"დედამ ჩემს გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა და შეძლო კიდეც, თუმცა მე ვეღარ შევძელი მისი გადარჩენა..." - კვირის პალიტრა

"დედამ ჩემს გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა და შეძლო კიდეც, თუმცა მე ვეღარ შევძელი მისი გადარჩენა..."

დღეს საქართველოში სიმსივნეს ბევრი ადამიანი ებრძვის და საბედნიეროდ ბევრი ამარცხებს კიდეც. სოციალურ ქსელში ადამიანები თავიანთ ტკივილს ხშირად უზიარებენ ერთმანეთს და ნინი წიკლაურიც მათ შორის აღმოვაჩინე. ნინის ვრცელმა პოსტმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. როგორც აღმოჩნდა, ის კიდევ ერთი გადარჩენილი, ძლიერი ქალია, რომელიც ერთ დროს ვერაგ დაავადებას ებძოდა, ნინიმ სიმსივნე დაამარცხა და 30 წლის ასაკში მშვიდ ცხოვრებას აგრძელებს.

- 2016 წლის ოქტომბერში უეცრად, საშინელი დიაგნოზი დამისვეს, მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე, მე-3 სტადია. 3 თვის ორსული ვიყავი, როდესაც მკერდში პატარა კვანძი შევნიშნე, მივედი ექიმთან და ეხო გადავიღე, რაც დიაგნოზის დასასმელად არასაკმარისი აღმოჩდა, საჭირო იყო ბიოფსია, რაზეც ბავშვის გამო უარი ვთქვი, შემეშინდა ამით არ მევნო და მშობიარობამდე მოცდა გადავწყვიტე.

5 თვე ტოქსიკოზი მქონდა, მერე თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ვატყობდი ჩემს მუცელთან ერთად კვანძიც იზრდებოდა. ამასობაში დიდი დრო დავკარგე, კვანძმა მოლურჯო ფერი მიიღო და 8 თვისას სასწრაფო წესით საკეისრო კვეთა გამიკეთეს. მშობიარობის შემდეგ, მაღალი სიცხეები მქონდა, სიმსივნე უკვე კარგად იყო გაზრდილი, ჩემი ექიმი გაგიჟდა, როდესაც ეს კვანძი დაინახა და მალევე ქიმიოთერაპია დავიწყე, რთულ სიტუაციაში ვიყავი, ცალკე ბავშვი მყავდა გასაზრდელი და მისახედი ამიტომ ვხვდებოდი დანებების დრო არ მქონდა, უნდა გავძლიერებულიყავი და ასეც მოვიქეცი.

როდესაც პირველად გავიგე, რომ სიმსივნე მქონდა, სიმართლე გითხრათ ტირილი არ დამიწყია, მაგრამ შიშმა შემიპყრო, რადგან დედა ვხდებოდი და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. როდესაც იაზრებ, რომ სიკვდილ-სიცოხლის ზღვარზე ხარ, ეს უკვე შიშს იწვევს შენში. დედაჩემის სახე დღემდე არ ამომდის თვალებიდან, შეშინებული იყო და მაშინ ვთქვი, რომ არ უნდა დავნებებულიყავი, მისთვის და ჩემი პატარასთვის უნდა მებრძოლა.

- როგორც ახსენეთ, ქიმიოთერაპია დაიწყეთ და აქტიურ მკურნალობას შეუდექით, სიმსივნე ოპერაციას არ ექვემდებარებოდა? - კვანძი ძალიან დიდი იყო და ოპერაციით ფიზიკურად ვერ ამოიღებდნენ. თუ თანახმა ვიქნებოდი მკერდს მომკვეთდნენ, რაც არც მე და არც ჩემს ექიმს არ უნდოდა. საწყის ეტაპზე ქიმიოთერაპიით დავიწყეთ. ჩემი ანამნეზი საკმაოდ რთული იყო, სიმსივნეს თან თვალის პრობლემები და B ჰეპატიტი ერთვოდა, რაც კიდევ უფრო ართულებდა ყველაფერს.

მკურნალობის დაწყებამდე, საბუთები და ანალიზები, საზღვარგარეთ გადაიგზავნა და იქიდან ჩამოვიდა პასუხი თუ რა მიდგომით ჯობდა მკურნალობა. როგორც იცით, ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. საბოლოო ჯამში 8 ქიმია და 30 სხივური თერაპია გავიკეთე.

- მოგვიყევით, ოჯახისა და ახლობლების თანადგომაზე... - ჩემი ძმა, მშობლები, მეუღლე და ნათესავები ჩემს გადასარჩენად იბრძოდნენ. დედამ ჩემს გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა და შეძლო კიდეც, თუმცა მე ვეღარ შევძელი მისი გადარჩენა. ხანდახან ვფიქრობ განა არ ჯობდა ისევ სიმსივნით მეცხოვრა და დედა ყოფილიყო ჩვენს გვერდით. ისევ შევებრძოლებოდი დაავადებას, ოღონდ ის არ დამეკარგა.

დედა ისედაც ცუდად იყო და მედგრად უმკლავდებოდა ტკივილს. მას 18 წლის უკან მიელოიდური ლეიკემია აღმოაჩნდა, სვამდა წამალს, კაფსულას, რომელიც ნახევრად ქიმიას შეიცავს, ექიმმა უთხრა, რომ მაქსიმუმ 5-10 წელი იცოცხლებდა, დედამ კი 17 წელი იცოცხლა. ვფიქრობ, ის კიდევ დიდხანს იცოცხლებდა ამხელა სტრესი რომ არ გადაეტანა, ჩემი დაავადების პარალელურად დედა ზრდიდა ჩემს პატარას - გაბრიელს.

როდესაც, მე მკურნალობის კურსს ვამთავრებდი და თითქმის ბოლოში გავედი, დედას ძვლის ტკივილები დაეწყო და ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო. ახლა ვიცი, რომ ყოველთვის ჩემთან არის, ვგრძნობ ამას.

- ახლა როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? - უფალს მადლობა, ახლა კარგად ვარ, სიმსივნე დავამარცხე და 6 თვეში ერთხელ გეგმიური კვლევების ჩატარება მიწევს, რომელიც სამწუხაროდ არ მიფინანსდება და ჩემი სახსრებით ვიხდი ყველაფერს. სიმსივნეზე საქართველოში ვიმკურნალე, მაშინ სოციალური დახმარება გვქონდა და ქიმიოთერაპიის კურსის ნაწილი მიფინანსდებოდა, თუმცა გამოკვლევებში მაინც დიდი თანხა წავიდა.

- რა შეიცვალა ამ წლების შემდეგ? - ყველაფერს აქვს დადებითი მხარე, იმ პერიოდის შემდეგ, უფრო შემიყვარდა სიცოცხლე, ვაფასებ ყოველ დღეს, მიყვარს ადამიანები, მიყვარს ბუნება, ცხოველები, ვიზიარებ სხვის ტკივილს და მეტად მესმის მათი. სიმსივნის დამარცხების შემდეგ, ბრძოლა ვისწავლე. ადამიანს ყოველთვის უნდა გქონდეს რწმენა და იმედი, არ უნდა დაეცე.

ამის მიუხედავად, შენ ხვდები რომ ისეთი აღარ ხარ როგორიც ადრე, ის ტკივილი მაინც გართმევს რაღაც ნაწილს და დღემდე მგონია, რომ ამ დაავადებამ წამართვა დედა, მან ძალიან ინერვიულა, არ იმჩნევდა, მაგრამ ხომ ვიცი რომ ნერვიულობდა.

ყოველთვის მქონდა შიში, რომელსაც არ ვუღრმავდებოდი. კარგი ადამიანები მედგნენ გვერდით, ასევე ჩემი მეუღლე,  რომელმაც არ დამტოვა და ახლაც ჩემთან არის. მკურნალობის პერიოდში ხანდახან ისე ვიყავი დიაგნოზიც არ მახსოვდა ხოლმე. საზოგადოებას შემიძლია ვუთხრა, რომ ფარ-ხმალი არ დაყარონ, რწმენა და იმედი არ დაკარგონ, ყველაფერი კარგად იქნება.

(სპეციალურად საიტისთვის)