"თითქოს დაჯერება არ მინდოდა. ძნელია გაიაზრო და მიიღო ასეთი მძიმე დიაგნოზი" - კვირის პალიტრა

"თითქოს დაჯერება არ მინდოდა. ძნელია გაიაზრო და მიიღო ასეთი მძიმე დიაგნოზი"

"იშვიათობაა, უცხო ქვეყანაში ვინმე ასე ამოგიდგეს მხარში"

ბრძოლა სიცოცხლისთვის ყოველთვის ღირს. არ უნდა დანებდე იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარხარ და ელოდება შენს გამარჯვებას. "დიაგნოზის მოსმენა რთულია და კიდევ უფრო რთულია, გაიაზრო და მიიღო ის. ამ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იყო", - ქალბატონი მანანა კალაძე თავის ავადმყოფობასა და მის გავლილ მძიმე გზაზე ჟურნალ "გზას" ესაუბრა. მიაჩნია, რომ არც ერთი დიაგნოზი განაჩენი არ არის, უნდა იბრძოლო იმ იმედით, რომ გაიმარჯვებ!

- რამდენი წელია, რაც ემიგრანტი ხართ?

- 14 წელია, ემიგრანტი მქვია. ჯერ ჩემი მეუღლე წამოვიდა. მე ვერ გავბედე შვილების დატოვება და წამოსვლა, სანამ უნივერსიტეტი არ დაამთავრეს. რთული იყო განშორება, მაგრამ მათი უკეთესი მომავლისთვის მივიღე ეს გადაწყვეტილება.

- როგორი იყო ემიგრაციის პირველი დღეები? - რა თქმა უნდა, იყო რთული დღეები - საქართველოში დარჩენილი მეგობრებისა და ახლობლების მონატრება, შვილებისგან შორს ყოფნა, ენის ბარიერი, გაუცხოება - რომელი ერთი ჩამოვთვალო, მაგრამ ამ ყველაფერთან გამკლავებაში ქართველი ქალბატონი, სოფია ბიჭიაშვილი დამეხმარა. ჩამოსვლის დღიდან ჩემ გვერდით, როგორც და, ისე მედგა. იმ მძიმე დღეებშიც კი არ დავუტოვებივარ მარტო, როდესაც მძიმე სენს ვებრძოდი. იშვიათობაა, უცხო ქვეყანაში ვინმე ასე ამოგიდგეს მხარში.

- რა ჩივილებით მიმართეთ ექიმს, რა გაწუხებდათ? - თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, ხშირი თავის ტკივილი მქონდა, თუმცა ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასე მძიმედ იყო საქმე.

- თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ის ემოცია, როდესაც ექიმმა დიაგნოზი დაგისვათ... - ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, რომ თავში სიმსივნე მქონდა, გააზრება გამიჭირდა. გამოკვლევების შემდეგ ავდექი და სახლში წამოსვლა დავაპირე. რა თქმა უნდა, ექიმებმა ამის ნება არ მომცეს. იმას ვდარდობდი, სამსახურში დავიგვიანებ-მეთქი. იმ ღამეს იქ დამტოვეს, მაგრამ დილით ისევ შევეცადე წასვლას, რომ სამსახურში არ დამგვიანებოდა. ბევრს ვმუშაობდი, ყოველ წუთს მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის და არ მინდოდა, უფროსს საყვედური ეთქვა. ვინც ემიგრანტია, ის მიხვდება, რაზეც ვნერვიულობდი. თითქოს დაჯერება არ მინდოდა. ვფიქრობდი, რომ მალე კარგად გავხდებოდი. ძნელია გაიაზრო და მიიღო ასეთი მძიმე დიაგნოზი.

- ექიმებისგან თუ გიგრძნიათ, რომ იყავით ემიგრანტი და არა - ამ ქვეყნის მოქალაქე? - არა, ყველა ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდა და დღემდე ასეა. წელიწად-ნახევარია უკვე, ამ დაავადებას ვებრძვი, ყველა გამოკვლევა და ოპერაცია, მათ შორის ძვირად ღირებულიც კი, უფასოდ მიტარდება. ამას საქართველოში ნამდვილად ვერ შევძლებდი, ფინანსურად გამიჭირდებოდა და აუცილებლად დავნებდებოდი.

- ძალიან მძიმე დიაგნოზი გაქვთ - სიმსივნე თავის ქალას უკანა ნაწილში. როდესაც ოპერაციაზე შედიოდით, გადარჩენის შანსი მინიმალური იყო. არ გეშინოდათ? - ოპერაციისთვის ჩემი შვილი ჩამოვიდა საქართველოდან, ჩემ გვერდით იყვნენ მეგობრებიც და ვფიქრობდი, რომ მათ გამო უნდა გამეძლო. ისინი ელოდებოდნენ ჩემს გამარჯვებას და არა დამარცხებას. შიში, რა თქმა უნდა, მქონდა, მაგრამ ჩემს თავს დანებების უფლებას არ ვაძლევდი. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გარემოს. რომ არა ეს ადამიანები, ვერ გავუძლებდი. მათი დამსახურებაა, რომ ცოცხალი ვარ.

- როგორია დღეს თქვენი მდგომარეობა? - უკეთესად ვარ. ექიმები ამბობენ, რომ საშიში აღარაფერია, თუმცა მკურნალობას ვაგრძელებ და საბოლოო გამარჯვებამდე კიდევ ცოტა დამრჩა. ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირს, აქტიური ცხოვრება მქონდა და ახლა ასე უმოქმედოდ ჯდომა მიჭირს. თავდაპირველად ვფიქრობდი, სამ თვეში წამოვდგები ფეხზე და ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, მაგრამ უკვე წელიწად-ნახევარია ვიბრძვი. ერთი წელი გავიდა, რაც ოპერაცია გამიკეთეს. ვისაც ემიგრანტობა გამოუცდია, მიხვდება, რას ნიშნავს უმუშევრად ყოფნა.

- ხომ არ ფიქრობთ, საქართველოში დაბრუნდეთ და იქ გააგრძელოთ მკურნალობა? - ამაზეც მიფიქრია, მაგრამ ვერ მივდივარ: საქართველოში მკურნალობა ძვირია და ვერ შევძლებ. აქ კი, როგორც აღვნიშნე, ყველაფერს უფასოდ მიკეთებენ. იგივე დაზღვევა მაქვს, რაც თავად ესპანელებს.

- რას ეტყვით იმ ადამიანებს, დღეს რომ იმ გზაზე დგებიან, რომელიც თქვენ გამოიარეთ? - რა თქმა უნდა, არ უნდა დანებდნენ. ვალდებულები არიან, იბრძოლონ საყვარელი ადამიანებისთვის; უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი მათ გამარჯვებას ელოდებიან და არა - დამარცხებას. ნუ იქნებიან ეგოისტები და იბრძოლონ. მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი ვეტყვი, - ნუ დატოვებენ მათ მარტოს! მესმის, რთულია ამ დროს სულ მათ გვერდით ყოფნა, რადგან თავიანთი მდგომარეობის გამო, თითქოს მთელ სამყაროზე არიან განაწყენებულნი, მაგრამ ამ დროს ყველაზე მეტად სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ.

ფიქრია რობაქიძე "გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან