"ჩვენ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ შვედური მოდელით" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ შვედური მოდელით"

ალერგოლოგ- იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ინტერვიუ ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასებით დავიწყეთ.

- ჩვენ ვუახლოვდებით იმ ზღურბლს, რომ მწვანე ზონის სტატუსი დავკარგოთ. ეს ნიშნავს, რომ ბევრი მექანიზმი უნდა ამუშავდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ არის კატასტროფის მომასწავებელი, თუმცა ძალიან საყურადღებო სიტუაციაა. ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლისთვის აქვს A, B და C გეგმები და მაქსიმალური მობილიზების პირობებში, როგორც ჯანდაცვის სისტემის მესვეურები ამბობენ, შეუძლიათ 10 000-დან 12 000 საწოლამდე გამოყონ. ქვეყანამ თავის გეგმებში შეიტანა ცვლილება, რომ მსუბუქ და ასიმპტომურ შემთხვევებს, ძირითადად, საკარანტინო სივრცეში, ექიმების მეთვალყურეობით უმკურნალებენ, რაც მისასალმებელია.

ამ ცვლილების გათვალისწინებით 10 000 საწოლის მობილიზება რომ დასჭირდეთ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა იყოს 150 000 ავადმყოფი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ არ ველოდებით კოლაფსს ვაქცინის შექმნამდე, მით უფრო, რომ ბიოტექნოლოგიური მეცნიერებები აჩქარებულია და ვაქცინას ელოდებიან ამ წლის ბოლოს, ან გაზაფხულზე.

ასეთ სიტუაციაში შემაკავებელი ფაქტორი არის ადამიანების მაღალი თვითშეგნება, სოციალური დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება. თუ ჩვენ სახელმწიფოს ამაში დავეხმარებით, არავითარი წითელი ზღვარი თუ გაწითლება ქვეყანას არ ელოდება, ყვითელში კი, ალბათ, გადავალთ, რადგან იქამდე ერთი ნაბიჯი გვაქვს დარჩენილი.

აჭარაში აღმოჩენილი შემთხვევების რაოდენობით ეს რეგიონი სტატისტიკურად უკვე წითელ ზონას შეესაბამება, თუმცა იქაც არ არის ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი და ვითარებას მეტ-ნაკლებად უმკლავდებიან. სწორედ ამიტომ, ჯერჯერობით ქვეყანა, ალბათ, განსაკუთრებულ შეზღუდვებს არ დააწესებს, მაგრამ თუ ვითარება გართულდება, სავარაუდოდ, მოგვიწევს უკან დაბრუნება. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ.

- სკოლებში რა ვითარება იქნება, თუ 1-ლი ოქტომბრიდან სწავლა დაიწყო? - რისკი იზრდება, მაგრამ აქ მეორეული პრობლემები - განათლების დონის დაქვეითებისა და ჩამორჩენის საფრთხე იჩენს თავს. ისედაც არ გვაქვს მსოფლიო მასშტაბით სახარბიელო მონაცემები, ამიტომ ეს ალბათ, კატასტროფის ტოლფასი იქნება. ჯერჯერობით, ალბათ, სახელმწიფო დაელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომი 20 დღის განმავლობაში.

ყოველდღიურად დაავადების 100 შემთხვევის პირობებშიც კი, ვფიქრობ, სკოლების გახსნას შევძლებთ, თუმცა ბევრი ევროპული ქვეყანა ადაპტირდა და ადრე აუნთო მწვანე შუქი შერეული მეთოდებით სწავლების სისტემას, რადგან მათ იციან, რომ დისტანციური მეთოდით წერა-კითხვის სწავლა არ გამოდის. ძირითადი უნარები დაწყებით კლასებში უნდა ჩამოყალიბდეს, პედაგოგისა და ბავშვის ურთიერთობით, ამიტომ ალბათ შეთანხმდებიან, რომ დაწყებით კლასებში ოქტომბრიდან დასწრებული სწავლა დაიწყოს, ზედა კლასების მოსწავლეების უმრავლესობა კი, რა დასამალია, ისედაც რეპეტიტორებთან დადის და მათთვის დისტანციური ან შერეული სწავლება უფრო მოსახერხებელია.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახლაც გადაჭედილია და, ცხადია, სწავლის დაწყების შემდეგ უარესი მოხდება. შესაძლოა, ეს შემთხვევების მატების პირდაპირპროპორციული იყოს? - რა ვქნათ, იქნება და იყოს! თუ ჩვენ გვაქვს ჰოსპიტალიზებული პაციენტების კარგად მოვლის შესაძლებლობა და ყოველდღიურად დაავადებულთა რაოდენობა 100-150 კაცს არ გასცდება, ეს ტრაგედია არ უნდა იყოს. რა ვქნათ, ეს ინფექციაა, საკაცობრიო მოვლენა, რომელსაც მსოფლიო უმკლავდება. ყველა ქვეყანამ გაიარა რაღაც გზა. ზოგმა უფრო წარმატებით, ზოგმა - ნაკლებად. ჩვენც, ღვთის წყალობით, ჯერჯერობით წარმატებული გზით მივდივართ და იმედია, ამასობაში ვაქცინაც წამოგვეწევა. ევროპული ქვეყნების მოწოდება იყო, რომ ახალგაზრდებს სადაც შეუძლიათ, იარონ ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ასაკოვან ადამიანებს დაუთმონ. ასეთი მოწოდებები აუცილებელია. ადამიანებს თვითშეგნება უნდა ავუმაღლოთ.

- კარგი იქნებოდა, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებს დისტანციურად და ოფისებში მონაცვლეობით ემუშავათ... - რა თქმა უნდა. ყველა სამსახურის მენეჯმენტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი. ჩვენ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ შვედური მოდელით. იქ ყველაფერი დაკეტილი არ ყოფილა, არც საზოგადოებრივი აქტიურობა შეუზღუდავთ სრულად, თუმცა იყო პირბადეც და დისტანციაც. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, რათა ეკონომიკური კოლაფსი არ გავაღრმაოთ.

ყველაფერს ვერ დავკეტავთ, ბიუჯეტს შემოსავალი სჭირდება. რესტორნებმაც უნდა იმუშაოს, ოღონდ ყველა რესტორნის მესაკუთრემ უნდა დაიცვას წესები - მისი ინტერესის საგანიც ხომ გახლავთ, რომ მისი დაწესებულება არ დაიხუროს! თუ შესაბამისად არ მოიქცევა, უპირველესად, მისი ბიზნესი დაზიანდება და ეს ყველას უნდა ესმოდეს!..

- ვაქცინებთან დაკავშირებით რა სიახლეებია?

- ჯანმომ გამოაცხადა, რომ 185 ვაქცინაა შექმნილი. აქედან 35-ის კვლევა დაიწყეს ადამიანებზე. მესამე ეტაპს 4-5 ვაქცინა გადის. ერთ-ერთი იყო "ასტრა ზენკას" ვაქცინა, რომელიც შეჩერდა. ასევე არის "მოდერნას" (აშშ), "ფაიზერის" (აშშ), გერმანული, ჩინური, რუსული ვაქცინები. ჟურნალმა "ლანცეტმა" დაბეჭდა ვაქცინის პირველი-მეორე ფაზის კვლევა, თუმცა მხოლოდ 76 ადამიანზე, სადაც დაასაბუთეს, რომ იმუნიტეტის გამომუშავება რუსულ ვაქცინასაც შეუძლია. "ასტრა ზენეკას" ვაქცინის გამოცდისას თავი იჩინა ნევროლოგიურმა გართულებამ - ზურგის ტვინის ანთება განუვითარდა მოხალისეს და დამოუკიდებელმა საექსპერტო ჯგუფმა კვლევა შეაჩერა მანამდე, სანამ არ დაასკვნიან, ეს შეიძლება ადამიანს დაემართოს ყოველგვარი ვაქცინის გარეშეც, თუ მომხდარი ვაქცინასთან არის დაკავშირებული. მესამე ფაზა სწორედ ვაქცინის უსაფრთხოებას ემსახურება. "მოდერნას" და "ფაიზერის" კვლევა დაჩქარებულად მიმდინარეობს. დიდი დაფინანსება მიიღეს აშშ-ის ბიუჯეტიდან, ერთმა - მილიარდ-ნახევარი, მეორემ - მილიარდ 600 მილიონი დოლარი. ოქტომბრის ბოლოს უკვე უნდა გვქონდეს პირველადი შედეგები. ამის მერე რჩება აღიარების ფაზა, რომელსაც გასცემენ აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტო და ევროპის მედიკამენტების სააგენტო. თუ ეს ორი ორგანიზაცია იტყვის, რომ მესამე ფაზის გამოკვლევები არის სწორი, პატიოსნად შესრულებული და უსაფრთხოებაც დაცულია, დაიწყება ვაქცინის ქარხნული წარმოება.

იხილეთ ასევე: "ეს შემოდგომა იქნება საზოგადოებისა და სამედიცინო სფეროს სერიოზული გამოცდა" - დაბრუნდება თუ არა მკაცრი კარანტინი?!