"ჩააგდე ცხვირი ნიღაბში" - კარიკატურით ნათქვამი მწარე სიმართლე - კვირის პალიტრა

"ჩააგდე ცხვირი ნიღაბში" - კარიკატურით ნათქვამი მწარე სიმართლე

"ხომ იცით, რომელი ოპერაციაა საქართველოში პლასტიკურ ქირურგიაში ყველაზე ხშირი? - ცხვირის, იმიტომ, რომ კავკასიური პოპულაციისთვის დამახასიათებელია ცოტა გრძელი, კეხიანი ცხვირი. ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ ცხვირს ნიღაბში ვერ ვმალავთ..."

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს, გუგა ქაშიბაძეს რომ ხატვის განსაკუთრებული უნარი აქვს, ეს ჩვენს მკითხველს შესანიშნავად მოეხსენება. "კოვიდის" თემაზე შექმნილმა მისმა ბოლო კარიკატურებმა - "ჩააგდე ცხვირი ნიღაბში" და "ერთმა ქორწილმა ხუთი კლასტერი შეგვიქმნა" ინტერნეტი დაიპყრო.

- ბატონო გუგა, თქვენი ბოლო ნამუშევრები განსაკუთრებული მითქმა-მოთქმისა და განსჯის თემად იქცა და დიდი აღიარებაც მოიპოვა. ალბათ, ჩანაფიქრიც ეს იყო...

- დიახ, ვფიქრობ, რომ კარიკატურა ნახატზე მეტია. ის პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ყოველთვის ახდენს მნახველზე და თავის მისიას ასრულებს. ძალიან მინდა, ასე იყოს და იმ ჩანაფიქრს, მიზანს ასრულებდეს ეს კარიკატურები, რისთვისაც იქმნება.

ვფიქრობ, კიდევ ვერ ვგრძნობთ კარგად, რომ თუ სიმპტომები გვაქვს, აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც. არ უნდა მოვხვდეთ თავშეყრის ადგილებში, უნდა მივმართოთ ცხელების ცენტრს, ექიმს ან გავიაროთ სატელეფონო კონსულტაცია. უნდა ვასრულებდეთ, რასაც ექიმები გვირჩევენ, იმიტომ, რომ ზუსტად ამ წესების დარღვევით იწყება პრობლემები. საკუთარ თავსაც ვამჩნევ, რომ ყურადღება მოგვიდუნდა, თითქოს ყველაფერმა გაიარა, მაგრამ ჩვენ კორონასთან ერთად ვცხოვრობთ, რადგან ვერ ვხედავთ, არ ნიშნავს, რომ გაქრა.

- უამრავი დადებითი კომენტარი ახლდა თქვენს კარიკატურებს... - მიხარია... როცა თემა აქტუალურია, ყოველთვის მეტი მოწონება, მეტი გაზიარება აქვს. ხშირად მნახველს ისეთი რაღაც დაუნახავს, რაზეც მე არ მიფიქრია. ხანდახან თვითონ ვდებ ნახატში რაღაც მნიშვნელოვან დეტალს, მაგალითად, ახლანდელ კარიკატურაში ნეფე-პატარძალს ხელზე ნიღბები აქვს წამოცმული და გამიხარდა, რომ ეს ვიღაცამ შეამჩნია.

- ამას პროპაგანდა ჰქვია... - პროპაგანდა დავარქვათ, მაგრამ ეს არის თამაშითა და მხიარულებით გამოხატული მწარე სიმართლე - კარიკატურის აზრიც ეს არის. მან გავლენა უნდა მოახდინოს საზოგადოებაზე. ამიტომაც მიყვარს კარიკატურების თვალიერებაც და ხატვაც.

მეორე კარიკატურაზე რა გითხრათ... ნიღაბი აუცილებლად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს, ამისთვის არის გამოგონებული, მაგრამ მე მივხვდი, რაშია საქმე... ხომ იცით, რომელი ოპერაციაა საქართველოში პლასტიკურ ქირურგიაში ყველაზე ხშირი? - ცხვირის, იმიტომ, რომ კავკასიური პოპულაციისთვის დამახასიათებელია ცოტა გრძელი, კეხიანი ცხვირი. ალბთ, ეს არის მიზეზი, რომ ცხვირს ნიღაბში ვერ ვმალავთ და სამიდან ორს აუცილებლად ამოყოფილი აქვს. ხშირად მინახავს, ნიღაბი მოუხსნიათ, ერთმანეთი გადაუკოცნიათ და ისევ გაუკეთებიათ.

- ვიცი, რომ დაძაბული სამუშაო რეჟიმი გაქვთ, ხატვის დრო როდისღა გაქვთ? - ყველაფერი ელექტრონული ტელეფონში იხატება, ამიტომ ნებისმიერი თავისუფალი წუთი შემიძლია გამოვიყენო ჩანახატის გასაკეთებლად... ადრე სანამ არ შემოვიწყობდი ფუნჯებს, საღებავებს, ვერაფერს ვხატავდი, ახლა თუ ტელეფონი თან მაქვს, ყველგან შემიძლია ვხატო.

- გამოფენის მოწყობას ხომ არ აპირებთ? - გაზაფხულისთვის მაქვს დაგეგმილი და შეიძლება გამოცემაზეც ვიფიქრო...