ვერც ეპოქამ და ვერც პირადმა ტრაგედიებმა ვერ გატეხა - ლომის ბოკვერი კატად ვერ აქცია!.. - კვირის პალიტრა

ვერც ეპოქამ და ვერც პირადმა ტრაგედიებმა ვერ გატეხა - ლომის ბოკვერი კატად ვერ აქცია!..

"ამ სოფლად მოსვლას რა ფასი აქვს, თუ იგი ისეთივე დასტოვე კაცმა, როგორიც შენამდე ყოფილა"!

იმასაც ბედავდა, რომ 7 ნოემბერს შავი ჩოხით დადიოდა და ლობიოს ახარშვინებდა მეუღლეს გლოვის ნიშნად

"ვინ მოსთვლის, რამდენი ადამიანი დახოცილა ამ ტაძრის დაცვისას, მეფევ ბატონო, სადღა არიან ახლა ისინი?", - ეკითხება ტაძრის ნანგრევებთან გვანცა ერისთავი დავით მეფეს, აღმაშენებელს. "მათ ნაცვლად ჩვენ წარმოგვგზავნა არსთაგანმრიგემ, გვანცა", - პასუხობს მეფე და განაგრძობს: "ჩვენც აგრეთვე წავალთ და სხვანი შეგვცვლიან. ისე, როგორც ავშანის არც ერთი მარცვალი არ დაუკარგავს დედამიწას, ისე შემოინახავს ჟამი მომავალი ჩვენს სიყვარულსა და ჩვენს საქმეს... თუნდაც ეს საყდარი... მამაჩემისგან მაქვს განაგონი, მურვან ყრუს დაუქცევია იგი, უფალმა ინება და სამიოდე საუკუნის შემდეგ მე წარმაგზავნა გელათის ასაგებად".

კონსტანტინე გამსახურდიას განსაკუთრებით ხიბლავდა დავით აღმაშენებლის სახე. დედას, ფეხშიშველს, დაჰყავდა გელათში და პატარა კონსტანტინეც აღტაცებით შესცქეროდა ფრესკაზე გამოსახულ "დავითის დიდრონ, ცისფერ თვალებს, ნიკაპთან ოდნავ გაჟღალებულ წვერს, ალმასებით მოოჭვილ გვირგვინს, კეისრულ წითელ წაღებსა და ომახიან ფიგურას". როდესაც "ქართლის ცხოვრებაში" მისი სიკვდილის ამბავი წაიკითხა, მწარედ იტირა...

ცხოვრებაში ერთადერთხელ - წიგნში წაკითხულის გამო. წლების განმავლობაში ადარებდა იმპერატორებსა და კეისრებს, ხალიფებსა და მეფეებს და უფრო უძლიერდებოდა მისდამი სიყვარული და პატივისცემა... 25 წელიწადი მოანდომა კონსტანტინე გამსახურდიამ ტეტრალოგიის დაწერასა და გამოცემას, მეოთხედი საუკუნე დასჭირდა ქართველი ხალხის ცხოვრების მატიანის უმნიშვნელოვანესი ეპოქისა და საქართველოს გამაერთიანებელი და კულტურული ცხოვრების ამღორძინებელი მეფის "გაცოცხლებას". ამ ტეტრალოგიისთვის მწერალს შოთა რუსთაველის პრემია მიანიჭეს.

მალე "პალიტრის" მედიასახლი ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელის" გამოცემას იწყებს. 8 ნაწილად დაყოფილ ტეტრალოგიას მკითხველი "ისტორიანის" ყოველ ნომერთან ერთად შეიძენს. წიგნის ფასი 3 ლარი იქნება.

ამბობენ, "დავით აღმაშენებელი" "მეტისმეტად ქართული" რომანიაო, ან იქნებ რომანზე მეტიცაა ქართველისთვის. მწერალი თამაშითა და ბრძოლით წერდა თავისი გმირების თამაშისა და ბრძოლის ამბავს. ბრძოლა და თამაში კონსტანტინე გამსახურდიას არც ცხოვრებაში დაჰკლებია. ჩოხაში გამოწყობილი, მუდამ წელგამართული, ამაყი მზერითა და ღირსებით სავსე დააბიჯებდა ყოფილ გოლოვინის პროსპექტზე, რომელსაც რუსთაველის სახელი მისი ინიციატივით უწოდეს. უმძიმეს  XX საუკუნეში, საბჭოთა ეპოქაში მოღვაწეობდა.

რამდენჯერმე დააპატიმრეს, მწერალთა ფედერაციიდანაც გარიცხეს, როგორც რეაქციონერი, შოვინისტი და ანტისაბჭოთა მწერალი... ერთ-ერთ თავყრილობაზე მწერლებისთვის ქართული ლეგენდა უამბნია: ერთხელ ლომს ბოკვერი დაეკარგა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ერთი გლახის სახლში იპოვა. ჰკითხა: შვილო, რამ დაგაჩიავა ასე, შენ ლომის ბოკვერი ხარ თუ კატაო? - ლომის ბოკვერი ვიყავი, მაგრამ დაჩიავებულმა ადამიანებმა დამაჩიავესო, - უპასუხა შვილმა. გამსახურდიას დაუყოლებია: ვამტკიცებ, დიდი ადამიანებისგან მოცემული იდეები ისევე ჩიავდება საცოდავი ადამიანების ხელში, როგორც ლომის ბოკვერი დაჩიავდაო...

