"ბატონ ბიძინა ივანიშვილს რუსეთიდან ვიცნობდი და საქართველოში რომ წავიდა, ვუთხარი..."
"ბატონ ბიძინა ივანიშვილს რუსეთიდან ვიცნობდი და საქართველოში რომ წავიდა, ვუთხარი..."
"ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა ჩამიშვა ხელისუფლებასთან, ამ კაცს დიდი ფული აქვსო მოვიდა "სუსი", დამაპატიმრეს 2011 წელს"

რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, ქართული დიასპორის წარმომადგენელმა ილია ძოწენიძემ სრულად შეცვალა ხელვაჩაურის სოფელ თხილნარში, ფუტკარაძეების ცხოვრება. შეგახსენებთ, ერთი წლის წინ სახელმწიფომ მათი სახლიდან 9 ბავშვი მინდობით აღზრდაში საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობის გამო გადაიყვანა. მას მერე მშობლები შვილების დაბრუნებას მთელი წელი უშედეგოდ ითხოვდნენ. ამ საქმეში უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩაერთო, ფაქტის გამო ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და ინფორმაცია სოციალური
ქსელითაც გაასაჯაროვა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. "პეტერბურგიდან დამიკავშირდა ჩვენი თანამემამულე, ბატონი ილია ძოწენიძე და მთხოვა, საჯაროდ განმეცხადებინა, რომ მას სურვილი აქვს, კომპლექსური დახმარება აღმოუჩინოს ფუტკარაძეების მრავალშვილიან ოჯახს, რაც გამოიხატება როგორც ფინანსურ დახმარებაში, ასევე სათანადო პირობების შექმნაში, რომ ეს ოჯახი დაკავდეს აგრარულ-სამეურნეო საქმიანობით, ბავშვებმა მიიღონ სათანადო
განათლება, ოჯახი აღიჭურვოს სოფტექნიკით, საკუთრებაში გადაეცეთ ფერმერული საქმიანობისთვის საკმარისი მიწის დიდი ფართობი, უზრუნველყოფილნი იყვნენ ჯანმრთელობის დაცვის პრემიალური პაკეტით და ყველა იმ სერვისით, რაც ამ ოჯახის განვითარებას და მდგრადობას შეუწყობს ხელს! ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ქართველები!" - წერდა დიმიტრი ლორთქიფანიძე. მართლაც, ისე სწრაფად მოგვარდა ეს ყველაფერი, რომ რამდენიმე დღეში მშობლებს შვილები დაუბრუნდათ.

ბიზნესმენმა ილია ძოწენიძემ მიცემული პირობა შეასრულა, ოჯახს შუა გზაში მიტოვებული სახლის რემონტი დაასრულებინა, საოჯახო ნივთები და ტექნიკა შეუძინა, 7 სული საქონელი, ასევე სასოფლო ინვენტარი, ტრაქტორი და ოჯახისთვის საჭირო კიდევ ბევრი ნივთი შეუძინა, ავტომობილიც კი აჩუქა და მისი წყალობით ოჯახმა ახალი ცხოვრება დაიწყო. ამ დღეებში ისიც გაირკვა, რომ ბიზნესმენი ასევე დაეხმარა მარტოხელა დედას, ნანა შარაშენიძეს, მასაც პირობების არარსებობის გამო შვილი ჩამოართვეს და მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს (გადმოურიცხა 6.000 ლარი, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინოს). ამ დღეებში ნანასაც დაუბრუნდება თავისი პატარა.
ჟურნალი "გზა" რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენს ესაუბრა:

