"თუ პასუხისმგებლობას იღებ, რომ მშობელი გახდე, შვილი ადამიანად უნდა გაზარდო და არა აგრესიულ ცხოველად"
"თუ პასუხისმგებლობას იღებ, რომ მშობელი გახდე, შვილი ადამიანად უნდა გაზარდო და არა აგრესიულ ცხოველად"
"ელენიკოს ხშირად ვარიგებ, რომ იყოს კეთილი, თუ დაინახავს, რომ ერთი ბავშვი მეორეს ჩაგრავს, უნდა გამოესარჩლოს და მიუთითოს, რომ ასე არ შეიძლება - ეს ყველაფერი მან უკვე იცის. ამასთანავე, ყველანაირად ვცდილობ, ჩემი შვილი სიყვარულით გავზარდო..."

"ადამიანები მცენარეებივით არიან, თუ კარგად არ უვლიან, კარგად ვერ იზრდებიან" - ამბობდა ფრანგი მწერალი შარლ მონტესკიე... სწორედ ამ მოსაზრებას იზიარებს ჩვენი მშვენიერი სტუმარი - მომღერალი ნინი ბადურაშვილი. ჩვენ მას მრავალ საჭირბოროტო საკითხზე ვესაუბრეთ:

- ნინი, საიდან
მოდის ის აგრესია, რომელსაც დღეს ახალგაზრდებში ვხედავთ?

- დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონია. მოზარდებში დაგროვილი სიძულვილი და აგრესიაც, ალბათ, აქედან მოდის. არ ვიცი, რა ვიფიქრო!
ალბათ, შვილებს ისეთ ყურადღებას­ ვერ ვაქცევთ, რომ ისინი სრულფა­სოვან ადამიანებად აღიზარდონ და გარემო აყალიბებს მათ აგრესიულ ადამიანებად, თორემ
ყველა ბავშვი სუფთა და კარგია. შეიძლება ჭირვეული და ჯიუტი­ იყოს, მაგრამ თუ სწორ მიმართულებას მისცემ, შეუძლებელია, არ შეიცვალოს.

- თქვენი აზრით, როგორი დედები ზრდიან­ მოძალადე შვილებს?
- ბავშვის აღზრდაში დედამ და მამამ­ მონაწილეობა თანაბრად უნდა მიიღონ, მაგრამ თუ ბავშვს მარტოხელა დედა ზრდის, განსაკუთრებით ბიჭს, ე.წ. თინეიჯერობის ასაკში მისი "დაჭერა" შეიძლება გაუჭირდეს. ბევრი მშობელი ემიგრაციაშია და შვილებს მხოლოდ ინტერნეტით ეკონტაქტება. ემიგრანტების შვილები ხშირად ბებია-ბაბუასთან იზრდებიან, რომლებიც ვერ ახერხებენ მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების შემჩნევას.­ ალბათ, ეს არის მთავარი მიზეზები, რის გამოც აგრესიულები ხდებიან. იმის ახსნა, თუ რა არის სწორი და რა - არა, ძალზე მნიშვნელოვანია.

ყველას უნახავს სოციალურ ქსელში, ბავშვები ბედნიერი სახეებით როგორ აწამებენ ცხოველებს. ამგვარი თვისებების აღმოფხვრაზე მშობელმა უნდა იზრუნოს, თორემ ეს ბავშვები გაიზრდებიან და მერე ადამიანის წვალებაზე გადავლენ.
მე ბევრ თინეიჯერთან ვარ ახლოს. ისინი, ძირითადად, ჩემი მეგობრების შვილები არიან და ვიცი - ჩაგვრა ბავშვებს შორის ჩვეულებრივი მოვლენაა.

- მარტოხელა დედები ახსენეთ, თუმცა ჩვენ ვიცნობთ ძალიან კარგ ადამიანებს, რომლებიც მარტოხელა დედებმა აღზარდეს...
- ვგულისხმობდი, რომ ჩვენთან მარტოხელა დედები ჯერ თავის­ გადარჩენაზე­ ფიქრობენ. ბევრი ქალი მთელი დღე ფიზიკურად შრომობს, როდესაც დაღლილ-დაქანცული საღამოს შვილებთან ბრუნდება, არც ენერგია აქვს და არც - ნერვები, რომ მათ ესაუბროს, ბავშვებთან მეტი დრო გაატარონ.
ბევრ ქალს ვიცნობ, რომელიც ემიგრაციაშია, დღედაღამ­ შრომობს, უცხოეთიდან ფულს გზავნის, მისი უმუშევარი ქმარი კი თავს არ იწუხებს და ამ ფულს ელოდება. ეს ჩემთვის ამოუხსნელი ფენომენია. ასეთ ბავშვებს მოუშუშებელი ტრავმა აქვთ იმის გამო, რომ დედა გვერდით არ ჰყავთ, მათი მამები კი ამაზე არც ფიქრობენ.

