"მოხუც დედას ძალიან ვუფრთხილდებოდი, მაგრამ ბოლოს მაინც მე მივუტანე ვირუსი" - კვირის პალიტრა

"მოხუც დედას ძალიან ვუფრთხილდებოდი, მაგრამ ბოლოს მაინც მე მივუტანე ვირუსი"

"რომ ახველებ, გეგონება, ჰაერი ხორხიდან სადღაც გადი-გამოდის. ეს შეგრძნება და არაბუნებრივი სიმხურვალე სიქას გაძრობს"

"სტრატეგია აღმაშენებლის" საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატ თაკო ჩარკვიანის შემდეგ "კოვიდ-19" დაუდასტურდათ მის მეუღლეს, დედასა და ოჯახის ახლობელს. ქალბატონი თაკო და მისი მეუღლე ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, დედა და ოჯახის ახლობელი - რესპუბლიკურში. "კვირის პალიტრა" თაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა:

- 5 სექტემბრიდან ცუდად ვიყავი. ამ დღეს გადაცემაშიც ვიყავი ტელევიზიაში. მერე მომცა მაღალი სიცხე და ენტეროვირუსს დავაბრალე. ეს მდგომარეობა ორ დღეს გაგრძელდა, მერე ხველა დამეწყო. ჩავრთე ტელევიზორი და ლევან გოგიჩაიშვილის ამბავი რომ გავიგე, მაშინ გამახსენდა, 2 სექტემბერს "ტვ პირველში" ვიყავი.

იქ ჩემამდე იყო გოგიჩაიშვილი, რომლის მიკროფონი მე გამიკეთეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გოგიჩაიშვილის კლასტერი ვარ. მგონი, რამდენიმე დღით ადრე გადამედო.

- ვისგან? - არ ვიცი, ჩვენ ძალიან ბევრ ხალხს ვხვდებით... "112"-ში დავრეკე და მოვიდა სასწრაფო"დახმარების ბრიგადა, მაგრამ თითქოს ჯიბრზე, სიცხე აღარ მქონდა, ამიტომ შინ დავრჩი. დილით ნაცხი ამიღეს, მეორე დღეს კი დამირეკეს, დაგიდასტურდათო.

მოხუცი დედა მყავს, ძალიან ვუფრთხილდებოდი, მაგრამ ბოლოს მაინც მე მივუტანე ვირუსი. მანამდე სხვა მიზეზით იწვა კლინიკაში და დაუყოვნებლივ შევატყობინე მის ექიმებს, რომ ოჯახში "კოვიდ-19" დადასტურდა. ამასობაში მე და ჩემი მეუღლე ინფექციურ საავადმყოფოში გადმოგვიყვანეს. უკვე ძალიან ვახველებდი...

რიტა რევაზიშვილი ჩვენი ოჯახის ახლობელია. ერთად ვცხოვრობთ. როდესაც დედაჩემს ვირუსი დაუდასტურდა და მისი სპეციალიზებულ კლინიკაში წაყვანა გახდა საჭირო, თურმე რიტა ამბობდა, მეც სიცხე მაქვს და კორონავირუსიც მექნებაო, მაგრამ მაშინ მას დადასტურებული არ ჰქონდა, ამიტომ ჯერ დედა წაიყვანეს. დედა უსინათლოა და თურმე სასწრაფო დახმარების მანქანაში კითხულობდა, სად მივდივართ, ვინ ხართ, აქ ჩემი შვილი რატომ არ არისო. წარმოიდგინეთ, მისი მდგომარეობა. მეორე დღეს შემატყობინეს, რეანიმაციაში უნდა გადავიყვანოთ, მძიმედ არ არის, მაგრამ მაინც საჭიროაო. აბსოლუტურად საღად აზროვნებს, მაგრამ თურმე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო და დედა ყვიროდა, ვინმე შემოდით, მომეშველეთო, მაგრამ არავინ შედიოდა. მერე თაია ცეკვავა, ერთ-ერთი დაინფიცირებული გოგონა, რომლის ძალიან მადლიერი ვარ, გამოვიდა და თქვა, ჩემი ყურით მესმოდა, იმ ქალბატონს გიჟს რომ ეძახდნენო. ეს გოგონაც გააგიჟეს. ვიდეოებს იღებდა, როგორ არ ცვლიდნენ თეთრეულს, როგორ უყვიროდნენ, შენ აქ სანატორიუმი ხომ არ გგონიაო. დედას გლაუკომა აქვს, ამიტომ საავადმყოფოში ყველანაირი წამალი გავატანე, მაგრამ თურმე არც ერთი არ ჩაუწვეთებიათ, რამაც გაურთულა მდგომარეობა.

ამასობაში რიტას დაუდგინდა კოვიდინფექცია. ისიც წაიყვანეს რესპუბლიკურში და დედა და რიტა ერთ პალატაში დააწვინეს - მე მოვითხოვე. სამ დღეში დედას ნაწოლები გაუჩინეს! ერთხელ რომ შეესხათ ჩემი გაგზავნილი ქაფი, არაფერი დასჭირდებოდა. ახლა რიტასთან ერთად არის და არაფერი გვიჭირს. ექიმი, ქალბატონი გულიკო, შვებულებიდან დაბრუნდა და ყურადღებას აქცევენ. მანამდე რიტასთან საჭმელიც არ შეუტანიათ, თუმცა დედასთან შეიტანეს.

ახლა ინფექციურ კლინიკაში ვარ. გაკრიალებულია იქაურობა. აქ ყველა ექთანი და ექიმი ერთმანეთზე უკეთესია.

უკვე ვუპასუხე ტიკარაძეს, რომელსაც ჰგონია, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს ვითხოვთ! ხუთიანი კი არა, ათვარსკვლავიანი ჰიგიენა მოეთხოვებათ კლინიკებს და ეს მისმა სტომატოლოგიურმა განათლებამ უნდა იცოდეს! აქ ჩვენ დუშგელებს კი არ ვითხოვთ! კეთილი ინებონ და, მოხუცებს, უსინათლოებს ისე მოეპყრან, რომ უფრო არ დაუმძიმდეთ მდგომარეობა.