"გურულს ვერ ითამაშებ, გურულად უნდა დაიბადო" - კვირის პალიტრა

"გურულს ვერ ითამაშებ, გურულად უნდა დაიბადო"

"ჩემს ვიდეოებში რამდენიმე კაცი მონაწილეობს, თუმცა ყველას მე ვასახიერებ. მარტოკაციც ამიტომ დავირქვი. დღესდღეობით 27ათასი გამომწერი მყავს"

მარტოკაცი, რომელსაც დამიანე გორდელაძე ასახიერებს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გურულია 21-ე საუკუნეში, რომელიც საზოგადოებამ სოციალური ქსელით გაიცნო პანდემიის დღეებში. გაიცნო, შეიყვარა, გულშემატკივრობს და მუდმივად ელის მის ახალ ვიდეოებს. დამიანე გორდელაძე დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- ძალიან სასიამოვნოა, როცა ჟურნალ-გაზეთები და ონლაინგამოცემები დაინტერესდნენ ამ თემებით, ამისთვის მადლობელი ვარ - გურულების პოპულარიზაციას უწყობთ ხელს... შეიძლება ითქვას, რომ სულით ხორცამდე გურული ვარ.

გავიზარდე ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში. დიდი სოფელია და ბევრი გორდელაძე ცხოვრობს, მით უმეტეს - ჩემს უბანში. სანამ სტუდენტი გავხდებოდი, სულ ამ კულტურის გარშემო ვტრიალებდი. დედაჩემის წყალობით გურული სიმღერა აკვნიდანვე ყოველდღიურობად გვექცა მე და ჩემს და-ძმებს. წინაპრებიც მღეროდნენ... ჩემი ძმა ფოლკლორისტია. ბავშვობაში ფოლკლორულ სიმღერებსა და გალობებს რომ რთავდა, ოთახიდან გავრბოდი, მერე დავაფასე, შევიყვარე და გავრბოდი კი არა, ვთხოვდი, მასწავლე-მეთქი.

- რამდენი დედმამიშვილი ხართ? - რვა - ოთხი გოგო, ოთხი ბიჭი და დედასთან ერთად ცხრაწევრიანი საოჯახო ანსამბლიც გვაქვს, გორდელაძეების საოჯახო ანსამბლი. 2015-2016 წლებში ფოლკლორის ცენტრმა ჩაატარა ფოლკლორული ოლიმპიადა და საოჯახო კატეგორიაში ჩვენმა ანსამბლმა გაიმარჯვა.

- როგორი ამაყი იქნებოდა მამათქვენი... - კი, ვასახელეთ გორდელაძეები. მამაჩემი მღვდელია, მსახურობს სოფელ კვირიკეთში. ასევე არის თავისივე დაარსებული სამრევლო სკოლის დირექტორი... მისი თაობის გურულები უფრო რთულად ლაპარაკობენ. თანამედროვე გურული მაინც ასიმილაციას განიცდის. მამაჩემი ისე სწრაფად და გაუგებრად ლაპარაკობს, ზოგჯერ შეიძლება ჩვენც ვერ დავაწიოთ ყური. ბავშვობაში, როცა სადმე წასვლა გვინდოდა, მამასთვის უნდა გვეკითხა, გაგვიშვებდა თუ არა, ის კი ისე ჩქარ-ჩქარა გვპასუხობდა, ვერ ვხვდებოდით, გაგვიშვა თუ არა, ამიტომ დაბნეულები დედას მივაკითხავდით, დედა კი ისევ მამასთან გვგზავნიდა და ასე დავრბოდით აქეთ-იქით...

- ძალიან ლამაზი სახელი გქვიათ.

- მამაჩემის დარქმეულია. ჩვენს ოჯახში არის ეფემია, ესაია, სხვა და-ძმებს კი უკვე თანამედროვე სახელები ჰქვიათ.

- თბილისური ცხოვრება როდის დაიწყეთ? - როცა ჩავაბარე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. პარალელურად მომიწია მუშაობის დაწყებამ, რადგან მამაჩემს ჩემ გარდა შვიდი შვილი ჰყავდა სარჩენი... თავიდან ვახერხებდი სწავლას და მუშაობას ერთად, მერე სწავლისთვის თავის დანებება მომიხდა. ორი წლის წინ დავოჯახდი და იმავე დროს მივიღე საპატრიარქოს შემოთავაზება - საინგილოში გალობის მასწავლებელი სჭირდებოდათ. კვირაში ორი-სამი დღე უნდა მევლო საინგილოში, დანარჩენი დღეები კი თბილისში ვიყავი. ორი წლის განმავლობაში ამ რეჟიმით ვცხოვრობდი. კახის რაიონში, წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ჩამოვაყალიბეთ მგალობელთა გუნდი, ძირითადად, ქალებისა და ბავშვებისგან. პანდემიამ შეგვიშალა ხელი, თორემ გავაგრძელებდით... იქ ჩასულს ემოციები და დარდი ერთდროულად შემომაწვა. ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. ყველა შინ მეპატიჟებოდა. მით უმეტეს, როცა იგებდნენ, რომ გალობის სასწავლებლად ვიყავი ჩასული, აღარ იცოდნენ, როგორ გამოეხატათ პატივისცემა. მე ვიტყოდი, რომ იქ ცხოვრობენ სანიმუშო ქართველები. სათუთად ინახავენ ქართულ წეს-ჩვეულებებს, ენასა და სარწმუნოებას. მაგალითად, ზედაშეს ტრადიცია, რომელიც იქ შემონახულია, ჩვენთან თითქმის დაკარგულია. ზედაშე იყო განსაკუთრებული ჭური, რომელშიც ეკლესიისათვის განკუთვნილ ღვინოს ინახავდნენ. ეს ადამიანები საოცარ კვალს ტოვებენ... ამას წინათ დამესიზმრნენ... მენატრებიან...

