ქართული კინოს მეიქინგ-ოფი - კვირის პალიტრა

ქართული კინოს მეიქინგ-ოფი

"ეს ომის "ჩვეულებრივი" კადრებია, როდესაც თვალწინ ხვრეტენ შენს ცხოვრებას, მათ, ვის გარეშეც სიცოცხლე შეუძლებელია. არაერთხელ მიფიქრია, როგორ შეიძლება ამას გაუძლო და გადაიტანო! ლევანმა მთხოვა, ამ ეპიზოდში მეგრულად იყვირე: "რატომ მოკალი?! - მეგრელი კი ვარ, მაგრამ მეგრული არ ვიცი, ეს სიტყვები მეგრელებმა მასწავლეს, მაგრამ ისე ამოვიძახე, მთელი სხეული მეტკინა...."

"მეიქინგ-ოფი" - ასე ჰქვია ფოტოგრაფიას, როდესაც კინოკადრები გადაღების შემდგომ მხოლოდ ფოტოებზე რჩება და ხშირად ფილმებზე არანაკლებ საინტერესოა. მაგრამ ქართველი რეჟისორები ხშირად მასზე მწირი სახსრების გამო უარს ამბობენ. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც ურჩევნიათ მეიქინგ-ოფისთვის სხვა რამ დათმონ და ფილმში ფოტოგრაფია შეიტანონ. მათ რიცხვშია ერთ-ერთი საინტერესო რეჟისორი ლევან ანჯაფარიძეც. ქართულ ტელესივრცეში მისი ფილმი "მტერი ჩემი, ძმა ჩემი" ჩვენების რეკორდს ხსნის. ქართულ-აფხაზურ ტრაგედიაზე გადაღებულ დრამას აფხაზთა გამოხმაურებებიც მოჰყვა. ამ რეჟისორის ფილმების მეიქინგ-ოფზე პროდიუსერი ლელა მაქაცარია ზრუნავს:

- მეიქინგ-ოფი, ანუ კინოფოტოგრაფია, იმდენად საინტერესოა, რომ მის გარეშე მსოფლიოში ფილმს თითქმის არსად იღებენ. ცნობილი კინორეჟისორები ფოტოგადაღებებზე მხოლოდ პროფესიონალ ფოტოგრაფებს იწვევენ. მათ იციან, გადასაღებ მოედანზე როგორ დააფიქსირონ ის, რასაც რეჟისორები და ოპერატორები ხანდახან ვერ ხედავენ. ფოტოგრაფი ამ დროს აღწერს იმ ხალხის სულის მოძრაობას, ვინც გადაღებისას რეალური ცხოვრებიდან კინოსამყაროში გადასახლდება. ქართველ რეჟისორებს ფილმის გადასაღებად იმდენად მწირი თანხა აქვთ, მეიქინგ-ოფზე უარს ამბობენ. მე ამ თემაზე ამერიკაში ვმუშაობდი და ვნახე, რამხელა მნიშვნელობა ენიჭება კინოფოტოგრაფიას.

გადაღებაზე პროფესიონალ ფოტოგრაფს ვიწვევთ და მერე მეც და რეჟისორსაც არაერთხელ გვინერვიულია, რომ ფანტასტიკური ფოტოები ფილმში ვერ შეგვაქვს. მაგალითად, ლევანის ბოლო ფილმში "მტერი ჩემი, ძმა ჩემი" იყო ფოტოკადრი, რომელმაც მე და ლევანი გაგვაოგნა, მაგრამ ფილმში ვერ შევიდა. მახსოვს, ლევანმა ოპერატორს უსაყვედურა, ეს კადრი როგორ ვერ შენიშნეო. ყოველთვის ყველაფრის დანახვა და ასახვა შეუძლებელია. გავა დრო და ამ ფოტოგრაფიებს ქართული კინემატოგრაფიის ხელოვნების ნიმუშებად აღიარებენ.

