"საქართველო "ჩაცუცქული ბიჭების" ქვეყნად იქცა"
"საქართველო "ჩაცუცქული ბიჭების" ქვეყნად იქცა"
"მართალია, დღეს საქართველოში არავის ულხინს, მაგრამ მსახიობებთან შედარებით ყველას მაღალი ანაზღაურება აქვს. ჩვენი ხელფასით ზოგი ორ კვირასაც ვერ იარსებებს, თანაც გვამუნათებენ და გვეუბნებიან, რას წუწუნებთო..."

კარგი მომღერალი, მოქეიფე, მუდმივად ნაბახუსევზე მყოფი სულიკო დარდიანიძე - ეს თვისებები "ამშვენებს" პრეზიდენტს, რომლის სახეც მსახიობმა კახა გოგიძემ შექმნა. საზოგადოებამ ის "ჩემი ცოლის დაქალებით" გაიცნო, თუმცა ბატონ კახას ქართულ თეატრში არაერთი საინტერესო როლი უთამაშია. დღეს ის ჩვენი სტუმარია და ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე გვესაუბრება:

- ბატონო
კახა, თქვენი შეფასებით, საიდან მოდიან სულიკო დარდიანიძის მსგავსი­ პოლიტიკოსები ქვეყნის სათავეში?

- საიდან მოდიან? ჩვენ მოგვყავს, ჩვენ ვზრდით, ჩვენ ვაძლევთ მათ ძალაუფლებას. მე ახლა უკრაინაში ვარ, სადაც რეჟისორად მიმიწვიეს და სწორედ ამაზე ვდგამ სპექტაკლს - ტირანზე, რომელიც ხალხმა შექმნა და გამოძერწა.

- დღეს ძალიან ბევრი
პროფესიის ადამიანს უჭირს, მათ შორის - მსახიობებსაც. როგორ ცხოვრობენ ქართველი მსახიობები ახლა, როცა თეატრები დაკეტილია?
- ამ ფონზე მსახიობებს ერთიორად კი არა, ერთიასად გაუჭირდათ. მათ ისედაც არა აქვთ მაღალი ხელფასი, არადა, რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ძალიან კარგად ვცხოვრობთ.
საქართველოში ვითომ კი უყვართ ხელოვანები, მაგრამ სინამდვილეში მათ არ აფასებენ. ფიროსმანი მსოფლიო მასშტაბის მხატვარია, მაგრამ სად არის მისი საფლავი? ქართველებმა დააფასეს? - არა! დუქნებში კედლებს ახატვინებდნენ და ბოლოს გაჭირვებაში დალია სული. გიორგი ბრწყინვალეს სამი საუკუნის შემდეგ დაარქვეს "ბრწყინვალე", მისი მეფობის დროს კი ბევრს ეზიზღებოდა!

მართალია, დღეს საქართველოში არავის ულხინს, მაგრამ მსახიობებთან შედარებით ყველას მაღალი ანაზღაურება აქვს. ჩვენი ხელფასით ზოგი ორ კვირასაც ვერ იარსებებს, თანაც გვამუნათებენ და გვეუბნებიან, რას წუწუნებთ, რა გჭირთო... ჭირმა თავი არ დამალაო, ამბობს ქართული ანდაზა. ძალიან ძნელია, სცენაზე გამოხვიდე, ითამაშო და შენი როლი უმაღლეს დონეზე შეასრულო, როცა უამრავი პრობლემა გაქვს. საქართველოში მსახიობის ცხოვრება გმირობის ტოლფასია. მან არ იცის, ოჯახში რას მიიტანს; თვითონ სხვებზე ცუდად არის და ამ დროს ხალხს უმსუბუქებს მდგომარეობას. ზოგიერთი მსახიობი იძულებულია, რომელიღაც პოლიტიკოსს მხარი დაუჭიროს, რომ ის რაღაცით დაეხმაროს, რატომ? იძულებულია ასე მოიქცეს და იმიტომ! დღეს ქართველ მსახიობებს გროშებს უხდიან. აი, ამიტომ ჩემს კოლეგებს გამძლეობას ვუსურვებ. ისინი საქართველოს ერთგული შვილები არიან და უანგაროდ ემსახურებიან ჩვენს მაყურებელს.

- უკრაინაში როგორ მუშაობენ თეატრები?
- აქ სპექტაკლები ჩვეულებრივად იმართება, მაგრამ დისტანციას მკაცრად იცავენ. მაყურებლებს შორის 3-4 სკამია გამოტოვებული, წინა რიგებში კი მხოლოდ ოჯახის წევრები სხედან, ასე რომ, თეატრსა და მსახიობებს აქ უფრო აქვთ არსებობის საშუალება, საქართველოში კი, რა ხდება?
ჩემი აზრით, მთავრობის დამოკიდებულება ასეთია:"რა დროს კულტურაა?! მაგრამ ასეთ ხალხს ერთი ამბავი უნდა შევახსენო: მეორე მსოფლიო ომის დროს ჩერჩილს ბიუჯეტი რომ მიუტანეს დასამტკიცებლად, წაიკითხა და ნახა, რომ კულტურა არსად ჩანდა. კულტურას რატომ არ ვაფინანსებთო, იკითხა. რა დროს კულტურაა, ომიაო, უპასუხეს. ჩვენ იმიტომ ვიბრძვით,­ რომ ჩვენი კულტურა შევინარჩუნოთ!" - იყო ჩერჩილის პასუხი.

კარგი იქნებოდა, ყველას მისთვის მიებაძა, მაგრამ სულიერი ფასეულობები და ღირებულებები ჩვენს სამშობლოში მეორე­ ადგილზეა. ხინკალი, დუდუკი და ჩქარი ტაში - ეს არის დღეს მთავარი ჩვენს ქვეყანაში. ვიღაც ბობოლა შავი ჯიპით და მდარე ხარისხის "ვარავსკოი" სიმღერით რომ ჩაგიქროლებს, იმას რომელ კულტურასა და მარადისობაზე უნდა ელაპარაკო?

- რას უნდა დავაბრალოთ აგრესია, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ასე მძაფრად იგრძნობა?
- უსამართლო გარემო ზრდის ხელმოცარული ადამიანების რაოდენობას, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. ჩემი აზრით, აგრესია უინტელექტობის მაჩვენებელია, ამავე დროს - შურისა და ბოღმის ნაყოფიც. სწორედ ასეთი დაბოღმილი მშობლები ზრდიან აგრესიულ შვილებს. ალბათ, თქვენც გაგიგონიათ, ჩემი შვილი "ვოლკი" უნდა იყოსო, ამგვარი "აღზრდის" შედეგს კი საკუთარი თვალით ვხედავთ.
მე ცოტა ხანში 50 წლის გავხდები და ჩემს ცხოვრებაში არ მახსოვს პერიოდი, როცა ქართველები ერთმანეთს არ ხოცავდნენ. დაუნდობლობა და ვითომ კაცობა არასწორი აღზრდის ბრალია.

მაკვირვებს ამ ხალხის ყალბი ქრისტიანული ცხოვრება: ჯვარი უკეთია და ეკლესიაში დადის, მაგრამ ქრისტიანობის არაფერი გაეგება. არ იცის, რომ აგრესია ქრისტიანის თვისება არ არის. ადამიანი ილანძღება, იწყევლება, ვიღაცის მოკვლით იმუქრება, მაგრამ მის "ფეისბუკზე" შეხვალ და იქაურობა ხატებით არის აჭრელებული. ყოველ ნაბიჯზე ჩაცუცქული ბიჭები, დაძაბული სახეები - ეს არარეალიზებული ხალხია, რომელიც თავის ადგილს ვერსად პოულობს და ურჩევნია "დაიძაბოს", იჩხუბოს, ვიღაცას დანა დაარტყას და თავის თავს დაუმტკიცოს, რომ მნიშვნელოვანი ადამიანია.

- ჩვენი საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობა კორონავირუსს სათავისოდ იყენებს. თქვენ რას ფიქრობთ?
- ეს ლოგიკურია. ალბათ, სიტუაციას სათავისოდ ყველა ქვეყნის მთავრობა გამოიყენებდა. ირგვლივ სრული ქაოსია და მეც უფლებას ვიტოვებ, ყველაფერს ეჭვის თვალით შევხედო. თანაც, შეკითხვები არ მასვენებს: რატომ ამწვავებენ სიტუაციას არჩევნების წინ? რა ხდება?! ამ ქაოსში რაციონალური დასკვნების გაკეთება ცოტა რთულია.
500-კაციანი ქორწილები რომ არ უნდა გადავიხადოთ და ნაცნობებს ხვევნა-კოცნით არ შევხვდეთ, ყველამ ვიცით, მაგრამ როგორ აიხსნება თეატრების დახურვა და დაბადების დღეების აკრძალვა მაშინ, როცა თვითონ ხალხმრავალი საარჩევნო კამპანია აქვთ გაჩაღებული? და რატომღა უკვირთ, როცა მათ სიმართლეში ვიღაცას ეჭვი ეპარება? სწორედ ეს ორმაგი სტანდარტი იწვევს მთავრობის მიმართ უნდობლობას.

- ძალიან დიდი პრობლემაა სიღარიბე, რომელიც პანდემიის გამო უფრო გამწვავდა.
- მე მგონი, მთავრობა იმიტომ არსებობს, რომ ხალხი არ გაღატაკდეს. მთელი ეკონომიკა მარტო ტურიზმს რომ მიაბეს, შედეგიც შესაფერისი მივიღეთ. ვერც ერთი ქვეყანა მარტო ტურიზმით შემოსული ფულის იმედად ვერ იქნება. ვთქვათ, საზღვრები ჩაიკეტა, რა უნდა ვქნათ? ასანთის ღერსაც კი არ ვაწარმოებთ საკუთარს, ვაშლი და ყურძენიც კი ირანიდან შემოგვაქვს, ის კი, ვისაც სურს, რაღაც გააკეთოს, ალბათ, ჩემს ბედს გაიზიარებს - 2 ჰექტარი მიწა მაქვს ქარელის რაიონში. ძალიან მინდოდა იქ ჩემი საქმე დამეწყო, მაგრამ იმდენი საბუთი მომთხოვეს, იმდენ ადგილას მომიხდა მისვლა, იმდენი აკრძალვა დამიწესეს, ბოლოს ვუთხარი, ოღონდ თავი დამანებეთ და თქვენი არაფერი მინდა-მეთქი. სწორედ ასე უქრება სურვილი მოსახლეობას, რომ დოვლათი შექმნას, რაღაც აწარმოოს. ამ ქვეყნის კიდევ ერთი დიდი სატკივარი უგუნური ხარჯებია.

- ალბათ, ამის საუკეთესო ნიმუში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაა...
- იცით, ამ გამზირის რეაბილიტაცია რას მაგონებს? კაცი შიმშილით რომ კვდებოდა და ბოლო კაპიკებით ძვირფასი პიჯაკი იყიდა - ლამაზად უნდა გამოვიყურებოდეო.
რა დროს ჭავჭავაძის "სვეცკად" გაკეთება იყო? ამ დარგის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ იქ ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ვხედავ. ისიც ფაქტია, რომ მე ჭავჭავაძით აღარ დავდივარ, რადგან ეს იგივეა, უდაბნოში გახვიდე და აღთქმულ ქვეყნამდე ფეხით იარო. მირჩევნია, ზესტაფონში ჩავიდე და იქიდან შემოვუარო, ოღონდ ჭავჭავაძეზე არ მოვხვდე. მე არ ვარ ის კაცი, ვინმემ რამე კარგი გააკეთოს და არ დავაფასო, მაგრამ რომ ვერ ვხედავ ამ კარგს? ამდენი ტრაგედია, ამდენი მკვლელობა და კრიმინალი რომ ხდება, ძალაუნებურად ითრგუნები ადამიანი!

იმ დღეს მანქანით მოვდიოდი. ქუჩაში ვიღაც ბიჭები იდგნენ და ჩემს მანქანას წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი ესროლეს. გავაჩერე და ვკითხე, ვინ ისროლა-მეთქი. ყველა გაჩუმდა. რატომ უნდა იდგნენ ასეთი ადამიანები ქუჩაში, რატომ უნდა ცდილობდნენ ხალხის პროვოცირებას, ან რატომ უნდა კვდებოდეს ამდენი ახალგაზრდა საიდუმლო ვითარებაში?! სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - საქართველო "ჩაცუცქული ბიჭების" ქვეყნად იქცა, რომლებსაც კაცობა აგრესიული საქციელი და სხვისი დამცირება ჰგონიათ.

- დაბოლოს, უკრაინაში დამკვიდრებას ხომ არ აპირებთ?
- მე ჩემი მაყურებლისა და ჩემი ქვეყნის გარეშე ვერასდროს გავძლებ! უკრაინაში დროებით ვარ, სპექტაკლებს ვდგამ ნიკოლაევსა და ხერსონში. როგორც კი ჩემს საქმეს დავამთავრებ, მაშინვე საქართველოში დავბრუნდები.

ხათუნა ჩიგოგიძე
დინა
27 სექტემბერი 2020 11:08
....და მერე ვინ გაანადგურა სამეცნიერო კერები ,ვინ დაშალა ინსტიტუტები, ვინ გამოყარა პროფესორ-მასწავლებლები უნივერსიტეტებიდან იქნებ გაგვცეთ ამაზე პასუხი.
ME
26 სექტემბერი 2020 21:26
კაპიტალიზმი, არაადამიანური, პარაზიტების დაკანონებული წყობა, მა რა გინდოდათ?????
*
26 სექტემბერი 2020 12:04
100%-ით მართალი ხართ ბატონო კახა. მხოლოდ ერთს დავამატებდი, ამ ქვეყანაში მეცნიერება და განათლება მიგდებულია და იმ მცირე რაოდენობის სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტებში, რომელიც დღეს საქართველოშია, მეცნიერის ხელფასი 400-450 ლარია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები