"ფრინველთა მიგრაციაზე დაკვირვებით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა" - კვირის პალიტრა

"ფრინველთა მიგრაციაზე დაკვირვებით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა"

ფრინველებზე დაკვირვება ძვ.წ. IV საუკუნიდან იღებს სათავეს და არისტოტელეს სახელს უკავშირდება. მან თავის წიგნში "ცხოველთა ისტორია" 170 ფრინველი აღწერა. მაშინ არისტოტელეს, ალბათ, ვერც წარმოედგინა, რომ საუკუნეების შემდეგ ფრინველებზე დაკვირვება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირად ღირებული გატაცება გახდებოდა. Birdwatching-ით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არიან დაინტერესებული და ორნითოლოგიისგან განსხვავებით, სამოყვარულო სპორტად მიიჩნევა. ფრინველებზე დაკვირვება, როგორც სპორტის სახეობა, მე-18 საუკუნიდან იწყება, როდესაც სრულიად განსხვავებული პროფესიის ოთხი ბრიტანელი ფრინველების თვალთვალმა გაიტაცა.

ბოლო წლებში საქართველო ტურისტებისთვის ამ თვალსაზრისითაც გახდა მიმზიდველი. აჭარა მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანია, სადაც ყოველწლიურად მილიონზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი გვხვდება.

Batumi Birding-ის დირექტორი გოჩა კაკულია გვიამბობს, რომელი ენდემური სახეობების ნახვა შეიძლება მხოლოდ ჩვენთან.

- ბოლო ორი წლის განმავლობაში ბერდვოჩინგისთვის 200-მდე ტურისტი ჩამოვიდა. ეს ჰობი პოპულარულია ევროპის ყველა ქვეყანაში, ასევე - სკანდინავიის ქვეყნებში. სტუმრებიც, ძირითადად, ამ ქვეყნებიდან ჩამოდიან და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ბრიტანეთიდან ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს საქართველოს...

დაჩი შოშიტაშვილი

- ფრინველებზე დამკვირვებლებისთვის რით არის მიმზიდველი ჩვენი რეგიონი? - სექტემბერ-ოქტომბერში მტაცებელი ფრინველების მიგრაციაა. ჩვენთან ამ დროს 35 სახეობის მილიონზე მეტი ფრინველი გადაიფრენს და ეს ულამაზესი, დაუვიწყარი სანახაობაა. ფრინველთა მიგრაციაზე დაკვირვებით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა სამხრეთ ამერიკისა და ისრაელის შემდეგ. 35 სახეობის გადამფრენი მტაცებელი გამოსაზამთრებლად სამხრეთით, აფრიკისკენ მიფრინავს, გაზაფხულზე კი უკან, ჩრდილოეთისკენ ბრუნდებიან. სწორედ ამიტომ შემოდგომაზე აჭარიდან, ხოლო გაზაფხულზე აღმოსავლეთ საქართველოდან, კონკრეტულად კი კახეთიდან შეიძლება ფრინველების დანახვა. ბათუმის ახლოს მოწყობილია სპეციალური ადგილები, სადაც მსურველს შეუძლია მიგრაციას დააკვირდეს.

- რომელი ენდემური სახეობების ნახვა შეიძლება მხოლოდ ჩვენს რეგიონში? - კავკასიური შურთხის, კავკასიური როჭოს, დიდი კოჭობასა და წითელმუცელა ბოლოცეცხლას. ისინი მთაში, ალპურ ზონაში ცხოვრობენ, მყინვართან ახლოს და მათ სანახავად თეთნულდზე, მესტიაში და ყაზბეგში ავდივართ ხოლმე...

- ფრინველებზე დაკვირვება მთელ მსოფლიოში ძვირად ღირებულ გატაცებად მიიჩნევა. ჩვენთან როგორია ფასი და ქართველებს თუ აინტერესებთ ეს საქმე? - ეს არის ჰობი, რომლითაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ინტერესდებიან. სტუმრებს შორის მამაკაცები ჭარბობენ. სამწუხაროდ, ქართველები არასდროს ყოფილან მსურველებს შორის. ბევრს უკვირს კიდეც და კითხულობენ, რატომ უნდა დავაკვირდეთ ფრინველებსო, მაგრამ თანდათან მაინც იკიდებს ფეხს ეს საქმე და მომავალში, ალბათ, მეტი ქართველი დაინტერესდება.

7-10-დღიანი ტურის ღირებულება 900-დან 1650 ევრომდე მერყეობს. ჩვენ რამდენჯერმე დავესწარით Birdfair-ს - ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოფენას, რომელსაც ყოველწლიურად 25 ათასამდე სტუმარი ჰყავს... გავეცანით, რა სახის მომსახურებას სთავაზობენ ფრინველებზე დამკვირვებლებს და როგორია ფასები. ტურის ღირებულება საშუალოდ 6000 ევროა და დამოკიდებულია ტურის სირთულესა და სეზონზე. არსებობს ძალიან ძვირად ღირებული ტურებიც.

წელს პანდემიამ დიდი პრობლემები შეგვიქმნა - გაზაფხულზე ჯავშნები გაგვიუქმდა და ყველაფერი 2021 წლისთვის გადავდეთ. იმედია, ტურისტები ისევ ჩამოვლენ და ბერდვოჩინგი ისეთივე პოპულარული გახდება საქართველოში, როგორიც ევროპის სხვა ქვეყნებშია.