"მე და ნინო თავიდან ვმეგობრობდით, ერთ დღესაც კი სხვანაირად შევხედეთ ერთმანეთს და მეგობრობა სხვა გრძნობაში გადაიზარდა" - კვირის პალიტრა

"მე და ნინო თავიდან ვმეგობრობდით, ერთ დღესაც კი სხვანაირად შევხედეთ ერთმანეთს და მეგობრობა სხვა გრძნობაში გადაიზარდა"

გთავაზობთ ინტერვიუს "კვირის პალიტრის" არქივიდან, რომელიც 2020 წელს ჩაიწერა

თემიკო ჭიჭინაძესთან ინტერვიუსთვის დაკავშირებისას შევიტყვე, რომ კარანტინშია. მიზეზი არა კორონავირუსს, არამედ მსახიობის შემოქმედებით გეგმებს უკავშირდება. სწორედ ამ თემით დაიწყო ჩვენი საუბარი.

- უკრაინის ერთ-ერთი არხის დაკვეთით იღებენ სერიალს, რომლის უკვე მეორე სეზონი გადავიღეთ - შარშან დავიწყეთ და წელს გაგრძელდა. კომედიური სერიალია, რომელიც 2 ოჯახზე მოგვითხრობს. ეს არის სიდორენკოსა და სიდორენკოს ოჯახები - ერთნაირი გვარი აქვთ, თუმცა განსხვავებული მახვილით წარმოითქმება. მსგავსი გვარების გამო შვილები აერევათ და როდესაც უკვე გაზრდიან, მაშინღა გაიგებენ. სერიალს "სიდორენკო-სიდორენკო" ჰქვია.

მე მთავარი გმირის ქართველ მეგობარს, დავითს ვასახიერებ, ერთ-ერთ სიდორენკოს ჩემი ეკრანული ქალიშვილი მოჰყავს ცოლად.

- როგორც "უკანასკნელ მაგიკიანში"? - იმ დავითის არ იყოს, ამ სერიალშიც სულ კინკლაობა მაქვს ჩემს მეგობართან. ვკინკლაობთ, ვეჯიბრებით, თან უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ...

ამ სერიალს უკრაინაში მაღალი რეიტინგი აქვს, ამიტომ მოლაპარაკება მიმდინარეობს მისი შემდეგი სეზონების გადაღებაზეც. გააჩნია, როგორ განვითარდება პანდემია, ამჯერად ძალიან გავწვალდი წასვლა-წამოსვლაზე.

თვე-ნახევარს გაგრძელდა გადაღება, მერე გამომგზავრების პრობლემა შემექმნა - რეგულარული ფრენა არ არის და ჩარტერული რეისით ჩამოვფრინდი. მოკლედ, ძლივს ჩამოვაღწიე. ახლა თბილისში კარანტინში ვარ, ერთ-ერთ სასტუმროში.

- ქართველი მაყურებელი უთუოდ შეიყვარებს თქვენს დავითს ისევე, როგორც მისი წინამორბედი შეუყვარდა. "უკანასკნელი მაგიკიანის" გაგრძელებაც ხომ არ იგეგმება? - არა, თუმცა ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო როგორც კომპანიებისთვის, ასევე მსახიობებისთვის. ასეთივე რეზონანსი აქვს ახლა სერიალს სიდორენკოებზე უკრაინაში. კიევის ქუჩებში რომ დავდიოდი, ხალხი უკვე მცნობდა, ფოტოებს იღებდნენ. მოსკოვშიც ასე იყო. ამ სერიალებმა ბევრი მეგობარი მაპოვნინა.

- ახლანდელი დავითიც ქართულად ბრაზდება?

- რეჟისორი მთხოვდა იმპროვიზაციას, ქართული სიტყვების ხშირად გამოყენებას და მეც ასე ვიქცეოდი. მოკლედ, სერიალში ჩემი გმირის ეროვნება მკვეთრად გამოხატულია სიმღერაში, სამზარეულოში, წეს-ჩვეულებებში. ამ პერსონაჟის ქართული სული ჩანს მის ქართულ-უკრაინულ ოჯახში, მეუღლესთან, შვილთან დამოკიდებულებაში. ერთ სიდორენკოს ვალერი შვეცი ასახიერებს, მეორეს, ჩემს მეგობარს, დმიტრი სურჟიკოვი, პოპულარული მსახიობი. საუკეთესო გუნდი ვართ, ასე მგონია, დიდი ხანია ვმეგობრობთ, არადა, სულ რაღაც 2 სეზონია ვიცნობთ ერთმანეთს.

