"სამწუხაროდ, გადავწყვიტეთ, ყველაფერი დავასრულოთ..." - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, გადავწყვიტეთ, ყველაფერი დავასრულოთ..."

"ისე არ გამოვიდა, როგორც მსურდა და წარმომედგინა, რომ იქნებოდა"

სახელი, გვარი: მზია ორველაშვილი. ასაკი: 30 წლის.

პროფესია: ლათინურამერიკული ცეკვების პროფესიონალი მოცეკვავე.

ჰობი: სიმღერა.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: ცეკვა და სიმღერა.

- პანდემიამდე, ზაფხულის გატარებას როგორ გეგმავდი და რეალობა როგორია?

- ყველაფერი იდეალურად მქონდა დაგეგმილი: საზღვარგარეთ უნდა დამესვენა, ოღონდ - ისეთ ადგილას, სადაც ზღვა იქნებოდა, რადგან ზღვა სიგიჟემდე მიყვარს! რა თქმა უნდა, კახეთშიც უნდა წავსულიყავი, რაჭაშიც... რაჭაში წასვლას მარიამობას ვაპირებ, რადგან მთელი სანათესავო და სამეგობრო მრავალძალზე ავდივართ, კარგ დროს ვატარებთ. იმედია, ეს მაინც გამომივა და გზა არ დაიკეტება... ახლა კაჭრეთში ვარ.

- დასასვენებლად მთას ანიჭებ უპირატესობას თუ ზღვას? - ორივეს თავისი პეწი აქვს, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ზღვაზე ვგიჟდები! შემიძლია, ზაფხულის სრული 3 თვე ზღვაზე გავატარო. იქ უფრო მეტხანსაც დავრჩებოდი, რადგან წყალი ძალიან მამშვიდებს. ღამით, ზღვის ნაპირზე გასვლა, ჯდომა და ფიქრი უზომოდ მიყვარს. საერთოდ, ძალიან რომანტიკოსი ვარ.

- მზის ამოსვლით უფრო ხშირად ტკბები თუ ჩასვლით? - ორივეთი. ჩემთვის მზის ამოსვლაც და ჩასვლაც რომანტიკასთან ასოცირდება, მაგრამ ამოსვლას ვანიჭებ უპირატესობას.

- ბიკინი თუ მთლიანი საცურაო კოსტიუმი? - ზოგი მთლიანი საცურაო კოსტიუმი ისეთი მაგარია, რომ ისიც მომწონს, მაგრამ უმეტესად, ბიკინის ვიყენებ: გასარუჯად კომფორტულია - უკეთეს ნამზეურს ვიღებ, ვიდრე "დახურულ" საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი.

- მზიკო, ადამიანთან შეხვედრისას, პირველად რა დეტალი იქცევს შენს ყურადღებას? - 3 რამეს ვაქცევ ყურადღებას, რაც იდეალურად უნდა იყოს: კბილები, ფრჩხილები და ყურები.

- ყურების სისუფთავეს გულისხმობ თუ ლამაზიც უნდა იყოს? - რა თქმა უნდა, სუფთა უნდა იყოს, მაგრამ ძალიან დიდი, "ლახტავოი" ყურები არ მომწონს (იცინის).

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად, რას აკეთებ?

- საერთოდ, მთელი დღე სამსახურში ვიყავი ხოლმე: დილით ბავშვებს მივხედავდი, მერე კი სამსახურში მივდიოდი. ახლა აგარაკზე რემონტი გვაქვს. მშობლებს აუზის და "ბესედკის" გაკეთებაში ვეხმარები. ზოგჯერ მეგობარ გოგონებთან ერთად ვსეირნობ და ა.შ.

- სარემონტო სამუშაოებიდან რა გამოგდის ყველაზე უკეთ? - უკვე ყველაფერი გამომდის, ლამის მეტლახის დაგება ვისწავლე (იცინის). რეალურად, მშობლებს იმაში ვეხმარები, რომ რაღაც ადგილზე მივიტანო, წავიღო... რა თქმა უნდა, რემონტს ვერ გავაკეთებ.

