"გიგამ გადაწყვიტა ეს ნაბიჯი სწორედ ფიცის დადების დროს გადაედგა... იმ მომენტში ნამდვილად არაფერი ვიცოდი" - კვირის პალიტრა

"გიგამ გადაწყვიტა ეს ნაბიჯი სწორედ ფიცის დადების დროს გადაედგა... იმ მომენტში ნამდვილად არაფერი ვიცოდი"

შეყვარებული წყვილები ხშირად ცდილობენ ერთმანეთისთვის სიურპრიზების მოწყობას. სავალდებულო ჯარის მოხდის შემდეგ, ფიცის დადების ცერემონიაზე 19 წლის გიგა რამაზაშვილმა, შეყვარებულს, სოფო ბაკურაძეს ხელი სთხოვა, მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ გიგამ არავის არაფერი უთხრა, თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს კიდევ ერთი უდიდესი ნაბიჯი გადადგა და თავიანთ სიყვარულს ოფიციალური სახე მისცა. წყვილის გულისამაჩუყებელი ვიდეო სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. ისტორიის მოსასმენად სოფო ბაკურაძეს დავუკავშირდით: - ჩვენი ისტორია შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან იწყება, მე და ჩემი მეუღლე პირველი კლასიდან კლასელები ვიყავით და ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ, დაბადებითაც კი ერთ პალატაში დავიბადეთ, გიგა ერთი დღით დიდია ჩემზე.

სკოლის ბოლო კლასში ჩვენი მეგობრობა განსაკუთრებულად გაძლიერდა, უფრო ახლო მეგობრები გავხდით და ერთმანეთს ჩვენს პირად ცხოვრებაზე ყველაფერს ვუზიარებდით, ამასობაში შეგვიყვარდა კიდეც ერთმანეთი. მეგობრები ვიყავით რესტორანში, ცოტა დავლიეთ, გავერთეთ და იმ დღეს წამოსცდა, რომ ვუყვარდი, ისე ვერ ბედავდა თქმას. ვიცოდი, ცოტა ყოყმანობდა, არ იცოდა ჩემგან რა პასუხს მიიღებდა და მეც ცოტა ვაწვალე.

მეგობრები ყოველთვის ამჩნევდნენ და მეუბნებოდნენ კიდეც, მაგრამ მე ვუარყოფდი, არასდროს წარმომედგინა ჩვენი ერთად ყოფნა. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. დაახლოებოთ 2 წელი ვიყავით შეყვარებულები და შემდეგ ის დღეც დადგა.

- თქვენი ვიდეო სოციალურმა ქსელმა მოიცვა, მოგვიყევი როგორ გთხოვა ხელი? - გიგა სიყვარულის ახსნით არ გამოირჩეოდა, თუმცა ხელის თხოვნისას გაგვაოცა, იმ დროს,  სავალდებულო ჯარს იხდიდა, ძალიან მოსწონდა ეს ყველაფერი და გადაწყვიტა ეს ნაბიჯი სწორედ ფიცის დადების დროს გადაედგა.

არავის არაფერი უთხრა და მეც ნამდვილად არ ველოდი ხელს იქ თუ მთხოვდა, ზოგადად ვსაუბრობდით ხოლმე ასეთ თემებზე, ვაწყობდით გეგმებს, ყველაფერს განვიხილავდით ერთად, მაგრამ იმ მომენტში ნამდვილად არ ვიცოდი. ემოციურიც არ ვარ და მეტყობა კიდეც ვიდეოში, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი და უზომოდ გამახარა.

- ხელის თხოვნიდან მალევე ქორწილი გქონდათ, როგორ ჩაიარა?

- ყველაფერი სადა და უბრალო იყო, ბუნებაში გადავწყვიტეთ ქორწილის გადახდა, რადგან სხვადადხვა მიზეზების გამო გრანდიოზული ქორწილი ნამდვილად არ მინდოდა. ზუსტად ისე გამოვიდა ყველაფერი, როგორც მსურდა.

- დიდი ხანია მეუღლეს იცნობ, როგორია ახლა უკვე მეუღლის ამპლუაში? - გიგა ზოგადად, მშვიდია, ძალიან გაწონასწორებული, მხიარული და უზომოდ კეთილია. ახლა უფრო მზრუნველი გახდა, ხასიათითაც ახლა უფრო უკეთ ვეწყობით და თითქმის არ ვკამათობთ.

- როგორია ოჯახური თანაცხოვრება? - იმდენად თავისუფლად ვარ, ვერც კი ვგრძნობ, რომ რაიმე შეიცვალა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჯერჯერობით სწავლას მივხედავ და ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

იხილეთ ვიდეო

(სპეციალურად საიტისთვის)