- არ მიყვარს ჩემი საქმეების აფიშირება. ყოველთვის ვცდილობ, სიკეთე ჩუმად ვაკეთო. ასე ვცხოვრობ, მაგრამ ეს ბოლო ფაქტი ბატონმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაასაჯაროვა, ჩემი ტელეფონის ნომერიც კი დადო სოციალურ ქსელში და მას მერე ბევრი ადამიანი მირეკავს, დახმარებას მთხოვს. ფუტკარაძეების ოჯახის ამბავმა გამაოგნა. 9 შვილი წაართვა სახელმწიფომ მშობლებს. არ ვიცი, ამის გაკეთება ვის მოუვიდა აზრად. ბევრი რთული დღე მაქვს გამოვლილი და ისეთი სიმწარე - ნანახი, არ შემეძლო გულგრილი ვყოფილიყავი ამ ოჯახის მიმართ. მაშინვე გადავუგზავნე თანხის ნაწილი, დრო რომ არ დაკარგულიყო, დახმარებოდნენ, დაწყებულიყო სახლში სამუშაოები და როგორმე დაებრუნებინათ ბავშვები. საცოდავი ქალი, მადონა რომ მელაპარაკა, მოთქვამდა. თუ შეგიძლია, დამეხმარე, პატარა დედის გარეშე მოკვდებაო. დავპირდი, - პატარას კი არა, ყველა შვილს დაგიბრუნებთ-მეთქი. მადლობა ღმერთს, ეს შევძელით. ბავშვების დედა თითქმის ყოველ მეორე დღეს მირეკავს და მლოცავს. მჯერა, მის ლოცვას დიდი ძალა აქვს. საქართველოში ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასე უსამართლოდ არავის უნდა მოექცნენ. პირადად მე, მშობლისთვის ბავშვების წართმევას ვერ შევეგუები...
მინდა მთავრობას ვკითხო: საკუთარ დედაზე უკეთესად ვინმე გაზრდის ბავშვს? სირცხვილი არ არის, დედას შვილი წაართვა? ან სხვას რომ აძლევ თითო ბავშვზე ამხელა თანხას, არ ჯობია, ეს თანხა თვითონ ოჯახს მისცე და გააძლიერო?..

- თქვენი ტელეფონის ნომრის გამოქვეყნების შემდეგ, ალბათ გაიზარდა დახმარების მსურველთა რიცხვი. ვიცით, ბევრს უჭირს საქართველოში...
- იმდენი ადამიანი მირეკავს, იმდენი მთხოვს დახმარებას, ლამის გული ცუდად გამიხდეს. ნერვიულობით დიაბეტიც კი დამემართა. როცა საქმე ბავშვს ეხება, განზე გადგომა არ შემიძლია... 30-მდე გულის ოპერაცია მაქვს დაფინანსებული. ზოგს მანქანა ვუყიდე, გარეთ რომ გავიდნენ, იმუშაონ და ლუკმაპური შეიტანონ ოჯახში... 15 წელია ამ რეჟიმით ვცხოვრობ. პოლიტიკაში მოსვლაც კი შემომთავაზეს, კენჭი იყარე და ხმას მოგცემთო, მაგრამ რა მინდა პოლიტიკაში? სიკეთეს იმისთვის არ ვაკეთებ, რომ სამაგიეროდ თანამდებობა მივიღო.

- როდის წახვედით საქართველოდან და რა ბიზნესი გაქვთ რუსეთში?
- 1988 წლიდან ჩაის ბიზნესი მქონდა, საქართველოდან ტრაილერებით გამქონდა ყაზახეთსა და რუსეთში. როცა ყველაფრის დეფიციტი იყო, მაშინაც მქონდა იმდენი საშუალება, რომ ხალხს დავხმარებოდი. მერე ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი, ზვიად გამსახურდიას დიდ პატივს ვცემდი. ქუთაისელი კაცი ვარ. საინტერესო ის არის, რომ ჩემი სურვილით არ წამოვსულვარ რუსეთში. 90-იან წლებში ედუარდ შევარდნაძემ, მისმა დაქირავებულმა თენგიზ კიტოვანმა, ჯაბა იოსელიანმა გამომაძევეს ქვეყნიდან. მითხრეს, 5 წელი საქართველოში ფეხი არ დაადგაო.

