"ომებში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეულობით დაღუპული პირველად ვნახე და მართლა ცუდად გავხდი..." - კვირის პალიტრა

"ომებში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეულობით დაღუპული პირველად ვნახე და მართლა ცუდად გავხდი..."

"იოლი არ არის ტრაგედიების გადაღება"

"კორესპონდენტებს ომში დამცავი ჟილეტიც გვეცვა, "პრესაც" ყველგან გვეწერა - გულზეც, მანქანაზეც, ტანკზეც, მაგრამ ტყვია და ბომბი ჟურნალისტსა და ჯარისკაცს არ ასხვავებს. რამდენი დაღუპულა!.." - იხსენებს შახ აივაზოვი, რომელსაც ყველა იცნობს, როგორც "ომის ფოტოგრაფს". თუმცა, მისი მთავარი ინტერესი და სურვილი, რეგიონებში არსებული ტრადიციებისა და ადათ-წესების გადაღებაა. ბატონი შახი ომებსა და თავისი ბავშვობის დროინდელ ამბებს გვიყვება, თუ როგორ დაიწყო ფოტოგრაფობა "სმენა 6"-ის აპარატით, სკოლის ფოტოწრეზე სიარულით და რა სწრაფად ადიოდა წარმატებისკენ მიმავალ საფეხურებზე, რომლებმაც ის საუკეთესო სააგენტოებში მოახვედრა...

- როცა ომში მივდიოდი, ჯიბეში ოჯახის წევრებისა და დაღუპული ვაჟის ფოტოები მედო. სურათს რომ დავხედავდი, გავიფიქრებდი, - სახლში მელოდებიან და მოდუნების უფლება არ მაქვს, ცოცხალი უნდა დავბრუნდე-მეთქი, - და უკანვე ჩავიდებდი. მაშინ ახალგაზრდა და უფრო გაბედული ვიყავი...ომში წასვლამდე, კორესპონდენტები წელიწადში 1-2-ჯერ სპეციალურ კურსებს გავდიოდით. გვასწავლიდნენ, როგორ მოვქცეულიყავით ბრძოლის ველზე, ტყვიის ხმის მიხედვით გაგვერჩია, სროლა რომელი მიმართულებით მიმდინარეობდა და ა.შ. იქ ჩაცმულობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ნეიტრალური უნდა იყოს; ჯარისკაცის ფორმა, პისტოლეტი, დანა აკრძალულია. შენ ჟურნალისტი ხარ, ომში შენი ავტომატიც და ტყვიაც აპარატია. ჯიბეში სხვა არაფერი არ უნდა გედოს. ეს დეტალები, ყველა წესი აუცილებლად უნდა იცოდე.

მთავარი ის არის, რომ ორივე მხარე გააშუქო, თანაც - ობიექტურად, თორემ თუ შეგამჩნიეს, ტყუილებს წერ, მერე აღარ გენდობიან, აღარც აკრედიტაციას მოგცემენ. 27 წელი "ასოშიეიტედ პრესში" მუშაობა იოლი არ არის. შვიდი ომი გამოვიარე და არ იყო იოლი. ხშირად ვამბობ, რომ ომში მოგებული არავინაა, ორივე მხარე წაგებულია, რადგან იქ ყველაზე ძვირფასს - ადამიანებს კარგავენ. აბა, მათ დედიკოებს და მამიკოებს ჰკითხეთ! ამდენი ლტოლვილია. აბა, მუხათგვერდში ადით!.. ომისა და იმ ტრაგედიების გადაღება იოლი არ გეგონოთ.

- ფოტორეპორტიორი და ჟურნალისტი დიპლომატიური თვისებებითაც უნდა გამოირჩეოდეს, მით უმეტეს, ომში. როგორ ამყარებდით ურთიერთობას თუნდაც მოწინააღმდეგე მხარესთან, რომ ფოტოები გადაგეღოთ?

- დიპლომატია აუცილებელია! ავიღოთ ჩეჩნეთი. ქალაქის ნახევარი რუსები იყვნენ, ნახევარი - ჩეჩნები. აკრედიტაციას ორივე მხარე გვაძლევდა. ერთიდან მეორე მხარეს გადასვლისას, ბუნებრივია, კითხვებს გვისვამდნენ - სად იყავით? ბევრი ხალხი იყო? და ა.შ. შენ უფლება არ გაქვს, უპასუხო, რადგან არ იცი, ის ვინ არის. უნდა ხვდებოდე და არჩევდე, რას როგორ უპასუხო, ინფორმაცია არ უნდა გასცე. რაც გადაიღე, შენს აპარატში უნდა დარჩეს.

- ჯაშუშების მოგზავნის მცდელობა თუ ყოფილა?

- არ ვიცი, იქ ყველა უფორმოა და არავინ იცის, ვინ ვინ არის? თუ მართალი ხარ, ყველაფერს ისე იღებ, როგორც ხედავ და შენს საქმეს აკეთებ, ვინც გინდა მოვიდეს, შენს სიმართლეს დაამტკიცებ, - მე ეს ვნახე და გადავიღეო. ზოგჯერ ინფორმაციის წერაც გვიწევდა, როცა მასალებს სააგენტოში ვგზავნიდით.ჩეჩნეთში პირველი ომი 31 დეკემბერს დაიწყო. გროზნო რომ დაბომბეს, ყველას ეგონა, მხოლოდ ჩეჩნები დაიღუპნენ, მაგრამ ცხადია, ბევრი რუსიც დაიღუპა... ბომბი იმას გაარჩევდა, ვინ სადაური იყო?! ომებში ბევრი გვამი მინახავს, მაგრამ ასეულობით დაღუპული პირველად ვნახე და მართლა ცუდად გავხდი... საშინელება იყო! გეშინოდაო? - მეკითხებიან ხოლმე. როგორ არ მეშინოდა, ადამიანი ვარ. ვიცი, საშიში ზონაა, მაგრამ გადაღებას რომ იწყებ, შიში მომენტალურად ქრება და აღარ გახსოვს.

- აფხაზეთის ომშიც იყავით... ეს ალბათ უფრო ემოციური იყო, არა?

- რა თქმა უნდა. აფხაზეთის ამბები რომ გადავიღე, "ქარვასლაში" ჩემი გამოფენის გახსნამდე, ერთი ქალი მოვიდა, - ორი დღეა ვტირი, ამ ფოტოებზე ჩემი ქუჩები, ნათესავები, უახლოესი ადამიანები ვნახე და ემოციურად ძალიან იმოქმედაო. ვისაც ომი და ლტოლვილობა არ უნახავს, ამ კარში ისე შემოვა და გავა, ვერც კი იგრძნობს, ჩვენ რას განვიცდითო...

ვისურვებდი, არც ერთ ქვეყანაში არ იყოს ომი, დევნილობა. ომში ყველა წაგებულია. დარწმუნებული ვარ, მომავალში, აფხაზებიც და ოსებიც შემოგვირიგდებიან და ერთად ვიქნებით.

- როგორია ცხოვრება ომში?

- ომში მთავარი კარგი კადრის გადაღება იყო. ესეც ბედის ამბავია. ერთი ფოტო გადავიღე: ორსულ ჩეჩენ ქალს რუსმა მეომარმა მუცელი გაუჭრა და ბავშვი მოუკლა... ამ ქალთან წავედით. ჟურნალისტი ესაუბრებოდა, ამბებს არკვევდა, უცებ ქალმა ხალათი გაიხსნა და ის გაფატრული მუცელი გვაჩვენა... წარმოგიდგენიათ, ჩეჩენი ქალი რომ ამას იზამს?! სანამ ცოცხალი ვარ, ის ხალხი ჩემთვის მკვდარიაო! შემზარავი ამბავი იყო... ავღანეთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ომის გადასაღებად წავედი. იქ ჯარისკაცებთან მოვხვდი და ასეთ ფაქტს შევესწარი: წყლიან ჭიქებში ნახშირს ყრიდნენ და ისე სვამდნენ; მერე ერთ-ერთმა სამლიტრიანი ქილა შემოატანინა, სადაც თეთრი რაღაცები ეყარა. მითხრა, ყველას ჰგონია, ავღანელები ტყვიით გვკლავენ, სინამდვილეში - მოწამლული არყითო. იმ არაყში ხახვი ეყარა; თუ ხახვი გალურჯდებოდა, ე.ი. არაყი მოწამლული იყო და რადგან გათეთრდა - ვარგისი. გაითვალისწინეო. დამარიგა, სანამ ქუჩაში გახვალ, უზმოზე აქტივირებული ნახშირი დალიე, შეიძლება მოიწამლო, მაგრამ ეს მოწამვლა სასიკვდილო არ იქნებაო. იმის შემდეგ, მთელი ცხოვრება ვსვამ ნახშირს, სულ უჯრაში მიდევს. ავღანეთში ვისწავლე ყველაფერი. იქ საშიში ის იყო, როცა შენი ახლობელი მოღალატე ხდებოდა და ამბები გაჰქონდა. სანამ გაიგებ, ვინ ვინ არის, დიდი გზა უნდა გაიარო.

- რა არის თქვენთვის ფოტოგრაფია და პრესა?

- ფოტოგრაფია შუქით ხატვაა. უნდა იცოდე, რისი გადაღება გინდა და რისთვის, როგორი უნდა იყოს ხედი, განათება და შენ რა დროს უნდა მიხვიდე, რომ ის სინათლე დაიჭირო. სასურველია, ადამიანები გამოაჩინო, თორემ ისე მკვდარია ფოტო, მხოლოდ ქალაქის ხედი. გადაღებაზე მარტო არ უნდა გახვიდე, გაიყოლე ვინმე - დაელაპარაკები, დრო გავა, რაიმე ადგილი მოგეწონება? - სხვას რატომ უნდა ელოდო, სანამ გამოივლის, მას გადაუღებ. ჟურნალ-გაზეთისთვის თუ იღებ, ფოტო ცოცხალი უნდა იყოს. დილით 5 საათზე ვდგებოდი, როცა რაიმე ადგილის გადაღება მინდოდა, მაგალითად, - ეკლესიის; მივდიოდი, მზის ამოსვლას ველოდებოდი და ჩემთვის ფურცელზე ვიწერდი, შუქი რა დროს საიდან მიუდგებოდა. როცა საჩქარო რეპორტაჟია, მაშინ ასე ვერ გათვლი.

პრესა ავადმყოფობაა, "მოწამვლა" იცის და თავს ვეღარ ანებებ. ახლა ფოტოგრაფებს 3-4-ათასდოლარიანი აპარატურა აქვთ, მაგრამ მთავარი ხედვაა, ვინ რას ხედავს - პორტრეტს, პეიზაჟს, ნატიურმორტს თუ რას? იქიდან გამოვიტანთ დასკვნებს. მიტინგზე შეიძლება ბევრი ფოტოგრაფი იდგეს, მაგრამ იქ ვინ რას ხედავს, ეს სხვა საკითხია. დეტალებით უნდა მიხვდე, ფოტო სად არის გადაღებული - დროშა, წარწერა, შენობა, რამე უნდა ჩანდეს. მიტინგი სანამ დაიწყება, ერთი საათით ადრე უნდა მიხვიდე, წერტილი მოძებნო, ხალხი შეათვალიერო; შეიძლება ვიღაცას ნაციონალური სამოსი ეცვას, სთხოვო, წინა პლანზე გამოიყვანო და ფოტო გადაუღო. ზოგი ემოციურად საუბრობს, ხმამაღლა; ეს ემოცია უნდა ასახო, შენობაც გამოაჩინო და ხალხიც. ერთ ადგილას კი არ უნდა იდგე, უნდა იტრიალო, მიხვიდე, მოხვიდე.

- როცა ფოტოგრაფობა გინდა, დაკვირვების უნარიც გიმძაფრდება და ქუჩაში სიარულის დროს, სხვანაირად აკვირდები შენობა-ნაგებობებს, ადამიანების სახეებს, რა შეიძლება გადაიღო და რა რაკურსით. ეს პროფესია კიდევ სხვა უნარ-ჩვევებს გივითარებს, ხომ ასეა?

- კი. დღესაც, როცა სადმე მანქანით მივდივარ, თვალი სულ გარეთ მაქვს, ტვინი თავისითაა ჩართული, კადრი რომ დაიჭიროს. ყველაფერს მეხსიერებაში იწერ. დღეს აპარატურა ყველას აქვს, გამოფენებსაც აწყობენ, მართლა კარგი ახალგაზრდები არიან და მიხარია, რომ ფოტოგრაფია საქართველოს მომავალია. ჩვენს დროს მხოლოდ ერთი კლუბი იყო, "საქართველო", იქ იყვნენ: სიმონ კილაძე, ალექს სააკოვი, მართლა პროფესორი, "გიჟი", კარგი გაგებით. ერთი წერტილიდან რომ ვიღებდით, მას მაინც სულ სხვანაირი ფოტოები გამოსდიოდა. ეს ფირის, ქიმიის, გამჟღავნების ამბავი იყო, მას კი თავისებური ტექნიკა ჰქონდა, კონტრასტი, ქიმია მაგრად იცოდა. მისი ნამუშევრები ახლა საფრანგეთშიცაა.

საქართველო მუზეუმია, ყველა რაიონი და სულ ვამბობ, ფოტოგრაფები ერთად ჩავიდეთ, საიდანაც გინდათ, დავიწყოთ, ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს და გადავიღოთ, საქართველოს ისტორიას დარჩება, გამოფენა გავაკეთოთ-მეთქი. მერე, ყველა ცალ-ცალკე მიდის. კი, ბატონო... ადრე, სხვანაირი ერთობა იყო, ახლა ამას ვერ ვხედავ.

- დღეს ფოტოგრაფია პოპულარულია. როცა ეს პროფესია აირჩიეთ, მაშინ ერთეულები იყვნენ ცნობილი ფოტოგრაფები. როგორ დაიწყეთ ყველაფერი?

- 52-ე რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული, საბურთალოზე. მე-6 კლასში ვიყავი, მეგობარმა მითხრა, ფოტოწრეზე მივდივარო. დავინტერესდი და გავყევი. ვიქტორია ჩიჟევსკაია, ლიტერატურის მასწავლებელი გვასწავლიდა. სახლში დავბრუნდი თუ არა, მამაჩემს ვთხოვე, ფოტოაპარატი მიყიდე-მეთქი. მაშინ "სმენა 6" იყო და მიყიდა. ჩავეწერე წრეზე, რაღაცები გადავიღეთ. პორტრეტისა და პეიზაჟის გადაღება მომწონდა.

მასწავლებელმა რომ ნახა, მეგონა, არ მოეწონა. გვითხრა, რომ მეორე დღეს, პიონერთა სასახლეში უნდა წავსულიყავით, - თქვენი ადგილი აქ არ არისო. თან ისეთი ხმა ჰქონდა, ვიფიქრე, რამე დავაშავეთ-მეთქი. არც ის ვიცოდი, პიონერთა სასახლე სად იყო ან იქ რა გვინდოდა. იური ლუკაშვილი იყო პედაგოგი და ქალბატონმა ვიქტორიამ უთხრა, მომავალი კარგი ფოტოგრაფები მოგიყვანეო. გამიკვირდა... იურიმ მეორე დღეს ზოოპარკში გაგვიშვა გადაღებაზე. მარტო ვერ წავიდოდი და ჩემი ძმა გამომყვა. ეს იყო ჩემი პირველი "რეპორტაჟი". მოვედი, გავამჟღავნე, დავბეჭდე. ბატონი იური გაკვირვებული ათვალიერებდა ფოტოებს. სიმართლე მითხარი, ნამდვილად შენ გადაიღე? როგორც გატყობ, პორტრეტების გადაღება გიყვარს და წადი, ახლა შენი მშობლები გადაიღეო. ესეც მივუტანე... მაშინ პიონერთა სასახლის გაზეთი გამოდიოდა - "ნორჩი ლენინელი" და იქ წაგვიყვანა. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური. მერე, 1977 წელს, აზერბაიჯანულენოვან გაზეთ "გურჯუსტანში" შემომთავაზეს მუშაობა და დღემდე აქ ვარ. 1980 წელს, ჩემი ფოტოთი გაზეთ "პრავდის" ლაურეატი გავხდი. "გურჯუსტანის" რედაქტორმა "საქინფორმში", ოთარ თურქიასთან შეხვედრაზე გამიშვა. თავიდან მეგონა, ფოტოები სჭირდებოდა, თურქიამ კი ქაღალდი და კალამი მომცა - განცხადება დაწერე, დღეიდან ჩვენთან იმუშავებო. ვერ ვიჯერებდი, რომ "საქინფორმში" მიღებდნენ. ცეკაში ყოფილა მოლაპარაკება. ქვემო ქართლის კორესპონდენტად გამიშვეს. მერე, ორივეგან ვმუშაობდი. "საქინფორმი" "ტასის" (საბჭოთა კავშირის საინფორმაციო სააგენტო) ფილიალი იყო. ერთ დღეს ოთარ თურქიამ მითხრა, წახვალ "ტასში" და "ასოშიეიტედ პრესშიო". არც კი ვიცოდი, ეს რა იყო... 1991 წლიდან, ამ სააგენტოს მთავარი კორესპონდენტი ვარ ამიერკავკასიაში.

ხშირად მეუბნებიან, ომის ჟურნალისტიკა აირჩიეთო, მაგრამ მე არ ამირჩევია, დრომ მოიტანა - სულ მიტინგები და ომები იყო. ფიქრადაც არ გამივლია, რომ ასეთ რაღაცებს გადავიღებდი. ადათ-წესების გადაღება, სოფლებში გასვლა მინდოდა. თუმცა, რაღაცები გადაღებული მაქვს - მარიამობა და ა.შ. სვანეთში საინტერესო ტრადიციები ვნახე. სადმე თუ მიდიხარ, სულ ცოტა, 10 დღე მაინც უნდა იცხოვრო იქ, ხალხთან ერთად იყო, ისე ვერ გაიგებ.

- თქვენი პირველი ფოტო თუ გაქვთ და ვინ გადაგიღოთ?

- ფოტოწრეზე სიარული რომ დავიწყე, ბავშვები ერთმანეთს ვუღებდით, მაგრამ ის ფოტოები აღარ მაქვს. არქივი განადგურდა, რედაქციიდან ომის დროს მოიპარეს. 1990 წლამდე, ახალგაზრდობისას რა ფოტოებიც გადავიღე, სამწუხაროდ, ყველაფერი დამეკარგა.

გაგეცინებათ და, ჩემი შვილების პატარაობის სურათები არ მაქვს, სულ სადღაც ვიყავი, ომში, იქით-აქეთ, სწავლა, ჯარი და ა.შ. მიხარია, რომ ახლა ყველა უპრობლემოდ აფიქსირებს სასურველ მომენტებს. ყველა ოჯახის ისტორიაა, კარგად გადაიღებს თუ ცუდად, მნიშვნელობა არა აქვს.

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

- ერთი შვილი დაღუპული მყავს... მორაგბე იყო, ნაკრების წევრი... გოგონა კი ექიმია, მაგრამ ისიც ჩვენთან გაზეთში მუშაობს, რადგან აზერბაიჯანული სალიტერატურო ენა ბევრმა არ იცის, მათ შორის, მეც, მხოლოდ ლაპარაკი ვიცი, რადგან რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული.

მამაჩემი დურგალი იყო, დედა თითქმის არ მუშაობდა, ჩვენ გვივლიდა - ორი ძმა ვართ და ერთი უმცროსი და გვყავს. ჩემი ძმაც რედაქციაში მუშაობდა, "მთავლიტის" მთავარი რედაქტორი იყო. ოთხი შვილიშვილი მყავს. უფროსი 16 წლის გახდა, გოგონა კი - 13-ის, მხატვარია, 9 წლისას პერსონალური გამოფენაც ჰქონდა. ჩემი ბიჭის შვილები შვიდი თვეა, ბაქოში არიან და ვირუსის გამო ვერ ჩამოდიან. თუმცა, ყოველღამე ველაპარაკები.

24 წლის დავოჯახდი. მომავალი მეუღლე ჩემი მეზობელი იყო. იმდენად ვიყავი საქმეებზე გადართული, რომ ვერც ვამჩნევდი, ჩემს უბანში ასეთი ლამაზი გოგონა თუ ცხოვრობდა. ერთ დღეს მე და დედა მოვდივართ და მოდის გოგონა მინიკაბით, ქერა თმით... დედაჩემი გადაკოცნა... გავოცდი, ვინ არის-მეთქი? მუსტაფას შვილია, კარგი გოგოა, ხომ არ მოგწონს? მიდიო... მე სად უნდა მივსულიყავი და დედ-მამა გავუშვი. მოილაპარაკეს. ბედნიერი ვარ, რომ კარგი მეუღლე და შვილები მყავს. 64 წლის ვარ, მაგრამ ბებერი არ გახლავართ (იცინის).

თამთა დადეშელი

ფოტოები იხილეთ ლინკზე - ჟურნალი "გზა"

იხილეთ ასევე: "გვესროდნენ, ხელები მიკანკალებდა, ამ დროს შევარდნაძე უცებ მომიტრიალდა და მითხრა, შახ, გადაიღე, შეიძლება ეს ბოლო კადრიც იყოსო"