ამ ამბის შემდეგ კიდევ დიდხანს იცოცხლა მწერალმა, მაგრამ ვერც ეპოქამ და ვერც პირადმა ტრაგედიამ ვერ გატეხა - ლომის ბოკვერი კატად ვერ აქცია!.. მიუხედავად გრიგოლ რობაქიძესთან არცთუ კარგი ურთიერთობისა, სამშობლოს მონატრებული დიდი მწერლის უკანასკნელი ნატვრა - გარდაცვალების შემდეგ ყოველ წელიწადს მის დაბადების დღეს მცხეთაში სანთელი დაენთოთ და ელოცათ მისთვის, პირველმა სწორედ გამსახურდიამ აასრულა: როდესაც საქართველოში გრიგოლ რობაქიძის გარდაცვალების ამბავი ჩამოიტანეს, კონსტანტინე გამსახურდიამ სვეტიცხოვლის ტაძარში განსვენებულისთვის პანაშვიდის გადახდა განიზრახა. თითქმის ყველა ქართველი მწერალი და გამოჩენილი პიროვნება მოიწვია, სასულიერო პირსაც შეუთანხმდა, მაგრამ...

პანაშვიდს მხოლოდ ორი ადამიანი დაესწრო - მღვდელი და თავად კონსტანტინე გამსახურდია - ვერავინ გაბედა მისვლა. გამსახურდიამ  გრიგოლ რობაქიძის პიესების სცენაზე აღდგენაც მოითხოვა!.. იმასაც ბედავდა, რომ კომუნისტების საზეიმო დღეს, 7 ნოემბერს შავი ჩოხით დადიოდა და ლობიოს ახარშვინებდა მეუღლეს, მირანდა გამსახურდია-ფალავანდიშვილს გლოვის ნიშნად.

ისიც ხომ ნიჭია, ცოცხალი გადარჩე, როდესაც რაღაც გაქვს სათქმელი, როდესაც განსაკუთრებული მოვალეობა გაკისრია!.. აკაკი ბაქრაძე გამსახურდიას იმ ადამიანს ამსგავსებს, შინ რომ პური მიაქვს, უკან კი ქოფაკი მისდევს, ამიტომ იძულებულია, დროდადრო ნაგაზს პურის ნატეხი გადაუგდოს. ასე უყრიდა საბჭოთა ხელისუფლებას "ბელადს", "ვაზის ყვავილობას", ნარკვევებს, რათა დაწერილიყო "დიონისოს ღიმილი", "მთვარის მოტაცება", "დიდოსტატის მარჯვენა", "დავით აღმაშენებელი". ამბობდა: "მესმის, როგორ სუნთქავენ, ლაპარაკობენ და მოძრაობენ ჩემი გმირები ჩემში და განვიცდი უმძიმეს ორსულობას შემოქმედებისას...

ვზივარ და მაინც ვწერ. ჩემი სული ჩემს სხეულზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა". ზაფხულობით, პაპანაქება სიცხეში წელგამართული იჯდა თავის კაბინეტში და წერდა. მაგიდა დაფარული იყო ქაღალდებით. უცნაური ფერის ავტოკალამი ჰქონდა, "გენერალს" ეძახდა. როდესაც საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურს მისი ვაჟი - ზვიად გამსახურდია დაუპატიმრებია, "გენერალიც" წაუღიათ და შემდეგ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნადავლის კოლექციაში აღმოჩნდა...

საბჭოთა ლიტერატურის კრიტიკოსი ბესარიონ ჟღენტი ხშირად დადებითად აფასებდა მის შემოქმედებას, მაგრამ რატომღაც ერთ კვირაში ცვლიდა ხოლმე თავის პოზიციას და ამას ყოველთვის ცენტრალურ კომიტეტს ატყობინებდა. ერთ-ერთ სხდომაზე კონსტანტინეს ჟღენტისთვის უთქვამს: ბესო, შენ ჩვენი უნივერმაღის კარივით ხარ - საითაც ხელს კრავენ, იქით შეიღებაო... თვითონ კი ორჭოფობა არ სჩვეოდა - ყოველთვის იმას ამბობდა, რასაც სინდისი კარნახობდა:

ყველაფერი, რაც შემიქმნია ჩვენი ერის წარსულის სადიდებლად, განკუთვნილია ჩემი ხალხის დღევანდელი დღისა და მისი მომავლისათვის, რომლის მედაფედ და მეაბჯრედ მომაქვს კიდევაც ჩემი თავიო. თავის უსაყვარლეს  გმირს, დავით აღმაშენებელსაც იმავეს ათქმევინებს: "ამ სოფლად მოსვლას რა ფასი აქვს, თუ იგი ისეთივე დასტოვე კაცმა, როგორიც შენამდე ყოფილა"!

ირმა ხარშილაძე