"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩემი მანქანა ჰაერში აიწია" - რას ჰყვება ფილარმონიასთან მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველი გოგონა? - კვირის პალიტრა

"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩემი მანქანა ჰაერში აიწია" - რას ჰყვება ფილარმონიასთან მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველი გოგონა?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კოსტავას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

პირველადი ინფორმაციით, კლუბ "დეჟავუში" სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, აფეთქებას იმდენად ძლიერი ხმა ჰქონდა, რომ ის მეზობელ უბნებშიც გაიგეს.

ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც ჩაჩავას კლინიკაში მუშაობს AMBEBI.GE-სთან მომხდარზე საუბრობს: "ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე, შენობის შიგნით ვიყავი, მეგონა აქ აფეთქდა რაღაც, გარეთ რომ გამოვედი, ქუჩაში საშინელი კვამლი იდგა. მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ათი ადამიანი იყო შეკრებილი. ახლოს რომ მივედი, დავინახე, ახალაგაზრდა მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი იყო, როგორც ჩანს, სხეული დამწვარი ჰქონდა. ტანსაცმელი მთლიანად შემოხეული ჰქონდა. სავარაუდოდ, 45 წლამდე ასაკის მამაკაცი იქნება. როგორც გავიგე, დაშავდა კიდევ ერთი გამვლელი ახალგაზრდა მამაკაცი.

ამბობენ, მუშები კონდიციონერს აყენებდნენ, ერთი-ერთი ვერსით "ფრეონს" ტვირთავდნენ. აფეთქების შემდეგ, კონდიციონერი ძირს ეგდო", - ამბობს თვითმხილველი.

თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ ავტომანქანას ე.წ. ბალიშები გაეხსნა. ამ ავტომანქანში 2 გოგონა იჯდა, მათ დამწვრობა მიიღეს და სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდათ.

AMBEBI.GE ერთ-ერთ დაშავებულ გოგონას ესაუბრა:

"ვმოძრაობდით ქუჩაში ავტომანქანით მე და ჩემი მეგობარი. როგორც კი ფილარმონიასთან გავიარეთ, საშინელი აფეთქების ხმა გავიგეთ, რადგან იმ მომენტში ე.წ. ბალიშები გაიხსნა (აირბაკი). პირადად მე, მეგონა რომ ავარია იყო. მანქანა გაჩერდა, გადმოვედით და გვითხრეს, რომ რაღაც აფეთქდა. "აირბაკის" გახსნა და აფეთქების ხმა ერთროულად იყო. არასოდეს მქონია ავარიის გამოცდილება და მეგონა ეს იყო ავარიის ხმა, მაგრამ ახლა რომ ვაანალიზებ, ეს იყო აფეთქების ხმა, მერე სუნიც იდგა, კვამლიც. მანქანა არის პატარა და იმ მომენტში ოდნავ ჰაერში აიწია, მანქანის ფანჯრები ჩაწეული გვქონდა, ასე რომ არ ყოფილიყო შეიძლება უფრო დავშავებულიყავით. მე და ჩემ მეგობარს მხრებზე და ბეჭის არეში სიწითლე გვაქვს, ეს "ბალიშების" გახსნამ გამოიწვია. რაც მოხდა არის დიდი ტრაგედია, იქითკენ არც გამიხედავს, რადგან ვიცოდი, რომ ადამიანი იყო გარდაცლვილი და იყვნენ დაშავებულები, არ მინდოდა ჩემი თვალით მენახა", - იხსენებს დაშავებული

ambebi.ge