- პანდემიამ ბევრის ცხოვრება შეცვალა...

- მანამდე მქონდა შემოსავალი, უცხოელებსაც ვასწავლიდი სიმღერას თბილისში, მაგრამ ეს სამსახურიც გაჩერდა, ფაქტობრივად, შემოსავლის წყარო დავკარგე და ზუსტად ამ პერიოდში, მარტში დაიბადა ჩემი ვაჟი იონა. მე და მეუღლემ როლები გავცვალეთ - მე ვუვლიდი ბავშვს, როცა ჩემი მეუღლე ონლაინ ატარებდა მუსიკის გაკვეთილებს. ანა ირლანდიურ არფაზე დაკვრას ასწავლის, რომელიც გავრცელებული ინსტრუმენტი არ არის და ჩვეულებრივი არფისგან განსხვავდება. სხვათა შორის, ამ ინსტრუმენტზე უკვე გურულ სიმღერებსაც უკრავს, ჩონგურის პარტიას და საოცარი ჟღერადობა აქვს. ანა მაძლევდა საშუალებას, რომ ის სიმღერები ჩამეწერა, რომლებიც მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას შემოსავალი არ მოჰქონდა. ერთხელაც დავდე სოციალურ ქსელში და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ათი ათასს რომ ასცდა ჩემი გამომწერების რაოდენობა, დავწერე, თუ გაქვთ სურვილი და მოგწონთ ჩემი ვიდეოები, შეგიძლიათ შემოწირულობა გაიღოთ-მეთქი. ეს დავწერე ერთი თვის წინ და იქიდან მოყოლებული, ამ შემოწირულობით ვცხოვრობთ.

- მარტოკაცი რატომ დაირქვით? - ჩემს ვიდეოებში რამდენიმე კაცი მონაწილეობს, თუმცა ყველას მე ვასახიერებ. სახლშიც მარტო ვიყავი, როცა ეს ვიდეოები იქმნებოდა. დღესდღეობით 27 ათასი გამომწერი მყავს.

- თქვენს შვილს იონა დაარქვით. ძალიან ლამაზი სახელია. ვინ შეურჩია? - ჩემმა მეუღლემ იხუმრა, რომ ცხრა თვის განმავლობაში იყო ვეშაპი, რომელმაც ბიბლიური ისტორიის თანახმად, იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა და სამი დღის შემდეგ კუნძულზე გადმოსვა. მე ვეშაპი ვარ და იონა მყავს მუცელშიო, - ხუმრობდა.

- ანა სად გაიცანით? - სამ წელზე მეტი გავიდა... მოსკოვში გვქონდა კონცერტი და ანა ამ კონცერტის შემდეგ გავიცანი. მალე პირველად ჩამოვიდა საქართველოში, მერე კიდევ რამდენიმეჯერ წავიდ-წამოვიდა, მერე კი დარჩა და ვიქორწინეთ.

- როგორ რძლობს გურულებს? - კულტურული განსხვავება, ბუნებრივია, დიდია, ენობრივი ბარიერიც აქვს... ახლა, მართალია, ესმის ჩვენი, მაგრამ თავიდან სირთულეები იყო, რომლებიც გადალახა და რაშიც გურული სიმღერა დაეხმარა. რასაც მე ვმღერი, შეუძლია, ნახევარ საათში ისწავლოს. ბევრი გურული სიმღერა იცის. სიმღერა მასა და გურიას შორის ერთგვარი ხიდი იყო, რომელიც მშვენივრად გადმოიარა. ანა გვარად კობოზევაა, ქორწინების შემდეგ კი გორდელაძე გახდა და ახლა დედამიწაზე ერთით მეტი გორდელაძე დადის.

- თქვენი ვიდეოებიდან რომელია ყველაზე პოპულარული? - "მარსელიოზა", რომელსაც 250 ათასი ნახვა აქვს. ასევე საარჩევნო კამპანია გურიაში...

- ყაბალახი, ულვაში... ეს ყველაფერი მარტოკაცის იმიჯის ნაწილია თუ დამიანე გორდელაძის ყოველდღიურობა? - ყოველდღიურად ყაბალახით სიარული არ მიწევს, მაგრამ აპრეხილი ულვაშით სულ დავდიოდი და მარტოკაცს ძალიან ბუნებრივად შეერწყა. ისე, ხშირად ვიცვლი იმიჯს.

- დარწმუნებული ვარ, ქუჩაში ხშირად გცნობენ. - ამას წინათ რუსთაველზე გავისეირნეთ მე, იონამ და ანამ. რამდენიმემ გამაჩერა, შენ მარტოკაცი არა ხარო? ძირითადად, გურულები მცნობენ. ფერისცვალების დღესასწაულზე აჭარელი ბებო მოვიდა, გიცანი, მარტოკაცი ხარო. ძალიან სასიამოვნოა, როცა ასე კეთილად არის განწყობილი ხალხი...

არ ვთამაშობ, ასეთი ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ გურულს ვერ ითამაშებ, გურულად უნდა დაიბადო.