სოფელ შრომის მარგალიტი - კვირის პალიტრა

სოფელ შრომის მარგალიტი

ამქვეყნად უამრავი რამ არის დასანგრევი და მერე თავიდან ასაშენებელი. ისეთი რამეც არსებობს, რაც მიწისაგან პირისა უნდა აღიგავოს, მაგრამ რატომ უნდა განადგურდეს ხელოვნების ნიმუში მხოლოდ იმისთვის, რომ საბჭოთა წარსულში შეიქმნა. გურიაში, სოფელ შრომის მარგალიტს - კულტურის სახლსა და მის ფანტასტიკურ მხატვრობას ვგულისხმობ; მხატვრობას, რომელიც 50-იანი წლების ცნობილი მხატვრების შექმნილია და რომელიც შენობის ნესტიანი კედლებიდან ფენა-ფენად იყრება. ეს დანგრევის პირას მისული კლუბი სინამდვილეში მუზეუმია, სადაც ცნობილი მხატვრების მენატურეები მათი ბებიები იყვნენ - ის ჩაის კრეფით დაღლილი ქალები, რომლებიც თავიანთი კალათებით შინ წასვლის ნაცვლად, მხატვრებს მიაშურებდნენ ხოლმე. მიუხედავად დაღლილობისა, მაინც ბედნიერი იყვნენ, რადგან თავიანთი სილამაზის ფასი იცოდნენ! ასე მითხრა სოფელ შრომის მკვიდრმა დათო ჩხარტიშვილმა.

- ამ კლუბში ცოტა ხნით მაინც მოვასწარით დიდი მსახიობებისა თუ მოცეკვავეების ხელოვნებით დატკბობა. ჩვენი დახატული ბებიებით ძალიან ვამაყობდით. წარმოიდგინეთ, მათ უჩა და ალექსანდრე ჯაფარიძეები ხატავდნენ.

- როგორ მოხდა, რომ სოფელ შრომაში ასეთი ულამაზესი კლუბი ააშენეს და მოსახატავად ცნობილი მხატვრები მოიწვიეს?

- ჩვენი სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ცნობილი და მოხერხებული კაცი მიხაკო ორაგველიძე იყო. მას ყველა პატივს სცემდა. სოფელს თავდაუზოგავად ამუშავებდა. სამაგიეროდ, შემოსავალს მასვე ახმარდა. ეს კლუბი ბატონმა მიხაკომ ააშენა, სადაც 800 კაცი უნდა დატეულიყო. შემდეგ ცნობილი მხატვრები მოიწვია. ბატონმა მიხაკომ მხატვრებს სთხოვა, ჩვენი შრომის გმირი ქალები დამიხატეთ, ოღონდ ნუ შეალამაზებთ. შეიძლება დაღლილები იყონ, მაგრამ მაინც დახატეთ, ხალხს შრომის სურვილი რომ გაუჩნდესო.

ეს პორტრეტები ნელ-ნელა ისტორიად და ხელოვნების ქმნილებად გადაიქცა. მათზე არც ერთი ცნობილი მუზეუმი არ იტყვის უარს, მაგრამ კლუბი ისეთ მდგომარეობაშია, მხატვრობა დიდხანს ვერ გაძლებს, ნესტი ანადგურებს. რიგიანი ქვეყანა რომ ვიყოთ, ან რესტავრაცია უნდა უკეთდებოდეს, ან მუზეუმებში გადაიტანონ, რათა ისტორიას დარჩეს. რესტავრაცია და ნახატების გადატანა ძალიან ძვირია რიგითი მოქალაქისთვის, თორემ შთამომავლები აუცილებლად გააკეთებდნენ. ისღა დაგვრჩენია, სახელმწიფოს ვთხოვოთ დახმარება. გულგრილად როგორ უნდა უყურო, შენ თვალწინ ხელოვნების ნიმუშები რომ ისპობა?!