"შევარდნაძემ ეს სიტყვა კარგად გამოიყენა..." - ხევსურეთის გადასარჩენად ამოქმედებული "ექსპერიმენტული" პროექტი - კვირის პალიტრა

"შევარდნაძემ ეს სიტყვა კარგად გამოიყენა..." - ხევსურეთის გადასარჩენად ამოქმედებული "ექსპერიმენტული" პროექტი

"სახლები იქაური ადათ-წესების დაცვით, როგორც ოდითგანვე სახლდებოდნენ ხევსურები ერთმანეთის დასაცავად, ახლო-ახლო დავდგით. ყველა სახლში სამი და ერთიც სამეურნეო ოთახი იყო, უკან კი დიდი სადგომი პირუტყვისთვის, რომელიც ხევსურების თავის რჩენის მთავარი წყაროა. გასახლებულთაგან არაერთი ხევსური დაბრუნდა სამუდამოდ დასასახლებლად"

არასოდეს დაიბადება თაობა, თავის ქვეყანას რაიმე კარგი რომ არ დაუტოვოს. სწორედ ასეთ თაობას მიეკუთვნებიან საბჭოთა ეპოქის ქართველი არქიტექტორები, რომელთაც ქვეყნისთვის დიდი საქმე უხმაუროდ და ბრწყინვალედ გააკეთეს. თუმცა ყველაფერს თავიდან მოვყვეთ: გასული საუკუნის 80-იან წლებში არქიტექტორი ირაკლი მარგიშვილი ხელისუფლებამ დაიბარა და ხევსურეთის სამი სოფლისთვის (გუდანი, ხახმატი, შატილი) სამშენებლო პროექტის მომზადება და ამ საქმისთვის არქიტექტორთა ჯგუფის შექმნა დაავალა. ეს გასაკვირი ალბათ არც იქნებოდა, რომ არა მძიმე საბჭოთა ისტორია - 50-იან წლებში მთელი ხევსურეთი აყარეს და ბარში ვითომ მესაქონლეობის განვითარებისთვის გადაასახლეს. ამასობაში, მშენებლობის მიზანი იმდენად საფრთხილო და საშიში აღმოჩნდა, რომ არქიტექტორი შეფიქრიანდა - თურმე კრემლს ჩრდილოკავკასიელები ეახლნენ და დაცარიელებული პირიქითა ხევსურეთის საძოვრებად გადაცემა სთხოვეს. საბჭოთა ხელისუფლებას ეს აზრი მოეწონა, მაგრამ საქართველოს მაშინდელმა პირველმა ხელისუფალმა, ედუარდ შევარდნაძემ, "მიამიტურად" სწორედ იმ "საძოვრებზე" წამოიწყო სასწრაფოდ მშენებლობა და განაცხადა, აქ ექსპერიმენტულ სოფლებს ვაშენებ და შედეგის მიხედვით ვიმსჯელებთ, ახალ საბჭოთა ეპოქაში მთა როგორ გამოვიყენოთ უკეთესადო. ერთი სიტყვით, არქიტექტორმა შეკრიბა სანდო ჯგუფი და საქმის ვითარება გააცნო, თუმცა ჯერ არ იცოდნენ, რას მოიმოქმედებდა მოსკოვი.

ლილი მჭედლიშვილი, არქიტექტორი: - ამ დავალებას, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ბატონ ირაკლის შემთხვევით არ მისცემდნენ. ის ნიჭიერი და სანდო ადამიანი იყო და სავარაუდოდ, ჯგუფიც სანდოობის მიხედვით შეგვარჩია. იმ სამი სოფლიდან შატილ-გუდანის პროექტს თავად ხელმძღვანელობდა. ამავე ჯგუფში მუშაობდა შესანიშნავი არქიტექტორი დავით მორბედაძე, ხახმატში კი - ვახტანგ დავითაია. სოფლები დაცარიელებული იყო, მხოლოდ შატილში ცხოვრობდა ერთადერთი მოხუცი, რომელიც ნათესავებს არ გაჰყვა, აქ უნდა დავიმარხოო.

- რა გარანტია ჰქონდა შევარდნაძეს, რომ მისი ჩანაფიქრი გაამართლებდა? - შევარდნაძემ სიტყვა "ექსპერიმენტი" კარგად გამოიყენა იმის დასაფიქსირებლად, ხევსურეთში იმდენი ხალხი ცხოვრობს, სახლები სჭირდებათ და რა დროს საძოვრებიაო. შემდეგ კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთა - სწორედ მისი თაოსნობით დაარსდა ხევსურეთის სასაზღვრო სამსახური, სადაც დღეს არაერთი ხევსური ახალგაზრდა მსახურობს.

- ბარის ხევსურები თუ ამოდიოდნენ მშენებლობის სანახავად?

- გზა ძნელად სავალი იყო, მაგრამ მაინც ამოდიოდნენ და უხაროდათ. სახლები იქაური ადათ-წესების დაცვით, როგორც ოდითგანვე სახლდებოდნენ ხევსურები ერთმანეთის დასაცავად, ახლო-ახლო დავდგით. ყველა სახლში სამი და ერთიც სამეურნეო ოთახი იყო, უკან კი დიდი სადგომი პირუტყვისთვის, რომელიც ხევსურების თავის რჩენის მთავარი წყაროა. გასახლებულთაგან არაერთი ხევსური დაბრუნდა ჩვენს აშენებულ სახლებშიD სამუდამოდ დასასახლებლად.

- სამი სოფელი კმაროდა, რომ მოსკოვს განზრახვაზე უარი ეთქვა? - 1985 წელს სოფიაში არქიტექტორთა პირველი საერთაშორისო ბიენალე ჩატარდა, კრემლმა საკონკურსოდ სწორედ ჩვენი პროექტი გაგზავნა და გრან-პრი ავიღეთ. ეს მსოფლიომ გაიგო (სამწუხაროდ, ჩვენ ბიენალეზე ვერ წავედით).

ამ პროექტს იმ ეპოქის წარმატებად ვთვლი. მისი დამსახურებაა, რომ დღეს პირიქითა ხევსურეთში ცხოვრება გრძელდება.