- მოძალადე მამის შვილებიც ხშირად გამოირჩევიან აგრესიით..
- გეთანხმებით, ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი ნორმალური ფსიქიკის ადამიანად ვერ ჩამოყალიბდება. ასეთ დროს საქმეში სოციალური მუშაკი და პოლიცია უნდა ჩაერიონ და მოძალადე კაცი ოჯახს განარიდონ. მოძალადე ქმარი ცოლსაც აზიანებს, მაგრამ ყველაზე მეტად ამ გარემოში გაზრდილი ბავშვის ფსიქიკა ზიანდება. მიხარია, რომ ქალებს აღარ ეშინიათ იმის გამხელის, რომ სახლში მოძალადე ქმარი ჰყავთ. ქალი ასეთ კაცთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდეს. ყველა პატარა ჯანსაღ გარემოში უნდა გაიზარდოს, რადგან ეს ბავშვის მთავარი უფლებაა.

- არაერთ მშობელს აქვს სურვილი, მისი შვილი სხვებზე ძლიერი იყოს და ვერავინ დაჩაგროს...
- შეიძლება შვილი ატარო სპორტზე,­ რომ ფიზიკურად და სულიერად ძლიერი­ გაიზარდოს, მაგრამ რატომ არის აუცილებელი, აგრესიული იყოს? პირიქით, ახალგაზრდა კაცს სიტუაციის განმუხტვა უნდა შეეძლოს. რა თქმა უნდა, შეიძლება ვიღაც უზრდელმა ყველაზე მშვიდი და კარგად აღზრდილი ახალგაზრდაც კი წყობიდან გამოიყვანოს, მაგრამ მთავარია, თვითონ არ იყოს ჩხუბის წამომწყები... ბავშვის ცხოვრებაში სკოლასაც ძალიან დიდი როლი აკისრია.
სწორედ მასწავლებელმა უნდა ჩაუნერგოს ბავშვებს, რომ ადამიანის ჩაგვრა, ან 8-10 კაცის ერთთან ჩხუბი არაკაცური საქციელია, მაგრამ უპირველესად დედ-მამამ უნდა იზრუნოს, რომ შვილი ადამიანად აღზარდოს და არა - მოძალადედ, გაუგებარ არსებად, რომელიც თავსაც იღუპავს და სხვასაც ღუპავს.

- როგორ მოქმედებს თქვენზე დაძაბული­ გარემო, რომელიც დღეს საქართველოშია?
- დაძაბულ ფონს შევეჩვიე, რადგან ცხოვრება მასთან ერთად მიწევს. ალბათ, ის გვშველის, რომ რთულ გარემოში გავი­ზარდეთ. მაგალითად, მე 1990-იან წლებში გავჩნდი... თუმცა ნებისმიერი მძიმე ინფორმაცია, ჩემზე მაინც ძალიან მოქმედებს.

- როგორ ახერხებთ, თქვენი გოგონა ამ აგრესიულ, სტრესულ გარემოს მოარიდოთ?
- ელენიკო ჯერ პატარაა, სოციალურ ქსელშიც არ შედის და მეც ვცდილობ, ეს მძიმე ფონი მას არ შეეხოს, თუმცა სკოლიდან დაბრუნებულს ყოველთვის ვეკითხები, ის დღე როგორ გაატარა, ვინმემ ხომ არ აწყენინა, ან თვითონ ხომ არ აწყენინა ვინმეს. ხშირად ვარიგებ, რომ იყოს კეთილი, თუ დაინახავს, რომ ერთი ბავშვი მეორეს ჩაგრავს, უნდა გამოესარჩლოს და მიუთითოს, რომ ასე არ შეიძლება. ყველანაირად ვცდილობ, ჩემი შვილი სიყვარულით გავზარდო, ეს აუცილებელია, რადგან ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. თუ ბავშვს ეტყვი, შვილო, აგრესიული და მოჩხუბარი უნდა იყო, რომ არავინ დაგჩაგროსო, დაიჯერებს და სწორედ ასეთად ჩამოყალიბდება. თუ პასუხისმგებლობას იღებ, რომ მშობელი გახდე, შვილი ადამიანად უნდა გაზარდო და არა აგრესიულ ცხოველად.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (2)
შორ-ეული
18 სექტემბერი 2020 17:25
რა კარგი გოგო ხარ, ნინი!.. არაჩვეულებრივი და უსაყვარლესი!
ююю
18 სექტემბერი 2020 16:07
არა, რა? ხომ ვამბობდი ყოველთვის. ეს გოგო გენიოსია. და საერთოდ, არცერთი უქმად გაშვებული 24 საათი, ამ ოჯახის შესახებ რომ არ იცოდეს საზოგადოებამ. ბრავო, ნინო....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები