"თუ არ მოგწონს მთავრობა, დაანებე თავი, არჩევნები მოვა და თუ გაქვს რამის თავი, იქ გაიმარჯვე"
"კორონავირუსის გამო სოფელში ხალხი ჩამოვიდა, მოაკითხეს თავიანთ სახლებს, რომ შეატყვეს, კორონა ჯერ არსად აპირებდა წასვლას, შეარემონტეს ღობეები, გააკეთეს ბოსტნები"
"როცა მოვა ბიძინეო, დაწექი და იძინეო", - ასეთი "ფრთიანი" ფრაზა გურულებმა მაშინ მოიგონეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდნენ. ახლა ამბობენ, რომ როგორც ყველამ, ამ ხელისუფლებამაც იმედი გაუცრუათ. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ივანიშვილისა და მისი გუნდის ძველებურად სჯერა და ყველა ბოროტების სათავედ ოპოზიციას მიიჩნევს.
ვნახოთ, როგორია გურულების შეხედულება ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე, ქვეყანაში მიმდინარე მთავარ მოვლენებსა და თავიანთი სოფლის ცხოვრებაზე.
- ეს ხელისუფლებაც გადამგდები აღმოჩნდა, მეუბნება სოფო ბაბო და გვერდით დამიჯექიო, მთხოვს, ვამჩნევ გაბრაზებულია და გულის მოოხება უნდა.
- ხომ მოგვატყუეს, იაფი ფული გექნებათო, გადასახადებს გაგინახევრებთო, სოფლებს აგიყვავებთო. ახლა შტერიც გამოვყავართ, გვეუბნებიან, გადაჭარბებულად შეგისრულეთ ყველა დაპირებაო. არც სამუშაო ადგილი შეუქმნიათ, არც გზა გაუყვანიათ, არც წყალი, გადასახადები კი არ შეგვიმცირეს, გაგვიოთხმაგეს. სახლის ახლოს ქვის სატეხი ქარხანა დაგვიდგეს და იქიდან წამოსული მტვრით ვიწამლებით. გავასაჩივრეთ, ხმა მთავრობას მივაწვდინეთ, მარა არაფერი.
მარინა ტუღუში: - ჩვენს სოფელში ზოგი მშენებლობაზეა დასაქმებული, ზოგს ტაქსი ჰყავს. პრობლემა ის არის,
ახალგაზრდების უმეტესობას ძვირფასი ტელეფონები და მანქანები უნდათ, შრომა კი არა. რომელიმეს რომ უთხრა, თხილის კრეფაში მომეხმარე და დღეში 35 ლარს მოგცემო, არ წამოვა, იტყვის, 35 ლარად არ მიღირსო, მთელი დღე ქუჩაში დადგება და სიგარეტის ფულს სხვას მოსთხოვს.
- სოფელში ბევრი მიტოვებული სახლია... - ჩვენი სოფელი ოზურგეთის ახლოს არის, მონდომებული კაცი რაღაცას შოულობს და სოფელსაც იშვიათად ტოვებს. ქალაქიდან მოშორებულ სხვა სოფლებში უფრო ცუდად არის საქმე. ერთხელ რამდენიმე სოფელში მომიწია გავლამ და გული მომიკვდა, ისეთი სურათი ვნახე - სახლების უმეტესობა მიტოვებული და გავერანებულია.

- გლეხებს მიწა აქვთ, შეუძლიათ საქონელი და ფრინველიც იყოლიონ. რატომ ვერ ახერხებენ თავის რჩენას? - ყველაფერს მოვლა უნდა, ამას კი განათლება სჭირდება. წიწილები რომ გამოიჩეკებიან, უკვე წამალი უნდათ, ბუნება ისეა შეცვლილი, ჯანსაღი აღარაფერია. წიწილა იქნება თუ ხბო, ყველაფერს სხვანაირი მოვლა სჭირდება. ზოგი ამბობს, რა აზრი აქვს ფრინველის ან ოთხფეხის ყოლას, ჭირი დაეტაკება და უფრო მეტ ზარალს ვნახავო. ჭირი ყოველთვის იყო, ახლა ხომ არ მოიგონეს?! რომ არ უმკურნალებ ჭირიან ქათამს და ნაკადულში ან წისქვილის წყალში გადააგდებ, ის ჭირი ხომ გავრცელდება?! იმდენიც არ იციან, რომ შიშველი ხელი არ უნდა მოჰკიდონ, ისე დამარხონ.
ნათელა ჩხარტიშვილი: - კომუნისტების ეპოქა რომ დამთავრდა, ეცნენ და დაშალეს კოლექტიური მეურნეობა. როდესაც აღმშენებლობის ახალი გეგმა არა გაქვს, ძველი არ უნდა დაშალო. ყველაფერი განიავდა და ხალხი უმუშევარი დარჩა. ჩაიმ, რომელიც ადრე ჩვენი შემოსავლის მთავარი წყარო იყო, მნიშვნელობა დაკარგა. ხალხმა თავის გადასარჩენად ჩაი მოთხარა და სიმინდი დათესა. სიმინდის მოსავალი კი ავიღეთ, ჩალაც დაგვრჩა, მაგრამ ფული არ მოიტანა. ძველი ქონება, სახლები, ავეჯი თუ ტანსაცმელი, ორ-სამ წელს კი გვეყო, მაგრამ გავიდა დრო, მიწამ სასუქი ვერ მიიღო და მოსავალი აღარ მოგვცა, სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვქონდა, ფული ხელში ვეღარ დავიჭირეთ, ღობეები ვეღარ შევაკეთეთ, ნათეს-ნარგავები ნელ-ნელა ეკალბარდმა დაფარა, ძველი ქონება დაძველდა, ტანსაცმელი გაცვდა და კი გავღატაკდით.
- გასაგებია, რომ კოლექტიური მეურნეობა დაიშალა, მაგრამ ის მიწები ხომ გლეხებს დაურიგდათ? - ეგეც პრობლემა გახდა.
დაიწყო ხალხმა მიწების მოზომვა, ყველა ცდილობდა რამდენიმე სანტიმეტრით მეტი მიეზომა, ძმა ძმას, მეზობელი მეზობელს გადაეკიდა 10-15 სანტიმეტრი მიწისთვის. მერე უფულობის გამო მიწები ვეღარ დაამუშავეს და დღეს ეკალბარდით არის დაფარული.
- როგორც ვიცი, ძალიან ბევრი წავიდა თურქეთში სამუშაოდ... - ხალხს რომ ლუკმაპური უჭირდა და ხსნა არსაიდან ჩანდა, მაშინ გაიხსნა უცხოეთის საზღვრები. ვინც შრომისუნარიანი და განათლებული იყო, ყველა საზღვარს მიაწყდა. ისეთი ხალხი გავიდა ქვეყნიდან, რომელსაც ახალი სახელმწიფოს აღმშენებლობაში უნდა მიეღო მონაწილეობა. წავიდნენ და გადარიეს უცხოელები.
- უცხოელები რატომ გადარიეს?
- რატომ და, მოახლეებად რომ დაიქირავეს, აღმოჩნდა, რომ ზოგი ხელოვანია, ზოგი პედაგოგი, ზოგიც მკერავი... გაოცებული იყვნენ, სახელმწიფომ ჩვენთან ასეთი ხალხი მოსამსახურედ რომ გამოუშვა, თავისთვის ვინ დაიტოვა ქვეყნის ასაშენებლადო. მერე დაიწყო ავბედითი 90-იანი წლები... მე, მაგალითად, სამი დიპლომი მაქვს და 400-500 დოლარს თუ მომცემდნენ, ყველას გავყიდდი. საბუთად აღარსად მადგება და რაღად მინდა?!
- უცხოეთიდან გამოგზავნილმა ფულმა სოფელს შეღავათი ვერ მისცა? - ქალებმა იტვირთეს ოჯახის რჩენა, მაგრამ მათმა გამოგზავნილმა ფულმა ვერც ეკალბარდი გაკაფა და ვერც ყანა შეღობა. მათმა ქმრებმა და შვილებმა ჩაიწყვეს ჯიბეებში ხელები, ბირჟაზე დადგნენ და სმა ან "პლანის" მოწევა დაიწყეს. სახელმწიფომაც ხელი შეუწყო ახალი კანონით. ახლა ბოსტნებში ახალგაზრდებს მწვანილის ნაცვლად "პლანი" მოჰყავთ. ნასვამებმა და დაბოლილებმა ერთმანეთში ჩხუბი და საქმეების გარჩევა დაიწყეს. უსაქმური ადამიანისგან ყველანაირი სიავეა მოსალოდნელი.
უცხოეთში წასული ქალების დიდი ნაწილი თავის ნაშრომს წამლის ფულად ან ციხეში გზავნის. სოფელში დარჩენილი ქალების დიდი ნაწილი სერიალებზეა "შემჯდარი" და ვიღაც გადამთიელების ბედ-იღბალზე ღვრიან ცრემლებს. ბოსტანში აღარ მიდიან, მეიცა, სერიალი დამთავრდესო. ამასობაში დრო გადის.
- კორონაპანდემიამ თუ შეცვალა თქვენი სოფლის ცხოვრება?
გურამ ჩაგანავა: - კორონავირუსის გამო ქალაქებში წარმოებები რომ დაიხურა და სამსახურები შემცირდა, სოფელში ხალხი ჩამოვიდა, მოაკითხეს თავიანთ სახლებს. როგორც ზაფხულში შეივსებოდა სოფლები, ისე მოხდა წელს მარტში. ქალაქში ნაცხოვრებმა ხალხმა მოისაკლისა კომფორტული სამზარეულო და სააბაზანო, ეცნენ მაღაზიებს, წამოიღეს კაფელი, მეტლახი, ცემენტი, ავზები, ამორეცხეს ჭები და მოიწესრიგეს საყოფაცხოვრებო პირობები. რომ შეატყვეს, კორონა ჯერ არსად აპირებდა წასვლას, შეარემონტეს ღობეები, გააკეთეს ბოსტნები. იცით, ძროხა და ქათამი როგორ გაძვირდა? ადრე წიწილა ერთი ლარი რომ ღირდა, ახლა 5 ლარად თუ იშოვიდი, გიხაროდა. კორონა გამოწერილივით გამოჩნდა, ზუსტად საგაზაფხულო სამუშაოებს დაემთხვა.
- სოფელში ჩამოსულ ხალხს რა პრობლემები დახვდა? - სოფელში არის პრობლემები, მაგრამ ყველაფრის მთავრობისთვის გადაბრალება არ არის მართებული. თუ ოჯახისთავი არ გამოდგა მარიფათიანი, ოჯახის სხვა წევრებმა ჩხუბი კი არ უნდა დაუწყონ და ჯიბრში ჩაუდგნენ, ხელი უნდა შეუწყონ, საჭირო თუ იქნება, მისი გასაკეთებელიც გააკეთონ. თუ არადა, დაიქცევა ოჯახი. ასეა სახელმწიფოც. ადამიანს გვერდში დგომა და ხელშეწყობა უნდა, ერთი პატარა ოჯახისთავია ის თუ პრეზიდენტი.
ბათუმი ამ 3-4 წელიწადში უფრო დამშვენდა, ბევრი კარგი რამ გაკეთდა, მაგრამ ოპოზიცია მაინც ყველაფერს მუქ ფერებში ხედავს.
თუ არ მოგწონს მთავრობა, დაანებე თავი, ნუ შეუშლი ხელს, არჩევნები მოვა და თუ გაქვს რამის თავი, იქ გაიმარჯვე.
- ესე იგი, ფიქრობთ, რომ ოპოზიცია ხელს უშლის მთავრობას მუშაობაში? - ოპოზიციამ არასწორი მოქმედებით ძალიან შეუშალა ხელი მთავრობას.
- რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე რას ფიქრობთ? - ხელისუფლებაში რომ ხარ, მეზობელ სახელმწიფოსთან უნდა შეგეძლოს ურთიერთობის მოგვარება. ახლა მე რომ ჩემს მეზობელს დავემდურო, იმან კიდევ თავისი ნაგავი ჩემს ეზოში გადმოყაროს, რა უნდა ვქნა, რადგან ვემდური, აღარაფერი უნდა ვუთხრა? ხომ აივსო ჩემი ეზო ნაგვით? ჩხუბით ვერ ვეჩხუბები, თუ ჩემზე ძლიერია, გამლახავს. მინდა თუ არა, მშვიდად უნდა დაველაპარაკო. ასეა სახელმწიფოც, უნდა დაველაპარაკოთ რუსეთს და რაღაცაზე შევთანხმდეთ, სხვანაირად არაფერი გამოვა.
ხათუნა ბახტურიძე