"სცენიდან ტრიბუნაზე რატომ უნდა გადავიდე, ვერ ვხვდები... პოლიტიკაში ბევრი სიბინძურეა" - კვირის პალიტრა

"სცენიდან ტრიბუნაზე რატომ უნდა გადავიდე, ვერ ვხვდები... პოლიტიკაში ბევრი სიბინძურეა"

"ინანო ინტერიერის დიზაინერია, მილანში ცხოვრობს. მამამისი არქიტექტორია, დედაჩემი და ჩემი და მუსიკოსები არიან. საიდან გაჩნდა ეს ასტროფიზიკოსი დათა, არ ვიცი"

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ჩხეიძე, ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. კარგი მოსაუბრე და გულახდილი რესპონდენტი დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- არ მიყვარს ზაფხული. მიყვარს წვიმა, გრილი ამინდები. სიცხესა და უჰაერობას ვერ ვიტან. არც უსაქმოდ ყოფნა მიყვარს. ამ პანდემიამ ხომ სულ გამოგვკეტა. თეატრი დახურული იყო, არ იყო სპექტაკლები, რეპეტიციები... ზღვაზე ვიყავი ერთი კვირით მეგობრებთან ერთად. ხალხმრავალი და ხმაურიანი იყო ბათუმი. მონატრებულია ხალხი ამ ყველაფერს და ასე მგონია, აიწყვიტეს. ამიტომაც გვაქვს ცუდი შედეგები, მაგრამ რამდენ ხანს იქნება ადამიანი გამოკეტილი? სხვანაირად უნდა ვებრძოლოთ ვირუსს. დისტანცირება, ხელის ხშირი დაბანა გავიგე, მაგრამ სახლში ჯდომა და არაფრის კეთება არ მესმის.

ბათუმში პირბადე არავის ეკეთა. ძალიან ბევრი ხალხი იყო, კონცერტებიც იმართებოდა. არ შეიძლება, მუდმივად არაფერი აკეთო და მხოლოდ კომპიუტერს იყო მიჯაჭვული. რაღაცებს არ ვეთანხმები, თუმცა ჰიგიენა უნდა დავიცვათ, არც ყველა ნაცნობის გადაკოცნაა საჭირო.

- წელს თქვენი შვილი დათა სტუდენტი გახდა. გილოცავთ. - თითქოს არც გამიგია, როგორ გაიარა ამ პერიოდმა, მით უმეტეს, რომ სკოლაშიც არ დადიოდა და ონლაინგაკვეთილებს ესწრებოდა. რაც უნდოდა - ასტროფიზიკის ფაკულტეტი არ არის საქართველოში, ამიტომ ჩააბარა ფიზიკის ფაკულტეტზე. ძალიან აინტერესებს ეს სფერო, რამდენიმე წელია, ლექციებს უსმენს ინტერნეტში.

ჩემი ქალიშვილი ინანო ინტერიერის დიზაინერია, მილანში ცხოვრობს. მამამისი არქიტექტორია, დედაჩემი და ჩემი და მუსიკოსები არიან. საიდან გაჩნდა ეს ასტროფიზიკოსი, არ ვიცი...

- ერთადერთი, რისი დროც ჭარბად გვქონდა პანდემიის პერიოდში, ფიქრია... - აღარც ეს მინდა... სახლში ჯდომამ ძალიან გაგვაზარმაცა. ზოგი ინტერნეტით მუშაობს, მაგრამ სპექტაკლს ინტერნეტით ხომ ვერ ვითამაშებ?! ასე სწავლებაც მაინცდამაინც შედეგიანი არ იყო... დედაჩემი მევიოლინეა და მოსწავლეები ჰყავს. ვიოლინოზე დაკვრა როგორ უნდა ასწავლო ინტერნეტით?! მსახიობი სულ უნდა ჩანდეს სადღაც - თეატრში, ტელევიზიაში... ეს საჭიროა ჩვენი პროფესისთვის...

- გარდა პროფესიული ფორმისა, ზოგი ფიზიკური ფორმიდან ამოვარდნაზეც წუწუნებს., თუმცა ამას თქვენზე ვერავინ იტყვის. - ზოგი ნერვიულობისას ჭამს, მე - პირიქით. ენერგიას რომ არ ვხარჯავ, არც მშია და ნაკლებიც მძინავს.

- მარტო უჭმელობაა თუ ვარჯიშობთ კიდეც?

- ვარჯიშს ვერაფრით დავუდე გული. მალე მბეზრდება ერთნაირი სიტუაციები და ალბათ, პროფესიაც ამიტომ ავირჩიე ასეთი, რომ სულ სხვადასხვა როლი ვითამაშო. დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ, არც სამზარეულო მიყვარს მაინცდამაინც... ცომი, ტკბილეული, შემწვარი კარტოფილი, შემწვარი გოჭი - ჩემი საქმე არ არის... მიყვარს ქათმის ხორცი, სალათები, ბოსტნეული და ხილი. ხილს ღამეც ვჭამ, არადა, ამბობენ, არ შეიძლებაო.

- ხშირად აღნიშნავენ, შვილიშვილებიდან ბებიას, მედეა ჩახავას, ყველაზე მეტად ეკა ჰგავსო. - მედიკოს ბავშვობაში ტატა შევარქვი. ტატა სულ მეუბნებოდა, შენი ლამაზი თვალ-წარბით აუცილებლად მსახიობი უნდა გახდეო. ალბათ, მას იერით, ხასიათით კი მამას ვგავარ. ბებიას ლმობიერი ხასიათი ჰქონდა, მე კი არ შემიძლია რაღაცების პატიება. ბებია უფრო მსუბუქად უყურებდა ყველაფერს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთ შთაბეჭდილებას გვიტოვებდა. მე უფრო ხისტი ვარ, მამაც. მედიკო ამბობდა ხოლმე, ადამიანს უნდა უთხრა ის, რისი მოსმენაც უნდაო, მე კი ასე არ შემიძლია - ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. ტყუილით ვერ ვიცხოვრებ იმისთვის, რომ ვიღაცას ვასიამოვნო.

- ხისტი მამა და ხისტი შვილი როგორ ურთიერთობთ? - ერთმანეთთან ამ თვისებას არ ვავლენთ. ძალიან გვენატრება ერთმანეთი, რადგან ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, ამიტომ ყოველი ჩვენი შეხვედრა სასიამოვნოა. ჩვენ შორის ხმამაღალი სიტყვაც კი არ თქმულა. ყვირილი არც უნდა სჭირდებოდეს არც კაცს და არც ქალს - შენს სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს და თუ ურთიერთპატივისცემა არ არის, ყვირილს რაღა მნიშვნელობა აქვს?!

- ინანო ძალიან გგავთ. - კი, და მეუბნება, რაც დრო გადის, ხასიათითაც გემსგავსებიო... ჩვენ ღმერთმა დაგვიფარა და რაც იტალიაში ხდებოდა, მსგავსი არაფერი ყოფილა. მარტო "სასწრაფოს" ხმა ისმის ქუჩაშიო, ამბობდა ინანო. ინანო პანდემიის დროსაც სამსახურში დადიოდა. კერძო კომპანიაშია, რომელმაც არ მიიჩნია საჭიროდ, რომ მუშაობა შეეწყვიტათ. ქუჩებში პოლიცია აჩერებდა გამვლელებს და ეკითხებოდა, ნებაყოფლობით მიდიხართ სამსახურში თუ გაიძულებენო და თუ ეტყოდნენ, ნებაყოფლობითო, უშვებდნენ.

- სად მუშაობს?

- დიზაინერ დეკოტისის კომპანიაში.

- დათა როგორი ბიჭია?

- ძალიან კაცური და დამოუკიდებელი. თავისი აზრი აქვს ყველაფერზე. რომ იტყვის, გააკეთებს. შეიძლება დაგეთანხმოს, რომ გაჩუმდე, მაგრამ მაინც იმას გააკეთებს, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ. როგორც დედას, შეიძლება ამის გამო ნერვები მეშლებოდეს, მაგრამ როგორც ხასიათის თვისება, მომწონს. ინანომ კამათი იცის და სანამ თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს, არ მოგეშვება.

- არჩევნები მოდის. რისი იმედი გაქვთ? - არჩევნებზე არ მელაპარაკოთ - არც მეხება, არც მესმის, არც კომპეტენტური ვარ. ამას ჩემს საქმიანობასთან საერთო არაფერი აქვს.

- არადა, რამდენი თქვენი კოლეგაა პოლიტიკაში... - და ძალიან ცუდი. სცენიდან ტრიბუნაზე რატომ უნდა გადავიდე, ვერ ვხვდები.

ქვეყნის ტკივილს რაც შეეხება, არა მგონია, მე რამის გამოსწორება შევძლო.

პოლიტიკაში ბევრი სიბინძურეა. კლანებია, შიდა ბრძოლები მიმდინარეობს... მე რაც შემიძლია, ის მინდა ვაკეთო და ვეცდები, ჩემი საქმე კარგად გამომივიდეს. ტელევიზორსაც არ ვუყურებ, რომ ნერვები არ მოვიშალო, რადგან რასაც ვისმენ, ბევრ რამეს არ ვეთანხმები.

ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ სხვაგან ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია. აქ მაქვს ჩემი საქმე და ოჯახიც აქ მყავს. ჩემი საქმის გარეშე ვერ ვძლებ, სადღაც დიდხანს ყოფნა და დასვენებაც მბეზრდება. დასასვენებლად წასვლას ფესტივალზე წასვლა მირჩევნია. ყოველდღეც რომ მქონდეს სპექტაკლი, არ ვიღლები. ეს სიამოვნებას მანიჭებს, თან სხვა სპექტაკლებსაც ვნახულობ... ზოგადად, რაც უფრო მეტს ვაკეთებ, მით მეტს ვასწრებ.