"რთული დღეები სწორედ ელენემ გადამატანინა" - კვირის პალიტრა

"რთული დღეები სწორედ ელენემ გადამატანინა"

"მე და ელენემ ერთმანეთი სამი წლის წინ გავიცანით ფიტნესდარბაზში, პანდემიის დროს კი უკეთ გავიგეთ, რა როლს ვასრულებდით ერთმანეთის ცხოვრებაში, კარგად დავფიქრდით და დაოჯახებაც გადავწყვიტეთ. ერთი კვირის წინ გვქონდა ნიშნობა ვიწრო წრეში, ეპიდემიოლოგების ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით"

ცნობილი ექიმი-ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა - იგი დაოჯახდა. 32 წლის ექიმის რჩეული 28 წლის ელენე ხარაშვილია. წყვილს სამწლიანი სიყვარულის ისტორია აკავშირებს, პანდემია კი მათთვის გამოცდა აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს მიხვდნენ, რომ ერთად ცხოვრების დრო დადგა. ნიშნობა დედოფლისწყაროში გადაიხადეს, სულ მალე კი ხელს მოაწერენ. "იქ, სადაც სიყვარული მეფობს, ყოვლად უძლურია პანდემია-ეპიდემია. მით უფრო, როდესაც დედოფლისწყაროელთა საამაყო სიძე გახდა "კოვიდ-19"-ის რისხვა ალექსანდრე ექიმი... ვულოცავ ახალშეუღლებულთ გაბედნიერებას!" - წერს ერთ-ერთი ახლობელი. წყვილი უამრავ მილოცვას იღებს, რომელთაც "კვირის პალიტრაც" სიამოვნებით უერთდება.

- ყველამ გაიხარა თქვენი ბედნიერებით, მაგრამ იხუმრეს კიდეც, თვეების განმავლობაში ლამის საავადმყოფოში ცხოვრობდა და, ალბათ, მეორე ნახევარიც იქ იპოვაო...

- ჩვენი ურთიერთობა უფრო ხანგრძლივია, პანდემიამდე დაიწყო, ამიტომაც კორონავირუსმა ხელი ვერ შეგვიშალა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პანდემიის პერიოდში თითქმის ვერ ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას.

მე და ელენე ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები ვართ და ერთმანეთი სამი წლის წინ გავიცანით ფიტნესდარბაზში, პანდემიის დროს კი უკეთ გავიგეთ, რა როლს ვასრულებდით ერთმანეთის ცხოვრებაში, კარგად დავფიქრდით და დაოჯახებაც გადავწყვიტეთ. ახლახან გვქონდა ნიშნობა ვიწრო წრეში, ეპიდემიოლოგების ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით.

- ქორწილი როდის გექნებათ? - სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველანაირი თავშეყრისგან თავს ვიკავებთ, სამომავლოდ კი ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენს ქვეყანაში ეპიდსიტუაცია. უახლოეს პერიოდში ხელს მოვაწერთ და ერთად ვიცხოვრებთ.

- რა პროფესიისაა ელენე? - ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტია.

- როგორ ეგუება თქვენს გრაფიკს? - სხვათა შორის, ცოტა გაუჭირდა. პანდემიის პირველ თვეებში, მოგეხსენებათ, როგორი დატვირთვა მოდიოდა საავადმყოფოებზე. იმ პერიოდში მხოლოდ ერთხელ თუ ორჯერ შევხვდით. ახლა შეეგუა, პატივს სცემს ჩემს პროფესიას, გვერდით მიდგას და მამხნევებს. რთული დღეები სწორედ ელენემ გადამატანინა.

ელენე ხარაშვილი: - გაცნობისთანავე ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა. მერე ერთ სამედიცინო კონფერენციაზე ვიყავით და იქ უფრო დავახლოვდით. თავისთავად და ბუნებრივად მოხდა ყველაფერი, პანდემიის პერიოდში კი მივხვდით, რომ უკვე დრო იყო, ქორწინებაზე გვეფიქრა. ალექსანდრე თბილი, მზრუნველი და ერთგული ადამიანია. გაცნობისას ჩემი ოჯახის წევრებიც ძალიან თბილად განეწყვნენ მის მიმართ. პანდემიის დღეებში ეკრანზე ხშირად ჩანდა და ბებია და პაპა გაფაციცებით ელოდნენ ხოლმე მის ყველა ინტერვიუს. უხარიათ და ბედნიერები არიან ჩემი არჩევანით.

ნიშნობა დედოფლისწყაროში გვქონდა, ჩემს სახლში. ჩემი მშობლები ახლა იქ ცხოვრობენ, მე კი თითქმის 10 წელია, თბილისში ვარ. პანდემიის პერიოდში ორივე ვმუშაობდით და ვცდილობდით, ერთმანეთი გაგვემხნევებინა.

- სად მუშაობთ? ჯანდაცვის სპეციალისტიაო, ალექსანდრემ გვითხრა. - შსს-ს ჯანმრთელობის დაცვის პოლიკლინიკაში. ნიშნობამდე მეგობრებთან ერთად ბათუმში ვიყავით და პირბადის გარეშე რომ ხედავდა დამსვენებლებს, ბრაზობდა. ყოველთვის გვაფრთხილებს, პირბადე, სადეზინფექციო ხსნარი სულ ჩანთაში უნდა გედოთო. რამდენჯერმე ტაქსიში პირბადე ჩამოვიწიე და შენიშვნა მომცა. როდესაც ხელი მთხოვა, პირობა დავდეთ, რომ ერთმანეთს მხარში დავუდგებით, ვიქნებით ერთგულები და გვეყვარება ერთმანეთი. გვჯერა, რომ სწორედ ასე იქნება.