"ეს უფრო დიდი შოკი იყო, ვიდრე ის რომ კოვიდი დამიდასტურდა" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული ჟურნალისტი? - კვირის პალიტრა

"ეს უფრო დიდი შოკი იყო, ვიდრე ის რომ კოვიდი დამიდასტურდა" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული ჟურნალისტი?

კორონავირუსით ინფიცირებული ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე, რომელიც რამდენიმე დღეა ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს, სოციალურ ქსელში თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს:

"კარგად ვარ. დღეს პირველი დღეა როცა ამის თქმა თამამად შემიძლია. არც სიცხე და აღარც განსაკუთრებული ტკივილები. მხოლოდ ხველა მახსემებს რომ კოვიდ-დადებითი ვარ. გემოს ისევ ვერ ვგრძნობ. ერთმა ყოფილმა პაციენტმა მომწერა, მაისში დავამარცხე კორონა და გემო და ყნოსვა ჯერ არ დამბრუნებიაო. მგონი ეს უფრო დიდი შოკი იყო, ვიდრე ის რომ კოვიდი დამიდასტურდა. ალბათ ამით უნდა ვისწავლო ცხოვრება. სახსრების ტკივილმაც გაიარა თითქმის, მოკლედ ცრუმორწმუნე არ ვარ, თორემ ის მომენტია ხეზე რომ უნდა დააკაკუნო.

პლაქველინი აღარ მიმიღია, მხოლოდ სისხლის გამათხელებელი ნემსი და რაღაც აბები. ინჰალაცია სულ უფრო იშვიათად მჭირდება.

დღეს ნინო წაბრძანდა კარანტინში. გული უფრიალებდა წასვლისას სიხარულისგან, ძლივს იდგა ფეხზე. შიშით ხმას ვერ იღებდა, იფიქრებენ ცუდად ვარ და დამტოვებენო - არ დატოვეს, დავრჩი მარტო.

დღეს სულ კარგი ამბები უნდა მოვყვე: პატარაც წავიდა კარანტინში, აღარავინ აწვალებს ნემსის ჩხვლეტით. ერთი რომ გვყავდა მძიმე, ისიც კარგად არის უკვე, გამოძვრა. ახლა სხვა არის მძიმედ და ისიც გამოძვრება, სხვანაირად არ შეიძლება. მთელი ღამე დარბიან ექიმები და ექთნები, შეუძლებელია ეს ძალისხმევა ჰაერში წავიდეს.

ჩემს საწოლთან ორი ბუშტი კონწიალობს, ჩავიფიქრე, რომ აქედან მათ ჩამოვარდნამდე უნდა წავიდე, ვნახოთ...", - წერს თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში. (წყარო)