"ბრძოლები რომ განახლდა, თბილისში რა გამაჩერებდა, დედა და ძმა ტყვედ იყვნენ..." - საბედისწერო გაფრენას გადარჩენილი ქალის ამბავი
"ბრძოლები რომ განახლდა, თბილისში რა გამაჩერებდა, დედა და ძმა ტყვედ იყვნენ..." - საბედისწერო გაფრენას გადარჩენილი ქალის ამბავი
მაშინ, როდესაც აფხაზეთის ომის დასრულება, სოხუმის დაცემა მხოლოდ დროის ამბავი იყო, 22 სექტემბერს, სოხუმის მიმართულებით გაფრენილ თვითმფრინავს ახალდაბელი სამხედრო ექთანი, ქეთევან მჭედლიძეც გაჰყვა მეგობრებთან ერთად. საბედისწერო გაფრენას 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავს ჭურვი ესროლეს, მაგრამ პილოტმა როგორღაც დაჯდომა მოახერხა და 14 ადამიანი სასწაულებრივად გადარჩა. ერთ-ერთ მათგანი, ქეთევან მჭედლიძე იმ უმძიმესი დღისა და მისი ოჯახის მიერ გამოვლილი ორკვირიანი ტყვეობის ჯოჯოხეთზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"თავდაცვის სამინისტროს ჰაერსაწინააღმდეგო ძალებში
ვმსახურობდი და სამედიცინო პუნქტის უფროსი ექთანი ვიყავი. იმ პერიოდში, როდესაც 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის საფუძველზე, აფხაზებსა და ქართველებს შორის შერიგების პროცესი დაიწყო, თბილისში ვიყავი, მაგრამ აფხაზეთში, სამსახურში დასაბრუნებლად ვემზადებოდი. აფხაზურმა მხარემ "სოჭის სამშვიდობო შეთანხმება" დაარღვია და ჩემს სოფელზე იერიში მიიტანა..."

"ომი საშინელებაა, შიმშილიც იყო, მედიკამენტების,
სპეციალისტების, ყველაფრის დეფიციტი, მაგრამ ორივე მხრიდან გახლდათ ადამიანური გამოვლინებები - დათმობის, გადარჩენის, პატიების. შესაძლოა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი, - აფხაზს დღესაც შემიძლია ყველაფერი ვაპატიო, დედაჩემის ტყვეობაც, ჩემი ძმის ჭრილობაც, ჩემი დანგრეული ფსიქიკაც და ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან ჩამოვარდნის შედეგად მოშლილი ჯანმრთელობაც, მაგრამ არაერთ სომეხს, რომელიც პირში გვიღიმოდა და აფხაზებზე უარეს საშინელებას სჩადიოდა, ვერასდროს ვაპატიებ, ისევე, როგორც რუსს, ჩეჩენსა და სხვა ჩრდილოკავკასიელს..."

"ჩემი ძმაც თანასოფლელებთან ერთად იბრძოდა. ერთი სიგიჟე გააკეთეს - პირველ დღესვე შეეძლოთ, ოჯახის წევრები გაეხიზნათ, მაგრამ, - ცოლ-შვილი რომ გავიყვანოთ, შესაძლოა, აქაურობა უფრო იოლად დავთმოთ და უკან არ დავიხიოთო, - ამიტომ ბავშვები და მოხუცებიც კი არ გაუყვანიათ. სექტემბერში, როდესაც აფხაზებმა იქაურობა აიღეს, ტყვეობას ის მცირე ნაწილი გადაურჩა, ვინც გვერდით სოფელში, კინდღში საცალფეხო ბილიკებით გააღწია, დანარჩენები, დიდიან-პატარიანად, ტყვედ აიყვანეს...."

"დედა მიყვებოდა, ჩეჩნები რომ შემოდიოდნენ და დაჭრილს ნახულობდნენ, ზუსტად ჭრილობებში სცემდნენ, - შე ძაღლო, ჩვენ გვებრძოდი, არაო?!. სომხების, "ბაგრამიანის" ბატალიონის წევრებიც შემოსულან, - მჟავა უნდა გადაგასხათ და დაგწვათო!.. სისასტიკით ჩეჩნებსაც კი სჯობდნენ თურმე და უამრავი ადამიანის წამებით დახოცვას აპირებდნენ, მაგრამ აძიუბჟაში მცხოვრები აფხაზი, გვარად პაპასკირი შემოსულა თავის გუნდთან ერთად და დაგვიცვესო. ჩეჩნები და სომხები ქართველების გათავისუფლების სასტიკი წინააღმდეგი ყოფილან..."

"ბრძოლები რომ განახლდა, თბილისში რა გამაჩერებდა, დედა და ძმა ტყვედ იყვნენ... სოხუმის თავზე ვიყავით, როდესაც დავინახე, რომ რუსული გემიდან ჭურვი გვესროლეს, თვითმფრინავს ცხვირში მოხვდა და ცეცხლი წაეკიდა... მერე დედა მიყვებოდა, იმ ღამეს ერთმანეთს ულოცავდნენ - ქართველი ბოევიკებით სავსე თვითმფრინავი ჩამოვაგდეთო. ხარიც დაუკლავთ ამის აღსანიშნავად... დედამ, - გული მიგრძნობდა, რომ ჩემი გადარეული შვილიც იმ თვითმფრინავში იქნებოდა, ღრიალი მინდოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, ის ერთი თუ დამეღუპა, ეს მეორეც არ მომიკლანო...

ერთი სიტყვით, ცეცხლის ალში გახვეული ჩვენი თვითმფრინავის უკანა ნაწილი ჰაერში იყო ჩამოკიდებული, მაგრამ პილოტმა როგორღაც აეროპორტის ბილიკამდე მიაღწია და დავარდა. აფეთქების ძალამ ჰაერში აგვაგდო, ამოგვატრიალა. გონზე რომ მოვედი, ჯერ კიდევ ტრიალებდა, სალონს ცეცხლი ეკიდა და შავი კვამლი იდგა. სადღაც პატარა "ნაგლეჯი" ცისფერი შევნიშნე. მივხვდი, იქ გასასვლელი იყო. როცა თვითმფრინავი გაჩერდა, ადგომა გადავწყვიტე, მაგრამ წელი და ფეხები აღარ მემორჩილებოდა. ხელი რაღაცას წავავლე, ძალა რომ მომეკრიბა. რაღაც მანძილზე ვიხოხე, ღია ადგილამდე მივაღწიე და ასაფრენ ბილიკზე დავეცი..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 17 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ლალი პაპასკირი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები