"შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო და იქნებ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს უფრო დაუჯერონ..." - კვირის პალიტრა

"შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო და იქნებ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს უფრო დაუჯერონ..."

"2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი"

ზუსტად ერთი კვირის წინ, ინტერვიუს დროს, ამირან გამყრელიძემ მითხრა, ჯერ ისევ მწვანე ზონაში ვართო. ამის თქმა იყო და, მეორე დღიდან მოყოლებული, ყოველდღიურად გამოვლენილ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 100-დან 200-მდე მერყეობს. მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის შედეგებსა და პროგნოზზე დღევანდელ ინტერვიუში ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე გვესაუბრება.

- საბედნიეროდ, ჯერ ისევ მწვანე ზონაში ვართ...

- ბევრი ქვეყანაა დღევანდელ მსოფლიოში მწვანე ქვეყნის სტატუსით? - ასეთია, მაგალითად, ახალი ზელანდია. ჩვენ სანამ მატება დაგვეწყებოდა, ერთნაირად მოვდიოდით. ევროპაშიც იყო რამდენიმე ასეთი ქვეყანა, მაგრამ ახლა ზელანდიის გარდა ყველგან მატებაა. იმედი გვაქვს, ჩვენ მკვეთრი მატება არ გვექნება.

- მეორე ტალღას, თუ ასე ვუწოდებთ, უნდა ველოდით გრიპის სეზონის გააქტიურების შემდეგ. ზამ-თარ-ში! - ზუსტად ასე დამარცვლით მითხარით ერთ-ერთი წინა ინტერვიუსას. - კი ბატონო, ზამთარში ველოდებით იმას, რასაც მეორე ტალღას ვეძახით, მაგრამ კაცმა რომ თქვას, ჩვენ პირველი ტალღა არც გვქონია. რაც გვქონდა, იმას პირველი ტალღა არ ერქვა. ახლა ამას რას დავარქმევთ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ინფიცირებულების რაოდენობა ზამთარში მეტი იქნება.

- მაინც რამდენი? - მე ვანგა არ ვარ, ახლა ვთქვა, რა იქნება ორი და სამი თვის შემდეგ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მოიქცევა მოსახლეობა.

- ასე ნაადრევად მატება რამ გამოიწვია? - მოგეხსენებათ, რომ ივნისიდან მოყოლებული, ქვეყანაში ყველაფერი გაიხსნა. მობილობა ძალიან იყო გაზრდილი, განსაკუთრებით - შავიზღვისპირეთში. სამწუხაროდ, ყველას დაავიწყდა კორონა და აღარ ვიცავდით წესებს. ბევრი ფოტო ვნახეთ, რა ხდებოდა ბათუმის ღამის კლუბებში; გარდა ამისა, ქორწილების კლასტერიც ბევრი გვაქვს. მარტო ერთ დღეს, ბათუმში ცხრა 400-კაციანი ქორწილი გაიმართა.

- მაგრამ ეს ხომ ნებადართული იყო?

- ქორწილები კი იყო ნებადართული, მაგრამ ხომ იყო რეკომენდაციაც, 100 კაცზე მეტი არ შეკრებილიყო?! 400 კაცში უამრავი ადამიანი შეერევა. ხომ ნახეთ, გორიდან მაყრიონი წავიდა კახეთში, ბათუმიდან ქორწილმა ინფექცია გაიტანა გურიაში და ახლა დავდევთ ამ შემთხვევებს! ბათუმი გაგვიწითლდა, თორემ სხვაგან ყველგან სიმწვანეა, თუმცა ჯერჯერობით ბათუმშიც მივდევთ კონტაქტებს. მთავარია, შევძლოთ კონტაქტში მყოფთა იდენტიფიცირება.

- დაავადების მიმდინარეობა ისევ მძიმეა, თუ აღარ არის ვირუსი ისეთი აგრესიული, როგორიც პირველ პერიოდში? - დღეს ქვეყანაში დაახლოებით 1200 აქტიური შემთხვევიდან 13 ავადმყოფია კრიტიკული. ჩვენთან ლეტალობა დაბალია. ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ, ევროპაში კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - გარდაცვალების 06% - ჩვენ გვაქვს.

არ გვინდა ჩვენთანაც ის მოხდეს, რაც მეზობელ სომხეთში, სადაც როცა 50 ათასი გახდა ავად, თითქმის 900 ადამიანი გარდაიცვალა. მართალია, დაავადებას უმრავლესობა ადვილად გადაიტანს, ბევრი უსიმპტომოც იქნება, მაგრამ რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით უფრო იმატებს რისკი, რომ ვირუსი მათ შორის ამოარჩევს ხანში შესულებს, ქრონიკულად დაავადებულებს... ამიტომ ვცდილობთ, ხელი შევუშალოთ დაავადების გავრცელებას.

- ისმის საყვედური, რომ ქვეყანაში უფრო მკაცრი რეგულაციები იყო მაშინ, როცა გაცილებით ნაკლები ინფიცირებული გვყავდა... - ამიტომაც იყო უკეთესი სურათი.

- მაშ, რატომ მოვხსენით ეს შეზღუდვები?

- როგორ წარმოგიდგენიათ, შეიძლება ადამიანები მთელი ცხოვრება სახლში იყვნენ გამოკეტილი?! ეს გავაკეთეთ დროებით, რათა დაავადების შესახებ ინფორმაცია მოგვეპოვებინა და გაგვეჩერებინა. ახლა დაიხვეწა მკურნალობის მეთოდები, მეტი ვიცით გადაცემის მექანიზმებზე. გავიხსენოთ თავიდან ევროპასა და ამერიკაში ამ დაავადებით რამდენი გარდაიცვალა - გლობალური ლეტალობა 7%-ს აღემატებოდა, ახლა კი 3,2%-ია! ეკონომიკური საქმიანობა უნდა გაგრძელდეს, ოღონდ ყველაფერი ვაკეთოთ ნიღბით და დისტანციის დაცვით...

- ამბობენ, ახლა შვედური მეთოდით ვიცხოვროთო, არადა, თავიდან, ცოტა არ იყოს, ალმაცერად უყურებდნენ შვედების არჩევანს... - ყველაფერი შედარებითია. შვედეთსა და იტალიას მილიონ მოსახლეზე გარდაცვალების შემთხვევათა დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებელი ჰქონდათ, მაგრამ ხომ არ შეიძლება შვედეთი და იტალია ცხოვრების წესით შევადაროთ ერთმანეთს? ავტობუსის გაჩერებაზე შვედები კორონამდეც ერთმანეთისგან ერთი მეტრის მოშორებით იდგნენ. თანაც შვედების ნახევარი ცხოვრობს მარტო - ეს არ არის იტალია, სადაც ქართველებივით სამი თაობა ერთად ცხოვრობს. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა - მოსახლეობის სიმჭიდროვეს, ცხოვრების დონეს... შევადაროთ შვედეთი ნორვეგიას. ნორვეგიას მილიონ მოსახლეზე 10-ჯერ ნაკლები ადამიანი დაეღუპა, ვიდრე შვედეთს, იმიტომ, რომ იქ აკრძალვები შემოიღეს. სხვათა შორის, შვედეთს ახსენებენ, მაგრამ არავის ახსენდება ბელარუსი, სადაც შვედეთზე ნაკლები აკრძალვა იყო.

- ლეტალობა და დაავადების გავრცელება როგორია ბელარუსში?

- დაავადების გავრცელება ძალიან მაღალია, ლეტალობა კი ნაკლები, ვიდრე შვედეთში. ჯერჯერობით შვედეთი მოგებული არაფრით დარჩა, ეკონომიკაც გვარიანად დაზარალდა.

- მაშ, რატომ ვამბობთ, შვედეთის მოდელით ვიცხოვროთო? - მე არაფერს ვამბობ, ვინც ამბობს, ეს იმათ ჰკითხეთ. ჩვენ და ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანას გვაქვს კოვიდთან ბრძოლის ზუსტად იგივე მეთოდი, რაც გვქონდა, ოღონდ ჩვენ მათ ვაჯობეთ იმით, რომ შეზღუდვები დროულად დავიწყეთ. არის ასეთი გამოცემა - "კავკაზსკი უზელ", სადაც სტატია გამოქვეყნდა და იქ ერთმანეთს შედარებულია საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

ჩვენი პროგნოზის მიხედვით, გაზაფხულზე შეზღუდვები რომ არ ყოფილიყო, დაგვეღუპებოდა 1000 ადამიანი მაინც, იმ სტატიის მიხედვით კი, ექსპერტების შეფასებით, 4000-ის სიცოცხლე გადავარჩინეთ.

- ძალიან კარგად მივდიოდით, მაგრამ ახლა ამბობენ, სადავეები გაექცათო... - ქვეყანა სულ ჩაკეტილი ხომ ვერ იქნება?! როცა ყველაფერი გაიხსნება, მერე ბევრი რამ ადამიანების შეგნებაზეა დამოკიდებული.

- მზად ვართ მეორე ტალღისთვის? - ბოლო დღეებში ყოველდღიურად დაახლოებით 11 ათასი PCR -ტესტი კეთდება. მილიონ მოსახლეზე თუ ვიანგარიშებთ, ამ ტესტების მაჩვენებლით ჩვენ ვუსწრებთ ნიდერლანდებს და თითქმის ისეთივე სურათი გვაქვს, როგორიც შვედეთს.

- ბევრი იმასაც ამბობს, ინფიცირებულთა რაოდენობა იმიტომ გაიზარდა, რომ ტესტების რაოდენობა გაიზარდაო... - არ შეიძლება ასე ლაპარაკი. ქვეყანაში რომ 10 ადამიანი იყოს ავად, ტესტს მილიონ მოსახლეს ხომ არ ჩაუტარებდი? რაც მეტია ინფიცირებული, მით მეტის ტესტირებაა საჭირო, რომ უცებ აღმოაჩინო ახალი შემთხვევები. ჩვენთან ჩატარებული ტესტების პასუხები 1%-მდე იყო დადებითი, ახლა 2.5%-ია. ითვლება, რომ თუ ტესტების დადებითი პასუხების რაოდენობა 5%-მდეა, სისტემა ძალიან კარგად მუშაობს.

- რამდენი საწოლი გვაქვს მზად ე.წ. მეორე ტალღისთვის? - ახლა მზად არის 3000 საწოლი. შევიძინეთ და გვაქვს სასუნთქი აპარატების მარაგიც. მარაგი მანამდეც იყო, მაგრამ ახლა გვაქვს ახალი მოდელებიც.

- შეიძლება ისევ დაგვჭირდეს რეგულაციების გამკაცრება? - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოვიქცევით. შეზღუდვა რას ნიშნავს? შეზღუდვა არ იქნება, ყოველი მეხუთე ადამიანი ავად რომ გახდეს? მთავარია, ეს არ მოხდეს! მთავარია, ყველამ დავიცვათ წესები და შეზღუდვები შეიძლება იყოს მინიმალური, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. მაშინაც კი, როცა ყველაფერი შეზღუდული იყო, დიდი საწარმოები არ გაჩერებულა - ძალიან მკაცრი წესებით მუშაობდნენ და ამ საწარმოების მუშაობის პერიოდში ქვეყანაში ეპიდემიის აფეთქების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. არც ერთი წუთით არ შეჩერებულა ტრაილერების მოძრაობა და მძღოლებს ახლაც საზღვარზევე უტარდებათ ტესტირება. გარდა ამისა, 300-ზე მეტი კოვიდდადებითი ადამიანი კარანტინში გამოვავლინეთ, ანუ მათ დაავადება ვერავის გადასდეს და ამითაც ხელი შევუშალეთ გავრცელებას...

- თუმცა ამბობენ, თუ ყველამ უნდა მოვიხადოთ, ხომ არა ჯობდა, პიკი უფრო ადრე გაგვევლო და გრიპის სეზონთან ამ დაავადების თანხვედრას ავცდენოდითო... - იტალია მოგვეწყო თუ ესპანეთი?! დაველოდეთ, გავაჩერეთ იმიტომ, რომ დაავადების უკეთ მართვა გვესწავლა. გვეგონა, რომ ადამიანებმა ისწავლეს ვირუსთან თანაცხოვრება, მაგრამ შევცდით - როგორც კი ყველაფერი გაიხსნა, ხალხმა კორონავირუსი დაივიწყა.

- სასწავლო პროცესის დასწრებულად წარმართვაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? - რამდენიმე დიდი ქალაქის (და რამდენიმე სოფლის) გარდა, საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში სწავლა დაწყებულია. ბავშვები დადიან სკოლებში. განათლების სამინისტრომ გადმოგვცა 2200 პედაგოგის სია, რომლებიც დასასვენებლად იყვნენ აჭარაში. მათ ნახევარზე მეტს ჩვენ ტესტირება ჩავუტარეთ და შვიდი პედაგოგი აღმოჩნდა დაინფიცირებული. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, ისინი რომ სკოლაში ბავშვებთან შესულიყვნენ!.. გვინდა მოვუწოდოთ იმ 2200-დან სხვა პედაგოგებსაც, რომ მოვიდნენ გამოსაკვლევად, რათა მშვიდად დაიწყოს სწავლა იმ ქალაქებშიც, სადაც ჯერ არ დაწყებულა.

სწავლა დაიწყება მაშინ, როცა გამოცხადებულია - 1-ლ ოქტომბერს.

- როგორ ვემზადებით კოვიდისა და გრიპის სეზონის თანხვედრისთვის?

- თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, გრიპის შემთხვევაც ნაკლები იქნება. ამასთან, გრიპისთვის არსებობს ეფექტიანი ვაქცინები. წელს მეტი ვაქცინა იქნება, რომ რისკჯგუფებში მყოფნი აიცრან. აცრა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

- ითქვა, რომ სხვადასხვა გენომი სხვადასხვანაირი სიმძაფრით გადაიტანს "კოვიდ-19"-ს. - მაგას შტამები ჰქვია. ჩვენ ხომ ამის გენეტიკურ ანალიზსაც ვაკეთებთ - კორონას რომელი ვირუსები ცირკულირებს. განსხვავებით სხვა ლაბორატორიებისგან, ლუგარის ლაბორატორიას შეუძლია გაარკვიოს, გენეტიკურად როგორი ვირუსია, ასევე ნახოს, რომელი იტალიიდან არის შემოსული, რომელი - ჩინეთიდან, რომელი - ირანიდან, რომელი - რუსეთიდან, რომელი - საფრანგეთიდან. ეს ინფორმაცია გვაქვს და მსოფლიო ბაზაშიც ატვირთულია, ასე რომ, მთელ მსოფლიოში რაც შტამები არსებობს, თითქმის ყველაა შემოსული ქვეყანაში. არსებობს მოსაზრებები, რომელი მათგანი უფრო სუსტია, რომელი - ძლიერი, მაგრამ ამის მყარი მეცნიერული მტკიცებულებები ჯერ არ გვაქვს.

- თითქოს ფინიშს უახლოვდებოდა რამდენიმე ვაქცინის კვლევა, მაგრამ იმედი გაცრუვდა... - ჯერ არაფერი გაცრუებულა, ახლა 30 ვაქცინა გადის კვლევის ბოლო ფაზებს. კვლავაც ვიქონიოთ იმედი, თუმცა, როგორც აშშ-ის დაავადების კონტროლის ცენტრის დირექტორმა თქვა, ვაქცინაზე უკეთესი იქნება, თუ ნიღბით ვივლით.

- მაგას თქვენც გვეუბნებოდით... - დიახ, მაგრამ შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო და იქნებ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს უფრო დაუჯერონ...

- ხალხი ღელავს, კორონა ლარსაც შეეყარაო... - ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ერთი კი ვიცი - აჟიოტაჟი ყველაფერზე მოქმედებს. თუ ნერვებს დავიწყნარებთ, უკეთესი იქნება კორონასთვისაც და ლარისთვისაც.

- როდის ვეღირსებით იმ დღეს, რომ კორონა აღარ იქნება აქტუალური თემა? - ალბათ, მომავალ ზაფხულამდე მაინც მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად აქტიური თანაცხოვრება. მგონი, 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი.