"პირადად უთქვამს ჩემთვის, აქ ხალხს კილოგრამობით ოქრო აქვს ნაპოვნიო" - რა საიდუმლოს ინახავენ ქვები - კვირის პალიტრა

"პირადად უთქვამს ჩემთვის, აქ ხალხს კილოგრამობით ოქრო აქვს ნაპოვნიო" - რა საიდუმლოს ინახავენ ქვები

"სამცხე-ჯავახეთის მეგალითური ოაზისის მშენებლობას ორი რამ უწყობდა ხელს: პირველი - ეს მხარე მუდამ სასტიკი მტრისგან იცავდა თავს და მეორე - მეგალითების სამშენებლო ქვას არსაიდან მოტანა არ სჭირდებოდა"

დაახლოებით 5000 წლის წინ, როდესაც აღმოსავლეთში ეგვიპტური ცივილიზაცია ვითარდებოდა, ამერიკის კონტინენტზე კი მაია-აცტეკების კულტურა, საქართველოში მეგალითური არქიტექტურის პიკი იყო - მსოფლიოს მეგალითური ცივილიზაციიდან ცოტამ თუ მიაღწია იმხელა მასშტაბს, როგორსაც კავკასიამ, სადაც სივრცე 2-3-ტონიანი ქვებით ნაშენი ნაგებობებით დაიქსელა, განსაკუთრებით კი სამცხე-ჯავახეთში. ნაგებობებმა, რომელთაც ათასწლეულებს გაუძლეს, უამრავი უპასუხო კითხვა გააჩინეს: როგორ აჰქონდათ ამხელა სიმაღლეებზე ამ მასის ქვები? ამ კითხვებს დღეს არათუ რიგითი ადამიანები, მეცნიერებიც ვერ ხსნიან. მათ შორის, ვერც ჯავახი მათემატიკოსი კუკური მეტრეველი, მან ათეული წლებია ფეხდაფეხ შემოიარა ეს კუთხე და სწავლობს სამცხე-ჯავახეთის მეგალითებს (და არა მარტო!), რომელთა არსებობა ჯერაც არავინ იცის და სულ უფრო და უფრო გაოგნებულია მათი იდუმალებით.

- ჯავახი ვარ, უძველეს სოფელ კოთელიაში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობაში რას წარმოვიდგენდი, თუ ამხელა კულტურა გვქონდა. ჩვენ ვერასოდეს ჩავწვდებით მათი აშენების ტექნიკას, ვერც იმას, თუ რატომ მოინდომა დაახლოებით 5000 წლის წინათ კაცობრიობამ თითქმის ერთდროულად წამოეწყო მეგალითური მშენებლობები. რატომ არის, მაგალითად, ირლანდიასა და ესპანეთში ზუსტად ისეთივე სტილის მეგალითები, როგორიც საქართველოში? ამ ფიქრს მისტიკამდე მივყავართ. მესხეთ-ჯავახეთი, მთელი თრიალეთი, მეგალითური ნაგებობებით არის დაქსელილი.

მთელი ჩვენი მიწისქვეშეთი თავდაცვითი ქვის დარანებია, მიწისზედეთი კი მეგალითური ციხეები, რომლებიც ემსახურებოდა უცნობ ცივილიზაციას და თავდაცვის გარდა, უთუოდ სხვა დანიშნულებაც ჰქონდათ.

- ახლახან დიდი რეზონანსი მოჰყვა ბეშთაშენის მეგალითების აღმოჩენას, რომლებიც გრანდიოზული გალავნების ნაშთებს ჰგავს. - ბეშთაშენის ნაშთები მხოლოდ უმცირესი ნაწილია ამ გამაოგნებელი არქიტექტურის, მაგალითად, აბულის ან შაორის ციხეების. ათეული წლებია სამცხე-ჯავახეთის ძეგლების მოსაძებნად დავეხეტები, მაგრამ მხოლოდ შარშან შევამჩნიე, რომ აბულის ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდთან კლდეს სფინქსის ფორმა აქვს. გარდა ამისა, აბულის ციხეზე დღემდე ხელუხლებელია ქვის ე.წ. სენაკ-დარანები, რომლებშიც მხოლოდ მოხრილი ან მჯდომარე თუ გაჩერდები. მტერი ამ დარანებს რომ მისდგომოდა, შიგ მყოფებს ბუზებივით გაჟლეტდა, ესე იგი, ეს სათავსები სულ სხვა მიზნით ააგეს. ჩვენს მიწისქვეშა თავდაცვით დარანებში გასასვლელებია ვიწრო, თორემ თავად დარანები იმხელაა, შიგ ცხენიანი კაცი გაჭენდება და რაც მთავარია, საიდუმლო გზებით მდინარეებზეც გადის.

