონდა ჩვენთვის საჩუქრები და შოკოლადები, რომელშიც ოქროს ბეჭდები და სხვა ძვირფასი ნივთები იყო მოთავსებულიო. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მამა საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში.
გაბრიელ ეგიაშვილი (მარჯვნიდან პირველი, პირველ რიგში) შანხაიში ჩინელ და ევროპელ დიპლომატებთან ერთად
მზია ეგიაშვილი:
- ჩვენს მხარეში, ძირითადად, კათოლიკეები ცხოვრობდნენ და ბებიის - მარიამ მერაბიშვილის მამაც კათოლიკე მღვდელი იყო. აქვე, წმინდა ივლიტას ტაძრის ეზოში ორი საფლავი რომ არის, ბებიის მშობლების საფლავებია. ბაბუა რომ ჩამოვიდა საქართველოში, ერთხანს ადიგენში ბუღალტრადაც მუშაობდა და ახალციხიდან ადიგენში ფეხით დადიოდა ხოლმე. ბებიის მღვდელ მამას ძალიან მოსწონდა, თურმე, ჩემი ბაბუა, რადგან უგანათლებულესი ადამიანი იყო და თანაც - ძალიან წარმოსადეგი და სიმპათიური.
ბებიისგან ვიცი, რომ სწორედ მღვდელმა მამამ უთხრა მას, ამ კაცს ცოლად უნდა გაჰყვეო. - მამას უარს როგორ ვეტყოდიო, - მიამბო ბებიამ, და მასზე გათხოვებას დავთანხმდიო. თავიდან, რა თქმა უნდა, არც ჰყვარებია ბაბუა, ხეირიანად არც იცნობდა, თან ასაკითაც ბევრად დიდი იყო, მაგრამ ბაბუას ძალიან მოსწონდა ქალი. მოსწონდა კი არა და, ძალიან უყვარდა. როგორც ვიცი, დილაობით, ბებია რომ იღვიძებდა, ბაბუა ლოგინშივე მიართმევდა ხოლმე საყვარელ მეუღლეს რძეს, ყავას, ფეხსაცმელებსაც კი გაუპრიალებდა ხოლმე. მოკლედ, ხელის გულზე ატარებდა, რომ იტყვიან, თავს დაჰკანკალებდა. თანაც რა სიმპათიური და ლამაზი იყო - ფოტოებზეც ჩანს. ასაკიც საერთოდ არ ეტყობოდა.
ბებია და ბაბუა 1929 წელს დაქორწინდნენ. ორი ვაჟი გაუჩნდათ - მამაჩემი და ბიძაჩემი. ბაბუა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1943 წელს გარდაიცვალა რაღაც დაავადებით, მაშინ მამა 13 წლის იყო და ბიძა 10 წლის. ბაბუას ომში წაყვანა უნდოდათ, თურმე, თარჯიმნად, მაგრამ ბებიამ არ გაუშვა. მერე დარდობდა ბებია, ნეტავ, გამეშვა, ჯარში სხვანაირად მოუვლიდნენო. ომიანობის დროს საქართველოში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, ხალხი შიმშილობდა და რაიმე დაავადების მკურნალობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო.

გოგი ეგიაშვილი:
- მამა ძალიან მუსიკალური იყო და ერთხანს ბაქოს ოპერაშიც მღეროდა. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ კი ახალციხეში საეკლესიო გალობასაც ასწავლიდა. დედა საეკლესიო გუნდში გალობდა და მამა მისი მასწავლებელიც იყო. მაშინ წესად იყო, მამა ურჩევდა ქალიშვილს საქმროს და ათხოვებდა. მათი ურთიერთობის ლირიკა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რაც მახსოვს (პატარა ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა), დედა ძალიან დიდ პატივს სცემდა მამას და, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ქალი იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ აღარც გათხოვილა. ეს ხომ ნიშნავს დიდ სიყვარულს?!
გაბრიელ ეგიაშვილის ხელნაწერი ნოტები
1929 წლის 17 ნოემბერს დაწერილი წერილიდან:

"ჩემო საყვარელო მარო, ღვთისაგან დანიშნულო ჩემო მეუღლეო, ქვეყნის გაჩენითგან ჩვენამდინ, დედამიწითგან ზეცამდინ მილიარდი დანიშნულნი მოგვდევენ და ყოფილან ჩვენამდინ. მაშ წინ, დავჩქარდეთ, ავაშენოთ ოჯახი. მე შეშას მოგიტან, შენ ცეცხლი მიეცი, ავუშვათ სიყვარულის კვამლი. დე, მეედოს არემარეს ჩვენი ბედნიერების ამბავი, ჩვენი დიდება ზეცად და ქვეყანაზედ სიყვარული. ჩვენ დავიწყოთ ახალ ოჯახში ცხოვრება ახალი, ვაქოთ, ვადიდოთ უფალი, რომ მოგვცეს ძალი და მადლი ასასრულებლად ზეცის და ქვეყნის ვალი. ჩვენ მოვიწვიოთ ჩვენი მშობელნი სიყვარულით, კარი გავუღოთ ჩვენს მეგობრებს კეთილი გულით, სუფრა გავშალოთ ნაკურთხი პურით. ჩვენი შვილების სამაგალითოდ ჩვენ ვემსახუროთ პატივისცემით.

სამსავარდობა ჩვენი ბედობა, ჩვენი ოჯახის კურთხევა და აშენება, დილასაღამ სავარდის თქმა იყოს ჩვენი ვალდებულება. გულით შევსძახოთ მღვთისმშობელს ჩვენი გალობა.

ჩემო მარო, ჩემო საყვარელო მარო, გენაცვალე მე. მთელი ქვეყნის ფრინველები მიილტვიან ბუდისაკენ თავიანთი. ჩვენა? როდის, გენაცვალე მე. მე როცა მეშლება, თვალი მიშტერდება შენკენ და სასაცილოთ ვარ. მივენდოთ ღმერთს, ღვთის სახელს, ოხ, მალე ჯვარი დავიწეროთ.
შენი საუკუნოთ მოყვარული გაბო"

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?