"ზამთრის ომი" - რუსეთ - ფინეთის ომის ქართველი მებრძოლები, რომლებიც აქამდე დაკარგულად მიიჩნეოდნენ - კვირის პალიტრა

"ზამთრის ომი" - რუსეთ - ფინეთის ომის ქართველი მებრძოლები, რომლებიც აქამდე დაკარგულად მიიჩნეოდნენ

"ზამთრის ომი” - ამ სახელწოდებით შევიდა ისტორიაში რუსეთ-ფინეთის ომი, რომელიც 1939 წლის 30 ნოემბერს დაიწყო, როდესაც დაახლოებით ნახევარი მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი ფინეთში გაუფრთხილებლად შეიჭრა. თავდასხმის მიზეზი კი ის გახდა, რომ კრემლს ფინეთის გავლით ნაცისტები თავდასხმის ეშინოდა. საბჭოთა მთავრობა კატეგორიულად მოითხოვდა, ფინეთის ხელისუფლებას მათთვის მიწა გაეცვალა, რის შედეგადაც საზღვარი იმჟამინდელი ლენინგრადიდან მოშორებით გაივლიდა, რაზეც ფინეთის მთავრობამ უარი განაცხადა.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ ფინეთზე გამარჯვებას რამდენიმე კვირაში იზეიმებდნენ და "ამ დღესასწაულს" ბელადის იუბილეს, 21 დეკემბერს დაამთხვევდნენ, თუმცა, ფინეთმა მტერს მოსალოდნელზე ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, უთანასწორო ომი რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ყველა ლოკალური თუ მასშტაბური ბრძოლა, ფინელების მიერ ბევრად სწორად იყო დაგეგმილი, ვიდრე საბჭოთა მრავალრიცხოვანი ჯარის მეთაურობა ელოდა. ფინელები ხშირად - 40 გრდუსამდე ყინვაშიც კი გააფთრებულ წინააღგმდეგობას უწევდნენ საბჭოთა არმიას... ამ ომში ფინეთი დამარცხდა, თუმცა, საბჭოთა არმიას დიდი ზარალი მიაყენა.

დასავლური მედიის ცნობით, საბჭოთა ტყვეები, რომლებიც ფინელებს ჩაუვარდათ ხელში, ჰყვებოდნენ რომ ფინეთში, თავიანთი მოძმე მუშების ფინელი კაპიტალისტებისგან გასათავისუფლებლად იბრძოდნენ. წლების შემდეგ გაირკვა, რომ მათ შორის, არაერთი ქართველი იყო.

AMBEBI.GE-ს, ქერჩის სამძებრო ჯგუფი დაუკავშირდა და იმ ქართველთა გვარ-სახელები მოგვაწოდეს, რომლებიც თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში უგზ-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. 1940 წლის 11 მარტს, ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში, კუნძულ სურ-სარზე, ფინელების მიერ განადგურებულ 43-ე მსროლელთა დივიზიაში 310 ადამიანი ირიცხებოდა. მათ შორის, ბელარუსი, უკრაინელი, ყაზახი და რამდენიმე ქართველი იყო. სამხედროების დაღუპვის ისტორიული მასალები წლების განმავლობაში დალუქული იყო, ახლა კი, მათ გვარ-სახელები ხელმისაწვდომი გახდა.

ილია მიხეილის ძე კანდელაკიშვილი, დაბადებული 1915 წლის 25 თებერვალს, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგაში, მე-7 არმიის ლეიტენანტი. იბრძოდა კარელიის ჩრდილოეთ ფრონტზე. სწავლობდა მოსკოვის ქვეითთა სასწავლებელში, 1937 წლიდან მსახურობდა საბჭოთა არმიაში. დოკუმენტის თანახმად მიიჩნეოდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუმცა, დაიღუპა კუნძულ კლესტში და დასაფლავებულია საერთო სასაფლაოზე.

ნიკოლოზ ალექსანდრეს (სანდროს) ძე თოდაძე, დაბადებული 1917 წელს, სოფელ არგვეთში. დოკუმენტების თანახმად, ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუმცა, დასაფლავებულია კუნძულ კლესტში.

როდი ვარლამის ძე დარასელია, დაბადებული 1915 წელს, ჩხოროწყუს რაიონისს სოფელ ნაფიჩხოუში. დაიღუპა ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობებისგან, დასაფლავებულია ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი), ლისკარევსკოს სასაფლაოზე.

შალვა ნიკოლოზის ძე ტენგაშვილი, დაბადებული 1916 წელს, საგარეჯოს რაიონის სოფელ სართიჭალაში. დაიღუპა ბრძოლაში, დასაფლავებულია ლენინგრადის ოლქში, ვიბორგსკის რაიონში, ჟიტკოვსკი, კუზმინსკოეს დასახლებაში, #55 სასაფლაოზე.

ვახტანგ წიქარიძე (ან ცისკარიძე) დაბადებული 1916 წელს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაგომარში. დასაფლავებულია, ლენინგრადში, #55 სასაფლაოზე.

მირიან კარპეზოს ძე ჩანტლაძე, დაბადებული 1915 წელს, ჩოხატაურის სოფელ ერკეთში. წოდება - სერჟანტი. გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა ჭიათურაში, საიდანაც 1937 წელს ადგილობრივი სამხედრო კომისარიატიდან გაიწვიეს. მის დოკუმენტაციაში წერია, რომ დაიღუპა "თეთრ ფინელებთან ბრძოლაში..."

იაკობ ალისტაროს (ან ალისტრახოს) ძე კობახიძე, დაბადებული 1917 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ სინათლეში (ნიკორწმინდა). ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუმცა, სინამდვილეში, 1939 წლის 11 დეკემბერს ტყვედ ჩავარდა და გადაიყვანეს კეიულის ბანაკში. ფინეთის ეროვნული არქივის სამხედრო ტყვეთა ბანალების შესახებ შემონახული ინფრომაციის თანახმად, დაიღუპა 1940 წლის 14 იანვარს. გაგრძელება