- მართლაც უცნაურია... - უფრო მეტიც, შაორის მეგალითს ტრიუმფალური გზა მიჰყვება - გზა დაახლოებით 3-ტონიანი მეგალითებით არის დაგებული. როდის იყო, მტერს ტრიუმფალურ გზებს უგებდნენ? ავრალოს მეგალითურ ციხეზე კი უძველესი კვერთხია აღმოჩენილი. შესაძლოა იქ რომელიმე წინაპარი ტომის ბელადის ან დიდებულის რეზიდენციაც იყო!

სავსებით შესაძლებელია ასტრონომიული მეგალითებიც გვქონოდა, საიდანაც ცას აკვირდებოდნენ. ჩვენი ქვეყნის ამ ნაწილში მართლა გასაოცრად სუფთა ცაა. მთავარი ის არის, სამცხე-ჯავახეთის მეგალითური ოაზისის მშენებლობას ორი რამ უწყობდა ხელს: პირველი - ეს მხარე მუდამ სასტიკი მტრისგან იცავდა თავს და მეორე - მეგალითების სამშენებლო ქვას არსაიდან მოტანა არ სჭირდებოდა.

- ჩანს, ამხელა ქვებთან ათასწლოვანი ჭიდილი ერჩივნათ ამ მიწის დატოვებას... - ფასეული და ყველაფრის მომცემი მათთვის ეს მიწა იყო - მიწა, რომელიც უხვი მოსავლის ბეღელი იყო და დღესაც ასეა, თუ მოვუვლით. ჩვენი უძველესი პოეზია ამ სურათს რამდენიმე სტრიქონში ხატავს: `მე ჯავახეთს რა მინდოდა... მთვარე მედგა მზესავითა, კალმახი და ქერის პური წინ მეყარა ბზესავითა~.

სამცხე-ჯავახეთში სოფელ საროში 10-ტონიანი ქვის დანახვაზე შეიცხადებ, რამხელაა, ნეტავ რა მოუხერხდებაო?! იქაური კაცი დაუფიქრებლად გეტყვის, ეს რა ქვაა, ამას ასე გადავიტან, ისე გადავიტან, ასე და ისე გამოვთლიო! ოღონდ დაავალე და, აუცილებლად გამოთლის! მისი წინაპარიც სწორედ ასე თლიდა და აშენებდა. ზოგჯერ თითქმის ხელუხლებლადაც. მაგალითად, ახალქალაქის მეგალითური ციხის 5-მეტრიანი სისქის კედელი დღემდე უცვლელად მოვიდა.

ჩვენდა საბედნიეროდ, ქართული გენი არასოდეს გამწყდარა, ბევრჯერ კი მივსულვართ გადაშენების პირას, მერე კი კვლავ მოვმრავლებულვართ. ეს გენეტიკური ჯაჭვი გვაკეთებინებს ყველაფერს. ამ ჯაჭვის შემადგენელია ჩვენი ტოპონიმებიც. მაგალითად, ჩემს სოფელ კოთელიაში არის გორა, საიდანაც მტრის შემოსევისას ცეცხლმოკიდებულ გოდრებს აგორებდნენ. ასე ხვდებოდნენ სხვა სოფლები, რომ მტერი კოთელიასთან იყო და საომრად ემზადებოდნენ.

ტოპონიმები ზოგჯერ უფრო მყარია, ვიდრე მეგალითები. მტერმა შეიძლება მეგალითებიც დაანგრიოს, მაგრამ ტოპონიმიკის დანგრევა გაუჭირდება. იმიტომაც ვიბრძვი ქართული ტოპონიმების დაბრუნებისთვის. მაგალითად, ავრალოს ციხეს რატომ უნდა ერქვას ავრალო, როდესაც ის თეზია? ან დაშბაშის კანიონს რატომ უნდა ერქვას დაშბაში, როდესაც ის წალკის ხევია. დაშბაში კლდის თავს ნიშნავს, 1830 წელს აქ არზრუმიდან ჩამოსახლებულმა სომეხმა მოსახლეობამ უწოდა. ამ ხალხზეც მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა: მართალია, მათ შორის ზოგი აგრესიულია, მაგრამ საერთო ენის გამონახვა არ ჭირს. ეს უფრო ადგილობრივ ხელისუფლებასთანაა ძნელი. არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენს X საუკუნის ეკლესიის გალავანში საქეიფო ფანჩატური დამხვდა ამოშენებული, რის გამოც გამწარებული წავედი სომხურენოვან სოფელში. ვუთხარი, თქვენი ეკლესია რომ იყოს, განა ამას დამართებდით-მეთქი? პირველად მითხრეს, რა იცი, რომ ეს ეკლესია თქვენიაო, მაგრამ მერე დამყაბულდნენ, მოვანგრევთო. რა თქმა უნდა, თავი არ შეუწუხებიათ, რაც უკვე ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა და მათთან ჭიდაობა აღარ უნდა დამჭირვებოდა. როცა X საუკუნის ქართული წარწერა აღმოვაჩინე, სომეხმა მოსახლეობამ მაშინვე ერევანს შეატყობინა და საინფორმაციო საშუალებებში მაშინვე გადასცეს. ჩვენს კულტურის სამინისტროს კი რომ შევატყობინე, ერთი ბუნდოვანი განცხადება გააკეთეს - სავარაუდოდ, წარწერა აქამდე არავის უნახავსო. სამაგიეროდ, ამ ქართული წარწერის სომხურობაზე მთელ ერევანში ერთი ამბავი იყო. ქართული უძველესი სასაფლაოს გაძარცვა შევატყობინე და, გამოაცხადეს, ინფორმაცია კი მივიღეთ, მაგრამ სინამდვილეში არაფერი მომხდარაო. ავდექი და კულტურის მინისტრის მოადგილეს დავურეკე, იმ საფლავებში იქნებ ჩემს წინაპარზე ახლობელი შენი წინაპარი იყო და როგორ არ გრცხვენია-მეთქი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ხალხთან საერთო ენის გამონახვაა აუცილებელი და არა რაღაცების მიჩუმათება.

სომეხმა ვაი-ისტორიკოსებმა ათჯერ მაინც გამოსცეს უცხოეთში სამცხე-ჯავახური `სომხური ძეგლების~ აღწერილობანი, ჩვენ ერთხელ მაინც ხომ უნდა მოგვივიდეს აზრად გამოცემა? წლების განმავლობაში მოძიებული აქამდე უცნობ ჩვენებურ ქართულ ძეგლებზე გადავეცი მასალა კულტურის სამინისტროს და გამოცემა აზრადაც არ მოსვლიათ.

მიმინეთის ნასახლარების მახლობლად სომხურენოვანი სოფელია, რომლის მოსახლეობას პირადად უთქვამს ჩემთვის, აქ ხალხს კილოგრამობით ოქრო აქვს ნაპოვნიო. ჩვენ ჩინური კედელი გვიკვირს, მაგრამ მის მსგავს 5000 წლის წინანდელ მეგალითურ კედელს სწორედ მიმინეთის ნასოფლართან ნახავთ. ყოველ შემთხვევაში, მიმინეთის მეგალითური კედელი, რომელიც ზედაპირული გამოთვლებით, ალბათ, 2 კილომეტრზეა შემორჩენილი, ამ ტერიტორიებს დაახლოებით 100 ჰექტარზე ფარავს.სავარაუდოდ, აქ ქალაქ-სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, რომელიც თავს თანამედროვეობისთვის უდიდესი გალავნით იცავდა. ეს გალავანი რომ აღვადგინოთ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის იქნება. ამ დღეს გულისფანცქალით ველი, მაგრამ ძალიან იგვიანებს.