სამკარანტინ გამოვლილი ქართველი სტუდენტი - კვირის პალიტრა

სამკარანტინ გამოვლილი ქართველი სტუდენტი

"თერთმეტი მეგობარი თბილისში, რვადღიან კარანტინში აღმოვჩნდით. ოთხნი ვიყავით ორ ოთახში, რომლებიც ერთმანეთთან კარით იყო დაკავშირებული, დანარჩენები ჩვენს ზედა სართულზე გადაანაწილეს. ერთ-ერთის დაბადების დღეც კი აღვნიშნეთ - თოკით აივნიდან ტორტი ავუგზავნეთ და სანთლები ჩავაქრობინეთ" როგორია კარანტინი და რამდენჯერ შეიძლება ადამიანი კარანტინში მოხვდეს? ჩემმა რესპონდენტმა ყველაზე კარგად იცის ამ კითხვებზე პასუხი, რადგან მან სამი კარანტინი გამოიარა - ოთხდღიანი, რვადღიანი და ერთდღიანიც კი. კარანტინის დღეებში იცვლება ადამიანის განწყობა, თუმცა ეს ერთი შეხედვით მოსაწყენი პროცესი ზოგჯერ სახალისო ან სასარგებლოც შეიძლება იყოს, თუ იქვე მეგობრებიც არიან. რატომ მოხვდა ქართველი სტუდენტი სამჯერ კარანტინში და რას ურჩევს ამჟამად იზოლაციაში მყოფ ადამიანებს? ამ კითხვებზე თამარ ნემსაძე გვპასუხობს.

პირველი კარანტინი - იტალიიდან კორონას გამოვასწარი

იტალიაში, პიაჩენცაში ვსწავლობ, როდესაც იქ ვირუსი აფეთქდა, ჩემს მეგობართან ვერონაში ვიყავი, ერთად ვაპირებდით მთაში დასასვენებლად წასვლას. წავედით და ზუსტად იმ დღეს გავიგე, რომ პიაჩენცასთან ახლოს კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა დადასტურდა. მაშინ ჯერ არ აღიქვამდნენ ასე სერიოზულად ვირუსს, მაგრამ პირველი შემთხვევიდან სამ დღეში უნივერსიტეტი დაგვიკეტეს. მერე ძალიან სწრაფად მოიმატა შემთხვევების რაოდენობამ, დაიწყო ღელვა, გაჭირდა მატარებლით მგზავრობაც. მე პასპორტი თან არ მქონდა, რომ ვერონიდან გამოვფრენილიყავი საქართველოში, ამიტომ უნდა დავბრუნებულიყავი პიაჩენცაში და ამეღო პასპორტი, მაგრამ არსებობდა საშიშროება, რომ ჩემს ქალაქს ნებისმიერ დროს ჩაკეტავდნენ. ბოლოს მაინც ჩავედი, ავიღე პასპორტი და მეორე დღესვე თურქეთის გავლით ჩამოვფრინდი, რადგან პირდაპირი რეისები უკვე გაუქმებული იყო. თბილისში პირველ მარტს ჩამოვედი. აეროპორტში აღმომაჩნდა სიცხე და წამიყვანეს ინფექციურში, სადაც ერთი დღე მომიწია ყოფნამ. მერე გამიკეთეს ტესტი, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა და გამიშვეს თვითიზოლაციაში. იზოლირებულად ყოფნა არ გამჭირვებია, მერე ონლაინლექციებიც დაიწყო და ვმეცადინეობდი, ამიტომ ორმა კვირამ სწრაფად გაირბინა. ძალიან განვიცდიდი, რომ ჩემი დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსი ვინმესთვის არ გადამედო. ზედმიწევნით ვიცავდი წესებს. როცა დავძლიე შიში, გამოვედი სახლიდან მეგობრებთან სიარული და დავიწყე, მეორე კარანტინმაც მომისწრო.

მეორე კარანტინი - მესტიის კლასტერი

მე და ჩემი მეგობრები მესტიაში ჩავედით დასასვენებლად. ერთი ღამე დავრჩით და დილას გავიგეთ, რომ ბევრი შემთხვევაა მესტიაში, ორ საათში კი რაიონიც ჩაიკეტა. გვქონდა ორი ვარიანტი - ან უნდა დავრჩენილიყავით მესტიაში 28 დღით, ან კარანტინში წავსულიყავით და თერთმეტი მეგობარი თბილისში, რვადღიან კარანტინში აღმოვჩნდით. ოთხნი ვიყავით ორ ოთახში, რომლებიც ერთმანეთთან კარით იყო დაკავშირებული, დანარჩენები ჩვენს ზედა სართულზე გადაანაწილეს. ერთ-ერთის დაბადების დღეც კი აღვნიშნეთ - თოკით აივნიდან ტორტი ავუგზავნეთ და სანთლები ჩავაქრობინეთ. შეძლებისდაგვარად მხიარულად ვიყავით. დილას 9-ზე გვქონდა საუზმე - კართან გვიტოვებდნენ. ნორმალური საკვები იყო, თუმცა ზოგჯერ არ ვჭამდით და სხვადასხვა რესტორნიდან ვიძახებდით. კარანტინის საკვების გადაყრა გვენანებოდა და ერთხელ ვითხოვეთ, თუ შეიძლება, არ მოგვიტანოთ საჭმელი, ჩვენ გამოვიძახებთო, მაგრამ უარი გვითხრეს - რაც გეკუთვნით, უნდა მოგიტანოთ, შეჭამთ თუ არა, თქვენი გადასაწყვეტიაო. ოთახში გვქონდა თერმომეტრი და ნებიმიერი სიმპტომის შემთხვევაში ვიცოდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ბოლო ტესტი რომ გაგვიკეთეს, დარწმუნებული ვიყავით, რომ კორონავირუსი არ აღმოგვაჩნდებოდა და ასეც მოხდა.

მესამე კარანტინი

ტრაგიკულად არ ვუყურებ კარანტინს. პირველი კარანტინის დროს ვღელავდი, მეორე შემთხვევაში კი დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი მჭირდა. მეორე კარანტინი რომ დასრულდა და გამოვედი, ჩაქვში წავედი ოჯახთან ერთად დასასვენებლად. ჩასვლიდან ორი დღე იყო გასული და გავიგეთ, რომ ბათუმში ბევრი შემთხვევა დადასტურდა. წამოსვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ აღარ გამოგვიშვეს. ჩაქვი ჩაიკეტა, რადგან სასტუმროში მცხოვრებს აღმოაჩნდა კორონავირუსი, საბედნიეროდ, მხოლოდ ორი დღით. ჩემი მეგობრები იცინოდნენ, თბილისში არ ჩამოხვიდე, თორემ ისევ ჩაგვკეტავენო.

კარანტინში მყოფ ყველა ადამიანს ვურჩევ, დაგეგმოს, რა უნდა აკეთოს იმ რვა დღის განმავლობაში. მე იტალიურში ვმეცადინეობდი და ეს ძალიან დამეხმარა, რომ დრო სწრაფად და ნაყოფიერად გასულიყო. ჯობს, კარანტინში გატარებული დღეები რამის სწავლას მოახმაროთ.