- რატომ გამოგაძევეს?
- როცა საქართველოში შევარდნაძე ჩამოვიდა, პარლამენტის შენობის დანგრევა და სამოქალაქო ომი მოხდა, მაშინ მე ჩემებურად გავაპროტესტე ეს ფაქტი. 200 კაცი შევკრიბე და აქცია ჩავატარეთ იმ ადგილას, სადაც შევარდნაძეს უნდა ჩაევლო. მას უკან მიჰყვებოდა თენგიზ კიტოვანი. მივაძახე, - არ გრცხვენია? ვის გვერდში ხარ? დიდი დრო არ დასჭირდება, თქვენ საქართველოს დაშლით-მეთქი. ეს როგორც კი ვუთხარი, ვიღაცებმა უკნიდან ხელი მომკიდეს და წამათრიეს სადღაც. 4-5 საათის შემდეგ, უკვე საღამოს სახლში მიმიყვანეს, პასპორტი ამაღებინეს (იარაღი ჰქონდათ და მაიძულეს ასე მოქცევა), აეროპორტში წამიყვანეს, ჩამსვეს თვითმფრინავში და ქვეყანა დამატოვებინეს. იქვე განმიმარტეს, ხუთი წლით მიდიხარ, არავინ არაფერი უნდა გაიგოსო.
დიმიტრი ლორთქიფანიძე და ილია ძოწენიძე
- კონკრეტულად კიტოვანის დავალებით გაგაძევეს ქვეყნიდან?
- კიტოვანი მიცნობდა და იცოდა, რომ ზვიად გამსახურდიას გვერდით ვიყავი. 4 ახალგაზრდა ალბათ, მისი დავალებით მოვიდა ჩემთან, გამიკოჭეს ხელები, პირი ამიკრეს და დაბმული დავყავდი ის დღე. საჭმელს რომ მაჭმევდნენ, მხოლოდ მაშინ მიხსნიდნენ ხელებს...
წლების მანძილზე გული მტკიოდა, როცა ვხედავდი, ჩემი ქვეყანა იღუპებოდა. ამ დროს დაიწყო აფხაზეთის ომიც. ჩემს თავს გადახდენილი ამბები დეტალურად აღნუსხული მაქვს ჟურნალში, საოცარი ტკივილი და ბრძოლა მაქვს გამოვლილი. იქაც ვერ ვისვენებდი, რუსეთიდან ყველას, ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, ვურეკავდი და ვეუბნებოდი, შევარდნაძე საქართველოს დაღუპავს-მეთქი. ომი რომ დაიწყო, ვერ მოვითმინე, 4 ვაგონი დავტვირთე აუცილებელი პროდუქტებით (კარტოფილი, კომბოსტო, ზეთი და ა.შ.) და შემოვიტანე საქართველოში. მინდოდა აფხაზეთის მოსახლეობისთვის, ადგილობრივი ხალხისთვის და ჯარისკაცებისთვის მიმეწოდებინა ეს დახმარება, ზუგდიდამდე ჩავიტანე, მაგრამ ზუგდიდში დამაკავეს. წამიყვანეს ტყეში. მახსოვს, ვიცე-პოლკოვნიკი იყო ვინმე ლომინაშვილი, იმის მეთაურობით გამიტაცეს. რაც მიმქონდა, ყველაფერი წამართვეს და ზუსტად ერთი კვირით ვიღაცის სახლში გამომკეტეს. ამის შემდეგ ჩამსვეს მანქანაში და ჩამომიყვანეს ქუთაისში. მაშინ ნიკეას ქუჩაზე, მეხუთე სართულზე ვცხოვრობდი. დილის 6 საათზე გადაკეტეს სადარბაზო ავტომატიანებმა. ერთი შვილი მყავდა მაშინ, ჩემს ვაჟს სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა... მოკლედ, ბევრი ტკივილი მომაყენეს მაშინ. ვინ იცის, წლების მანძილზე რამდენჯერ დაგვაყაჩაღეს, ჩემს შვილზე დაიწყეს ზეგავლენის მოხდენა და იცით, რატომ? აფხაზეთში ხალხის დახმარება რომ მინდოდა, ამიტომ. თუ ფული გაქვს, ჩვენთან უნდა მოიტანოო. დიდი ფული წამართვეს, გამანადგურეს, ოჯახი დამინგრიეს, შვილი გამინადგურეს...

- ფული "მხედრიონმა" წაგართვათ?
- მაშინ ეგენი ბობოქრობდნენ. მე რომ რუსეთში ვიყავი, ჩემი ცოლ-შვილი საქართველოში იყო. ოჯახს სულ მიწიოკებდნენ, ფულს გვძალავდნენ. საშინელი წლები გამოვიარე, ამის გახსენებაც არ მინდა, მტერსაც არ ვუსურვებ იმ ყველაფრის გადატანას.