- დასანანია, რომ ქართველი რეჟისორებისთვის დღეს პროფესიონალი ფოტოგრაფი ფუფუნებაა. თქვენ როგორ მოახერხეთ რეჟისორის დაყოლიება მეიქინგ-ოფზე, იმიტომ ხომ არა, რომ მისი მეუღლე ხართ? - ქართული კინოკლასიკა, ფილმები, რომლებიც მაყურებელს დღესაც ატყვევებს, მეიქინგ-ოფის გარეშე არ არსებობს. ის რეჟისორის გზამკვლევია. მეუღლეობამ იმის უფლება მომცა, რომ უხელფასოდ მემუშავა პროდიუსერად, ხანდახან კი მსახიობადაც და არა მარტო რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმებში. ეს კადრები უმეტესად ერთი დუბლითაა გადაღებული. მოცეკვავე ვარ, წლების განმავლობაში ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი ვიყავი, კინოპლასტიკას მთელი სხეულით ვგრძნობ და ყველაფერი შედარებით იოლად გამომდის.

ნიჭიერი ქართველი კინორეჟისორების უმრავლესობა უსახსრობით იხრჩობა. წლობით უქმად უდევთ სცენარები, მათ შორის, ლევანსაც. როდესაც მის "ციცინათელების" სცენარს ვკითხულობ, ცრემლები მახრჩობს. ის მართლაც შედევრია, მაგრამ წლებია ვერ იღებს.

- თქვენი მეიქინგ-ოფი ფილმში მართლაც გამაოგნებელია: მხარზე აკიდებული ლტოლვილის ჩემოდანი - ომის საშინელებათა სიმბოლო... - მეც შემიმჩნევია, როგორ მოქმედებს ადამიანებზე. ეს ომის "ჩვეულებრივი" კადრებია, როდესაც თვალწინ ხვრეტენ შენს ცხოვრებას, მათ, ვის გარეშეც სიცოცხლე შეუძლებელია. არაერთხელ მიფიქრია, როგორ შეიძლება ამას გაუძლო და გადაიტანო! ლევანმა მთხოვა, ამ ეპიზოდში მეგრულად იყვირე: "რატომ მოკალი?!" - მეგრელი კი ვარ, მაგრამ მეგრული არ ვიცი, ეს სიტყვები მეგრელებმა მასწავლეს, მაგრამ ისე ამოვიძახე, მთელი სხეული მეტკინა.

ფილმს ბაზალეთის ტბაზე ვიღებდით და კადრს მიღმა დარჩენილი ბევრი იქაური ფოტოც სულისშემძვრელია. ისინი ისე მოგითხრობენ ამბავს, სიტყვით რომ ვერ გადმოსცემ. ეკრანს გარეთ არა მარტო კინოფოტოკადრები, ამბებიც რჩება. ჩვენს ფილმში არის სცენა, სადაც ქართველი და აფხაზი ცეკვავენ. ეს სცენა ელდარ შენგელაიას რომ უნახავს, ღამის ორ საათზე გაგვაღვიძა მისმა სატელეფონო ზარმა. ლევანს ჰკითხა, ბიჭო, ეს სცენა რამ გადაგაღებინა, მსოფლიო კინოაო! ერთ-ერთ როლს მსახიობი დიმა ჯაიანიც თამაშობდა. თურმე სამეგრელოში იყო და მისთვის მთავარი სცენის გადაღების დრო არავის შეუტყობინებია. ლამის შუაღამისას რომ დავურეკე, მითხრა, დილით ჩამოვალ, მანამდე არ შემიძლიაო. არადა, ამ სცენის გადასაღებად დაახლოებით 80 კაცი გვყავდა და მათი სხვა დროს შეკრება შეუძლებელი იყო. სხვა გზა არ მქონდა და გრიბოედოვის თეატრის მსახიობ გიორგი თურქიაშვილს დავურეკე. ვუთხარი, როლი ამაღამ უნდა ისწავლო და დილით უნდა ითამაშო-მეთქი. ამხელა როლის სწავლაში ღამენათევმა კაცმა დილით ისე ითამაშა, გაგვაოგნა. ეს არის ნამდვილი კინო.

- ლევან ანჯაფარიძის სხვა ფილმების მეიქინგ-ოფში ტრაგიკომიკური კადრებიც არის. მაგალითად, ფილმში "არის ასეთი ქვეყანა" ალეკო თეთრაშვილისა და ზაურ ვეკუას ფოტოკადრი. - ნამდვილი კომედიების ეპოქა შორს არის, ამიტომ ფილმებში ტრაგიკომედიური ფოტოკადრებია. ლევანს კარგი იუმორი აქვს, მაგრამ ერეკლე ბადურაშვილი რომ დაჯდებოდა, ისე გულიანად, კახურად მოგიყვებოდა ამბავს, მთელი დღე იცინოდი. ზაურ ვეკუა პატარა კლიპიდან მოვიყვანეთ და ფილმში დიდებულად ითამაშა. მასთან ერთად ალეკო თეთრაშვილმაც. ტრაგიკომედიურ ეპიზოდებში შეუდარებელია ხათუნა იოსელიანიც, რომელსაც როლებს მუდამ აძლევდნენ, მაგრამ მაინც იძულებული გახდა სამშობლოდან წასულიყო - უსახლკაროდ დარჩენილს ქართული კინოს გროშებმა ვერ უშველა. ხანდახან ლევანი მეუბნება, რომ დააკვირდე, საქართველოში მხოლოდ პარაზიტები ცხოვრობენ კარგადო.

ამ თემაზეც მახსენდება კადრს მიღმა დარჩენილი ამბავი. ლევან ანჯაფარიძის ფილმში "არის ასეთი ქვეყანა" მეცნიერი ქალიშვილთან ერთად უცხოეთში გარბის და ქალიშვილს ეკითხება, ჩემი ბოლო გამოგონება ხომ არ დაგრჩა, ხომ წამოიღეო, ქალიშვილი კი გაჰკივის, მამა, ნეტავ ვის სჭირდება შენი გამოგონებაო! მართლაც ვის სჭირდება გამოგონებები იმ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია? ლევანს ამ ეპიზოდზე რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ურჩია, იქნებ ფინალში გადაგეტანა, უფრო სიმბოლური იქნებაო, მაგრამ ლევანმა არ ქნა, მაშინ ეს რეზო ჩხეიძის ფილმი იქნება, ჩემი კი არაო. ბოლოს ეს რეპლიკა მაინც ფილმის ბოლოში გადაიტანა. სხვათა შორის, გოგონაც, რომელიც ამ როლს ასრულებს, ამერიკაში ცხოვრობს.

- განსაკუთრებით საინტერესო, ალბათ, დიდი ადამიანების მეიქინგ-ოფია. - დიდი ქართველი მწერალი ოთარ ჭილაძე სიცოცხლის ბოლოს გადავიღეთ, როდესაც ინტერვიუზე ყველას უარს ეუბნებოდა. მწერლის ქალიშვილი ლევან ანჯაფარიძის კლასელია და მან სთხოვა მამას, ლევანს უარს ნუ ეტყვიო. აი, ეს ფოტოკინოკადრები გვაქვს. მგონი, ის კადრის უნიკალურობის გამო ანდერძიც არის.

კარგი იქნება, თუკი მის სახეს და ნათქვამს ხშირად გავიხსენებთ: "ჩვენ, ქართველები, განსაკუთრებული ბედის ხალხი ვართ. ბავშვობიდანვე იმ ფიქრით ვცხოვრობთ, რით უნდა გადავრჩეთ, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ამისთვის უნდა ვისურვოთ, რომ ორი რამ გვქონდეს: გონიერება და სულიერი სიმტკიცე. დანარჩენს, რისი მოპოვებაც ამქვეყნად შეიძლება, ყველაფერს მოვიპოვებთ: სახელსაც, ქონებასაც, პატივსაც, ოღონდაც არ დავკარგოთ გონიერება და არ გავტყდეთ სულით".