"ჩემი ვალი დაკარგულია, მაგრამ რა ვქნა" - კვირის პალიტრა

"ჩემი ვალი დაკარგულია, მაგრამ რა ვქნა"

თემის გაგრძელება

20.000-ის გამო კაცს ხომ არ მოვკლავ?

"კვირის პალიტრის" სტატიის - "რამაზ ნოზაძე ვალის ამოღებას გაუგონარი მეთოდებით ცდილობს" გამოქვეყნების შემდეგ ოლიმპიური თამაშების პრიზიორი რამაზ ნოზაძე რედაქციაში გვეწვია და გვთხოვა, საზოგადოებისთვის გვეცნობებინა, რომ ავტომანქანას უახლოეს დღეებში გადაუფორმებს  შალვა ბუჩუკურს.

ბუჩუკური ამბობდა, რომ ავტომანქანების ბაზრობაზე შეიძინა ავტომობილი ხ-5. მისი ოფიციალური  მფლობელი აღმოჩნდა რამაზ ნოზაძე, რომელსაც ტელეფონით ქუთაისში დაუკავშირდა, ეს უკანასკნელი დაჰპირდა, რომ მანქანას გადაუფორმებდა. შალვა ბუჩუკურის მტკიცებით, ქუთაისიდან დაბრუნების შემდეგ ნოზაძემ მას არა მარტო მანქანის გადაფორმებაზე უთხრა უარი, არამედ  პოლიციაში შეიტანა განცხადება, ჩემს მანქანას სხვა პირი მართავსო, რის გამოც შალვა ბუჩუკურს მანქანა ჩამოართვეს.

საქმე ის არის, რომ ნოზაძის მანქანა 3 წლის წინ ვინმე იურა თუმანიანმა წაიყვანა გასაყიდად, მიჰყიდა კიდეც კობა წიკლაურს, მაგრამ ნოზაძისთვის ფული არ მიუცია. თავის მხრივ წიკლაურმა X5 შალვა ბუჩუკურს მიჰყიდა. ნოზაძე კი მანქანის გადაფორმების სანაცვლოდ თუმანიანისგან ვალის ამოღებას ბუჩუკურს სთხოვდა.

რამაზ ნოზაძე:  - მართალი გითხრათ, ძალიან შემაწუხა ამ ამბავმა. ბუჩუკური რომ არაფერ შუაშია, ვიცი.

ამიტომ გადავწყვიტე, დავასრულო ეს მითქმა-მოთქმა და გადავცე მანქანა, მიუხედავად იმასა, რომ თავად ძალიან დავზარალდი. გამოძიებას  თავიდანვე იმიტომ მივმართე, რომ მეგონა, როგორმე ვალს დავიბრუნებდი. ვიფიქრე, გამოძიება ამდენ შეწუხებულ ადამიანს რომ დაინახავს, რაღაც გამოვა ამ საქმიდან-მეთქი. ჩემი ვალი დაკარგულია, მაგრამ რა ვქნა, თუმანიანის გადასახადს ბუჩუკურს ხომ არ ვაზღვევინებ?

თუმანიანის წინააღმდეგ კი შევიტანე პროკურატურაში განცხადება, მაგრამ მან ვალი აღიარა, რამაც თაღლითობის ფაქტი გამორიცხა. სამოქალაქო წესითაც დავას აზრი არა აქვს, რადგან თუმანიანს არაფერი აბადია. რადგან ამ სიტუაციაში სრულიად უდანაშაულო კაცი დაზარალდა, გადავწყვიტე გადავცე მანქანა შალვა ბუჩუკურს. 20.000-ის გამო კაცს ხომ არ მოვკლავ? ბუჩუკურთან დაკავშირებული გაუგებრობა კი იმის გამო მოხდა, რომ თბილისში არ ვიყავი, თორემ საქმეს პრესამდე ნამდვილად  არ მივიყვანდი".