- შენი პირველი თაყვანისმცემლის სახელი გვითხარი... - პაატა.

- საბავშვო ბაღში გყავდა? - არა. საბავშვო ბაღში, ჯგუფში მხოლოდ ერთი ბიჭი იყო, რომელიც ზეიმებზე ყველა გოგოსთან ცეკვავდა (სულ 18 ბავშვი ვიყავით). ის ჩემი თაყვანისმცემელი არ ყოფილა... პაატა 6 წლისამ გავიცანი. ცეკვაზე ერთად დავდიოდით. სულ საჩუქრებს მიძღვნიდა, ყურადღებას მაქცევდა... მეც მომწონდა. საჩუქარს 14 თებერვალსაც მჩუქნიდა და 15 აპრილსაც (იცინის). მშობლები დაგვცინოდნენ... მე და პაატას დღემდე ძალიან კარგი, დაძმური მეგობრობა გვაქვს.

- გამრავლების ტაბულა უფრო ადრე ისწავლე თუ ანბანი? - ანბანი.

- ყოფილა შემთხვევა, რომ წიგნის პერსონაჟი შეგყვარებია? - არა.

- წიგნების კითხვა გიყვარს? - კი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კითხვისთვის ბევრი დრო მაქვს. უფრო ხშირად ინტერნეტში რა საინტერესო ინფორმაციაც (მაგალითად - ისტორიულ თემაზე) შემხვდება, იმას ვკითხულობ... ახლახან რაფაელ ნადალის შესახებ წიგნი წავიკითხე და შოკი მივიღე, რადგან მთავარი გმირის ცხოვრება ჩემთან ძალიან "ახლოსაა": შეჯიბრებისთვის მომზადების პროცესი, თუ როგორ ამეცადინებდა ბიძამისი და ა.შ. გულთან ძალიან ახლოს მივიტანე... ეს წიგნი ნოდარ სიმსივემ მაჩუქა.

- შენი დილის რუტინა როგორია? - თვალებს როგორც კი ვახელ, მაშინვე ტელეფონს ვიღებ ხელში: მეგობრებისგან შემოსული ბევრი გამოტოვებული ზარი მხვდება... ამჟამად სოფელში ჩემი დილა ისევ ასე იწყება: ტელეფონს ხელში ვიღებ, "ფეისბუკსა" და "ინსტაგრამს" "ვსქროლავ". სანამ ჩემი უმცროსი შვილი გაიღვიძებს, ვწესრიგდები, ბავშვებისთვის საუზმეს ვამზადებ... როგორც თბილისში ვიწესრიგებ თავს, ჯერჯერობით, ისე ვერ ვიქცევი, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ აქ სრული კომფორტი მაქვს. მაგალითად, ფრჩხილების დაგრძელებისა თუ პედიკიურისთვის თბილისში ჩამოსვლა მიწევს. კიდევ კარგი, რომ შორს არ არის - მგზავრობისთვის დაახლოებით 40 წუთი მჭირდება.

- გამოტოვებული ზარები ახსენე... გვიან იღვიძებ? - არა, გვიან ისინი (მეგობრები) იძინებენ და ღამით მირეკავენ - ჩემთან ერთად ყავის დალევა სურთ. - მზიკო, მოვდივართ, გაიღვიძეო, - მწერენ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ გამიღვიძია და ყავა დაგვილევია, გვიჭორავია...

- გულწრფელი ბოდიში ბოლოს ვის მოუხადე? - პირიქით, გულწრფელი ბოდიში მე მომიხადეს. ეს პირადული საკითხია. ბოლო დროს გადავწყვიტე, რომ ჩემს პირად საკითხებზე საჯაროდ არ ვისაუბრო... უმნიშვნელო რაღაცების გამო, მაგალითად, ვინმეს შემთხვევით თუ დავეჯახე, ადამიანს ბოდიშს ვუხდი კი არა, ლამის "პაკლონებს" ვუკეთებ, - მაპატიე-მეთქი (იღიმის)... ვცდილობ, არაფერი დავაშავო და საბოდიშოდ არ გავიხადო საქმე.

- საკუთარ თავს კარგად იცნობ? - ბოლო დროს კარგად გავიცანი. წინათ, უხეშად რომ ვთქვა, ჩემი უტვინობის გამო, ბევრი შეცდომა დავუშვი. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ბევრი რაღაც ვისწავლე. საკუთარი თავიც უკეთ გავიცანი: რა მომწონს, რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაო, ვის როგორ ველაპარაკო, ვინ როგორ მელაპარაკოს და ა.შ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემში ბევრი რაღაც შეიცვალა...

- რომელი უარყოფითი თვისების დაძლევას ცდილობ? - მინდა, ადამიანების რეალურად შეფასება ვისწავლო, ყველას ისეთი თვალით შევხედო, რომ კიდევ არ დავუშვა შეცდომა, თუნდაც - მეგობრობაში, პირად ურთიერთობაში... დედა ამბობს, - გულუბრყვილო ხარ, ყველა გეცოდებაო...

- საკუთარი სახელი ბოლოს როდის "დაგუგლე"? - ჩემი გვარ-სახელი დღეს "იუთუბზე" ჩავწერე და ცეკვებს ვუყურე.

- ყველაზე მეტი "ნახვა" რომელ ცეკვას აქვს?

- ამას არ ვაკვირდები ხოლმე. დღეს დედიკომ მითხრა, - მოდი, ჩავრთოთ და ვუყუროთო. დიდი ხანია, არ გვინახავს. მან იცის, რატომ ვუყურებ: მინდა, რაღაც შეცდომა ვიპოვო, რომელსაც გამოვასწორებ, თუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ სეზონში მიმიწვევენ.

- ბედნიერებისგან ბოლოს როდის იტირე? - ორი წლის წინ, როდესაც მეორე შვილი შემეძინა.

- დღეს შენი ცხოვრება ისეთია, როგორზეც ბავშვობაში ოცნებობდი? - რაღაცების შეცვლა რომ შემეძლოს, შევცვლიდი, გავაუმჯობესებდი... ამ ეტაპზე, ცოტათი უკვე დასტაბილურდა.

- ჰგავს წარმოდგენილს? - არა. ბავშვობაში ცოტათი სხვანაირი ცხოვრება მინდოდა და მჯერა, ისეთი ცხოვრება მექნება, როგორიც მინდოდა.

- შეგიძლია გაგვიმხილო - როგორი ცხოვრება გინდოდა? - იცი, პირველ რიგში, რაში გამიმართლა? ასეთი კარგი მშობლები რომ მყავს. ალბათ, სხვა ოჯახში რომ გავჩენილიყავი, ასეთი ბედნიერი არ ვიქნებოდი. კიდევ, იმაში გამიმართლა, რომ მშობლებმა ცეკვაზე მიმიყვანეს. ამ ყველაფრით, ჩემი კარიერით ძალიან კმაყოფილი ვარ. შეიძლებოდა, უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ ეს ჩემი ბრალია: ბევრი რაღაც თავად დავანგრიე, რისი გაგრძელებაც შემეძლო... პირად საკითხს რაც შეეხება, ისე არ გამოვიდა, როგორც მსურდა და წარმომედგინა, რომ იქნებოდა.

- მეუღლეს დაშორდი? - განვქორწინდით. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გადავწყვიტეთ, ყველაფერი დავასრულოთ, რადგან ბოლო პერიოდში ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ასე აჯობებს...

- შენი ცხოვრების მთავარი ღირებულება რა არის, რაც შენს ქმედებებს განსაზღვრავს? - დედობა. ახლა ჩემი შვილებისთვის ვცხოვრობ, ყველაფერს მათთვის ვაკეთებ და ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ ისინი ყოველთვის კომფორტში იყვნენ. ჩემი ქმედებების მთავარი მიზანიც ესაა - შვილები ფეხზე დავაყენო, კარგად მყავდნენ და ა.შ.

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"