"ზოგმა თქვა, ასეთ სივრცეში ბავშვებს გონება გაეფანტებათ, როგორ უნდა ასწავლოთო" - რას ამბობს ხაშურის სკოლის დირექტორი, საკლასო ოთახზე, რომლის ფოტოსაც გამოხმაურება მოჰყვა - კვირის პალიტრა

"ზოგმა თქვა, ასეთ სივრცეში ბავშვებს გონება გაეფანტებათ, როგორ უნდა ასწავლოთო" - რას ამბობს ხაშურის სკოლის დირექტორი, საკლასო ოთახზე, რომლის ფოტოსაც გამოხმაურება მოჰყვა

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, ხაშურის N1 საჯარო სკოლის ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ სკოლამ ერთ-ერთი საკლასო ოთახი გარეთ მოაწყო. საზოგადოებაში, აღნიშნულ ფოტოს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ჩვენ დავუკავშირდით სკოლის დირექტორს, მორის დანდურიშვილს, რომელიც სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტია) და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ:

- ამ სივრცეში გასულ სასწავლო წელსაც არაერთი გაკვეთილი ჩაგვიტარებია, მეც და სკოლის სხვა პედაგოგებს. სკოლაში გვქონდა პროექტი "შეცვალე შენით" და თვითონ სკოლის მოსწავლეებმა მოაწყეს ეს სივრცე. ეს იყო ძველი, დანგრეული, უსახური ადგილი ე.წ. საქვაბე და მოსწავლეებმა სულ თვითონ გააკეთილშობილეს. დანახარჯი იყო მინიმალური, თუ სწორად მახსოვს, მხოლოდ სამი ყუთი საღებავი შეიძინა სკოლამ. გვინდოდა რომ სკოლაში ყოფილიყო ფართი, სადაც მოსწავლეებს ექნებოდათ არამხოლოდ გაკვეთილის ჩატარების საშუალება, არამედ ჰქონოდათ არაფორმალური შეხვედრებისთვის სივრცე.

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს მიერ გავრცელებულ ფოტოს... - ყოველ სასწავლო წელს, ვდებთ ფოტოებს თუ როგორ ხვდება სკოლა ახალ სასწავლო წელს და ახლაც იგივე გავაკეთეთ. სხვათაშორის, რადგან ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ამ სურათს, ახლა სწორედ ამ სივრცის კიდევ უფრო გამშვენების პროცესში ვართ და 15 სექტემბრისთვის ეს იქნება ოაზისი. აუცილებლად, უნდა აღვნიშნო, რომ ხაშურის I საჯარო სკოლაში, ერთადერთი საგანია - საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელიც იქნება ონლაინ, რადგან სადაც ამ საგნის საკლასო ოთახია, პატარა სივრცეა და ვერ აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს. დანარჩენი ყველა საგანი იქნება სკოლაში, საკლასო ოთახებში. ყველა საკლასო ოთახი მზადაა რომ 15 სექტემბერს მიიღოს ბავშები. ყველა ბავშვი ისწავლის სკოლაში და არა ვართ დამოკიდებული იმ სკამებზე, რაც ფოტოში ნახა საზოგადოებამ. ის რაც ფოტოშია, ესაა სივრცე, სადაც მასწავლებელს ექნება საშუალება, სურვილის შემთხვევაში ჩაატაროს გაკვეთილი, თორემ ამის საჭიროება არ დგას. ფოტოზე ბევრმა დააკომენტარა, რას იზამთ თუ იწვიმაო, გათვლა გვაქვს რომ არ იწვიმებს, ზოგმა თქვა რომ ასეთ სივრცეში ბავშვებს გონება გაეფანტებათ, როგორ უნდა ასწავლოთო და ამაზეც გათვლა გვაქვს რომ არ გაეფანტებათ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, რეალურად კი, სიმართლე გითხრათ უკვე მეცინება, ხალხი სერიოზულად წერს ამ ყველაფერს, ჰგონიათ რომ მხოლოდ ამის იმედად ვართ და წვიმა სასწავლო პროცესს ჩაშლის. მინდა ყველა დავამშვიდო, არც წვიმის გვეშინია და არც ქარის, სასწავლო პროცესი იქნება აბსულუტურად გამართული. სხვათაშორის, ბევრმა ირონიით დაწერა, ეს ინვენტარი საწყობიდან გამოყარესო, რეალურად კი ეს მერხები შეგნებულად დავალაგეთ, რადგან ესაა სპეციალური მასალა, რომელიც წვიმას უძლებს და არ ფუჭდება. ძალიან ძველი მასალაა და მაგიტომ დევს, რომ წვიმას უძლებს და არა იმიტომ, რომ ახალი მერხები არ გვაქვს.

- მორის, როგორც ვიცი, ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია თქვენი სკოლა - სკოლა არსებობს 1908 წლიდან და ეს შენობა გაიხსნა 1916 წელს. ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი სწავლობდა და მუშაობდა ამ სკოლაში: კალისტრატე სალია, გრიგოლ კიკნაძე, გიორგი ლობჟანიძე, ნიკიფორე იმნაიშვილი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს აწერს ხელს, ჩვენი მასწავლებელი იყო. 1998 წელს ხანძარმა გაანადგურა შენობა, მაგრამ 2001 წელს აღადგინა "საქართველოს სახელმწიფო ინვესტიციების ფონდმა". ბოლო წლებია, როცა პირველკლასელების რეგისტრაცია ცხადდება, დაახლოებით 5 წუთში ყველა ადგილი შევსებულია ხოლმე, ამას იმიტომ ვამბობ რომ ხაზი გავუსვა თუ როგორი პოპულარულია ჩვენი სკოლა და ეს პოპულარობა მოდის სწავლების მაღალი ხარისხიდან. 36 მასწავლებლიდან, 14 წამყვანი პედაგოგია და ხუთმა მასწავლებელმა გარედაკვირვება ვერ გაირა, სასწავლო პროცესის შეჩერების გამო, თორემ 19 წამყვანი პედაგოგი ეყოლებოდა სკოლას ანუ კოლექტივის ნახევარზე მეტი.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)