" ალბათ, ეს ამბავი ყოველთვის იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დავზარალდი, "დავბულინგდი" და გულნატკენი ვიყავი..."
18-09-2020
" ალბათ, ეს ამბავი ყოველთვის იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დავზარალდი, "დავბულინგდი" და გულნატკენი ვიყავი..."
სახელი, გვარი: სოფო ბედია.
ასაკი: 35 წლის.
განათლება: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი (ებრაული ენის განხრით).
პროფესია: მომღერალი. ასევე, აქვს საკუთარი მუსიკალური სტუდია.
ჰობი: ცეკვა.
ცხოვრების დევიზი: "ვაკეთოთ სიკეთე".

- სოფო, ამჟამად, შენს ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევ?
- ხალხის სიყვარულს, რადგან იმ საქმეში, რასაც ვემსახურები და იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობ, დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რაც მაბედნიერებს. როცა ადამიანს რაღაც გაბედნიერებს, ეს ყველაზე დიდი მიღწევაა.

- პანდემიის პერიოდში შექმნილ კლიპთან დაკავშირებული ამბის
გარდა, ოდესმე ბულინგის მსხვერპლი თუ გამხდარხარ, თუნდაც - სკოლაში?
- ვერ ვიტყვი, კლიპთან დაკავშირებულმა ბულინგმა ძალიან დამაზარალა და დეპრესია დამმართა-მეთქი. უბრალოდ, უსიამოვნო იყო, თორემ პირადად მე, ბულინგად არც მიმიჩნევია... სკოლას რაც შეეხება, ბულინგის მსხვერპლი არასოდეს გავმხდარვარ. ყოველთვის მქონდა ბედნიერება, ადამიანებს ვყვარებოდი. ბავშვობიდან ისე აღმზარდეს, რომ არავისთვის
არაფერი დამიშავებია. შესაბამისად, ძალიან კონტაქტური, მეგობრული ვიყავი და სულ სიკეთეს ვაკეთებდი. კი ბატონო, "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი" - ალბათ, ეს ამბავი ყოველთვის იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დავზარალდი, "დავბულინგდი" და გულნატკენი ვიყავი...

- შვილის მიერ დასმულ შეკითხვას თუ დაუბნევიხარ?
- ალბათ, კი. ყველა მშობლის ცხოვრებაშია ეპიზოდები, როცა შვილები უცნაურ შეკითხვებს უსვამენ, მაგრამ ახლა კონკრეტულს ვერაფერს ვიხსენებ (იღიმის)...

- როცა ეკრანზე საკუთარი თავი პირველად დაინახე, შენთვის ყველაზე მეტად თვალში საცემი რა იყო?
- ერთადერთი - ის, რომ ყოველთვის ცოტათი პუტკუნა ვიყავი და სულ მინდოდა, ეკრანზე გამხდარი გამოვჩენილიყავი. ახლა ეს კომპლექსი აღარ მაქვს, თუმცა, ეკრანზე მაინც იმაზე დიდი ვჩანვარ, ვიდრე ცხოვრებაში ვარ. რატომღაც, ნებისმიერ ასაკში, ჩემს ნებისმიერ გამოსვლას ყოველთვის კრიტიკული თვალით ვუყურებ და ვცდილობ, ყველაფერი გავაუმჯობესო; თუ რამე არ მომწონს, საკუთარ თავზე ვმუშაობ. შესაბამისად, ალბათ ყველაფერი კარგად ამიტომაც გამომდის, რომ ყველაფერს კრიტიკული თვალით ვუყურებ. ადამიანი ვითარდები და რაღაცებს აუმჯობესებ, არა?

- რომელია შენი საყვარელი კერძი, რომლის ჭამის ცდუნებას დიეტაზე მყოფიც ვერ უძლებ?
- ხინკალი ჩემი სისუსტეა.

- თავად რომელი კერძის მომზადება გამოგდის ყველაზე უკეთ?
- ძალიან კარგ კატლეტებს ვამზადებ - ჩემი რეცეპტი მაქვს. რასაც ვამზადებ, ოჯახის წევრებს მოსწონთ. ვერ ვიტყვი, ყველაფერი გამომდის-მეთქი - რაც არ ვიცი, ხელს არ ვკიდებ. რისი მომზადებაც ვიცი, საკმაოდ გემოვნებიანად ვამზადებ.

