აფეთქება ფილარმონიასთან - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან - კვირის პალიტრა

აფეთქება ფილარმონიასთან - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

"პირველადი ინფორმაციით, შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. სავარაუდოდ, მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება, რის შედეგადაც დაშავდა 3 მუშა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ სტაციონარში არიან გადაყვანილები. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ერთი მამაკაცი, აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა.

კომპანია "თბილისი ენერჯი" კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქება ბუნებრივი აირით არ არის გამოწვეული.

"კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. კომპანია "თბილისი ენერჯის" სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილების მძღოლები რუსთაველის გამზირის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან, რაც მელიქიშვილის ქუჩიდან, ვარაზისხევიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების შეფერხებას იწვევს.