"საზოგადოებას ისღა დარჩენია, შეეგუოს, რომ მოატყუეს" - კვირის პალიტრა

"საზოგადოებას ისღა დარჩენია, შეეგუოს, რომ მოატყუეს"

"ტორტში მომხმარებელმა მატლები აღმოაჩინა... არაერთხელ ყოფილა ხინკალში, პელმენსა თუ შოკოლადში, ღილი ან რაღაცის ნატეხები უპოვიათ..."

ალბათ, ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობია შეურაცხყოფის ის განცდა, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ უხარისხო პროდუქცია შემოგვაჩეჩეს. შეგონება, რატომ არ დააკვირდი, რას ყიდულობდიო, უადგილოა, მით უფრო, რომ ხშირად წუნი ბევრ საქონელს ერთი შეხედვით არ ეტყობა. შეურაცხყოფის განცდას ისიც განაპირობებს, რომ ვითარების შეცვლის შანსიც ნაკლებად გვაქვს - კომპანიების უმეტესობა წინასწარ გვაფრთხილებს, რომ გაყიდულ საქონელს არ დაიბრუნებენ, რისი უფლებაც, კანონით, უფრო სწორად, უკანონობით აქვთ - ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონი, რომელიც პარლამენტმა ორჯერ ჩააგდო...

ჟურნალისტი ნინო ჟვანია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დაზარალებული მომხმარებელი სოციალური ქსელის მეშვეობით გააერთიანა და დაამტკიცა, რომ გაერთიანება იმ ბრძოლაშიც კი გამოიღებს ნაყოფს, რომელსაც კანონი არ უმაგრებს ზურგს.

- იმ დროს ჟურნალისტად არც ვმუშაობდი, როდესაც სოცქსელით დაზარალებული მომხმარებლის შეკრება გადავწყვიტე... არაერთი ფაქტის გახმაურების შემდგომ რამდენიმე კომპანია იძულებული შეიქნა მომხმარებლის პრეტენზია დაეკმაყოფილებინა. მომხმარებელი ხშირად ზარალდება უხარისხო პროდუქციის, თუ უვარგისი მომსახურების გამო და მიზეზი მხოლოდ უკანონობა არ არის. ისეთი ხალხიც ბევრია, ვისაც ხელი აქვს ჩაქნეული. ისღა დარჩენიათ, შეეგუონ, რომ მოატყუეს... არადა, ბრძოლა გამარჯვების შანსია. პარლამენტმა "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონი არაერთხელ ჩააგდო სავაჭრო თუ მომსახურების სფეროს მესვეურთა დაუოკებელი მადის გამო. ამ კანონის წყალობით უხარისხო პროდუქციას ვეღარავინ შემოიტანს. მაგალითად, სათამაშოებს, რომლებიც ტყვიას შეიცავს, ვადაგასულ პროდუქტს, რომელთაც, აკრძალვის მიუხედავად, ბევრ მარკეტში ნახავთ. ამიტომაც არის, რომ შემოგაჩეჩებენ უხარისხო პროდუქციას ან ცუდ მომსახურებას გიწევენ და მომხმარებელი ხმას ვეღარ იღებს. სალონებში თმას დაგიწვავენ; ძვირად ღირებული ფეხსაცმელი სამ დღეში დაიღრიცება და ავეჯიც შინ მიტანისთანავე დაიმტვრევა და ა. შ.

- ყველაფერი კი დაჰბრალდება მომხმარებელს, რომელიც ნივთს არ გაუფრთხილდა. - ასეა. სწორედ ამ დღეებში შეიძინა ერთმა ქალმა ავეჯის ერთ ბრენდულ მაღაზიაში ხანდაზმული დედისთვის 400-ლარიანი სავარძელი, რომელიც მოხუცის ჩაჯდომისთანავე გატყდა და ქალი იატაკზე გადააყირავა. ადვილი წარმოსადგენია, ოჯახში რა დატრიალდებოდა, კომპანიას კი ამ მომხმარებლისთვის სატელეფონო ზარებზე არც უპასუხია და მხოლოდ მას შემდეგ ინება მობოდიშება და სავარძლის გამოცვლა, რაც ამ ამბავმა სოციალურ სივრცეში გადაინაცვლა და საჯარო განხილვის საგანი გახდა.

- მომხმარებლის სატელეფონო ზარების იგნორირება ძველი ამბავია - მუსიკის თანხლებით ლამის საათობით გალოდინებენ. - რის შემდეგაც მომხმარებელი იძულებულია, ტელეფონი გათიშოს. ამ საქმეში ტაქსების კომპანიები ლიდერობენ, საპრეტენზიო ზარებზე არასოდეს გპასუხობენ. ვინც ტაქსის აპლიკაციით სარგებლობს, ეს კარგად იცის. განსაკუთრებით მათ, ვისაც საბანკო ბარათი ტაქსების აპლიკაციებზე აქვს მიბმული და ბარათით იხდის.

ზოგჯერ ბარათიდან თანხას ტაქსის ერთი გამოძახებისთვის ორჯერ ჭრიან - გამოძახებისას და სარგებლობის შემდგომ. გამოძახებისას გეუბნებიან, ჩვენს აპლიკაციაზე არ ჩანს, რომ თქვენი ბარათია მიბმული, თანხა ნაღდად გადაიხადეთო, გადაიხდი და, გაიგებ, რომ თურმე შენი ბარათიც "უპოვიათ" და თანხა მეორედ ჩამოუჭრიათ.

ასეთ უმსგავსობას სხვა სფეროებშიც წააწყდებით. მაგალითად, კულინარიის ცნობილ ბრენდებში იყო შემთხვევა, როდესაც მომხმარებელმა ტორტში 200 ლარი გადაიხადა, იასამნებით მოხატვა შეუკვეთა. კომპანიამ ტორტის მომზადება ვერ მოასწრო და "გამოსავალი გამონახა" - ტორტში ცოცხალი იასამანი ჩაარჭო... ზოგიერთი შემთხვევა აღმაშფოთებელია (არ დავასახელებ კომპანიას) - ტორტში მომხმარებელმა მატლები აღმოაჩინა. ამის ამსახველი ფოტოები არსებობს... არაერთხელ ყოფილა ხინკალში ან პელმენში ღილი ან რაღაცის ნატეხები უპოვიათ...

სილამაზის სალონებსაც არავინ აკონტროლებს. ახლახან ერთმა ქალმა თმის გაღიავებისა და შეღებვისთვის სალონს 200 ლარი გადაუხადა, იქიდან კი თმაგამწვანებული გამოვიდა. მას მორალური თუ ფინანსური ზარალის ანაზღაურება მხოლოდ სასამართლოში შეუძლია, მაგრამ მისმა ადვოკატმა უნდა დაამტკიცოს, რომ ქალი სალონში თმის შესაღებად მივიდა და არა მწვანედ გასაფერადებლად. ეს კი, მოგეხსენებათ, რთულია. არაერთს დაუჩივლია, სალონში კანი დამიწვეს ან უხარისხოდ ჩამიტარეს პროცედურაო. ეს იმის ბრალია, რომ ყველას შეუძლია აპარატურა შეიძინოს და კლიენტები მიიღოს...