"ეს სწორედ ისაა, რაც სომხეთში მარტში ხდებოდა..." - რას ამბობს საქართველოზე სომხურ გამოცემასთან ინტერვიუში ქართველოლოგი ჯონი მელიქიანი - კვირის პალიტრა

"ეს სწორედ ისაა, რაც სომხეთში მარტში ხდებოდა..." - რას ამბობს საქართველოზე სომხურ გამოცემასთან ინტერვიუში ქართველოლოგი ჯონი მელიქიანი

სომხურ გამოცემა "ლრაგირ"-ში ("Լրագիր") გამოქვეყნებულ ინტერვიუში სომეხი ქართველოლოგი ჯონი მელიქიანი, ჟურნალისტ როზა ოვანისიანთან, საქართველოში კორონავისული სიტუაციის შესახებ მსჯელობს. პუბლიკაციის სათაური ასეთია: "საქართველოში სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. იქ ახლა ისეთი ვითარებაა, როგორიც მარტში სომხეთში იყო". საქართველოში კორონავირუსის აქტიური გავრცელება სიტუაციას იქამდე მიიყვანს, რომ ქვეყნის საზღვრები უახლოეს მომავალში ისევ დახურული იქნება. შესაბამისად, არც სომხებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოსთან საზღვრების გახსნის იმედი, იანვრამდე მაინც, - ამბობს ჯონი მელიქიანი.

"სახმელეთო საზღვარზე მოქალაქეთა გადასვლა ისევ აკრძალული იქნება, ამიტომ ვისაც [საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთიდან სომხეთში გამომგზავრება სურს], მან საჰაერო გზით, თვითმფრინავით უნდა ისარგებლოს. ამჟამად საქართველოში რთული პერიოდი იწყება, ხელისუფლებას საკუთარ პრობლემებზე აქვს ყურადღება გამახვილებული და მეზობლებისთვის მაინცდამაინც არ სცალია. საზღვრები ჩაკეტილი იქნება და შესაბამისად, ზემო ლარსში [შეკრებილი] რამდენიმე ათეული სომეხი მოქალაქის მიერ ხმაურის ატეხვა უადგილოა", - აცხადებს ქართველოლოგი.

როგორც ცნობილია, სომეხმა დეპუტატებმა პარლამენტში ამ საკითხის - რუსეთიდან სომხეთში დაბრუნების მსურველთა პრობლემის - განხილვის დროს ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეა წამოაყენეს. ამასთან დაკავშირებით ჯონი მელიქიანი ამბობს:

"ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო რამდენჯერმე დათანხმდა როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის ხელისუფლების თხოვნას. ეს იყო ჰუმანისტარული ჟესტი. რა თქმა უნდა, თბილისს არ შეუძლია ხშირად გადადგას მსგავსი ნაბიჯი, რადგან ეს გარკვეულ რესურსებს და დამატებით ხარჯებს ითვალისწინებს. დღეს საქართველოში სიტუაცია უარესდება, შესაბამისად, საგზაო პოლიციის მთელი რესურსები საშინაო ამოცანების გადასაწყვეტად იქნება მობილიზებული. რასაკვირველია, ეს ეხება საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების კონტროლსაც, რადგან კორონავირუსით საკმაოდ ბევრი მძღოლია დაინფიცირებული. წინა თვეებში საქართველოს ხელისუფლება პროფესიულად აწარმოებდა ბრძოლას "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ. ქართველები კარგად ინარჩუნებდნენ სიტუაციას, მაგრამ აშკარაა, რომ მხოლოდ ერთ ცალკე აღებულ საქართველოში, როცა მსოფლიოში უმძიმესი სიტუაციაა, უკეთესი მდგომარეობის ლოკალურად შენარჩუნება შეუძლებელია".

ქართველოლოგი ინტერვიუში შეეხო საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას:

"ტურიზმის სფეროში დაწესებულმა იძულებითმა შეზღუდვებმა ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. რამდენადაც ცნობილია, საქართველო ტურიზმის სფეროში შემოსავლებს ძირითადად მეზობელი ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთისა და რუსეთის მოქალაქეებით იღებდა. ამჟამად სახმელეთო და საზღვაო საზღვრები დახურულია.

საქართველოს მთავრობამ საწყის ეტაპზე მართლაც შეძლო სიტუაციის გაკონტროლება, მაგრამ მოსახლეობამ კორონავირუსზე "გამარჯვება" თავისებურად აღიქვა - ჩათვალა, რომ საფრთხემ გადაიარა და ერთგვარად მოეშვა, სიფხიზლე მოადუნა. ცხადია, ხელისუფლება ენერგიულ ზომებს იღებს და თავისი ჯანდაცვის სისტემას მოსალოდნელი აფეთქებისთვის ამზადებს, დამატებით ხდება საავადმყოფოებში საწოლთა რაოდენობის ზრდა. დღეს 500 ადამიანი მკურნალობს, მზადდება კიდევ 3 ათასამდე საწოლი.

ბოლო დროს კორონავირუსის აფეთქება აჭარაში მოხდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შიდა ტურიზმმა. ადამიანებმა ანტიკოვიდური წესები მასობრივად დაარღვიეს და სიტუაციაც კონტროლიდან გამოვიდა. გამრავლდა ინფექციის უცნობი წყაროები... ეს სწორედ ისაა, რაც სომხეთში მარტში ხდებოდა. საქართველოს მთავრობა ჯერ-ჯერობით არ აპირებს არჩევნების გადადებას, მაგრამ ზოგიერთმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანია შეაჩერეს, ოპოზიციურ კანდიდატებში კი უკვე დაინფიცირებულებიც გაჩნდნენ.

"საქართველოში ბოლო დრომდე არსებული კონტროლირებადი სიტუაციის წყალობით ქვეყნის ხელისუფლებამ რეიტინგი აიმაღლა. მთავრობა იმასაც ცდილობდა, რომ არჩევნებამდე ეკონომიკის ხარჯზე "გამარჯვება" შეენარჩუნებინა და 31 ოქტომბრამდე პლუსებით მისულიყო. ანტიკრიზისული პროგრამები საგარეო ვალების აღებით ხორციელდებოდა - ქართველებმა ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში 2 მილიარდი დოლარი მიიზიდეს. მაგრამ დღეს სიტუაცია შეიცვალა. მართალია, მთავრობის რეიტინგი ისევ საკმაოდ მაღალია, მაგრამ არავინ იცის, როგორი სიტუაცია შეიქმნება 31 ოქტომბრამდე დარჩენილ დროში", - აღნიშნავს ინტერვიუში ჯონი მელიქიანი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