- საერთოდ, საკუთარ თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევ?
- კი, ნამდვილად მიმაჩნია, რომ ყველაფერში კარგი გემოვნება მაქვს (იღიმის).

- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად, რასთან დაკავშირებით გთხოვენ რჩევას?
- თუნდაც - ჩაცმულობასთან, მუსიკასთან დაკავშირებით... რა თქმა უნდა, ყველას თავისი გემოვნება აქვს. მუსიკალური გემოვნება ისეთია, რომ რჩევას ვერ მიიღებ: ადამიანს უნდა მოგწონდეს, რასაც უსმენ. ჩაცმულობას რაც შეეხება, რჩევას ბევრი მეკითხება, მაგრამ ადამიანების გემოვნება ალბათ, ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს: ვისთვისაც ჩემი გემოვნება მისაღებია, რჩევებსაც ალბათ ისინი მეკითხებიან.

- დაასახელე მაკიაჟის დეტალი, რომლის გარეშეც შინიდან ვერ გახვალ...
- ტუჩსაცხი.

- ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ფერის ტუჩსაცხის გამოყენების უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?
- წითელი ტუჩსაცხი მიყვარს. საერთოდ, მკვეთრი, "ბედნიერი" ფერის "პომადები" მომწონს, მაგრამ რაკი ერთ თვეზეა საუბარი, პასტელურ ფერს ვამჯობინებ - ტუჩის ფერთან "ახლოს მყოფს".

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?
- არასოდეს. ეგ რომ ვიგრძნო, ალბათ დეპრესია მაშინ დამეწყება. საერთოდ, დეპრესიისკენ მიდრეკილება არ მაქვს. ყოველთვის მივიჩნევ, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჯერ საკუთარი თავისთვის ვარ, მერე კი იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ძვირფასი ვარ (ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, ახლობლები).

- შენთვის ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის?
- მეგობრებთან ყოფნა და ნებისმიერი ფორმით განტვირთვა: საუბრით, დროს ტარებით, ცეკვა-თამაშით და ა.შ. ამ ყველაფერს გულს ვაყოლებ.

- "ფეისბუკი" თუ "ინსტაგრამი"?
- რატომღაც - "ფეისბუკი". "ინსტაგრამზეც" ვარ დარეგისტრირებული, მაგრამ დიდად ვერ დავამუღამე, თუმცა მიიჩნევა, რომ "ინსტაგრამი" უფრო "სვეტურია".

- ყავა თუ ჩაი?
- ყავა.

- ზაფხული თუ ზამთარი?
- ზაფხული.

- ბიკინი თუ მთლიანი საცურაო კოსტიუმი?
- ალბათ - ბიკინი, თუმცა ორივე მომწონს და მაქვს, მაგრამ უფრო ბიკინის ვიყენებ.

- მილიონი დოლარი რომ მიგეღო, როგორ გაანაწილებდი, შენს ცხოვრებას როგორ დაგეგმავდი?
- ჩემს ყველა ახლობელს გავახარებდი, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, მოხუცებს დავეხმარებოდი და ბედნიერ წუთებს ვაჩუქებდი, როგორც შევძლებდი.

- ყველაზე უცნაური რა საჩუქარი მიგიღია?
- აკვარიუმის თევზი (იცინის), რომელიც კოლეგამ - ელა დევლახმა დაბადების დღეზე მაჩუქა. "გვრიტო" დავარქვით. ძალიან ლამაზი თევზი მყავდა...

- რა ბედი ეწია?
- ეტყობა, ბევრი ვაჭამე და მალე მოკვდა... მეგონა, სულ შიოდა... ერთი თვე მყავდა... მისი სიკვდილი ძალიან განვიცადე.

- ადამიანებს ადვილად უმეგობრდები?
- ვფიქრობ, დიდი მეგობრობის ჩამოყალიბება დროთა განმავლობაში ხდება. საერთოდ, მეგობრული ადამიანი ვარ. ჩემი ზოდიაქოს ნიშანი მერწყულია - ძალიან მეგობრულები ვართ... ჩემთვის მეგობარი იგივე ოჯახის წევრია. ადამიანს თუ "მეგობარს" ვუწოდებ, ის ჩემთვის ყველაფერია! როცა ადამიანები მონათესავე სულებს იპოვიან, მათ შორის დიდი ურთიერთგაგება, პატივისცემა, სიყვარული და ის უხილავი ქიმიაა, რომელსაც მეგობარი მეგობრისგან გრძნობს. ასეთი მეგობარი ძალიან ცოტა მყავს, მაგრამ - ღირსეული. ვერ ვიტყვი, მეგობარი არ დამიკარგავს-მეთქი - ასეთი შემთხვევა ნამდვილად მქონია, მაგრამ - იშვიათად. ძირითადად, ურთიერთგაგებითა და სიყვარულით, ბოლომდე შენარჩუნებული მეგობრები მყავს.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბოლოს როდის იმგზავრე?
- ალბათ, 12 წლის წინ, სანამ ნიკუშა (უფროსი შვილი) მეყოლებოდა. მაშინ მეტროთიც ვმგზავრობდი, სამარშრუტო ტაქსითაც, ავტობუსითაც...

- საცობში მოხვედრილს დრო როგორ გაგყავს?
- საცობის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ალბათ, არც არავის უყვარს (იცინის). თუ საჭესთან ვზივარ, ყურადღებით ვარ. რა თქმა უნდა, საცობში ყოფნა მოსაწყენია, მაგრამ კანონებს ვემორჩილები. ვცდილობ, ჩემი ქმედებით სხვას ხელი არ შევუშალო. ცხადია, თავადაც არ მესიამოვნებოდა, თუ ვიღაც ხელს შემიშლიდა. შესაბამისად, ყველაფერს მოთმინებით ვიტან. თუ მეუღლის გვერდით ვზივარ და არა - საჭესთან, რა თქმა უნდა, რაღაცას ვაკეთებ, ვფიქრობ... კონკრეტულს ვერაფერს დავასახელებ - საფიქრალის მეტი რა არის?!

- პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან, ყველაზე მეტ დისკომფორტს რა გიქმნის?
- ერთადერთი, საჯარო დაწესებულებებში ნიღბის ტარება ჩემთვის კატასტროფის ტოლფასია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომელიმე დაწესებულებაში ნიღბით დიდხანს ყოფნა მიწევს-მეთქი. უბრალოდ, ამ სიცხეში, როგორც ყველა ადამიანს, ნიღაბი მეც დისკომფორტს მიქმნის, მაგრამ კანონმორჩილი, მოწესრიგებული გოგო ვარ - წესებს არასოდეს ვარღვევ.

- არასოდეს დაჯარიმებულხარ?
- როგორ არა?! ერთადერთი, არასწორი პარკინგის გამო დავჯარიმებულვარ: როცა ძალიან მეჩქარება, წამიერად ავტომობილი გამიჩერებია და ამ დროს ჯარიმა დაუწერიათ. მერე უთქვამთ, - უი, თქვენ იყავითო?!. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვარ?! კანონი დავარღვიე და შესაბამისად, ჯარიმა უნდა გადავიხადო. ალბათ, ხანდახან ეს ამად მიღირს, როცა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და უცბად ავტომობილს ვერსად ვაჩერებ.

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?
- ასე მასშტაბურად არ მიფიქრია, მაგრამ ცხოვრებაში მთავარი ადამიანობაა. შენი არსებობით დედამიწა არ უნდა დაამძიმო, პირიქით - სიკეთე უნდა აკეთო და ბევრი ადამიანი გააბედნიერო. ვფიქრობ, სამყაროსადმი მთავარი გზავნილი ეს არის...

ეთო ყორღანაშვილი

გიოგიო
19 სექტემბერი 2020 16:58
ბედიები-ცოლი-ქმარი-ივანიშვილის კლასტერები არიან-ანუ იგი მათ აფინანსებს-უკვე დიიდი ხანია!....

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?