"ექიმმა ეკრანს შეხედა და რომ თქვა, სამი ნაყოფიაო, ხუმრობად ჩავთვალე, სამი მაინც დაუჯერებელი იყო..."
24-09-2020
"ექიმმა ეკრანს შეხედა და რომ თქვა, სამი ნაყოფიაო, ხუმრობად ჩავთვალე, სამი მაინც დაუჯერებელი იყო..."
"სამივეს დავიჭერ ხოლმე ხელში და დიდხანს ვუყურებ, რომელი რომელია, მერე კი ჩემს ვერსიას ხელზე შებმული ლენტებით ვამოწმებ. ხან მართალი გამოვდივარ, ხანდახან - ვცდები. ხასიათებით სამივე განსხვავდება. ლილე დინჯია, ტირილიც კი დინჯი იცის, სესილის კაპარჩხანას ვეძახი - ისეთი ხმით ტირის, ანასტასია კი ძალიან ნაზია... მინდა ალექსანდრეს ძმა ჰყავდეს, მაგრამ ჯერ ესენი გავზარდო... ვნახოთ, როგორ წავა ჩვენი ცხოვრება..."

28 წლის ნატა მელიქიშვილი­ სამი ტყუპის დედა გახდა.­ ლილე, სესილი და ანასტასია ჩიხლაძეები 17
ივლისს საკეისრო ­კვეთით­ მოევლინენ ქვეყანას. ისინი ხონის რაიონის სოფელ გორდ­იდან არიან. ტყუპს შინ უფროსი ძმა ალექსანდრე დახვდა, რომელიც დიდი ინტერესით ელოდა დებთან შეხვედრას.

- ჩემი მეუღლე გოგიტა ახლობელმა­ გამაცნო. დაოჯახებამდე თითქმის სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. 25 წლისა გავთხოვდი. უკვე 4 შვილი გვყავს. ალექსანდრე წლისა და
5 თვის გახდა, გოგონები კი ჯერ ორ-ორი თვისანი არიან.

- გენეტიკაში გყავთ რომელიმეს ტყუპი?
- მე. მამიდას ჰყავს, ოღონდ - ორი და იდენტური, მამაჩემის ბიძასაც, ასევე ორი და ასევე იდენტური, მაგრამ სამი არავის ჰყოლია.

- წარმომიდგენია, რას იგრძნობდით, ექოსკოპიაზე რომ გეტყოდნენ, სამ შვილს ელოდებითო...
- ეგ დღე არ დამავიწყდება... მე და მეუღლე შევედით. დედამთილი და ალექსანდრე გარეთ, მანქანაში გველოდებოდნენ. ექიმმა ეკრანს შეხედა და რომ თქვა, სამი ნაყოფიაო, ხუმრობად ჩავთვალე, მაგრამ რომ გამიმეორა, ჩემი გენეტიკა გამახსენდა, თუმცა სამი მაინც დაუჯერებელი იყო... სიხარულისგან კანკალი ამივარდა... სანამ ალექსანდრე არ დავიფიცეთ, დედამთილსაც ხუმრობა ეგონა, მერე კი სიხარულისგან ატირდა.

- როგორი ორსულობა გქონდათ?
- თავიდან ტოქსიკოზი მაწუხებდა, ოთხი თვის შემდეგ კი - ჩვეულებრივი... საკეისრო კვეთით დაიბადნენ - 2 000, 1 900 და 1 800. სახელებზე ბევრს ვფიქრობდით და საბოლოოდ ლილე, სესილი და ანასტასია შევარჩიეთ. ძალიან საყვარლები არიან. ერთმანეთში მერევიან, ამიტომ ხელზე წითელი, ყვითელი და მწვანე ლენტები შევაბი. სამივეს დავიჭერ ხოლმე ხელში და დიდხანს ვუყურებ, რომელი რომელია, მერე კი ჩემს ვერსიას ხელზე შებმული ლენტებით ვამოწმებ. ხან მართალი გამოვდივარ, ხანდახან - ვცდები. ხასიათებით სამივე განსხვავდება. ლილე დინჯია, ტირილიც კი დინჯი იცის, სესილის კაპარჩხანას ვეძახი - ისეთი ხმით ტირის, ანასტასია კი ძალიან ნაზია.

- მარტო უვლით თუ ძიძა გეხმარებათ?
- ძიძის საშუალება არ გვაქვს. ახლა დედაჩემთან ვარ თბილისში და ჩემი და მეხმარება. შინ რომ ჩავალთ, დედამთილი მომეხმარება.
ალექსანდრე თავიდან სიხარულით შეხვდა დაიკოებს, ახლა კი ეჭვიანობა დაეწყო. როდესაც ვაჭმევ, საწოლზე ამოდის და ხან თმას მქაჩავს, ხან მაისურით მითრევს, ხან მკოცნის, მეც მომაქციე ყურადღებაო.

- თქვენი ფოტოები სოციალურ ქსელში ყველას ძალიან მოსწონს.
- ღუდუშაურის კლინიკამ რომ გამოაქვეყნა ფოტოები, დაგვიკავშირდა ხათუნა­ თოდუა და შემოგვთავაზა, სტუდია მაქვს,­ სამი ტყუპი არასდროს გადამიღია და თუ გსურთ, ფოტოსესიას შემოგთავაზებთო. სიამოვნებით წავედით. კარგი ფოტოსესია გამოვიდა და დიდი მოწონებაც დავიმსახურეთ. ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი იყო.

ვუყურებ და ვფიქრობ, ნეტავ რა გზას დაადგებიან, როგორები იქნე­ბიან... დიდ შრომასთან ერთად სახსრებიც დიდი დაგვჭირდება. მე არ ვმ­უშაობ, არც მეუღლეს აქვს სტაბილური სამსახური. ძირითადად, მეურნეობას მივდევთ სოფელში, ხანაც ტყეში დადის შეშის ჭრაზე, მაგრამ აქამდე ხომ მოვედით? ახლაც რაღაც იქნება...

- მეხუთე შვილის გაჩენაზე ფიქრობთ?
- მინდა ალექსანდრეს ძმა ჰყავდეს, მაგრამ ჯერ ესენი გავზარდო... ვნახოთ, როგორ წავა ჩვენი ცხოვრება... იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

ალექს
26 სექტემბერი 2020 08:18
დაიზარდეთ პატარა იმედებო !
მარიამი
25 სექტემბერი 2020 10:53
ღმერთმა ბედნიერები გიმყოფოთ.უფალმა დაგლოცოთ
მამუკა
25 სექტემბერი 2020 10:30
ღმერთმა გაგიზარდოთ.წახალისება და გვერდში დგომა ჭირდება თქვენისთანა ხალხს

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?