უცხოეთის მუზეუმებში დაცული ქართული საგანძური - კვირის პალიტრა

უცხოეთის მუზეუმებში დაცული ქართული საგანძური

სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ერმიტაჟში დაცული ქართული ექსპონატების ფოტოები გავრცელდა. მოგვიანებით, საზოგადოებრივმა გაერთიანება "საყდრისის კომიტეტმა" პროექტ "ქართული კოლექციები უცხოეთში" მიხედვით, უცხოეთში დაცული ქართული ექსპონატები მოიძია და მათ ისტორიას ყოველ პარასკევს "საყდრისის კომიტეტის" "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე საზოგადოებას უზიარებს. ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმი, ბრიტანეთის მუზეუმი, ერმიტაჟი - ეს იმ მუზეუმების ჩამონათვალია, სადაც ყველაზე მეტი ქართული განძი ინახება.

ნინო უორდროპის ყელსაბამი

"საყდრისის კომიტეტის" აქტივისტებმა სოციალურ ქსელში პირველად ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ნინო უორდროპის ყელსაბამი წარადგინეს, რომელსაც გამოეხმაურა ხათუნა ცომაია, მას თავად ნინო უორდროპმა მოუთხრო ქართული ყელსაბამის ისტორია.

"მე და ჩემი მეუღლე ოქსფორდში ვცხოვრობდით, მეუღლე პლაზმური ფიზიკის ცენტრის თანამშრომელია. ოქსფორდში არაჩვეულებრივი მართლმადიდებლური ეკლესიაა, სადაც ხშირად დავდიოდით. სწორედ იქ გავიცანით დედა თეოდორა, ბოდბის მონასტრის წინამძღვარი, რომელიც ოქსფორდში თეოლოგიური ლიტერატურის საკვლევად იყო ჩამოსული. მან გაგვაცნო ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი მედეა აბაშიძე, რომელსაც ბრიტანეთის მუზეუმში ქართული კოლექციის აღწერა სურდა. დედა თეოდორა კარგად იცნობდა ნინო უორდროპს. მასთან შეხვედრა უნდოდა ქალბატონ მედეასაც, რადგან ბრიტანეთის მუზეუმი ყელსაბამის არსებობას უარყოფდა. ეს არის გიორგი XII-ის ჯვარი, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ ოლივერ უორდროპს ქალიშვილისთვის, ნინოსთვის მიართვა ბავშვების ხელით (მათ შორის ერთ-ერთი ვერიკო ანჯაფარიძე გახლდათ).

ნინო უორდროპმა მედეას აჩვენა ტიტულიანი დოკუმენტი ყელსაბამის მუზეუმისთვის გადაცემის შესახებ და ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ ქართველ მკვლევარს კიდევ ერთხელ მიეწერა ბრიტანეთის მუზეუმისთვის და ეჩვენებინა მათ მუზეუმში დაცული ყელსაბამის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოგვიანებით, როგორც ჩანს, ქალბატონ მედეას მუზეუმმა დაუდასტურა ყელსაბამის არსებობა. ნინო უორდროპს, როგორც აგვიხსნა, შეშინებია ასეთი განძის შინ შენახვა, არ მინდოდა მძარცველებს ჩავარდნოდა ხელშიო, და გასული საუკუნის 80-იან წლებში ბრიტანეთის მუზეუმისთვის გადაუცია".

ჯუმათის მონასტრის დაკარგული ხატის ფრაგმენტი

ჯუმათის მონასტრის წმ. გიორგის ხატის მოჭედილობის ორი ფრაგმენტი (XI საუკუნე) ქართული ტორევტიკის უნიკალური ნიმუშია. მეცნიერი დიმიტრი ბაქრაძე ჯუმათის მონასტრის ხატის სავალალო მდგომარეობის შესახებ წერდა: "ხატი სტილისა და შესანიშნავი მკაცრი ტექნიკის მიხედვით XI-XII საუკუნეების ქართულ-ბიზანტიურ ხელოვნებას უნდა მივაკუთვნოთ. დაფა, რომელზეც იგი არის შესრულებული, გახეთქილია და სიძველისგან იშლება, ამიტომ გამოსახულებაც ძლიერ დაზიანებულია. მისი ბევრი ნაწილი ნაჭერ-ნაჭერ ჰკიდია, ზოგი უკვე საერთოდ მოსწყდა ფიცარს და ისინი ვიღაცას მიუჭედებია დაფაზე. იმისათვის, რომ ხატი საბოლოოდ არ განადგურდეს, აუცილებელია მას განსაკუთრებული მზრუნველობით მოეკიდონ" (1890 წ.).

1921 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ჯუმათის მონასტრის განძეული აღწერა. იმ დროს ხატი მონასტერში იყო დაცული, თუმცა იმავე წლის სექტემბრის დამდეგს მონასტერი გაძარცვეს და განძი გაქრა, მათ შორის წმ. გიორგის ხატიც. ერთ-ერთი ვერსიით, მოჭედილობის ფრაგმენტები მძარცველებმა მოხსნეს, შემდეგ კი თბილისის სომხურ ბაზარზე გაყიდეს. მოგვიანებით ფრაგმენტები კერძო კოლექციაში მოხვდა, იქიდან კი ერმიტაჟში. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმად, ერმიტაჟში დაცული წმ. გიორგის ხატის მოჭედილობის ფრაგმენტები 1921 წელზე გაცილებით ადრეა მოხსნილი, რადგან 1911 წელს ისინი უკვე რუს მხატვარსა და კოლექციონერ მიხაილ ბოტკინს ჰქონდა. 1911 წელს ბოტკინმა კატალოგი "სობრანიე" გამოსცა, რომელშიც მისი კოლექციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშებია შესული, მათ შორის საქართველოდან გატანილი ქართული ტიხრული მინანქრის სრული კოლექცია. 1920 წელს ბოტკინის კოლექცია რუსეთის სხვადასხვა მუზეუმში გადანაწილდა, დიდი ნაწილი კი ერმიტაჟს გადასცეს.

"საყდრისის კომიტეტის" წევრების თქმით, ერმიტაჟში დაცული ქართული ექსპონატების შესახებ ინფორმაციის მოძიებას დიდი დრო დასჭირდა. საქართველოდან გატანილი განძი ერმიტაჟის საცავში ინახებოდა, 2006 წელს კი მუზეუმში მუდსმივი ექსპოზიცია გაიხსნა. მოგვიანებით ისტორიულ-კულტურული ფონდის "ერთიანი რწმენით - ქართველი თავადაზნაურობა სანქტ-პეტერბურგში" ინიციატივით, ალვიდა მირზოიანის ავტორობით დაიბეჭდა წიგნი "შუა საუკუნეების ქართული ტორევტიკა".

ზარზმის მონასტრის ხატის ფრაგმენტი

ლაკლაკიძეების ღვთისმშობლის ხატის მოჭედილობის ღვთისმშობლის მიძინების ფრაგმენტი (XI ს.) 1924 წელს შტიგლიცის ტექნიკური ხატვის ცენტრალური სასწავლებლის ყოფილი მუზეუმიდან ერმიტაჟში მოხვდა. თავდაპირველად ექსპონატი სიცილიაზე შეძენილი X საუკუნის ბიზანტიური ნამუშევარი ეგონათ. თუმცა ქსენია რაკიტინამ, ერმიტაჟის მცველმა, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი მუზეუმში არსებული ქართული კოლექციების შესწავლაში, დაადგინა, რომ ფრაგმენტი მოხსნილია ზარზმის მონასტერში დაცული ლაკლაკიძეების ღვთისმშობლის ჭედური ხატიდან, რომელიც ლაკლაკიძეების ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ზარზმის მონასტერს შესწირა. ოჯახისავე შეკვეთით დამზადდა ვერცხლის რიპიდიც. ხატის ჩარჩოს შიდა ნაწილს ამშვენებს წარწერა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა გაშიფრა: "წმინდაო დედოფალო, მეოხ ეყავ წინაშე ძის[ა შ]ენისა და ღმრთისა ჩუენისა ყოველთა ლაკლაკთა: ერისთავთ ერისთავსა მირიანს და ხურციკს, ძეთა ხურციკისთა: მირიანს, სასანს (ანუ სვიმონს), ქურდიას, ხჭ-ს. მე გლახაკმან ეპრაქსია, დედამან ხურციკისა და მირიანისამან, შევკაზმე ხატი ე]სე სალოცველად ყოველთა ლაკლაკთა, სახსენებელად სულისა ჩემისა".

ვარძიის სახარების დაკარგული ყდა

2001 წელს ერმიტაჟის ქართულ კოლექციას ვარძიის სახარების ოქროს ჭედური ყდა (XII ს.) შეემატა. თავად სახარება (XI - XII სს.) ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. 1850-1860-იან წლებში ვარძიის სახარება დიმიტრი ერმაკოვმა ნახა და ფოტოფირზე იმ ყდით აღბეჭდა, რომელიც ერმიტაჟში აღმოჩნდა. ყდას ტიხრული მინანქრის ორი მედალიონი აკლია. 1880-იან წლებში ვარძიის სახარების ყდა გელათის მონასტრიდან გაქრა, რასაც გიორგი ჩუბინაშვილი ქუთაისის მაშინდელ გუბერნატორს, გრაფ ლევაშოვს უკავშირებს - საქართველოდან განძის გატანაში გუბერნატორს დიდი წვლილი მიუძღოდა.

ვარძიის სახარების ყდის დაკარგული ფრაგმენტები საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში ევროპაში მოხვდა: წმინდა დემეტრეს მედალიონი - ბერლინში, ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი კი ბრიუსელში. თავად ყდა დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა 1920-იან წლებში ის სხვა წიგნის ყდებთან ერთად ტექნიკური ხატვის ცენტრალური სასწავლებლის ყოფილი მუზეუმიდან ერმიტაჟის სამეცნიერო ბიბლიოთეკის იშვიათ წიგნთა კაბინეტში მოხვდა. თითქმის ასი წლის შემდეგ მას მეცნიერმა პიატნიცკიმ მიაგნო და XII საუკუნით დაათარიღა. მისი აზრით, ყდა ვარძიის მონასტერში დაამზადეს.

პინაკი ქრისტეს საიდუმლო სერობიდან

ლეგენდის მიხედვით, ხის პინაკი (პატარა ჯამი), რომელიც იესო ქრისტემ და მისმა მოწაფეებმა უკანასკნელი სერობის დროს გამოიყენეს, X საუკუნეში საქართველოში მოხვდა. დავით აღმაშენებლის ბრძანებით, პინაკი ქვათახევის მონასტრისთვის გადაუციათ, სადაც ის ვერცხლის მოოქრულ ჩარჩოში ჩასვეს. სამწუხაროდ, თავად პინაკი დაკარგულია, ხოლო ჩარჩომ (XI ს.-ის მიწურული, XII ს.-ის დასაწყისი) ჩვენამდე ფრაგმენტულად მოაღწია. შემორჩენილია მოჭედილობის შვიდი ფრაგმენტი: ექვსი მოსკოვის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ძვირფასი მეტალების განყოფილებაში ინახება. ისინი ისტორიკოსმა, ხელოვნებათმცოდნე რუსუდან ყენიამ გამოავლინა და აღწერა. მისი რეკონსტრუქციის მიხედვით, მოჭედილობის ცენტრალურ ნაწილში გამოსახული იყო ტახტზე მჯდომი ქრისტე, ხოლო მის ორივე მხარეს, მედალიონებში, მთავარანგელოზების წელსზევითი გამოსახულებები. გვერდებს წმინდანების ოთხი მედალიონი ამშვენებდა. პინაკის მოჭედილობის ფრაგმენტი ერმიტაჟის მუზეუმს 1893 წელს მეცნიერებათა აკადემიის აზიური მუზეუმიდან გადაეცა.