რუხის ციხე შველას ითხოვს - კვირის პალიტრა

რუხის ციხე შველას ითხოვს

სოხუმის გზატკეცილზე რუხის გზას ვადგავართ. ცა ისეთი მოწმენდილია, ოკუპირებულ აფხაზეთში სოფელ სათანჯოს მთა და მწვანეში ჩაფლული სახლების სახურავები მოჩანს. ხშირად აქ ენგურსგაღმიდან თავთხელით გადმოდიან და სოფლის ნაწარმს, ბოსტნეულს, ციტრუსს, თხილის სეზონზე კი თხილს ეზიდებიან.

"ომამდე, ჩემს ბავშვობაში, სოფელ რუხში ბაბუასთან მტოვებდნენ. ბაბუა ჩამკიდებდა ხელს და თაგილონელ ნათესავებთან რკინიგზის ხიდით გადავდიოდით. სათანჯოს მთიდან ზუგდიდის სოფლები ხელისგულივით მოჩანდა. მას თანატოლ აფხაზ ნათესავებს ვაჩვენებდი. შემდეგ ისინი მიყვებოდნენ, იმ მთიდან რუხის ციხეზე მოფრიალე "თქვენი ქვეყნის" დროშა ჩანსო", - მიამბობს ჩემი თანამგზავრი.

დიდებული რუხის ციხე შორიდანვე იქცევს ყურადღებას. მიჯრით დაწყობილი ქვებით მკვიდრად ნაგებმა ციხესიმაგრემ საუკუნეებს გაუძლო. ჟამთა სიავემ ისტორიულ ძეგლებსაც დაატყო ხელი, მაგრამ აქამდე მოღწეულსაც ხშირად ვერ ვუფრთხილდებით.

რუხის ციხე სამეგრელოს სამთავროს მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო. ახლა მის გარშემო მომრავლებული მცენარეები ლამის სამანქანო გზაზეა გადმოსული. ცელოფანის პარკებისა და ბოთლების სიმრავლე მიგახვედრებთ, რომ აქ საქეიფოდ ხშირად დადიან, ფოტოს გადასაღებად მისულ ახალდაქორწინებულ წყვილებს კი შამპანურით "შეიარაღებული" მაყრიონი მიჰყვება. თურმე აქედან ლოცავენ მონატრებულ აფხაზეთს და ნარჩენებს იქვე ყრიან (საბედნიეროდ, ყველა არ იქცევა ასე). შემდეგ დასუფთავების სამსახური იქაურობას ასუფთავებს, თუმცა, როგორც ჩანს, იშვიათად.

2020 წლის მარტში რუხის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აქაურებს იმედი აქვთ, რომ ადრე თუ გვიან ციხის რეაბილიტაცია დაიწყება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდგომ ისტორიულ ციხესიმაგრეში სპორტული, მუსიკალური და ფოლკლორული ღონისძიებების ჩატარებასა და ღია საგამოფენო სივრცედ გამოყენებას გეგმავს.

P.S. რაც შეეხება თავად სოფლის სახელს, ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, სახელწოდება "რუხის" ეტიმოლოგია უკავშირდება მეურმეთა შეძახილს ,,რრრ ხია, რრრ, ხია", რისი მიბაძვითაც სოფელს რუხი დაერქვა. თანდათან იქ დასახლება გაჩნდა. არსებული ცნობ=ით, მას ერთ დროს ქალაქის სტატუსიც ჰქონდა.

გადმოცემის თანახმად, როდესაც სამეგრელოში თურქთა ლაშქრობა გახშირდა, დადიანებმა ისეთი ციხესიმაგრეების აგება გადაწყვიტეს, რომლებიც სოფლის ახლოს იქნებოდა და შემოსევისას მოსახლეობა თავს დროულად შეაფარებდა და საქონელსაც შერეკავდა.

სამეგრელოს მთავარ ლევან დადიანის სურვილით ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო რუხს სავაჭრო დანიშნულებაც უნდა ჰქონოდა, რადგან ოდიშის სამთავროსა და აფხაზეთს აკავშირებდა. ეს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებისთვისაც ხელსაყრელი იყო. იქვე არის ადგილი, რომელსაც ნასომხარს უწოდებენ. თურმე ლევან დადიანმა ვაჭრობის განვითარებისთვის იქ სომხები და ებრაელები ჩაასახლა. სომხები მალევე აყრილან, ებრაელები კი დიდხანს დარჩენილან. სამეგრელოს ყველაზე სასტიკ მთავრად წოდებულმა ლევან დადიანმა რუხის ციხე 1647 წელს ააგო, რათა სამთავრო შიდა თუ გარე საფრთხეებისგან დაეცვა. ხავსისგან ძლიერ დაზიანებულ, ალაგ-ალაგ კი მთლიანად დაფარულ კედლებს ახლაც ეტყობა სამხედრო დანიშნულების კვალი.

დღეს კოშკის ზედა მხარე ჩამოქცეულია. ციხეში წყაროც ყოფილა, რომელიც გადმოცემით დასავლეთის კუთხეში უნდა ყოფილიყო. ამ ადგილას მცირე ჩაღრმავებას დაკვირვებული თვალი თუ შეამჩნევს, რადგან იქაურობა სარეველებით არის დაფარული. ციხე შიგნითაც ისეთივე მოუვლელია, როგორიც გარეთ.