"24 საათი გავატარე ამ ცენტრში ისე, რომ ერთი ნაჭერი პური და ჭიქა წყალი არავის მოუწოდებია" - კვირის პალიტრა

"24 საათი გავატარე ამ ცენტრში ისე, რომ ერთი ნაჭერი პური და ჭიქა წყალი არავის მოუწოდებია"

"დედა ისე მივლიდა, 45 წლის კაცი ვარ და საავადმყოფო ჯერ არ დამჭირვებია. არა, საავადმყოფოსგან დედურ მზრუნველობას არ ვითხოვ, მაგრამ ჭიქა ჩაის მოტანას რა უნდოდა?"

კოვიდინფექციამ არ იცის ასაკი, სქესი, სტატუსი და არც პარტიული კუთვნილება. კოვიდინფიცირებული უკვე არაერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გედევან ფოფხაძე ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, შემდეგ კი ბოჭორიშვილის კლინიკაში.

- თავს კარგად ვგრძნობ. ახლა ბოჭორიშვილის კლინიკაში ვარ. აქაურმა ექიმებმა ტემპერატურა მომიწესრიგეს, მკურნალობის კურსი სრულფასოვანია.

მე და ლევან გოგიჩაიშვილი 6 სექტემბერს შევხვდით ერთმანეთს. 8-ში ლევანს დაუდასტურდა კოვიდი, შემდეგ მეც მაღალი ტემპერატურით რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გადამიყვანეს. ეს არის სარდაფის ტიპის სივრცე და მხოლოდ ერთი საერთო სველი წერტილია. სანამ გაირკვევა, არიან თუ არა კოვიდინფიცირებული, მოქალაქეებს ერთ სივრცეში უხდებათ ყოფნა.

- პალატაში თითო-თითო იწექით?

- დიახ, ჩემს პალატაში ერთი საწოლი იდგა, მაგრამ არც ერთ პალატას ფანჯარა არ ჰქონდა. იქ არც სისუფთავეა, არც რემონტი. ამიღეს ტესტი და გაგზავნეს ონკოლოგიურში, რომელთანაც აქვთ ხელშეკრულება კოვიდის გამოვლენის შესახებ. 24 საათი გავატარე ამ ცენტრში ისე, რომ ერთი ნაჭერი პური და ჭიქა წყალი არავის მოუწოდებია. დილით მითხრეს, რომ ტესტი უარყოფითი იყო და შინ წასვლა შემეძლო. გავემზადე, ჩავიცვი, ავიღე ჩემი ნივთები და კართან რომ მივედი, მითხრეს, ონკოლოგიურიდან დარეკეს, შეეშალათ, პასუხი დადებითია და უნდა დარჩეთო. ამან უფრო დამიმძიმა ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მერე გადამიყვანეს კოვიდინფიცირებულების განყოფილებაში და იქ მოვითხოვე, იქნებ ერთი ჭიქა ჩაი დამალევინოთ, 24 საათია, არაფერი მიჭამია-მეთქი.

ერთმა ექთანმა მითხრა, 480 ლარი მაქვს ხელფასი და სამი თვეა, არ ამიღიაო. ამის შემდეგ ექთანს როგორ უნდა ვეჩხუბო?! მინისტრი ტიკარაძე მითვლის, აბა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გინდოდაო?

რაც შეეხება კოვიდცენტრს, პირობები იქაც ძალიან ცუდია - შენობა მოუწესრიგებელია და მომსახურებაც უხარისხო.

- თქვენ ხომ მედიკოსი არა ხართ, რა იცით, რომ უხარისხოა? - მედიკოსობა რად უნდა ამას?! ბოლოს და ბოლოს, დედა და ბებია-ბაბუა ექიმები იყვნენ... დედა ისე მივლიდა, 45 წლის კაცი ვარ და საავადმყოფო ჯერ არ დამჭირვებია. არა, საავადმყოფოსგან დედურ მზრუნველობას არ ვითხოვ, მაგრამ ჭიქა ჩაის მოტანას რა უნდოდა? მოკლედ, რომ მოვითხოვე, მომიტანეს ჭიქა, შაქარი, ჩაის ნაყენი და მითხრეს, დერეფნის ბოლოშია წყლის აპარატი და შეგიძლია დაისხაო. მე არ ვთაკილობ ჩაის დასხმას, მაგრამ ავადმყოფს შეიძლება მაღალი ტემპერატურის გამო სიარული უჭირს და წოლითი რეჟიმი სჭირდება! წავედი და დავისხი ჩაი...

ამის შემდეგ მიხსნიან, თუ წამალი გინდა, ტემპერატურა 39 გრადუსი უნდა გქონდეს, 38,4 საკმარისი არ არისო. მოკლედ, ნატრობ, 41 გქონდეს, მაშინ წამლებსაც მოგაშველებენ და გადასხმასაც გაგიკეთებენ. თუ რაიმე გჭირდება, უნდა გამოხვიდე პალატიდან და დერეფნის ბოლოში მიხვიდე, რომ ექთანს დაუძახო. თუ რამე მიჭირს ან სულაც ავშენდი და 41 მაქვს ტემპერატურა, მექნება იმის თავი, ექთანს მივაკითხო?

თანამშრომლებთან პრეტენზია არა მაქვს, მათ რა სტანდარტსაც დაუდგენენ, იმას მიჰყვებიან, მაგრამ ამ ავადმყოფობას ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ქვეტექსტი აქვს. ყველაფერი გავაკეთეთ პროპაგანდისთვის, რომ "კოვიდ-19" საშიშ დაავადებად გვექცია. შევაშინეთ ხალხი, ნაცვლად იმისა, გვეზრუნა, სიფრთხილე გამოეჩინათ. მე მშიშარა ადამიანად არ მიმაჩნია საკუთარი თავი, ფრთხილი ვარ და არც რაციონალური აზროვნება მღალატობს, მაგრამ მაინც მოვექეცი იმ სივრცეში, სადაც სხვა პაციენტები იყვნენ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მხოლოდ იზოლაციაში მოგვაქციეს, რათა ჯანმრთელი ხალხი არ შეგვეწუხებინა. აი, ამას ჰქვია დისკრიმინაცია ჯანმრთელობის ნიშნით.

ავადმყოფი ადამიანის საკვების გარეშე დატოვება ჯანმრთელობის დაზიანებაა. მე ხომ არ მქონდა საშუალება წავსულიყავი და სადმე მეჭამა?! შენს ხელში ვარ, შენ წყვეტ, შევჭამ თუ არა. შენ მე თავისუფლება აღმიკვეთე და ამის სანაცვლოდ უნდა შემიქმნა ყველა ის პირობა, რაც არ შემილახავს ჩემს ძირითად უფლებებს. სხვა შემთხვევაში, ეს არის დისკრიმინაცია და ვინც ამ საავადმყოფოშია, ყველა დისკრიმინირებულია.

ახლა, თქვენი ნებართვით, ამ ისტორიას ცოტა გადავუხვევ და დასკვნებს გავაკეთებ: რეპუბლიკური საავადმყოფო ეკუთვნის სახელმწიფოს და მას მართავს საპარტნიორო ფონდი. საპარტნიორო ფონდს ხელმძღვანელობს ბატონი საგანელიძე, რომელსაც თვეში იმდენი ხელფასი აქვს, ჩაი ყველას რომ დაგვალევინოს, ვინც იქ მოვხვდებით, არაფერი დაუშავდება. მას ჰქონდა ვალდებულება ეს საავადმყოფო ერთ-ერთ სანიმუშო დაწესებულებად ექცია, მაგრამ არც ეს და არც სხვა ვალდებულება არ შეუსრულებია. მხოლოდ ხელფასს იჯიბავს და, როგორც ამბობენ, სხვა ბევრსაც აყოლებს ზედ. ამიტომ გვაქვს დაწესებულება, რომელიც მოქალაქეების მომსახურების ნაცვლად მათ უფლებებს არღვევს! ამის შემდეგ რატომ არ უნდა გამიჩნდეს მოქალაქეობრივი სურვილი და პასუხისმგებლობა, ბატონი საგანელიძე გავუშვა გლდანის იზოლატორში და ბოლო მოვუღო მის ბაირამობას უჩა მამაცაშვილთან, ფარცხალაძესთან, სოსო გოგაშვილსა და სხვა პირებთან ერთად, ვინც მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ხარჯზე განცხრომით ცხოვრობს?!

- საპარტნიორო ფონდმა განაცხადა, რომ თებერვლიდან რესპუბლიკური საავადმყოფო მათ აღარ ეკუთვნით და როცა ეკუთვნოდათ, მათი საქმიანობა უკავშირდებოდა ინვესტიციების მოზიდვას და არა სამედიცინო საქმიანობაში ჩარევას. - რომ თანამშრომლობდნენ, ვის რა გაუკეთეს?

დადგება დრო, როცა პარლამენტს ეყოლება ანტიკორუფციული კომისია, რომელიც მართლა იქნება მოსურნე, დაიჭიროს აქლემის და არა ნემსის ქურდები. დღეს ჩვენ ვიჭერთ იმას, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტს 300 ლარს ჰპარავს, მაგრამ 300 მილიონი თუ მოიპარე, ისე შეგრჩება, ვითომც არაფერი. ქვეყანაში დიდი სოციალური უსამართლობაა. 2% კარგად არის - მას ემსახურება ჯარი, პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, 98% კი მხოლოდ არსებობს და თუ ამ 2%-ს მოუნდება, ჩაის დაალევინებს, თუ არადა, შიმშილით მოკლავს!

- რესპუბლიკურიდან როდის გადახვედით ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში? - ლევან გოგიჩაიშვილმა დამირეკა, ლევან ვეკუასთან, რომელიც ჩვენი კლასტერის წევრია, პალატაში ერთი ადგილიაო, და შენი გადმოყვანა მოვითხოვეო.

- ბოჭორიშვილში როგორი პირობებია? - ყველა დაწესებულება აქაურ სტანდარტებს უნდა მივუახლოოთ, თუ გვინდა ეს პანდემია ღირსეულად გადავიტანოთ.

P.S. "კვირის პალიტრა" რესპუბლიკური საავადმყოფოს პიარსამსახურს დაუკავშირდა, საიდანაც გვიპასუხეს: "თუ ვინმემ მოინდომა თავისი პოზიციის გამოხატვა, თვითონ დაგიკავშირდებით!" - ჯერჯერობით, არავინ გამოჩენილა.