ჩემი და გრანტ თოხატიანის, ანუ მაგიკიანის მეგობრობაც დიდი ხანია გასცდა გადასაღებ მოედანს. პანდემიამდე ერევანში ვიყავი მასთან სტუმრად, უნდა გენახათ, ჩვენს დანახვაზე რა რეაქცია ჰქონდათ. ახლა პანდემია გვიშლის ხელს, თორემ ტრადიცია გვაქვს, გრანტი ყოველ ზაფხულს საქართველოში ისვენებს. წელს სეზონი ჩაგვივარდა.

- თქვენს დანახვაზე ხშირად ახსენდებათ "მიმინოს" ქართველი და სომეხი გმირები, თითქოს "მიმინოს" სხვა თაობა ხართ. - ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, გია დანელიას ფილმი კლასიკაა, რა თქმა უნდა, ბუბასა და ფრუნზიკას პერსონაჟებს ჩვენ ვერ შევედრებით, მაგრამ მათი გამოძახილი ნამდვილად იგრძნობა ჩვენში. "მიმინოს" შემდეგ ქართველისა და სომეხის მეგობრობა ისე აღარ გაშუქებულა, როგორც "უკანასკნელ მაგიკიანში".

- ისევ შემოქმედებით სიახლეებზე გკითხავთ, კიდევ რა წინადადებები გაქვთ? - საბედნიეროდ, სამუშაო არის. სერიალ "თესეას" მეორე სეზონშიც მნახავთ. დიდი როლი არა მაქვს, მაგრამ ძალიან საინტერესოა. პროვინციული ქალაქის მთავარ რეჟისორს ვასახიერებ.

- ვიცი, რომ თქვენი პროფესია ძალიან გიყვართ. თქვენი ოცნება იყო ეს არჩევანი? - პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ვსწავლობდი და ქაშუეთის ეკლესიასთან ვცხოვრობდი, ახლანდელ გუდიაშვილის ქუჩაზე. სახლიდან ორ ნაბიჯში იყო რუსთაველის თეატრი, სამში - თეატრალური ინსტიტუტი, სახლის მეორე მხარეს კი რუსთაველის კინოთეატრი, ამიტომ ხშირად ან კინოში ვიყავი, ან თეატრში. ჩემზე გარდამტეხი ზეგავლენა მოახდინა "კავკასიურმა ცარცის წრემ". პირველად მომინდა ამ ზეიმს სცენაზე შევერთებოდი.

- გაგიჭირდათ ჩაბარება? - იმ დროს მსურველი ბევრი იყო, ადგილი კი ცოტა, მაგრამ, ალბათ, რაღაცით დავაინტერესე და გამიმართლა, გადასარევ ხალხში მოვხვდი, არაჩვეულებრივი ჯგუფელები და პედაგოგები მყავდა. ჩემი პირველი პედაგოგი გიგა ლორთქიფანიძე იყო, ჯგუფელები კი ეკა კახიანი, გია გაჩეჩილაძე, დათო ბახტაძე, მალხაზ ქვრივიშვილი, ეკა მჟავანაძე... მოგვიანებით გიზო ჟორდანია დგამდა სპექტაკლს, ბიჭები დააკლდა და ასე გავხდი ნინო თარხან-მოურავის, მერაბ ნინიძის, ლევან წულაძის, გოჩა კაპანაძის, ქეთი ჩხეიძის, ნანა შონიას ჯგუფელი.

- ესე იგი, მომავალი მეუღლე, ნინო თარხან-მოურავი ამ ჯგუფში იპოვეთ...

- ასე გამოდის. თავიდან ვმეგობრობდით, ერთ დღესაც კი სხვანაირად შევხედეთ ერთმანეთს და მეგობრობა სხვა გრძნობაში გადაიზარდა.

- ადვილია ორი მსახიობის თანაცხოვრება? - პირიქით, ძალიან ნაყოფიერია. ორივე ასე ვფიქრობთ. ერთი ქალიშვილი გვყავს, თეატრის სცენოგრაფია, უკვე რამდენიმე სპექტაკლი აქვს გაფორმებული, მისი მეუღლე კი ჩვენი თეატრის დასის წევრია.

- როგორი იყო თქვენი თანამედროვე თბილისი?

- მაშინ იშვიათი იყო ასეთი დაუნდობელი ჩხუბი მოზარდებს შორის. ახლა რაღაც მახინჯი ხასიათი მიიღო, გაუმართლებელი სისასტიკით ექცევიან ერთმანეთს.

თბილისი ის აღარ არის, რაც იყო... ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქალაქისთვის მავნე, რასაც ასე მარტივად ვერ გამოასწორებ, მაგრამ გაფუჭებასთან ერთად ბევრიც გაკეთდა. ზოგიერთი უბანი ცოტა დეკორაციული გახდა, ზოგს შენარჩუნებული აქვს იერი. ეს იგრძნობა თუნდაც ძველი თბილისში, რაც ბევრ პოსტსაბჭოთა ქალაქში დაიკარგა. მაგალითად, ერევანში ძველი ქალაქი არ არსებობს. როგორც გრანტმა ამიხსნა, ჩვენსავით მდიდარი ძველი ქალაქი არ ჰქონიათ და ისიც განადგურებულია. ახლა იწყებენ მის აღდგენაზე მუშაობას. ამ თვალსაზრისით ჩვენ გაგვიმართლა. არ მომწონს ახალი მშენებლობები, გაუთავებელი მაღალკორპუსიანი დასახლებები.

- ბევრი ცნობილი პირი პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია პოლიტიკასა და წინასაარჩევნო პროცესებთან. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი განზრახვა? - ვერასოდეს მნახავთ ვერც პარლამენტში და ვერც რომელიმე თანამდებობაზე. იმიტომ კი არა, რომ მსახიობის ადგილი არ არის პარლამენტში, იქ ჩემი ადგილი არ არის.

წარმოუდგენელია პოლიტიკოსობა, პარლამენტარობა გაიხადო პროფესიად, 30 წელს იყო რომელიღაც პარტიის წევრი და გქონდეს პრეტენზია, რომ რაღაცას აკეთებ ქვეყნისთვის, როდესაც სინამდვილეში არაფერს აკეთებ. 30 წელიწადს ერთი და იმავე სახეების ყურება, ერთი ბანაკიდან მეორეში გადახტომა. გუშინ რომ აგინებდი და აფურთხებდი, დღეს იმასთან პურს ჭამ და თვალებში შესციცინებ. ეგეთი ხალხის არ მჯერა.

- ეკრანზე შესანიშნავად ასახიერებთ პოლიტიკოსებს. - ხან პოლიტიკოსს ვასახიერებ, ხან ბანდიტს, ხან შეყვარებულს, ხან გიჟს და ხან ჭკვიანს. ასეთია ჩემი პროფესია და არა ცხოვრების წესი.

- თქვენ მიერ განსახიერებული შევარდნაძე ბევრს დაამახსოვრდა. - შეიძლება კიდევ ერთხელ მომიწიოს შევარდნაძის ტყავში ყოფნამ ერთ-ერთ არაქართულ პროექტში, თუ პანდემიამ არ შეგვიშალა ხელი. არასდროს მიფიქრია ჩვენ შორის მსგავსებაზე, მაგრამ გრიმი რომ მომარგეს, მეც გამიკვირდა.

მსახიობებს პოპულარობით პოლიტიკოსებმა აჯობეს, 24 საათით დაპყრობილი აქვთ ტელესივრცე. მაყურებელი მათ უფრო იცნობს მსახიობებად, ვიდრე ჩვენ.

- ზოგჯერ თქვენზე უკეთაც ხომ არ თამაშობენ? - თამაშით ძალიან უნიჭო ხალხთან გვაქვს საქმე. მსახიობისთვის იოლი გასაშიფრია მათი თითოეული სიტყვის უკან რა დგას - ეს ჩვენი პროფესიის დამახასიათებელია, გაარჩიო, ვინ ლაპარაკობს გულწრფელად და ვინ თამაშობს.

ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია - სიყვარული ოჯახის, ქვეყნის, საქმის, მოყვასის, ისტორიის. ყველას სიყვარულს გისურვებთ და ყველაფერი კარგად იქნება.