"გუდაუთის საავადმყოფოში საგიჟეთია, ქანცგაწყვეტილი ექიმები სკამებსა და მაგიდებზე იძინებენ" - კვირის პალიტრა

"გუდაუთის საავადმყოფოში საგიჟეთია, ქანცგაწყვეტილი ექიმები სკამებსა და მაგიდებზე იძინებენ"

დაინფიცირებულთა რიცხვმა აფხაზეთში მას შემდეგ იმატა, რაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის მიმოსვლა აღდგა. შესაბამისად, აფხაზეთში არსებული ერთადერთი ლაბორატორია, სადაც ვირუსის გამოვლენა შეიძლება, პაციენტების მიღებას ვერ აუდის. აფხაზეთის მთავარი სანიტარიული ექიმის ლუდმილა სკორიკის განცხადებით, აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება უმძიმესია და შემზღუდავი ზომების მიღება აუცილებელია.

ლუდმილა სკორიკის თქმით, მან ლაბორატორიის შესახებ "პრეზიდენტსა და მთავრობას" მიმართა, რათა ლაბორატორია გაფართოვდეს და ახალი საშუალებებითა და აპარატურით აღიჭურვოს, რათა დღე-ღამეში, სულ მცირე, 500 სინჯის აღება მაინც შეძლონ. "ამჟამად ძალიან დიდი ბიომასალაა შეგროვებული, მაგრამ დამუშავებას ვერ ვასწრებთ, რადგან სულ 3 თანამშრომელი გვყავს და ისინიც 24 საათს მუშაობენ. მეტი რომ გვყავდეს, დაინფიცირებულებსაც დროულად გამოვავლენდით და ვითარების მართვასაც უფრო ეფექტიანად შევძლებდით", - აცხადებს სკორიკი, რომლის თქმითაც, ვირუსის გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე, რეგიონში უნდა აიკრძალოს მასობრივი გასართობი ღონისძიებები, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში. გარდა ამისა, სკოლებში ასაკოვანი პედაგოგები თუნდაც დროებით ახალგაზრდა კადრებით უნდა შეიცვალოს, რასაც აფხაზების ირონიული შეფასებები მოჰყვა: "აფხაზ ახალგაზრდებს სწავლა-განათლება არ აინტერესებთ. ვისაც ცოდნის მიღება უნდა, ქვეყნიდან მიდის. რამდენიმე თავგანწირულის გარდა, აქ აღარავინ ბრუნდება", - წერენ ისინი.

ახლახან დაიღუპა 74 წლის ქალი, რომელიც სოხუმის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა და გუდაუთის ჰოსპიტალში გაგზავნეს. სამწუხაროდ, მოხუცის მდგომარეობა გზაშივე დამძიმდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"კოვიდ-19"-ით შპს "ენგურჰესის" რამდენიმე თანამშრომელიც დაინფიცირდა. მათი თქმით, ვირუსი გავრცელებულია გალის რაიონშიც, განსაკუთრებით, სოფელ საბერიოში. მიუხედავად ამისა, რეგიონში უსაფრთხოების ზომებს თითქმის არავინ იცავს. ჰესის თანამშრომლების უმეტესობა დისტანციურად მუშაობს, რამაც გალი ძალიან დააზარალა, რადგან სამედიცინო საშუალებებითა და მედიკამენტებით გალელებს "ენგურჰესის" თანამშრომლები ეხმარებოდნენ.

"როდის დავბრუნდები აფხაზეთში, არ ვიცი, რადგან იქ ვირუსის გამო უმართავი ვითარებაა"

"ენგურჰესის" თანამშრომელი, სოფელ საბერიოს მკვიდრი, რომელიც ამჟამად ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე კარანტინშია, იქ არსებულ ვითარებასა და კარანტინამდე განვლილ გრძელ გზაზე გვიყვება.

თამრიკო, 34 წლის: - ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ უსაფრთხოების წესებს არავინ იცავს. ახლა წუწუნებენ, რუსების უკონტროლო შემოსვლამ დაგვღუპაო. გალის ბაზარში არც მახსოვს ბოლოს პირბადიანი ადამიანი როდის შემხვდა. თავს იმართლებენ, არა გვაქვს და რა ვქნათო. მართალია, ნამდვილად არა აქვთ. ბევრს არც სჯერა ვირუსის არსებობის, არადა, იციან, რომ დაინფიცირებულები, განურჩევლად ეროვნებისა, ქართულ მხარეს გადმოჰყავთ, რადგან რეგიონში ვირუსის გავრცელებას ვერ მართავენ.

დიდი ხანი არ არის, რაც "ენგურჰესში" ვმუშაობ. არც ერთ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი არ მქონია. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლამდე აქ მეუღლე გადმოვიდა მანქანით, ზუგდიდში საოჯახო საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი. ხიდზე თანამშრომელი და დედამისი შეხვედრია, მანქანა გაუჩერა და სულ ათი წუთის სავალი გზა გაუვლიათ ერთად. სამივეს ქართულ მხარეს სწრაფი ტესტი გაუკეთეს და თანამშრომლის დედა კოვიდდადებითი აღმოჩნდა. ის სასწრაფოდ რუხის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, ჩემი მეუღლე და იმ ქალის შვილი კი - კარანტინში. მეუღლემ დამირეკა, მხოლოდ სტუდენტებისთვის არის გზა გახსნილი და იქნებ როგორმე შენც გადმოხვიდეო. მაშინვე დავრეკე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამსახურში, დამიდასტურეს, ავტობუსები დგას და თუ დროულად მიხვალთ, გაჰყვებითო.

გიჟივით ვალაგებდი ბარგს, ერთხანს ვფიქრობდი, მდინარის თავთხელს ვიპოვი და გადავცურავ ენგურს-მეთქი, მაგრამ ახლობლებმა მითხრეს, ამ დღეებში "ლილოს" ბაზრის ქალები დაიჭირესო და ვერ გავრისკე. ხომ იცით, ქართველი და აფხაზი ქალები ლილოში ყიდულობენ საქონელს და სოხუმის ბაზარში ყიდიან.

- თქვენ როგორ მოახერხეთ გადმოსვლა?

- მეუღლემ ახლობელს სთხოვა და მან, მე და ჩემი შვილები, ენგურის ხიდთან 10 წუთში მიგვიყვანა. იქ კი, სტუდენტების იმხელა რიგი დაგვხვდა, ლამის იმედი გადამეწურა. საბედნიეროდ, აფხაზებმა რომ ნახეს "ენგურჰესის" თანამშრომლის საშვი მქონდა, მე და ჩემი შვილები უსიტყვოდ გაგვიშვეს. ამ დროს შევნიშნე, იმ მხარეს, საიდანაც მანქანებს უშვებენ, დიდი კარი ოდნავ გამოღებული დარჩენიათ. იქ ქალები იდგნენ, რომლებიც რუსებს თავიანთ პასპორტებში რაღაცას უდებდნენ. თურმე 500 რუბლს, ანუ დაახლოებით 25 ლარს...

რუსებს ჯიხურივით რაღაც უდგათ. ადრე საბუთები უნდა შეგვეწოდებინა, ახლა მინას მოადეო, მანიშნეს. ერთმა მკითხა, ბავშვების საბუთები ორიგინალი ხომ არისო? რასაკვირველია-მეთქი. ალბათ, გეცოდინებათ, საქართველოში საკარანტინო ვადის გასვლამდე უკან ვერ დაბრუნდებითო. მერე მშვიდობიანი მგზავრობა გვისურვეს და გამოგვიშვეს. ენგურის ხიდი სიგრძით 500 მეტრია, მაგრამ ორი მცირეწლოვანი ბავშვითა და ტვირთით მისი გავლა ნამდვილი ჯოჯოხეთია. იმ დღეს მივხვდი, რატომ ხუმრობენ მწარედ გალელები, ამ წლების განმავლობაში ზურგის კუნთები გავივარჯიშეთო.

რუსებისგან განსხვავებით, ქართულ მხარეს უამრავი პროცედურა გავიარეთ, თერმოსკრინინგი კი არა, ლამის სისხლის ჯგუფი შეგვიმოწმეს. რამდენიმე ავტობუსი გაივსო სტუდენტებით და შემდეგ ჩვენც ჩაგვსხეს.

საბედნიეროდ, ჩემს მეუღლეს განმეორებითი ტესტითაც არ გამოუვლინდა ვირუსი, არც მის თანამშრომელს. ამასობაში გვაცნობეს, რომ ვირუსის გავრცელების გამო, რამდენიმე თანამშრომლის გარდა, "ენგურჰესის" ყველა მუშაკი დისტანციურ მუშაობაზე გადადისო. როდის დავბრუნდები აფხაზეთში, არ ვიცი, რადგან იქ ამ ვირუსის გამო უმართავი ვითარებაა.

- ფიქრობენ, რომ საზღვაო სეზონის დასრულების შემდგომ მდგომარეობა გამოსწორდება. - მხოლოდ ზღვაზე ჩამოსული ტურისტების პრობლემა არ არის... ასზე მეტი ახალგაზრდაა რუსეთის სამხედრო სამსახურსა და სასწავლებელში წასული და როგორც ითქვა, თითქმის ყველას "კოვიდ-19" დაუდასტურდა. ეს ბიჭები ჯერ შინ მისულან და მერე წაუყვანიათ კარანტინში. ზოგის ოჯახს არც სჯერა "კოვიდ-19"-ის არსებობის და სიმპტომები უბრალო ვირუსულ გრიპად ჩათვალეს, ზოგმაც თურმე კარანტინის პირობები დაიწუნა, სახლში ვიქნებით თვითიზოლაციაშიო, მაგრამ იყო ერთი მისვლა-მოსვლა. შემდეგ, როდესაც ვითარება დაიძაბა, თავად მოითხოვეს კარანტინში გადაყვანა, მაგრამ რაღა დროს...

გარდა ამისა, აფხაზეთში ჩამოდის შეძლებული ხალხი, ვინც დიდ თანხას იხდის "წითელ წიგნში" შეტანილ ცხოველებზე ნადირობაში. ღამის გასათევად აქა-იქ შემორჩენილ აფხაზურ ფაცხებში რჩებიან. ზოგს თავისი პროდუქტი მოაქვს, ზოგიც ბაზარში ყიდულობს და მათი ყველა კონტაქტის შესწავლა უვარგისი სამედიცინო სისტემით შეუძლებელია. ამიტომაც გაექცათ ვითარების მართვის სადავეები ხელიდან.

"ტრანსპორტში არავის პირბადე არ უკეთია"

ირმა გაგუა, აფხაზი: - გუდაუთის საავადმყოფოში საგიჟეთია, ქანცგაწყვეტილი ექიმები სკამებსა და მაგიდებზე იძინებენ.

ჩემი ნათესავი წევს გუდაუთაში, საჭმლის მიწოდება მინდოდა. ტრანსპორტში ავედი და არავის პირბადე არ უკეთია. ლამის სიტყვით გამოვედი და ქართველების აგენტად გამომიყვანეს - რამდენი გადაგიხადეს, ჩაბრძანდით, ფეხით გაისეირნეთო.

რამდენიმე დაავადებული, მათ შორის ექიმები, მათივე სურვილით საქართველოში გადაიყვანეს სამკურნალოდ. როგორც ითქვა, შემოსული დახმარებები სრულად არ მოხმარებია ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებს. აფხაზეთი პატარაა და არაფერი იმალება.