- შვილი გამინადგურესო, თქვით. რა იგულისხმეთ?
- დღეს ჩემი შვილი 47 წლის არის და მავანთა "დამსახურებით", წამალდამოკიდებულია, ვერ შევძელი მისი ამ სენისგან განკურნება. ახლა ზის ციხეში ჩადენილი დანაშაულისთვის. ბევრი ვიბრძოლე, რომ სწორ გზაზე დამეყენებინა, მაგრამ ვეღარ ავიტანე მერე ის, რასაც შვილი მიკეთებდა და მასთან ურთიერთობა საერთოდ გავწყვიტე. მძიმეა, მაგრამ უარი ვთქვი შვილზე.

- რუსეთში როგორ ააწყვეთ ბიზნესი?
- 2002 წელს "გაზპრომში" დავიწყე მუშაობა. მოსკოველმა კაცმა შემომთავაზა სამსახური. თუ შეგიძლია ამ საქმის გაკეთება, წამოდი ჩემთან, პატიოსანი კაცი ხარო. არ შეგარცხვენ-მეთქი და დავთანხმდი. სინდისიერად ვემსახურე. გენერალურ დირექტორად ვიმუშავე 14 წელი. ახლა პენსიაზე ვარ, მაგრამ მაინც არ მიშვებენ სახლში... საკუთარ საქმეებზე საუბარი გამომდის ახლა, არადა, ამას არ ვაპირებდი... ბატონ ბიძინა ივანიშვილს რუსეთიდან ვიცნობდი და საქართველოში რომ წავიდა, ვუთხარი: თუ გინდა, სახელმწიფომ იარსებოს, ჩინოვნიკები და პარლამენტარები არ უნდა იყვნენ ბიზნესში-მეთქი. დღეს რა ხდება ქვეყანაში? პარლამენტარებს და ჩინოვნიკებს მარტო ფული აინტერესებთ, ასე კი ქვეყანა არ აეწყობა. ხელისუფლებას ხალხთან დიალოგი არ აქვს, ეს როგორ შეიძლება? ადამიანი ადამიანად რომ არ ითვლება, ამაზე მწყდება გული.

- საქართველოში სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაბრუნდით? მათ არ მოუთხოვიათ ფული თქვენთვის?
- კი, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დავბრუნდი, მაშინ მომცეს ორმაგი მოქალაქეობა. ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა ჩამიშვა ხელისუფლებასთან, ამ კაცს დიდი ფული აქვსო. მოვიდა "სუსი", დამაპატიმრეს 2011 წელს, 3 საათით. თანამშრომლებს ნიღბები ეკეთათ. მითხრეს, რომ ხელისუფლების დავალება იყო და 200.000 დოლარს ითხოვდნენ ჩემგან. ამ თანხას გადაიხდი და ხელს არავინ გახლებსო. წინააღმდეგობა არ გამიწევია. ვუთხარი, ხვალვე გადავიხდი ამ თანხას-მეთქი და გამომიშვეს. იმავე დღეს, ღამის 3 საათზე გამოვედი სახლიდან, მეგობარი დამეხმარა და სამაჩაბლოთი წამოვედი რუსეთში ისე, რომ მათთვის ეს თანხა არ გადამიხდია. როცა ამ ფულზე მელაპარაკებოდნენ, გულში ვამბობდი, სიცოცხლეს შევწირავ და ამათ ფულს არ მივცემ-მეთქი. ფულს არაკაცებს აწერენ. არ შევიწერე მე ეს თანხა. მას მერე ვერ ჩამოვდიოდი საქართველოში. არ იცის ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა მე სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლაში დიდი როლი მიმიძღვის. ეს კაცი რომ მოგვეცილებინა, ამისთვის რესურსი არ დამიზოგავს. ხალხი ქუთაისიდან აქციებზე ჩემი სახსრებით ჩამომყავდა.

- საქართველოში ბიზნესი არასოდეს გქონიათ?

- არ მაქვს არანაირი ბიზნესი საქართველოში. ერთხელ ჩამოვიტანე 8 ვაგონი პურის ფქვილი, რათა გაჭირვებულებისთვის დამერიგებინა. უკრაინაში მქონდა დიდი წისქვილკომბინატი. პირველი სამი ვაგონი რომ ჩამოვიტანე, დამესივნენ. აღმოჩნდა, რომ ვისი ბიზნესიც იყო, მათ დიდი გავლენები ჰქონდათ და როგორ გაბედე ამ ბიზნესში ჩარევაო? ვუხსნიდი, რომ ხალხისთვის უფასოდ დარიგება მინდოდა, მაგრამ მივხვდი, ამათთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. არადა, შემეძლო, ყოველ წელს 3-4 ვაგონი ფქვილი მეჩუქებინა ხალხისთვის, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს. კუდებიც კი მოაბეს, - დეპუტატობა ან ჩინოვნიკობა უნდაო, არადა, აზრად არ მომსვლია ასეთი რამ. საქართველოში რამე რომ დავიწყო, დამიკარგავენ ჩემს სახელს და ტალახს მესვრიან, მე კი ამაზე ნამდვილად არ ვოცნებობ. ჩემს ქვეყანაში მხოლოდ სტუმრად და დასასვენებლად ჩამოვდივარ. ხალხის დახმარება ბედნიერებას მანიჭებს, ამით ვცხოვრობ.

- ამბობენ, რომ ახალგაზრდა პოეტს მანქანა აჩუქეთ...
- კახეთში სუფრასთან მოვხვდი, სადაც ახალგაზრდა პოეტმა გულით წაიკითხა ძალიან მაგარი ლექსი. ვკითხე, რა გვარის კაცი ხარ-მეთქი? - ტიგინაშვილი ვარო. - მანქანა თუ გყავს-მეთქი? - შენ ახლა ნუ მაგლახავებო, - იუკადრისა. მეზობელს დავურეკე თბილისში და იმ ლექსის გამო, ამ პოეტს ჯიპი ვუყიდე. გასაღები რომ გადავეცი, მაშინაც არ სჯეროდა. მიყვარს გულიანი ადამიანები. მინდა ქართველებმა შემოინახონ ჩვენი რელიგია, ადათ-წესები, მე კი როგორც შემეძლება, ისე დავეხმარები ჩემს ხალხს.

- თქვენს ოჯახურ მდგომარეობაზეც გვიამბეთ...
- პირველი ქორწინებიდან მყავს ერთი ვაჟი და მის შესახებ უკვე მოგიყევით... მეორე მეუღლესთან მყავს 4 წლის ბიჭი, ჩემი მოსახელე ილია. ამ მეუღლესთან ახლა სასამართლო დავა მაქვს, განქორწინებას ვითხოვ. ის პედაგოგია, ყველანაირი პირობებით უზრუნველყოფილი... იცით, დავაკვირდი და როცა ადამიანს არ აქვს ფული, ძალიან ტკბილია, აზრიანია მასთან ურთიერთობა, მაგრამ როგორც კი ფული გაუჩნდება, მერე რატომღაც, ეს ხალხი აფთრად იქცევა, მათ ვეღარ ვცნობ. არ მინდა დეტალებზე საუბარი, მაგრამ ჩვენი საქმე განქორწინებამდე მივიდა, სამწუხაროდ.

- დაბოლოს, რამე ხომ არ გაქვთ სათქმელი?
- მინდა, მშვიდობიანი დღეები გაუთენდეთ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს. მალე ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და აუცილებლად გავიცნობ ფუტკარაძეების ოჯახს. მიხარია, რომ ისინი ერთად და ბედნიერები არიან.

თეა ხურცილავა


ლია
07 ოქტომბერი 2020 10:47
წარმატებები დ ღვთის წყალობა თქვენ , იქნებ მეც დამეხმაროთ
ნინო
22 სექტემბერი 2020 12:29
ღვთის მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ!!!
22 სექტემბერი 2020 09:40
ღმერთმა გაახაროს, დალოცოს და უმრავლოს ასეთი ქართველები ჩვენს სამშობლოს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები